Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"დიდი დათვის" ნისლიანი თანავარსკვლავედი

07 მარტი 2011
1951 წელს, ნაომარ ბერლინში საერთაშორისო კულტურული პოლიტიკის გათვალისწინებითა და ამერიკელთა ძალისხმევით, (ამას უკვე აღარავინ მალავს) საერთაშორისო კინოფესტივალი დაარსდა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საკმაო არტისტული სტაჟის მქონე ვენეციას, ან უფრო მოდურ კანის კინოფესტივალს მალე კონკურენტი გამოუჩნდებოდა.

პოლიტიკურმა გარემომ და საფესტივალო გამოცდილებამ კინომითოლოგია შეცვალა. კედლის დანგრევის მომდევნო წლიდან  ბერლინის კინოფესტივალი, სერიოზულ და ალტერნატიულ კინოპლატფორმად ჩამოყალიბდა. 70-80-იანი წლებიდან კი გაცილებით სწრაფი ტრანსფორმაცია განიცადა, კინოხელოვნების ჩარჩოებს გასცდა და ლამის არტ-პოლიტიკურ მოვლენად გადაიქცა. ჯერ ბორკილებაყრილი აღმოსავლეთ ევროპის, შემდეგ ტანჯული "მესამე სამყაროს" წასახალისებლად. 1951 წელს, ნაომარ ბერლინში საერთაშორისო კულტურული პოლიტიკის გათვალისწინებითა და ამერიკელთა ძალისხმევით, (ამას უკვე აღარავინ მალავს) საერთაშორისო კინოფესტივალი დაარსდა. მაშინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საკმაო არტისტული სტაჟის მქონე ვენეციას, ან უფრო მოდურ კანის კინოფესტივალს მალე კონკურენტი გამოუჩნდებოდა.

პოლიტიკურმა გარემომ და საფესტივალო გამოცდილებამ კინომითოლოგია შეცვალა. კედლის დანგრევის მომდევნო წლიდან  ბერლინის კინოფესტივალი, სერიოზულ და ალტერნატიულ კინოპლატფორმად ჩამოყალიბდა. 70-80-იანი წლებიდან კი გაცილებით სწრაფი ტრანსფორმაცია განიცადა, კინოხელოვნების ჩარჩოებს გასცდა და ლამის არტ-პოლიტიკურ მოვლენად გადაიქცა. ჯერ ბორკილებაყრილი აღმოსავლეთ ევროპის, შემდეგ ტანჯული "მესამე სამყაროს" წასახალისებლად.

ქართველ რეჟისორთა ისტორული მონაგარი ბერლინალეზე ურიგო არ არის. მართალია "ოქროს დათვი" კოლექციაში არა გვაქვს, მაგრამ "ვერცხლის დათვები" სხვადასხვა დროს უკვე კლასიკოს ოთარ იოსელიანს ("ორშაბათ დილით"), არანაკლებ ცნობილ გიორგი შენგელაიას ("ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა") და საფრანგეთში ოჯახიანად წახალისებულ თემურ ბაბლუანს ("უძინართა მზე") ერგოთ.  ეს დიდი კინემატოგრაფიული წარსულის "ნგრეულ ნაშთს" უფრო მოგვაგონებს, მაგრამ თავმოსაწონებლად მაინც გამოდგება.

რიგით 61-ე ბერლინალემ ჩვეულ სტილში, ოდნავ პათეტიკურად, მაგრამ მაინც სამართლიანად დაიცვა ესთეტიკურ-პოლიტიკური მრწამსი. ჯერ იყო და,  ჟიურის თავმჯდომარემ, იზაბელა როსელინიმ დაპატიმრებული ირანელი რეჟისორის, ჯაფარ პანაჰის წერილი ფესტივალის გახსნაზე, პირდაპირ სცენაზე წაიკითხა, ხოლო "ცარიელი სკამის" აქცია მთელი ფესტივალის განმავლობაში გრძელდებოდა. შემდეგ, ფესტივალის დახურვაზე მისი თანამემამულის, ასგარ ფარჰადის ფილმი "ნადერი და სიმინი, განშორება" მთავარი პრიზით - "ოქროს დათვით" დააჯილდოვა. დაახლოებით იგივე რამ "ჩაიდინა" ტილდა სვინტონმა ორი წლის წინ ბერლინალეზე, როცა ფარჰადის ფილმს "ელის შესახებ"  საუკეთესო რეჟისორული ნამუშევრისათვის "ვერცხლის დათვი" გადასცა.

