Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ახალი საქართველო 2004-2008

11 ივნისი 2009

4იანვარი საქართველოში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. "ვარდების რევოლუციის"ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა ხმების 96%-ით გაიმარჯვა. მისი წინასაარჩევნო პროგრამის პრიორიტეტებია:  კორუფციასთან ბრძოლა, საჯარო სამსახურების რეფორმირება, ეკონომიკური რეფორმები, ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. წინასაარჩევნოდ გამართულ პარტიის ყრილობაზე სააკაშვილმა განაცხადა: "საქართველოში 4 იანვრიდან ახალი ეპოქა დაიწყება და ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით ჩვენ შევძლებთ ფსოუს ჩათვლით მოხდეს საქართველოს გამთლიანება".

8იანვარი თბილისის პროკურატურამ ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორის ლევან მამალაძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა და მასზე ძებნა გამოაცხადა. მას სახელმწიფო ქონების მითვისებაში ედება ბრალი. ლევან მამალაძე "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მოსკოვში წავიდა. მამალაძე პირველი იყო შევარდნაძის მთავრობის წევრებისა და პრეზიდენტთან დაახლოებული ბიზნესმენების დაკავებათა სერიაში. 14 იანვარს ირაკლი ოქრუაშვილის გენერალური პროკურორის პოსტზე დანიშვნის შემდეგ, ამავე წელს სამართალდამცავებმა დააკავეს: შპს "საქართველოს რკინიგზის" ყოფილი ხელმძღვანელი აკაკი ჩხაიძე,  ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინისტრი მერაბ ადეიშვილი, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე სულხან მოლაშვილი, ანტიტერორისტული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი ლევან კენჭაძე,  პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის სიძე გია ჯოხთაბერიძე, რომელიც მისი მეუღლის მანანა შევარდნაძის პირადი ანგარიშიდან 15,5 მილიონი დოლარის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
 
14იანვარი პარლამენტმა საქართველოს ეროვნულ დროშად ხუთჯვრიანი დროშა დაამტკიცა. ეს დროშა მიხეილ სააკაშვილის პარტიის, "ნაციონალური მოძრაობის" სიმბოლოა. ამავე წელს, პარლამენტმა ახალი სახელმწიფო ჰიმნი და გერბი დაამტკიცა. სახელმწიფო სიმბოლიკის და ეროვნული თვითშეგნების აღდგენა ახალი პრეზიდენტისა და ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტია. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა სამთავრობო დაწესებულების შენობის თავზე, საქართველოს ეროვნული დროშის გვერდით ევროპის დროშაც აღიმართება.

24-25იანვარი მიხეილ სააკაშვილის ინაუგურაცია. პრეზიდენტმა ქვეყნისა და ერის წინაშე ფიცი გელათის სამონასტრო კომპლექსში, დავით აღმაშენებლის საფლავზე დადო. ინაუგურაციას ათასობით ადამიანი დაესწრო, მათ შორის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი. 25 იანვარს მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში აჭარის ლიდერთან ასლან აბაშიძესთან ერთად სამხედრო აღლუმი ჩაიბარა.

31იანვარი ასობით გარე მოვაჭრემ სახელმწიფო კანცელარიის წინ საპროტესტო აქცია მოაწყო. ეს პირველი საპროტესტო აქციაა ახალი ხელისუფლების წინააღმდეგ, რომელიც თბილისში გარე ვაჭრობის აკრძალვას მოჰყვა.

6თებერვალი პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები დაამტკიცა, რითიც პრეზიდენტის უფლებამოსილება გაიზრდება. ცვლილებები პრემიერ-მინისტრის პოსტის შემოღებას გულისხმობს, რომელიც მინისტრთა კაბინეტის საქმიანობაზე იქნება პასუხისმგებელი. პრეზიდენტი აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი იქნება. თავდაცვის, შინაგან საქმეთა და უშიშროების მინისტრები პრეზიდენტის უშუალო კონტროლს დაექვემდებარებიან. პრეზიდენტს უფლება ექნება დაითხოვოს პარლამენტი ან მინისტრთა კაბინეტი იმ შემთხვევაში, თუ  საკანონმდებლო ორგანი სამჯერ ვერ შეძლებს სახელმწიფო ბიუჯეტის მიღებას. პარლამენტს ექნება უფლება დაითხოვოს პრემიერ-მინისტრი და მინისტრთა კაბინეტი ხმების სამი მეხუთედით. "მე არ ვაპირებ უფუნქციო პრეზიდენტად ყოფნას, ... ვერავინ ეღირსება იმას, რომ მე ხელისუფლება დავტოვო. ხელისუფლებას დავტოვებ მაშინ, როდესაც პრეზიდენტობის ვადა ამოიწურება", – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასთან ერთად ამ ცვლილებების ინიციატორია.

10-11თებერვალი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტს მოსკოვში ხვდება. „მე თქვენთან დამეგობრება მინდა“, – განუცხადა სააკაშვილმა პუტინს მოლაპარაკებების დაწყებამდე.
 
თებერვალი საპარლამენტო არჩევნებამდე 2 თვით ადრე ორმა წამყვანმა კომერციულმა ტელეკომპანიამ  "რუსთავი 2“-მა და "მზემ" შეწყვიტა პოლიტიკური თოქ-შოუები. ვენაში მოქმედმა "პრესის საერთაშორისო ინსტიტუტმა" წერილი გამოუგზავნა საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, რომელშიც გამოხატულია შეშფოთება ახალი ხელისუფლების მიერ მედიაზე ზეწოლის გამო. მოგვიანებით, "რუსთავი 2" -ის დამფუძნებელი და დირექტორი ეროსი კიწმარიშვილი იტყვის, რომ თოქ-შოუს დახურვის გადაწყვეტილება მან ხელისუფლებასთან შეთანხმებით მიიღო.
 
