Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნაციონალური ხარკი

26 თებერვალი 2011

14 მილიონ 113 ათას 411 ლარი - ეს ის თანხაა, რომელიც "საქართველოს ნაციონალურმა მოძრაობამ" შეაგროვა 2008 წლის თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ეს 7-ჯერ მეტია, ვიდრე არჩევნებში მონაწილე 19 საარჩევნო სუბიექტის დაფინანსება ერთად აღებული.

14 მილიონ 113 ათას 411 ლარი - ეს ის თანხაა, რომელიც "საქართველოს ნაციონალურმა მოძრაობამ" შეაგროვა 2008 წლის თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის დროს. ეს 7-ჯერ მეტია, ვიდრე არჩევნებში მონაწილე 19 საარჩევნო სუბიექტის დაფინანსება ერთად აღებული.

საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, პარტიამ საკუთარი დამფინანსებლების შესახებ ინფორმაცია არჩევნების დასრულებისთანავე უნდა გასცეს. მიუხედავად ამისა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" წინასაარჩევნო შემოწირულობების სახით მიღებული თანხის 95 პროცენტის წარმომავლობა მხოლოდ არჩევნებიდან 8 თვის თავზე გამოაქვეყნა. თანაც ისე, რომ ამით კანონი არ დაურღვევია - საქმე ისაა, რომ ფიზიკურმა და იურიდიულმა პირებმა მმართველი პარტიის დასახმარებლად თანხები არა უშუალოდ საარჩევნო ფონდში, არამედ პარტიის პირად ანგარიშზე გადარიცხეს. პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წესის თანახმად კი, პარტია მხოლოდ წელიწადში ერთხელ - იანვრის ბოლოს არის ვალდებული, საკუთარი წლიური ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნოს.

"ნაციონალური მოძრაობის" წლიური ფინანსური ანგარიში 10 თებერვალს გამოქვეყნდა. თაბახის 25 ფურცელზე ჩამოწერილია იმ 398 იურიდიული, 169 ფიზიკური პირის და ინდივიდუალური მეწარმის სია,  რომელთაც "ნაციონალური მოძრაობის" ანგარიშზე თანხები გასულ წელს მარტიდან მაისის ჩათვლით ჩარიცხეს. მათ შორის, 36-მა კომპანიამ და ორმა ფიზიკურმა პირმა მმართველი პარტიის ანგარიშზე თანხა  რამდენჯერმე ჩარიცხა.

მაგალითად, ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ პარტიის ანგარიშზე სხვადასხვა კომპანიების ანგარიშებიდან („კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია", „ჭყონია ტრანსპორტ ჯგუფი", „თ და რ დისტრიბუშენი") 77 ათასი ლარი გადარიცხა. კომპანია „თეგეტა მოტორსი" შვილობილ კომპანიებთან („თეგეტა მოტორსი ქუთაისი", „თეგეტა კონსტრაქშენ ექვიფმენთ", „თეგეტა თრაქ ენდ ბას", „თეგეტა ლოჯისტიკი") ერთად  - „ნაციონალურ მოძრაობას" 500 ათასი ლარით დაეხმარა.

კომპანიებმა „ავერსი ფარმა" და „ავერსი რაციონალი" 100-100 ათასი ლარი ჩარიცხეს.  „ნაციონალური მოძრაობის" დამფინანსებელთა სიაში მოხვდნენ კომპანიები „ალგორითმი" (50 ათასი ლარი), „ჯიპისი" (100 ათასი ლარი), „პოპული" (100 ათასი ლარი), „ვისოლ პეტროლიუმი" (50 ათასი ლარი), „თბილი სახლი" (100 ათასი ლარი) და ა.შ.

"ლიბერალი" სიაში ჩამოთვლილ 40-მდე ფიზიკურ და იურიდიულ პირს დაუკავშირდა. რამდენიმე კომპანია რეგისტრაციის მითითებულ მისამართზე არ აღმოჩნდა, უმეტესობამ ამ საკითხზე  საუბარი არ ისურვა, რამდენიმემ კი პარტიის ანგარიშზე თანხის გადარიცხვა უარყო.

