Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

რა კავშირია დიპლომსა და დასაქმებას შორის?

05 მარტი 2011

"ზაფხულისთვის პრაქტიკანტ სტუდენტებს ეძებთ? დაგვიკავშირდით. თქვენ შეძლებთ, სრულგანაკვეთიან საზაფხულო პრაქტიკაზე უსასყიდლოდ დაიქირავოთ ჩვენი სტუდენტი, რადგან ხელფასს თქვენ ნაცვლად მას ჩვენი უნივერსიტეტის საკარიერო სამსახური სპეციალური გრანტით გადაუხდის", - ზაფხულამდე ჯერ სამი თვეა, მაგრამ  ბოსტონში, Tufts-ის კერძო ამერიკული უნივერსიტეტი საკუთარი სტუდენტების საზაფხულო დასაქმების პერსპექტივაზე უკვე ზრუნავს.

"ზაფხულისთვის პრაქტიკანტ სტუდენტებს ეძებთ? დაგვიკავშირდით. თქვენ შეძლებთ, სრულგანაკვეთიან საზაფხულო პრაქტიკაზე უსასყიდლოდ დაიქირავოთ ჩვენი სტუდენტი, რადგან ხელფასს თქვენ ნაცვლად მას ჩვენი უნივერსიტეტის საკარიერო სამსახური სპეციალური გრანტით გადაუხდის", - ზაფხულამდე ჯერ სამი თვეა, მაგრამ  ბოსტონში, Tufts-ის კერძო ამერიკული უნივერსიტეტი საკუთარი სტუდენტების საზაფხულო დასაქმების პერსპექტივაზე უკვე ზრუნავს.

ამ უნივერსიტეტის გამოკითხულ კურსდამთავრებულთა 50 პროცენტი მიიჩნევს, რომ მათი კარიერის წარმატება, 50-75 პროცენტით, სწორედ Tufts-ში მიღებულმა გამოცდილებამ განსაზღვრა.

მომავალი კურსდამთავრებულების კარიერაზე თანმიმდევრული ზრუნვა დასავლური უნივერსიტეტების ჩვეულებრივი ფუნქციაა, საქართველოს 70 აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლიდან უმრავლესობა ვერ ასრულებს.

"არც ჩვენთან, არც სხვაგან, არ გამიგია, რომელიმე უნივერსიტეტს ჰქონდეს სპეციალური სამსახური, რომელიც სტუდენტებს სამსახურის პოვნაში ეხმარება", - ამბობს 23 წლის თამთა კალატოზიშვილი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურაში სწავლობს.

ზოგადად, უნივერსიტეტები საკუთარ წარმატებად მიიჩნევენ შემთხვევებს, როცა დიპლომის მიღების საზეიმო ცერემონიალიდან ერთი წლის განმავლობაში კურსდამთავრებული იმ სპეციალობით დასაქმდება, რაც უნივერსიტეტში შეისწავლა.

დასავლეთის ქვეყნების უნივერსიტეტებისათვის სასწავლო პროგრამების შედგენისას მთავარი განმსაზღვრელი შრომის ბაზრის სიღრმისეული კვლევაა, რის შედეგადაც უმაღლესი სასწავლებლები იგებენ, თუ რა სპეციალობები სჭირდება ბაზარს. ამ ინფორმაციის მიხედვით ადგენენ მისაღები ადგილების რაოდენობასაც.