11თებერვალი პარლამენტმა აღმასრულებელი ხელისუფლების რეფორმირების პროექტი დაამტკიცა. პროექტის მიხედვით, სამინისტროების რაოდენობა 16-დან 15-მდე შემცირდება. შეიქმნება ახალი სტრუქტურა – ფინანსური პოლიცია, რომელიც ეკონომიკური და ფინანსური დანაშაულების წინააღმდეგ იბრძოლებს. ფინანსურ პოლიციას ეყოლება საკუთარი სპეცდანიშნულების რაზმები. უახლოეს წლებში ახლად შექმნილი სტრუქტურის მუშაობის მეთოდებს ბიზნესმენთა ნაწილი "რეკეტს" უწოდებს. საჯარო სამსახურების რეფორმირების ფარგლებში ასევე მოხდება კადრების ოპტიმიზაცია და სახელფასო განაკვეთების რეფორმირება საჯარო მოხელეებისთვის ანაზღაურების გაზრდის მიზნით.

12თებერვალი პარლამენტმა 111 ხმით 1-ის წინააღმდეგ პირველი მოსმენით მიიღო ანტიკორუფციული ღონისძიებების შესახებ საკანონმდებლო პაკეტი. კანონპროექტის ძირითადი ნაწილი ეხება თანამდებობის პირთათვის დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევას და სახელმწიფოსთვის, ან კანონიერი მფლობელისთვის დაბრუნებას. კანონპროექტის მიხედვით, მარტივდება თანამდებობის პირთა პასუხისგებაში მიცემის პროცედურებიც. საკანონმდებლო პაკეტი ითვალისწინებს "გარიგების მართლმსაჯულების" შემოღებასაც.
 
17თებერვალი პარლამენტმა ახალი მთავრობის შემადგენლობა და პრემიერ-მინისტრად ზურაბ ჟვანია დაამტკიცა. 2004-2009 წლების მთავრობის სამოქმედო გეგმის პრიორიტეტებია:  სამართალდამცავი და უშიშროების სისტემის რეფორმა, კორუფციასთან ბრძოლა, ეკონომიკური ზრდა, ენერგეტიკული პრობლემების მოგვარება,  ევროსტრუქტურებში  ინტეგრაცია. ახალი მინისტრთა კაბინეტის ხელფასებს ნაწილობრივ ამერიკელი მეცენატის  ჯორჯ სოროსის მიერ დაფუძნებული ფონდი დააფინანსებს.

5მარტი ქუთაისში განხორციელებული სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს 15 კრიმინალური ავტორიტეტი, მათ შორის ბონდო შალიკიანიც. ბონდო შალიკიანი ტყიბულის მაჟორიტარ დეპუტატად 2003 წლის 2 ნოემბერს აირჩიეს. სპეცოპერაციას პირადად ესწრება გენპროკურორი ირაკლი ოქრუაშვილი. შალიკიანი და მასთან ერთად დაკავებული პირები შუა ღამით, საცვლების ამარა დააკავეს და სპეცოპერაციას ყველა ტელევიზიის გადამღები ჯგუფი ესწრებოდა. ადამიანის უფლებების დამცველმა ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს სამართალდამცავების მიერ შალიკიანის დაკავების ფორმა. ოფიციალურად შალიკიანს იარაღის უკანონო შენახვაში ედება ბრალი, თუმცა ეს სპეცოპერაცია  "კანონიერ ქურდებთან" ბრძოლის კამპანიის დასაწყისი ხდება.

12მარტი გამთენიისას დაწყებული  სპეცოპერაციის დროს მართლმადიდებელი ეკლესიიდან განკვეთილი ბასილ მკალავიშვილი და მისი დაჯგუფება დააკავეს. მოგვიანებით საპატრიარქოს მიერ განკვეთილ მღვდელს სასამართლო რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელთა დარბევასა და იეღოველთა ლიტერატურის დაწვაში დასდებს ბრალს და მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესჯება. მკალავიშვილის და მისი დაჯგუფების დაკავება სახალხო დამცველმა რელიგიური ტოლერანტობისა და რელიგიის თავისუფლების დაცვის კუთხით გაუმჯობესებად შეაფასა. ბასილ მკალავიშვილი ციხიდან 2008 წელს გამოვიდა.
 
14 მარტი  პრეზიდენტი  სააკაშვილი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ვერ შევიდა.   ჯავშანტექნიკამ და ასობით შეიარაღებულმა პირმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიას შორის  ადმინისტრაციული საზღვარი გადაკეტა.  გვიან ღამით მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვისას სააკაშვილმა აჭარის ხელმძღვანელობის მოქმედებას "სამხედრო გადატრიალების მცდელობა" უწოდა.

28მარტი საქართველოში განმეორებითი საპარლამენტო არჩევნები ტარდება. პარტიამ - "ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები“ არჩევნებში მანდატთა ორ მესამედზე მეტი მოიპოვა.