ფიზიკური პირი ლევან სოზიაშვილი, დონორთა სიაში 104-ე ნომერია. იგი თბილისში მუხიანის დასახლებაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს და უმუშევარია. სიაში მითითებულია, რომ სოზიაშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" ანგარიშზე 20 ათასი ლარი გადარიცხა. "ლიბერალთან" საუბარში სოზიაშვილი ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს: "მეც და ჩემი ცოლიც უმუშევრები ვართ, 20 ათასი ლარი თვალით არ მაქვს ერთად ნანახი და მაგ სიაში როგორ მოვხვდი, არ ვიცი", - ეცინება სოზიაშვილს ჩვენს კითხვაზე "ნაციონალური მოძრაობის" დაფინანსებასთან დაკავშირებით.

ნუკრი ნებულიშვილი შპს „ჭელის" დირექტორია. მისი კომპანია პოლიეთილენის პარკებს ამზადებს. „ნაციონალების" შემომწირველთა სიაში აღნიშნულია, რომ მან პარტიას 2000 ლარი გადუარიცხა.

„არაფერი გადამირიცხავს, ჩემი საწარმო ისედაც დაქცეულია  და სხვების დახმარების თავი ნამდვილად არ მაქვს", - განაცხადა ნუკრი ნებულიშვილმა.

"ნაციონალური მოძრაობის" შემოწირულობათა სიის 131 ნომერი ფიზიკური პირი ზვიად მოხევიშვილი სოფელ მისაქციელში ოჯახთან ცხოვრობს და, როგორც თავად ამბობს, რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დაცვის სამსახურში მუშაობს. იგი ადასტურებს, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" წინასაარჩევნოდ 30 ათასი ლარი გადაურიცხა, თუმცა არ აკონკრეტებს საიდან ჰქონდა ეს თანხა.

„ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერი ვარ. აი, ასე! მინდოდა და გადავრიცხე!" - ამბობს ზვიად მოხევიშვილი. მოხევიშვილის მეუღლეს კი მეუღლის გვარის სიაში ხილვა უკვირს:

„რა სისულელეა! ამხელა თანხა რომ გვქონოდა, თბილისში ბინას ვიყიდდით. საიდან უნდა გადაეხადა ჩემს მეუღლეს ამხელა ფული?!" - ამბობს ნინო მოხევიშვილი.

ერთ-ერთი კომპანიის წარმომადგენელმა, რომელიც მშენებლობის დაპროექტებაზე მუშაობს და „ნაციონალურ მოძრაობას" 1000 ლარი შესწირა, განაცხადა, რომ ფულის გადარიცხვა ახლობელმა სთხოვა. მას არც ახლობლის და არც საკუთარ ვინაობის გამხელა არ სურს:

„ეს გავაკეთე არა პარტიისთვის, არამედ ახლობელი ადამიანისთვის. მეტს ვერაფერს გეტყვით".

"ლიბერალის" მიერ გამოკითხულთა შორის იყვნენ ისეთებიც, რომლებიც პარტიას მხარს არ უჭერენ, თუმცა თანხა მაინც გადარიცხეს:

„გადავრიცხე 30 ათასი ლარი. „ნაციონალური მოძრაობის" თავგამოდებული მომხრე არ ვარ, უბრალოდ, იმ დროს ასე იყო საჭირო და გადავრიცხე", - განაცხადა ერთ-ერთმა ფიზიკურმა პირმა ლელა სიმსივემ. ის ამბობს, რომ აქვს ბიზნესი, თუმცა რა სახის, არ აკონკრეტებს.

რესტორან „მცხეთას" დირექტორმა ზურა ჯანუაშვილმა და მისმა კომპანიამ მმართველ პარტიას 100 ათასი ლარი გადაურიცხეს.