საქართველოში ბოლო ხუთი წლის განმავლობაში უნივერსიტეტებში მისაღები ადგილების რაოდენობა 18 ათასიდან 33 ათას ადგილამდე გაიზარდა, ოღონდ ისე, რომ შრომის ბაზარი არავის გამოუკვლევია. უნივერსიტეტების უმრავლესობა ამას უსახსრობის გამო ვერ ახერხებს. ამიტომაცაა, რომ მაგალითად, არქიტექტურის ფაკულტეტზე მისაღები სტუდენტების რაოდენობას უნივერსიტეტები აბსოლუტურად თვითნებურად ადგენენ - ისე, რომ არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია, რამდენი არქიტექტურული ბიურო მუშაობს ქვეყანაში და რამდენი და როგორი კვალიფიკაციის მქონე არქიტექტორი სჭირდება შრომით ბაზარს.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, რომელიც უნივერსიტეტებს აკრედიტაციას ანიჭებს, არაა უფლებამოსილი უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები ადგილების რაოდენობა დაარეგულიროს. უნივერსიტეტები კი ძველი ფაკულტეტების დახურვის თუ ახლის გახსნის გადაწყვეტილებას ან ინერციით, ანდა მეტი მოგების ნახვის სურვილით იღებენ.

2010-11 წლებში უნივერსიტეტებმა 3 ათასით გაზარდეს საერთო მისაღები ადგილების ოდენობა და ეს იმ ფაკულტეტების ხარჯზე გააკეთეს, რომლებზეც აბიტურიენტთა მხრიდან მოთხოვნა მაღალია.

 

"უნივერსიტეტების დიდი ნაწილი, ძირითადად, ხსნის ისეთ მიმართულებებს, რომელთაც გარანტირებული კლიენტი ეყოლება, რადგან თვითონვე უყურებენ ამ საქმეს, როგორც ბიზნესს", - ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქეთი გურჩიანი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა უნივერსიტეტების აკრედიტაციის საბჭოში. "ბოლო დროს იხსნებოდა ბიზნესი, სამართალი, საერთაშორისო ურთიერთობები და ცოტა სტომატოლოგია, რომელიც სამედიცინო დარგებიდან ერთადერთია აბიტურიენტების მხრიდან სტაბილურად მაღალი მოთხოვნით", - დასძენს ქეთი გურჩიანი.

თუმცა, კონკრეტულ პროფესიაზე აბიტურიენტთა მოთხოვნა არ ნიშნავს, რომ ამ პროფესიაზე მაღალია მოთხოვნა შრომითი ბაზრის მხრიდანაც.  კვლევის არარსებობის გამო, არავინ იცის, ერთ კონკრეტულ წელს გამოშვებული ეკონომისტების რა პროცენტი დასაქმდა თავისი პროფესიით.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღიარებენ, რომ ფაკულტეტების გახსნისა და დახურვის პროცესი ჯერ კიდევ ინერციით მიდის, თუმცა, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის სპეციალისტის, ნინო ჯავახიშვილის თქმით, სწორედ ბაზრის საჭიროებებიდან გამომდინარე, წელს იქაც გახსნეს "სოციალური მუშაობის" სპეციალობა.

არსებობს უნივერსიტეტების მხოლოდ რამდენიმე გამონაკლისი, სადაც ფაკულტეტების გახსნა ან შრომის ბაზრის მოთხოვნას ემყარება, ანდა შრომის ბაზრის საჭიროებას. მაგალითად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში მდგრადი მეტყევეობის ფაკულტეტი მომავალი წლის სექტემბრიდან მხოლოდ იმიტომ გაიხსნება, რომ ამ სფეროში პროფესიონალთა რიცხვი ძალიან მცირეა. თუმცა, წინასწარ არ იციან, იქნება თუ არა მოთხოვნა ახალგაზრდების მხრიდან ამ არაპოპულარულ პროფესიაზე.