19აპრილი ბათუმში დისლოცირებული 25-ე მოტომსროლელი ბრიგადის ყოფილი ხელმძღვანელი რომან დუმბაძე თავდაცვის მინისტრის გელა ბეჟუაშვილის ბრძანებას, მისი თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, არ ემორჩილება და ბრიგადის ხელმძღვანელის მოვალეობის შესრულებას განაგრძობს.  მისი თქმით, „25-ე ბრიგადა ასლან აბაშიძის დაქვემდებარებაშია“. 2008 წლის ომის შემდეგ რუსულმა მხარემ, რომან დუმბაძის გათავისუფლების და მათთვის გადაცემის სანაცვლოდ, ტყვედ აყვანილი 12 ქართველი სამხედრო დააბრუნა.

2-5 მაისი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ბრძანებით, ააფეთქეს ადმინისტრაციულ საზღვარზე მდებარე ჩოლოქისა და ქაქუთის ხიდები, რითაც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  დანარჩენ საქართველოსთან დამაკავშირებელი ყველა გზა ჩაიკეტა. პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ მიიღო გადაწყვეტილება ჩოლოქის ხიდის ფეხით გადაჭრის შესახებ. ის რამდენიმე თანაგუნდელთან ერთად ბათუმამდე ჩადის და ასლან აბაშიძეს ხვდება. საქართველოს პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარში აჭარაში შექმნილ ვითარებას განიხილავს. დღის ბოლოს ბათუმში ჩადის რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი იგორ ივანოვი. გვიან ღამით ასლან აბაშიძე ტოვებს საქართველოს და რუსეთში ბათუმიდან იგორ ივანოვის თვითმფრინავით მიემგზავრება.

6მაისი "ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია", აცხადებს პრეზიდენტი სააკაშვილი ბათუმის სანაპიროდან და ქართველებს "მეორე უსისხლო რევოლუციის" წარმატებით დასრულებას ულოცავს. აჭარაში პირდაპირი საპრეზიდენტო მმართველობა მყარდება. საქართველოს პარლამენტი თავის განცხადებაში "განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს რუსეთისა და პრეზიდენტ პუტინის მიმართ" აჭარის კრიზისის მშვიდობიანად მოგვარების საქმეში შეტანილი წვლილის გამო.

11მაისი იწყება ასლან აბაშიძის მთავრობის წევრების დაკავება და აბაშიძის ქონების ჩამორთმევის პროცესი. ასლან აბაშიძისა და მისი დაახლოებული პირებისთვის ჩამორთმეული ქონება 100 მილიონი ლარის ეკვივალენტია და მოიცავს საცხოვრებელ სახლებს, შენობა-ნაგებობებს, მიწის ფართობებს, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებს, ავტომანქანებსა და საბანკო ანგარიშებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თავის განცხადებაში დაგმო აჭარის ყოფილი მაღალჩინოსნების დაპატიმრებები.

26მაისი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აღლუმზე აფხაზებსა და ოსებს  მშობლიურ ენებზე მიმართავს და მათი რესპუბლიკების სტატუსის თაობაზე მშვიდობიანი მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს.

31მაისი საქართველოს ხელისუფლება გადაწყვეტილებას იღებს შიდა ქართლში, კონფლიქტის რეგიონში მდებარე ერგნეთის ბაზრობის დახურვის შესახებ. ბაზრობა აქამდე კონტრაბანდული საქონლით ვაჭრობის ცენტრი იყო, ქვეყანაში შემოდიოდა არადეკლარირებული რუსული პროდუქტი და მიმოქცევაში იყო რუსული რუბლი. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ერგნეთის ბაზრობა ქვეყნის ბიუჯეტს ყოველწლიურად 120 მილიონი აშშ დოლარით აზარალებდა.

1ივნისი ხელისუფლებამ წარმოადგინა  საპრივატიზაციო ნუსხა, რომელშიც 372 სახელმწიფო ობიექტია შესული. ინიციატივის ავტორი ეკონომიკის ახალი მინისტრი კახა ბენდუქიძეა. "მნიშვნელობა არა აქვს, ვინ შეისყიდის სახელმწიფო საწარმოებს – რუსი, ამერიკელი თუ სხვა ბიზნესმენი. მთავარია, რაც შეიძლება მეტი ფული მივიღოთ ამ ობიექტების პრივატიზაციიდან... ყველაფრის გაყიდვა შეიძლება, სინდისის გარდა", აცხადებს ბენდუქიძე. მის საქმიანობას უკავშირდება ლიბერალური ეკონომიკური რეფორმების ჩატარება და საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მნიშვნელოვანი ზრდა მსხვილი ობიექტების გასხვისების ხარჯზე.

17ივნისი პარლამენტმა მიიღო კანონი "სიტყვის თავისუფლების შესახებ", რომლითაც მასმედიის საშულებებთან სასამართლო დავის წესები რეგულირდება. კანონის მიხედვით, მტკიცების ტვირთი მოსარჩელე მხარეზე გადადის, ხოლო ჟურნალისტის პოზიციებს სასამართლოზე მედიასაშუალების მესაკუთრე დაიცავს.

7ივლისი სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში  ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა იარაღით, ტყვია-წამლითა და სამხედრო ფორმებით დატვირთული ცხრა სატვირთო მანქანა დააკავეს. ქართული მხარის განცხადებით, ავტოკოლონა რუსეთიდან ცხინვალისკენ მიემართებოდა, რუსული მხარის განცხადებით კი, იარაღი კონფლიქტის ზონაში განლაგებული რუსი სამშვიდობოებისთვის იყო განკუთვნილი. მეორე დღეს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში 50-მდე ქართველი სამშვიდობო სამხრეთ ოსეთის მხარის წარმომადგენლებმა დააკავეს და განაიარაღეს. რუსულმა ტელეარხებმა ცხინვალის ცენტრში მუხლებზე დაჩოქილი ქართველი ჯარისკაცები აჩვენეს. მომდევნო დღეების განმავლობაში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში რამდენიმე შეიარაღებული შეტაკება მოხდა და ათეულობით ადამიანი დაშავდა. სამი კვირის შემდეგ ქართულმა მხარემ რუსეთს დაკავებული  იარაღი დაუბრუნა და რამდენიმე დღეში ცალმხრივად გაამარტივა სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებისთვის.
 