„მხარდამჭერი ნამდვილად არ ვარ და არც ერთი პარტიის მიმართ სიმპათია არ მაქვს. უბრალოდ, მზიანი დღე გათენდა და გადავწყვიტე  "ნაციონალური მოძრაობის" ანგარიშზე ეს თანხა გადამერიცხა", - განუცხადა მან "ლიბერალს". [pagebreak]

ფულის გადარიცხვის ფაქტს ადასტურებს გაზგასამართი სადგურის „არსადაგარის" დამფუძნებელი გელა არჩვაძეც. მის კომპანიას უკვე რამდენიმე თვეა, ფინანსური პრობლემები აქვს და მუშაობა შეჩერებულია, თუმცა "პარტიის დასახმარებლად ის ყოველთვის მზად არის".

„სიამოვნებით გადავრიცხე 1000 ლარი. როცა პარტიას დახმარება სჭირდება, ამისათვის ყოველთვის მზად ვართ, ასე იყო ამჯერადაც", -  განაცხადა არჩვაძემ.

ტვირთების გადაზიდვის კომპანია „ევრაზიის ექსპრესმა" მმართველ პარტიას 5 ათასი ლარი  გადაურიცხა. კომპანიის დირექტორი გიორგი სხირტლაძე ამ ფაქტს ასე ხსნის: „მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ იმდენად უკეთ წავიდა ჩვენი ბიზნესის საქმე, რომ გვინდა, ასე გაგრძელდეს. ამიტომ საკუთარი ინიციატივით გადავრიცხე თანხა", - ამბობს იგი.

იგივე მიზეზით გადაურიცხა მმართველ პარტიას ნახევარი მილიონი ლარი  მსხვილმა კომპანია „თეგეტა მოტორსმა". კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი მშვილდაძე ამბობს, რომ "მხარს უჭერს მიმდინარე რეფორმებს და ქვეყანაში შექმნილ სტაბილურ გარემოს".

გიორგი მშვილდაძის სიტყვები ერთი ერთზე იმეორებს „ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ზურაბ მელიქიშვილის მოსაზრებას:

„ყველა ბიზნესმენს, ვინც თანხები გადმოგვირიცხა ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება სურს. რეალურად ეს არის თანხა, რომელიც ბიზნესმენებმა საქართველოს განვითარებისთვის ჩარიცხეს და არა პარტიისთვის. ჩვენ გვაქვს ჩვენი პოლიტიკური ხედვა, რომელსაც რეალური ნაბიჯებით ვამტკიცებთ და ვქმნით სტაბილურ გარემოს, რაც ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი კოეფიციენტია", - ამბობს მელიქიშვილი.

მისი თქმით, ისევე, როგორც ყველა პოლიტიკური პარტია,  „ნაციონალური მოძრაობაც" წინასაარჩევნოდ ცდილობს ბიზნესმენთა დარწმუნებას, რომ პარტიას დაეხმარონ. "თუმცა ძალა არავისთვის არასოდეს დაგვიტანებია", - ამბობს მელიქიშვილი.

"შესაძლოა, ეს პარტიები შემოწირულობების გზით გამოხატავენ ხელისუფლების მიმართ მადლიერებას," - ამბობს ნინა ხატისკაცი, ორგანიზაციის "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" პროგრამის დირექტორი. ეს არასამთავრობო ორგანიზაცია რამდენიმე წელია, წინასაარჩევნოდ პარტიების დაფინანსების თემაზე მუშაობს. თავის ანგარიშებში "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" დამფინანსებლების მიერ ხელისუფლებასთან გარიგების რისკებზე მუდმივად მიუთითებს.

ნინა ხატისკაცი განმარტავს, რომ მათი კვლევების თანახმად, არის შემთხვევები, როცა კომპანიები, რომლებიც მმართველ პარტიას შემოწირულობას ურიცხავენ, სახელმწიფო ტენდერებში იმარჯვებენ.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ" 19 სამთავრობო უწყების შესყიდვები გადაამოწმა.   როგორც ხატისკაცი აღნიშნავს, 2007-2010 წლებში 46-მა კომპანიამ "ნაციონალური მოძრაობის" ანგარიშზე 3 მილიონამდე ლარი შეიტანა. ამავე პერიოდში სახელმწიფო შესყიდვებით სახელმწიფოსგან ამ კომპანიებმა 32 მილიონ ლარამდე მიიღეს.