თავისუფალ უნივერსიტეტში კი შარშან ეკონომიკის ფაკულტეტი მხოლოდ იმიტომ არ გახსნეს, რომ კვლევამ აჩვენა - შრომის ბაზარს მეტი ეკონომისტი აღარ სჭირდებოდა. "სამაგიეროდ,  კვლევის დროს აღმოჩნდა, რომ დიდი მოთხოვნაა პროგრამისტებზე. ამიტომაც შევქმენით მათემატიკისა და პროგრამირების  სკოლა, რამაც გაამართლა. სტუდენტები ჯერ პირველ კურსზე არიან და უკვე მათ დამსაქმებლები ითხოვენ", - აღნიშნავს თავისუფალი უნივერსიტეტის პრორექტორი, მარინა ქარჩავა. [pagebreak]

რომელი სპეციალობები სჭირდება დღევანდელ შრომის ბაზარს და რომელ დარგებშია პროფესიონალთა დეფიციტი? განათლების ექსპერტები მხოლოდ ვარაუდობენ, რომ არსებობს რამდენიმე "გადაშენების პირას" მდგარი პროფესია და მათ შორისაა, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.

ერთი წლის წინ საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე გამოცხადებულ მისაღებ კონკურსში ადგილები მეტი იყო, ვიდრე - მსურველები. გამოყოფილი 1683 ადგილიდან ფიზიკა, ბიოლოგია და სხვა ასეთი მეცნიერებები მხოლოდ 1324 სტუდენტისთვის აღმოჩნდა პირველადი არჩევანი. საინჟინრო მეცნიერებებისთვის გამოყოფილ 4200 ადგილზე კი ჩაბარება პრიორიტეტული სულ 1878-ი აბიტურიენტისთვის გახდა.

23  წლის საბა სულაძე პროფესიით ბიოფიზიკოსია. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ამერიკაში აგრძელებს სწავლას და თუ საკუთარი არჩევნით ბედნიერია - მხოლოდ ამიტომ. "თსუ-ში მეცნიერება თითქმის არ არსებობს, ერთი გამართული ლაბორატორია არ აქვთ. იქ ნასწავლის გამოყენების შანსი კი, საქართველოში, თითქმის ნულის ტოლია", - ამბობს საბა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კვლევითი ინსტიტუტების დახურვის, კვლევის დაფინანსების შემცირებისა და მთლიანი საწარმოო ინფრასტრუქტურის მოშლის გამო, საქართველოში საგრძნობლად შევიწროვდა იმ პროფესიათა არეალი, რომელთაც ახალგაზრდები მომავალი კარიერისთვის ირჩევენ.

ეკონომიკური ფაკულტეტის სტუდენტის, 21 წლის ქეთი წკრიალაშვილისთვის საოცნებო პროფესია დღემდე ფსიქოლოგიაა. თუმცა, ამბობს, რომ ამ სპეციალობის შესწავლის უფლება თავს ვერ მისცა: „ეკონომიკაზე ჩავაბარე, რადგან ეს უფრო სარფიანი პროფესიაა".

22 წლის თეა ჰასრათოვა ამბობს, რომ როდესაც ეროვნული გამოცდებისთვის ფაკულტეტების სიას ადგენდა, პირველ რიგში, საბანკო საქმე აირჩია, "რადგან მეგონა, რომ ამ სფეროში უკეთ დავსაქმდებოდი, შემდეგ ჩავწერე ჟურნალისტიკა და სამედიცინოც, რადგან ეს ორივე პროფესია სულიერად ახლოს იყო ჩემთან".

განათლების ექსპერტებისთვის თეას მსგავსი შემთხვევები კიდევ ერთ პრობლემაზე - სტუდენტთა დეზორიენტაციაზე მიუთითებს. "როდესაც გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებს გადავხედე, ვნახე, რომ მხოლოდ აბიტურიენტების მცირე ნაწილია დარწმუნებული საკუთარ არჩევანში, დანარჩენები ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულ პროფესიებს ირჩევენ, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ კონტინგენტისთვის მთავარია უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარება და არა ის, მოხვდებიან თუ არა სასურველ სპეციალობაზე", - ამბობს ტემპუსის ეროვნული ოფისის ხელმძღვანელი, ლიკა ღლონტი. მისი თქმით, ამ ახალგაზრდების მშობლები ფულს აბანდებენ არა შვილის განათლებაში, არამედ იმაში, რომ შვილი "ქუჩაში არ იდგეს". უნივერსიტეტები კი უმოტივაციო სტუდენტების გარიცხვას ერიდებიან, რადგან მათ უნივერსიტეტში ფული შემოაქვთ. "ეს სხვა არაფერია, თუ არა ამ ახალგაზრდების უმუშევრობის გადავადება 4 წლით", - ასკვნის ლიკა ღლონტი.