9ივლისი
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი დაიცავს ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ თავის მოქალაქეებს. სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უმეტესობას რუსული პასპორტები აქვს.  საპასუხოდ, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო "ძალიან მალე აღადგენს კონტროლს ცხინვალის რეგიონში“.
 
15ივლისი ახალი აღჭურვილობით და შემადგენლობით მუშაობას იწყებს საპატრულო პოლიცია. შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული რეფორმების გამო საპორტესტო აქციებს მართავენ საგზაო პოლიციის ყოფილი თანამშრომლები, რომლებიც სამსახურიდან დათხოვნის მიზეზების ახსნას და სახელფასო დავალიანების დაფარვას მოითხოვენ. "მაღელვებს იმ ადამიანების ბედი, რომლებიც დღეს უმუშევრად დარჩნენ, მაგრამ სახელმწიფოს ხარჯზე მათი ოჯახების რჩენა აღარ შეიძლება", აცხადებს პრეზიდენტი.

26ივლისი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია აცხადებს, რომ  პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, "ბიუჯეტის სეკვესტრის ნაცვლად მთავრობა პარლამენტს საბიუჯეტო წლის შუა პერიოდში ბიუჯეტის გაზრდის მოთხოვნით მიმართავს".

1-18აგვისტო სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში სროლის შედეგად ოსური მხარის 6 წარმომადგენელი გარდაიცვალა და ორი ქართველი პოლიციელი დაიჭრა. მომდევნო სამი კვირის განმავლობაში მოხდა კიდევ არაერთი შეტაკება. დაიღუპა ათეულობით ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოსახლე, როგორც ქართველი, ასევე ოსი ეროვნების. შექმნილი ვითარების ფონზე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უარი განაცხადა საქართველოში სექტემბრისთვის დაგეგმილ ვიზიტზე.

19აგვისტო საქართველოს შინაგანი ჯარებისა და უშიშროების სამინისტროს ძალებმა იერიში მიიტანეს და აიღეს ჯავის მიმართულებით განლაგებული სტრატეგიული მნიშვნელობის რამდენიმე ოსური პუნქტი. „დავიკავეთ მნიშვნელოვანი პუნქტები, საიდანაც ხდებოდა ბოლო პერიოდში სროლები ქართული სოფლების მიმართულებით. აღმოჩენილია კაზაკთა ნივთები და ამოღებულია დიდი რაოდენობით იარაღი,“ – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა. იმავე დღეს, ქართულმა ჯარებმა სტრატეგიული სიმაღლეები კონფლიქტის ზონაში განლაგებულ შერეულ სამშვიდობო ძალებს გადასცა. სექტემბერში, საპარლამენტო დებატების დროს, ოპოზიციამ საქართველოს ხელისუფლებას ჯარის გამოყვანის "წარუმატებელ კამპანიასთან" დაკავშირებით პასუხი მოსთხოვა. საპარლამენტო ოპოზიციის მტკიცებით, არსებობს "დღის" და "ღამის" ხელისუფლება და ისინი ერთმანეთის საპირისპიროდ და არათანმიმდევრულად მოქმედებენ.
 
6სექტემბერი  აფხაზეთიდან დევნილებმა სასტუმრო "ივერიის" შენობა  დატოვეს. ინვესტორმა თითოეულ ოჯახს მუდმივი საცხოვრებელი ფართის შესასყიდად 7 000 აშშ დოლარი  გადაუხადა. ეს პირველი შემთხვევაა აფხაზეთის ომის შემდეგ, როცა სახელმწიფო დევნილებს მუდმივ საცხოვრებელს სთავაზობს.

21სექტემბერი საქართველოს პრეზიდენტმა გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს კონფლიქტების "ეტაპობრივი" მოგვარების გეგმა შესთავაზა, რომელიც ნდობის აღდგენას, კონფლიქტის ზონების დემილიტარიზაციასა  და სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზაციას,  ასევე თვითგამოცხადებული რეგიონებისთვის "ფართო ავტონომიის“ მინიჭებას გულისხმობდა.
1ოქტომბერი როინ მეტრეველი, რომელსაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობა 13 წლის განმავლობაში ეკავა, გადადგა. 
 
27ოქტომბერი მედიის უფლებების დამცველი ჯგუფის “Reporters Sans Frontieres” (ჟურნალისტები საზღვრების გარეშე)  გამოქვეყნებულ პრესის თავისუფლების ყოველწლიურ რეიტინგში საქართველომ 73-დან  94-ე ადგილზე გადაინაცვლა.

29ოქტომბერი ნატოს ჩრდილო-ატლანტიკურმა საბჭომ საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმა (IPAP) დაამტკიცა.
 
9ნოემბერი ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონიდან 10 კილომეტრის მოშორებით, გორის რაიონის სოფელ ძევერაში რეზერვისტთა წვრთნის ბანაკი გაიხსნა.