ამ კომპანიებს შორის არიან „ტოიოტა ცენტრი თბილისი", „თეგეტა მოტორსი", „ალტა", „ალგორითმი", „ავერსი", „ჯეოსელი", „სარკე კონსალტინგი", „პოპული", „ნიუენერჯი", „არსი", „გლობალ ერთი", „თბილი სახლი", „პე ეს პე", „ჯი პი სი", „გზამშენი-4", „საქენერგორემონტი", „გზის მშენებელი 11" და ა.შ.

2008 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს, როცა ოპოზიციის რეიტინგი ბოლო წლებში ყველაზე მაღალი იყო, „ნაციონალური მოძრაობის" დაფინანსება 26-ჯერ აღემატებოდა ყველა სხვა საარჩევნო სუბიექტის დაფინანსებას.

მაშინაც, ისევე, როგორც დღეს, ოპოზიცია საუბრობდა ხელისუფლების მიერ ბიზნესზე ზეწოლაზე, თუმცა ზოგადი განცხადებების მიღმა საქმე არასოდეს წასულა. არ დასახელებულა არც ერთი კონკრეტული კომპანია, რომელიც ხელისუფლებამ დააშინა.

2010 წლის თბილისის მერობის ოპოზიციური კანდიდატის ირაკლი ალასანიას გუნდის წევრი ირაკლი ჩიქოვანი ამბობს, რომ ერთ-ერთ კომპანიას, რომლის მეპატრონე ალასანიას ღიად უჭერდა მხარს 2010 წლამდე, ანუ არჩევნებამდე, ფინანსურმა პოლიციამ სერიოზული ჯარიმები დააკისრა.

თუმცა ჩიქოვანი ამ ინფორმაციის გავრცელების დროს  ფრთხილობს და ამ შემთხვევაშიც ბიზნესმენის ვინაობას "კომპანიის ინტერესების გამო" არ ასახელებს.

"სასამართლო პროცესი ახლაც მიმდინარეობს და მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე საერთაშორისო აუდიტორი კომპანიის დასკვნით, ეს ბიზნესმენი მართალია, ჩვენი სასამართლო მაინც თავისი ექსპერტის ერთადერთ დასკვნას ეყრდნობა. ამ ყველაფრის შემდეგ ცხადია, რომ ბიზნესმენები თავს იკავებენ ასეთი აქტივობისგან", - ამბობს ჩიქოვანი.

საქართველოში დღეს არსებული საარჩევნო კანონმდებლობით და პარტიების დაფინანსების წესის მიხედვით, პოლიტიკური გაერთიანება შესაძლოა დააფინანსოს იურიდიულმა, ან ფიზიკურმა პირმა. თუმცა ერთი წლის განმავლობაში საარჩევნო კამპანიასა და პარტიის ანგარიშზე დარიცხული თანხა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს ერთი ფიზიკური პირისთვის 30 ათას ლარს, იურიდიული პირისთვის კი - 100 ათასს. შეზღუდვა არ მოქმედებს პოლიტიკურ გაერთიანებაზე. საარჩევნო ფონდის ანგარიშზე გადარიცხვისას პარტიას ზედა ზღვარი არ აქვს.

თუმცა კანონი ტოვებს იმ შესაძლებლობას, რომ რომელიმე ფიზიკურმა პირმა სხვა პირების მეშვეობით დაწესებულ ლიმიტზე მეტი თანხა გადარიცხოს. ასევე, იურიდიულ პირს შეუძლია, თანხა სხვა კომპანიების საშუალებით გადაურიცხოს პარტიას. ცენტრალური საარჩევნო კომისია არც ერთ პოლიტიკურ გაერთიანებას არ ავალდებულებს დამატებითი ანგარიშფაქტურების და გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტების წარმოდგენას. არც საარჩევნო კომისიაა უფლებამოსილი, გააკონტროლოს კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს შორის გადარიცხვები. პარტიების ფინანსური მონიტორინგისათვის შექმნილი ჯგუფი იძულებულია პარტიების მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციას ენდოს.