ფილმში მონაწილე მსახიობი ქალები და მამაკაცები ჟიურიმ ასევე  "ვერცხლის დათვებით" დაჯილდოვა, რაც ცოტა არ იყოს, ირონიას ჰგავდა. თუ ქალთა როლები ფილმში მაინც უფრო გამოკვეთილი და საინტერესოა (სარინა ფარჰადი, ბაიათ სარეფი, ლეილა ჰათამი), მამაკაცების როლები შედარებით უფერული და მეორე პლანისაა. ამდენად, ირანელ "მსახიობთა ანსამბლს" არა მგონია დაემსახურებინა ასეთი საპატიო შეფასება. მით უმეტეს, როცა საკონკურსო ფილმებს შორის დიდი არჩევანი არსებობდა: ბრიტანელი რალფ ფაინსის (აქტიორული და რეჟისორული ნამუშევარი შექსპირის "კორიოლანოსის"  მიხედვით), ახალგაზრდა გერმანელი მსახიობის, დანიელ ბრულის (მთავარი როლი გერმანული ტერორისტული ორგანიზაციის "წითელი არმიის ფრონტის" შესახებ  ფილმში "ვინ, თუ არა ჩვენ?") და კევინ სპეისის (უოლ-სტრიტის ერთ-ერთ ბანკში დატრიალებული დრამა "სახიფათო ვაჭრობა") შესანიშნავი აქტიორული ნამუშევრები.

კლასიკოსი უნგრელი რეჟისორის, ბელა ტარის არტ-ჰაუზისთვის თითქოს საგანგებოდ გამოწერილი, დახვეწილი და შავ-თეთრი ფილმი "ტურინული ცხენი", რომელიც ბოლო დღემდე ლიდერობდა პრესის შეფასებით, "ჟიურის დიდი პრიზით და კრიტიკოსთა "ფიპრესით" დაჯილდოვდა. აღსანიშნავია, რომ პრიზის მისაღებად სცენაზე ასულმა რეჟისორმა მდუმარედ დატოვა სცენა, ან იქნებ, სიტყვა პრინციპული მოსაზრებით არ წარმოთქვა, რამაც ფესტივალის დირექტორი, დიტერ კოსლიკი უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო. ჟიურის მომხიბვლელი თავმჯდომარე იზაბელა როსელინი კი მხოლოდ უადგილოდ იღიმებოდა...

პრიზების პოლიტკორექტულად და "დალაგებულად" განაწილება რომ ბერლინალეს დაუძლეველი სენია, კიდევ ერთხელ დადასტურდა ფესტივალის დახურვაზე. "პრიზი რეჟისურისათვის" გერმანელ რეჟისორს ულრიჰ კოლერს გადასცეს საკმაოდ მოსაწყენი  ფილმისათვის "ძილის ავადმყოფობა", რომელიც აფრიკაში ევროპელი ექიმების მისიაზე მოგვითხრობს. მეორე გერმანული ფილმი "ვინ, თუ არა ჩვენ?" (რეჟისორი ანდრეას ფაიელი) ალფრედ ბაუერის სახელობის პრიზით აღინიშნა, ხოლო არგენტინელი პაოლა მარკოვიცის პოლიტიკური კონტექსტითა და საინტერესო გამომსახველობით გამორჩეული ფილმი "პრემია" - სპეციალური "ვერცხლის დათვით" ოპერატორული ნამუშევრისათვის.

ამერიკული "დამოუკიდებელი კინოს" პერსპექტიული და უდავოდ ნიჭირი რეჟისორის, მირანდა ჯულაის "მომავალი", ისევე,  როგორც, ავსტრიელი ვოლფგანგ მიურნბერგერის "ჩემი საუკეთესო მტერი" (სხვათა შორის, მორის ბლაიბტროის, მარტა კელერისა და სხვა ცნობილი მსახიობების გარდა, ფილმში მერაბ ნინიძეც მონაწილეობს) ჟიურიმ სათანადოდ არ, ან ვერ შეაფასა.

პატარ-პატარა სკანდალებს რაც შეეხება. ჯერ კიდევ ფესტივალის დაწყებამდე პრესაში გახმაურდა ფაქტი, რომ გერმანელ რეჟისორ უვე ბიოლის ძალიან საინტერესო ფილმი "ოსვენციმი", შესარჩევმა კომისიამ ბოლო მომენტში დაიწუნა. მიზეზად ჟიურიმ საკონცენტრაციო ბანაკში წამების სცენების შოკის მომგვრელი ნატურალიზმი დაასახელა. ვნებათაღელვა კონკურსგარეშე ნაჩვენებ, ხოდორკოვსის შესახებ დაკარგული ფილმის მასალებსაც მოჰყვა. თუმცა ფილმში ფასეული  მხოლოდ სასამრთლო პროცესზე ჩაწერილი ხუთწუთიანი ინტერვიუს ფრაგმენტია.

ბერლინის 61-ე საერთაშორისო კინოფესტივალმა აქტიური მოქალაქეობრივი და პოლიტიკური იმიჯი მაინც შეინარჩუნა და დაფასებულ არტ-ჰაუზსაც ხარკი გადაუხადა. და თუ "ბერლინალეს" შემდეგ ჯაფარ პანაჰის სასჯელს შეუმსუბუქებენ ან ციხიდან დროზე ადრე გამოუშვებენ, ჩათვალეთ, რომ ბატონი დიტერ კოსლიკი თითქმის ჯადოქარი ყოფილა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^