11ნოემბერი პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებებს "საარჩევნო კოდექსში", რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციების პროფესიული ნიშნით დაკომპლექტებას ითვალისწინებს. ოპოზიცია ცვლილებების წინააღმდეგია, რადგან, მათი თქმით, ახალი კოდექსის მიხედვით, საარჩევნო კომისიების სრული კონტროლი ხელისუფლების ხელში გადადის.

23ნოემბერი საპატრულო პოლიციამ 19 წლის ამირან რობაქიძე მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის გადაცემა „პატრულმა“ მეორე დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ რობაქიძე „ბანდიტების შეიარაღებული ჯგუფის“ წევრი იყო და პატრულს დაკავების დროს წინააღმდეგობა გაუწია. გადაცემაში ნაჩვენები იყო „კალაშნიკოვის“ ცეცხლსასროლი იარაღები, რომლებიც, პოლიციის თქმით, რობაქიძის და მისი მეგობრების მანქანიდან ამოიღეს. თუმცა, მოგვიანებით გამოძიებამ დაადასტურა, რომ მტკიცებულება პოლიციამ გააყალბა. საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა გრიგოლ ბაშალეიშვილმა აღიარა, რომ მან  "შემთხვევით" მოკლა უიარაღო რობაქიძე. ბაშალეიშვილს 4 წლით თავისუფლების აღკვეთას მიუსჯიან, რასაც რობაქიძის ოჯახი, ოპოზიცია და საზოგადოების ნაწილი არაადეკვატურ სასჯელად მიიჩნევს. ისინი იმ მაღალჩინოსანთა დასჯასაც ითხოვენ, ვისი დავალებითაც გააყალბეს მტკიცებულებები დანაშაულის ადგილზე.

3დეკემბერი  მას შემდეგ, რაც აფხაზეთის უხუცესთა საბჭომ 3 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულად საქართველოსადმი შედარებით ლოიალურად განწყობილი სერგეი ბაღაფში აღიარა, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის დიალოგი აწარმოოს მასთან. თუმცა, რუსეთის მხრიდან აფხაზეთში სარკინიგზო მიმოსვლის შეწყვეტის და მანდარინის ექსპორტზე გამოცხადებული ემბარგოს შემდეგ, სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ მან მიაღწია შეთანხმებას თავის ოპონენტთან, რუსეთის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ რაულ ხაჯიმბასთან განმეორებითი არჩევნების ჩატარების თაობაზე. განმეორებით არჩევნებში ბაღაფში პრეზიდენტად იყრის კენჭს, ხაჯიმბა კი ვიცე-პრეზიდენტად.

21დეკემბერი პარლამენტმა მხარი დაუჭირა "უმაღლესი განათლების"  შესახებ კანონს. კანონი 5 ძირითად პრინციპზეა აგებული, რომელთაგანაც უმთავრესია უმაღლესი სასწავლებლების ავტონომიურობა და თვითმმართველობის დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრება. კანონის მიღებისთანავე ყველა უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელი თანამდებობებს ტოვებს და მათ დროებითი მმართველები ცვლიან.

24დეკემბერი საქართველოს პარლამენტმა საბოლოოდ დაამტკიცა ერთჯერადი ხასიათის "ამნისტიისა და არადეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებებისა და ქონების ლეგალიზების შესახებ"  კანონი, რომელიც მეწარმეებს 2004 წლამდე დაფარული გადასახადებისაგან ათავისუფლებს  და აძლევს არადეკლარირებული ფინანსებისა და ქონების ლეგალიზების შანსს.

2005

17იანვარი მიხეილ სააკაშვილი ევროპის საბჭოს მიერ მიღებულ რეზოლუციას პასუხობს, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში სასამართლო სისტემა არ არის დამოუკიდებელი, დემოკრატია არასაკმარისად განვითარებულია, მედია თვითცენზურას ახორციელებს და აჭარის ავტონომიას არაადეკვატური მოდელი აქვს. რეზოლუციის პროექტში ასევე ნათქვამია, რომ "პოსტრევოლუციური სიტუაცია არ უნდა გახდეს [ხელისუფლებისთვის] ალიბი, რომ გადაიდგას დაუფიქრებელი ნაბიჯები და უგულებელყოფილ იქნას დემოკრატიული და ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტები". პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს აქვს უფლება გაითვალისწინოს, ან არ გაითვალისწინოს ევროპის საბჭოს რეკომენდაციები: "ის, რომ გვაძლევენ რეკომენდაციებს, ეს არის ჩვეულებრივი პროცესი და ეს კარგია, მაგრამ მათი შესრულება ჩვენი გადასაწყვეტია".

3თებერვალი დილის 9-ის ნახევარზე გამართულ საგანგებო ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ რამდენიმე საათის წინ გარდაიცვალა პრემიერ-მინისტრი ზურაბ ჟვანია. „ეს იყო უბედური შემთხვევა. პრემიერ-მინისტრი გაზის გაჟონვის შედეგად მოიწამლა“, განაცხადა მერაბიშვილმა. ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების მიზეზებს აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროც იკვლევს. ბიუროს მიერ 1 აპრილს გამოქვეყნებულ დასკვნაში ნათქვამია:  "ექსპერიმენტის დროს არ ყოფილა აღმოჩენილი რაიმე ისეთი გარემოება, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის მიერ ადრე გაკეთებულ დასკვნას იმის თაობაზე, რომ ჟვანია და უსუფოვი არასწორად დამონტაჟებული გაზის გამათბობლიდან ნახშირჟანგის გაჟონვის შედეგად მოიწამლნენ.“ ოპოზიციურმა ფრაქცია „მემარჯვენე ოპოზიციამ“  მოითხოვა პარლამენტში სპეციალური საგამოძიებო კომისიის შექმნა პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების მიზეზების ოფიციალური ვერსიის გადამოწმებისთვის, თუმცა პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ "მას ეს საჭიროდ არ მიაჩნია"