"გამჭვირვალობა-საქართველოს" წარმომადგენელი ნინა ხატისკაცი ამბობს, რომ ტენდენცია ასეთია: 2007 წლიდან დღემდე, იურიდიულ პირების პოლიტიკაში ჩარევის შემთხვევაში მხოლოდ მმართველი პარტიის ანგარიშზე რიცხავენ თანხას. ოპოზიციური პარტიები  კომპანიებისგან დაფინანსებას იშვიათად, ან საერთოდ არ იღებდნენ.

მაგალითად, "ალიანსი საქართველოსთვის", რომელიც 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ერთ-ერთი მთავარი ოპოზიციური ძალა იყო, წინასაარჩევნოდ არც ერთმა იურიდიულმა პირმა არ დააფინანსა.

"ჩვენ დაახლოებით 60-მდე ადამიანი დაგვეხმარა და ის ფაქტი, რომ მათ შორის არც ერთი არ არის იურიდიული პირი, მაფიქრებინებს, რომ შეიძლება ხდებოდეს ბიზნესზე ზეწოლა," - ამბობს ირაკლი ჩიქოვანი. [pagebreak]

"რატომ არ აძლევენ ფულს ოპოზიციურ პარტიებს ბიზნესმენები? პარტია, რომელიც გამოვა და იტყვის, რომ აჯანყება უნდა გავაკეთო, უნდა დაიწყოს დაპირისპირება და არ მაინტერესებეს ვინ დაიხოცებაო, თქვენ რომ იყოთ ბიზნესმენი და თქვენი საქმის განვითარებაზე ფიქრობდეთ, დააფინანსებთ ასეთ პოლიტიკურ ძალას? ალბათ, არ დააფინანსებთ". ასე ხსნის ნაციონალური მოძრაობის წევრი ზურაბ მელიქიშვილი ბიზნესმენების მიერ ოპოზიციური პარტიების იგნორირებას.

2010 წლის თვითმმართველობის  არჩევნების დროს ოპოზიციური პარტიებიდან ყველაზე დიდი დაფინანსება "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" ჰქონდა - 958 107 ლარი. ამ პარტიის ერთ-ერთი მსხვილი დამფინანსებელი - კომპანია "ტრანსმშენი" 2008 წელს მმართველ პარტიას აფინანსებდა. „ქრისტიან-დემოკრატების" საარჩევნო ფონდში 646 631 ლარი ჩაირიცხა, პარტია „სახალხო დემოკრატები - ნიკა ივანიშვილის" ფონდში - 368 500 ლარი. „თორთლაძე - დემოკრატიული პარტიის" ბიუჯეტი 177 827 ლარს შეადგენდა, „ეროვნულ საბჭოს" ბიუჯეტი - 176 408 ლარს, „ალიანსი საქართველოსთვის" კი 147 380 ლარს.

2010 წელს ოპოზიციური პარტიები მხოლოდ 13-მა იურიდიულმა პირმა დააფინანსა. ცხრა მათგანი - პარტია „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", ოთხი კი „ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას" დაეხმარა. ოპოზიციური პარტიების დამფინანსებელი ფიზიკური პირებიდან  უმეტესობა თავად პარტიის წევრი, ან პარტიის წევრების ნათესავია.

"მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთები მმართველი ძალის სატელიტურ პარტიად მოგვიხსენიებენ, დღემდე გვიჭირს დაფინანსების მოპოვება", - ამბობს "ქრიატიან-დემოკრატების"  ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე, -  "ძალიან ბევრმა იურიდიულმა პირმა ჩვენთან ფული  ფიზიკური პირის სახელით შემოიტანა, რომ პრობლემები არ შეჰქმნოდა. ადამიანებს ეშინიათ განსხვავებული აზრი დააფიქსირონ".

„ლიბერალის" მიერ გამოკითხული არც ერთი ბიზნესმენი ღიად არ საუბრობს მმართველი პარტიის მხრიდან რაიმე სახის ზეწოლაზე.