თუმცა, პროფესიების ხშირი ცვლისა და მერყეობის მიზეზი არა მხოლოდ ახალგაზრდული დეზორიენტაცია შეიძლება იყოს. არანაკლებ მნიშვნელოვანია ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც სტუდენტი უნივერსიტეტში უნდა იღებდეს.

თეა ჰარსათოვა საბანკო საქმეს უკვე ექვსი წელია, წარჩინებით სწავლობს და ახლა უკვე მაგისტრატურას ამთავრებს, თუმცა, კარგი ნიშნების მიუხედავად, დამსაქმებლები მას ყოველ ჯერზე უარით ისტუმრებენ, ერთი მიზეზით - „შენ ზოგადი, თეორიული ცოდნა გაქვს, ჩვენ  კი უფრო პრაქტიკული უნარები გვჭირდება".

როგორ უნარ-ჩვევებს მოითხოვს პროფესიონალებისგან თანამედროვე შრომის ბაზარი - ამ საკითხზე უმაღლესი სასწავლებლები, პირველ რიგში, დამსაქმებლებთან ერთად უნდა მსჯელობდნენ. თუმცა, თუ ასეთი თანამშრომლობა არსებობს, ის ხშირ შემთხვევაში მხოლოდ ფორმალურია და არსებულ სურათს ვერ ცვლის.

სახელმწიფო შრომის ბაზრისა და უმაღლესი სასწავლებლების დაკავშირებას  ხელოვნური გზებით ცდილობს. ასეთია, მაგალითად, სტუდენტთა საგრანტო დაფინანსების სისტემის შეცვლა. ცვლილების დეკლარირებული არსი აბიტურიენტებს შორის ნაკლებად პოპულარული, მაგრამ შრომის ბაზრისთვის საჭირო პროფესიების პოპულარიზაციაა. გეგმის მიხედვით, ბიზნესის,  სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერებებისა და  სამართლის  სტუდენტებს სახელმწიფო 100-პროცენტიანი გრანტით დააფინანსებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი მისაღებ გამოცდებზე უმაღლეს შედეგებს უჩვენებენ. სამაგიეროდ, სხვადასხვა ოდენობით სახელმწიფო დაფინანსების მოპოვება ადვილი იქნება ტექნიკურ და საბუნებისმეტყველო ფაკულტეტებზე - იქ, სადაც მისაღები ადგილები ბოლომდე არ ივსება.

"სახელმწიფო მიტოვებს არჩევანს, ვისწავლო პროფესია, რომელიც დაბალშემოსავლიანია. ვთქვათ, ბიოლოგიის ფაკულტეტზე, დამიფინანსებ სწავლის 4 წელს სახელმწიფო გრანტით, მაგრამ მერე რა ვქნა, როცა კვლევაზე თანხა აღარ გამოიყოფა?" - ამბობს ქეთი გურჩიანი.

განათლების ექსპერტები ფიქრობენ, რომ აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან შრომის ბაზრის  შესწავლა და ამ კვლევაზე დაყრდნობით უმაღლესი სისტემის რეფორმირება. პროაქტიული უნდა იყოს თავად უმაღლესი განათლების ინსტიტუტები -  მათ უნდა იზრუნონ ახალგაზრდებში დავიწყებული, მაგრამ საჭირო პროფესიების პოპულარიზაციაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, დღე, როცა კურსდამთავრებულთა შორის არც ერთი ფიზიკოსი,  აბსოლუტური უმრავლესობა კი ეკონომისტი აღმოჩნდება, ძალიან ახლოსაა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^