30მარტი აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერი სერგეი ბაღაფში აცხადებს, რომ მზად არის საქართველოს პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისათვის, თუმცა აღნიშნავს, რომ მოლაპარაკებებზე თბილისსა ან ბათუმში, როგორც ეს ქართული მხარის მიერ იყო შეთავაზებული, არ ჩავა. თავის მხრივ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა უარი განაცხადა მოსკოვის წინადადებაზე რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერებთან – სერგეი ბაღაფშთან და ედუარდ კოკოითთან სოჭში ერთობლივი შეხვედრის თაობაზე.
 
9მაისი ამერიკის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში ევროპული ტურნეს ფარგლებში თბილისში ჩამოდის. 10 მაისს მიხეილ სააკაშვილმა და ჯორჯ ბუშმა თავისუფლების მოედანზე შეკრებილ ხალხს მიმართეს. ჯორჯ ბუშმა საქართველოს რეგიონში "დემოკრატიის შუქურა" უწოდა. 11 მაისს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა დაადასტურა თავისუფლების მოედანზე ხელყუმბარის აფეთქების მცდელობის ფაქტი. რამდენიმე თვეში გამოძიება დაადგენს, რომ ამერიკის პრეზიდენტის აფეთქება 27 წლის ვლადიმერ არუთუნიანმა სცადა. დაკავებისას მან ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით პოლიციის ოფიცერი მოკლა.


23ივნისი პარლამენტმა პირველი მოსმენით პრეზიდენტის მიერ მხარდაჭერილი თბილისის საკრებულოს და მერის არჩევის ახალი წესი მიიღო, რომელიც გულისხმობს პროპორციული საარჩევნო სისტემის შეცვლას ახალი მოდელით.  ოპოზიციამ  ცვლილებებს "ერთპარტიული დიქტატურის დამყარებისკენ“ მიმართული ნაბიჯი უწოდა და საპროტესტო აქცია გამართა.
 
30ივნისი სპეცდანიშნულების რაზმმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დაარბია, სადაც ქართული ჭიდაობის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის ალექსი დავითაშვილის და ძიუდოისტ გიორგი რევაზიშვილის დაკავებას აპროტესტებდნენ. მათ ბრალი შანტაჟსა და ფულის გამოძალვაში ედებათ. მოჭიდავეების მხარდასაჭერი აქციის ორგანიზატორები ოპოზიციური პარტიები "ახალი მემარჯვენეები" და "რესპუბლიკური პარტიაა". ოპოზიციის ლიდერებმა და ტელეკომპანია "მზის" ჟურნალისტმა ირაკლი იმნაიშვილმა აქციის დარბევის ფაქტი 1989 წლის 9 აპრილს შეადარეს. მოგვიანებით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ამ აქციის გამო ოპოზიციის ლიდერებს ქურდული მენტალიტეტის და კრიმინალური ავტორიტეტების მფარველობაში დაადანაშაულებენ, რამდენიმე დღეში კი ირაკლი იმნაიშვილის საავტორო გადაცემა "არჩევანის ზღვარზე" დაიხურა. ჟურნალისტი გადაცემის დახურვის მიზეზად ხელისუფლების ზეწოლას ასახელებს.

11ივლისი საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, რომელშიც მონაწილეობას 32 ათასი აბიტურიენტი იღებს. ეროვნული გამოცდები განათლების რეფორმის ყველაზე წარმატებული პროექტია.
14ივლისი  ცეცხლსასროლი იარაღით და ხელკეტებით შეიარაღებული ნიღბიანი პირები თავს დაესხნენ დეპუტატს ოპოზიციური "რესპუბლიკური პარტიიდან" ვალერი გელაშვილს და სასტიკად სცემეს. გელაშვილი, რომელიც ასევე სამშენებლო კომპანია "ევრას" მფლობელია (რომელიც პრეზიდენტის ახალი რეზიდენციის ერთ ნაწილს აშენებს), აცხადებს, რომ მას ფინანსური დავა ჰქონდა პრეზიდენტთან და მასზე თავდასხმაში ხელისუფლებას ადანაშაულებს. ბრალდებას სახელისუფლებო პარტიიდან გიგა ბოკერიამ უპასუხა: "ჩვენთვის ძალიან პრინციპულია ამ საქმის გამოძიება და დამნაშავეთა დასჯა". –განაცხადა მან. გელაშვილის საქმე დღემდე გამოძიებული არ არის.

20ოქტომბერი მედიის უფლებების დამცველი ჯგუფის “Reporters Sans Frontieres” მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში, პრესის თავისუფლების ხარისხით საქართველო 2004 წლის შემდეგ ოთხი საფეხურით ქვევით, 99-ე ადგილზეა.

9ნოემბერი პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ პრეზიდენტის ინიცირებულ კანონპროექტს, რომელიც ქურდულ სამყაროსთან ბრძოლასა და რეკეტის გზით შეძენილი ქონების ჩამორთმევას ითვალისწინებს. კანონპროექტი განმარტავს ქურდული სამყაროს, ქურდული გარჩევებისა და კანონიერი ქურდის ცნებას.