ერთ-ერთი ბიზნესმენი, რომელმაც მმართველ პარტიას გარკვეული თანხა შესწირა, „ნაციონალური მოძრაობის" მიერ საარჩევნოდ თანხების შეგროვების სქემაზე საუბარს, მხოლოდ ანონიმურობის დაცვის შემთხვევაში თანხმდება:

„ბიზნესმენებთან რეკავდნენ ფინანსური პოლიციიდან. წლიური ბრუნვის მიხედვით, უსახელებდნენ თანხებს და შემდეგ მიდიოდა ვაჭრობა, ვინ რამდენს გადაიხდიდა".

"ლიბერალის" კიდევ ერთი ანონიმური წყარო ამბობს, რომ ორი წლის წინ თავად იყო ჩართული ბიზნესმენებისგან "ფულის აგროვების" საქმეში.

"ფინანსური პოლიციის თანამშრომლები დადიოდნენ რეგიონში, ხვდებოდნენ მეწარმეებს, ესაუბრებოდნენ, თან უხსნიდნენ, რომ მათთან მეგობრობა არ გამოვიდოდა, თუ სხვას მისცემდნენ ხმას. და, როგორც წესი, ყველას ყველაფერი ესმოდა. მაღალ კატეგორიას ინდივიდუალურ შეხვედრებზე იბარებდნენ. დაბალი კატეგორიის მეწარმეებისთვის ერთი დიდი ღრეობა სადმე რესტორანში საკმარისი იყო. მეორე დღეს გუბერნატორის კაბინეტში კონკრეტული თანხები მოდიოდა. "ურჩი გადამხდელები" თითქმის არ იყვნენ. თუმცა, თუ ვინმე ეგეთი გამოიკვეთებოდა, ცოტა ხანს აცლიდნენ და მერე დაბომბავდნენ. ეგეთი სულ რამდენჯერმე მოხდა და თანაც ოპოზიციურ გამოსვლებში აქტიურობის გამო და არა იმიტომ, რომ ფული არ მიიტანეს.

ყველა რეგიონში თითქმის იგივე სქემაა, თბილისში განსხვავებულადაა. იქ ფინანსურიდან ერთი კაცი ყველა სფეროს ჰყავს მიჩენილი," - ჰყვება იგი.

"ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ არსებობს იმ ბიზნესმენთა სამი კატეგორია,  რომლებიც ფულს მმართველი პარტიის ანგარიშზე რიცხავენ : "პირველი - ისინი, ვინც უკვე ნახა სარგებელი სახელმწიფოსგან და წლების განმავლობაში სახელმწიფო ტენდერებს იგებდნენ; მეორე - ის კომპანიები, რომლებმაც არჩევნების შემდეგ იხეირეს. მაგალითად, კომპიუტერული კომპანიები, რომლებიც სპეციალურ პროგრამაში ჩაერთვნენ "კომპიუტერი ერთ ლარად";  და მესამე, კომპანიები, რომლებიც არ ნახულობენ სარგებელს, მაგრამ ეშინიათ, რომ საქმე ცუდად წაუვათ და ამიტომ მმართველი პარტიის ანგარიშზე ფულს რიცხავენ".

შემდეგი არჩევნები საქართველოში 2012 წლისთვისაა დაგეგმილი -  ქვეყანა ახალ პარლამენტს აირჩევს, რომელსაც 2013 წლიდან უკვე ახალი კონსტიტუციის პირობებში მოუწევს მუშაობა.

8 ოპოზიციურ პარტიასა (ეროვნული ფორუმი, კონსერვატორები, რესპუბლიკელები, ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატები, საქართველოს გზა, ახალი მემარჯვენეები, ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა და ხალხის პარტია) და მმართველ პარტიას შორის უკვე მიმდინარეობს შეხვედრები საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად. მოლაპარაკებებისას თითქმის ყველა საკითხი განიხილება, მათ შორის, ყველაზე მწვავედ - ხმის მიცემის პროცედურა. თუმცა პარტიებისა და მათი საარჩევნო კამპანიების დაფინანსებისა და ფინანსური ანგარიშების მონიტორინგის წესზე ამ შეხვედრებზე არ საუბრობენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^