22დეკემბერი ოპოზიციონერი პარლამენტარები 2006 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს არაგამჭვირვალეს უწოდებენ. მათი განცხადებით, ბიუჯეტი შესაძლებლობას აძლევს მთავრობას, მათი კონტროლის გარეშე დახარჯოს დაახლოებით 500 მილიონი ლარი.

22დეკემბერი სოზარ სუბარმა პარლამენტის წინაშე წარდგენილ მოხსენებაში განაცხადა, რომ 2002 წელს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და საქართველოს სახელმწიფოს შორის ხელმოწერილი კონკორდატი არღვევს საქართველოს კონსტიტუციას და საერთაშორისო კონვენციებში აღიარებულ თანასწორუფლებიანობის პრინციპს, რადგანაც კონკორდატი მნიშვნელოვან პრივილეგიებს ანიჭებს მართლმადიდებლურ ეკლესიას საქართველოში არსებულ სხვა რელიგიურ ჯგუფებთან შედარებით. სუბარის გამოსვლისას სხდომათა დარბაზი დემონსტრაციულად დატოვეს ფრაქცია "ახალი მემარჯვენეების" წევრებმა, მისი გამოსვლა კი კრიტიკულად შეაფასეს დეპუტატებმა როგორც ოპოზიციიდან, ასევე საპარლამენტო უმრავლესობიდან. გიგა ბოკერიამ კი უარყოფითად შეაფასა ის "ფუნდამენტალისტური განცხადებები, რომელიც ზოგიერთმა დეპუტატმა გააჟღერა“ და განაცხადა, რომ რელიგიის თავისუფლება "არ არის სპეკულაციისა და პოლიტიკური შანტაჟის საკითხი... ამ მიმართებაში ბატონ სუბარს ჩემი სრული პოლიტიკური მხარდაჭერა აქვს“-ო.

29დეკემბერი აზერბაიჯანულმა, ქართულმა და თურქულმა მხარეებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც სარკინიგზო გზის მშენებლობას ითვალისწინებს. ეს გზა ახალქალაქს თურქეთის ქალაქ ყარსს დაუკავშირებს.

2006

22იანვარი ჩრდილოეთ ოსეთში ორი გაზსადენის აფეთქების შედეგად საქართველოს რუსეთიდან გაზის მიწოდება შეუწყდა. პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოს მიმართ რუსეთმა "საბოტაჟის აქტი" განახორციელა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ თბილისის რეაქციას „ისტერიული“ უწოდა.  ენერგოკრიზისი კიდევ უფრო გამწვავდა იმის გამო, რომ დასავლეთ საქართველოში მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანდა. ავარიის შედეგად ქვეყნის აღმოსავლეთი ნაწილი, თბილისის ჩათვლით, რამდენიმე დღით ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ამ შემთხვევის შემდეგ საქართველოს ხელისუფლებამ ენერგეტიკული დამოუკიდებლობის და ენერგოწყაროების დივერსიფიკაციის მიზნით დაიწყო გაზის შესყიდვა ირანიდან, პარალელურად სრული მასშტაბით ამოქმედდა ალტერნატიული მილსადენი, რომლითაც შაჰდენიზის გაზის გატარება მოხდა. ასევე, გატარდა შიდა რეფორმები, მოხდა ენერგოდისტრიბუციის პრივატიზება, დაიწყო დენის და გაზის საფასურის ეფექტური ამოღება.

30იანვარი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ კოსოვოს სტატუსი უნდა მიესადაგებოდეს პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებული კონფლიქტების მოგვარებას.

6თებერვალი მიხეილ სააკაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას ახალი ინიციატივის შესახებ ისაუბრა. მისი გადაწყვეტილებით, აიკრძალება პირობითი სასჯელი წვრილმანი დანაშაულისთვისაც. "მე ვაცხადებ ნულოვან ტოლერანტულობას წვრილმანი დანაშაულისთვისაც კი... ქურდები, მძარცველები, ყველა მათგანი ციხეში უნდა წავიდეს”, – განაცხადა სააკაშვილმა. რესპუბლიკური პარტიის წევრის, თინა ხიდაშელს თქმით, ასეთი რადიკალური მიდგომის გამო, რამდენიმე თვის განმავლობაში პოლიციის ოპერაციების დროს 19 ადამიანი დაიღუპა. საპასუხოდ, პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა პოლიციის ეს ტაქტიკა პოლიციელთა სიცოცხლის დაცვის აუცილებლობით ახსნა. "ცეცხლის გახსნა დაჭრის მიზნით – ამგვარი ბრძანება არ არსებობს, ცეცხლის გახსნა თავდაცვის მიზნით – ასეთი ბრძანება არსებობს. ვინ დაიჭრება ან ვინ მოკვდება შეტაკების დროს, ბედზეა დამოკიდებული“, – განაცხადა მერაბიშვილმა.

14თებერვალი პარლამენტისადმი თავის ყოველწლიურ საანგარიშო მოხსენებაში პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს აქვს შანსი, 2008 წლისთვის ნატოში გაწევრიანდეს.

28თებერვალი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართა. პარლამენტის მიერ 2005 წელს მიღებული კანონის მიხედვით, 2006 წლის 1 მარტიდან 500-ლარიანი ჯარიმა ეკისრება ყველა მოვაჭრეს, რომელიც სალარო აპარატით არ ისარგებლებს. აქციის ორგანიზატორი "ლეიბორისტული პარტია" და თბილისის ბაზრობების თანამშრომლები სალარო აპარატების შემოღებას აპროტესტებდნენ. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ოპოზიციონერი პოლიტიკოსები გააკრიტიკა მოვაჭრეების პროტესტის საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენების გამო და მათ "ბაზრის პოლიტიკოსები" უწოდა. ხელისუფლება სალარო აპარატების შემოღების გადაწყვეტილებას, აქციების მიუხედავად, არ ცვლის, თუმცა, 2008 წლის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე აუქმებს გარე მოვაჭრეებისთვის აპარატებით სარგებლობის ვალდებულებას 2010 წლამდე.

3მარტი ოთხმა წამყვანმა ოპოზიციურმა პარტიამ – "ახალმა მემარჯვენეებმა", "ლეიბორისტულმა პარტიამ", "კონსერვატორებმა" და "რესპუბლიკელებმა" – განაცხადეს, რომ ერთობლივი ძალისხმევით შეეცდებიან დაუპირისპირდნენ მთავრობის პოლიტიკას სხვადასხვა სფეროში.

6მარტი შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ოთხი თანამშრომელი სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამო დააპატიმრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებს, რომლებიც სავარაუდოდ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმესთან არიან კავშირში, გამოძიების დასრულებამდე უფლებამოსილება შეუჩერდათ. ოპოზიცია უკმაყოფილოა მხოლოდ შემსრულებლების დაკავებით და მოითხოვს შემკვეთების დასჯას და ვანო მერაბიშვილის გადადგომას.


27მარტი თბილისის №5 საპყრობილეში გამთენიისას პატიმრების ამბოხი დაიწყო. პატიმართა ჯგუფი ციხეში მასობრივი არეულობის მოწყობას და შემდეგ გაქცევას გეგმავდა. სამართალდამცავების მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ბუნტის ჩახშობა მოხერხდა, თუმცა შვიდი პატიმარი გარდაიცვალა. ბუნტის გამოძიების დროს ჩნდება ბადრი პატარკაციშვილის სახელი, რომელიც ბუნტის სავარაუდო  შემკვეთად სახელდება. ამ ბრალდებას უარყოფს პატარკაციშვილის კუთვნილი ტელეარხი `იმედი~ და საპასუხოდ, ფარულ ჩანაწერს ავრცელებს, სადაც პატიმრების საუბრიდან ჩანს, თითქოს ბუნტი სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დათა ახალაიამ თავად დაგეგმა ფაქტის პატარკაციშვილის წინააღმდეგ გამოსაყენებლად.
27 მარტს - რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშჩენკომ რეკომენდაცია მისცა ქვეყნის საბაჟო სამსახურს საქართველოდან და მოლდოვადან ღვინის იმპორტის აკრძალვის თაობაზე. ორ თვეში იგივე სამსახური საქართველოდან მინერალური წყლის იმპორტის შეჩერების რეკომენდაციასაც გასცემს. მოგვიანებით, პრეზიდენტი სააკაშვილი ქართველ ბიზნესმენებს ავალებს, რომ მინიმუმ 10 ტონა ღვინო შეიძინონ. პრეზიდენტის თქმით, ის ბიზნესმენების მიმართ "მსუბუქ რეკეტს~ ატარებს.

29მარტი ბიზნესმენთა ფედერაციის პრეზიდენტმა ბადრი პატარკაციშვილმა ხელისუფლება ბიზნესსა და თავისუფალ მედიაზე ზეწოლაში დაადანაშაულა. "ჩემი პოზიცია ხელისუფლების მიერ შეფასებული იქნა, როგორც შანტაჟი. ავრცელებენ მითს იმის შესახებ, რომ მე ვაწარმოებ მათზე ზეწოლას ტელევიზიის საშუალებით, იმიტომ რომ არ მაძლევენ საშუალებას ვიყიდო ყველა და ყველაფერი. მე მინდა, რომ ხმამაღლა განვაცხადო, მე არ ვარ ფულის კეთების სენით შეპყრობილი ადამიანი“, – განაცხადა პატარკაციშვილმა. ხელისუფლების თქმით, პატარკაციშვილის გამოსვლა იყო საქართველოზე `ოლიგარქების, მოსკოვის და ქურდების მიერ“ თავდასხმა.

31მარტი ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტის სხდომების ბოიკოტს იწყებენ. ბოიკოტის მიზეზი, მათი თქმით, პარლამენტის მიერ დეპუტატ ვალერი გელაშვილისთვის შეუთავსებელი სამეწარმეო საქმიანობის მოტივით უფლებამოსილების შეწყვეტაა.

30აპრილი სენაკში ნატოს სტანდარტების შესაბამისი სამხედრო ბაზა გაიხსნა.

2მაისი "დინამოს" კორტებთან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებულ სპეცოპერაციას ორი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა. სამართალდამცავების განცხადებით, მათ ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია, რომ ჯგუფი ყაჩაღურ თავდასხმას გეგმავდა. სისხლის სამართლის საქმე, რომელიც თბილისის პროკურატურამ აღძრა სპეცოპერაციაში მონაწილე პოლიციელთა მიმართ, ინციდენტიდან ერთ წელიწადში შეწყდა. ოფიციალურ მიზეზად დანაშაულის ნიშნების არარსებობა დასახელდა და გარდაცვლილ ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახს მოეხსნა დაზარალებულის სტატუსი.

15მაისი თბილისში თვითგამოცხადებული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა ჩამოდის. აფხაზურ მხარესთან შეთანხმებას, შამბას თბილისში ჩამოსვლის თაობაზე, პრეზიდენტის მრჩეველმა ირაკლი ალასანიამ მიაღწია. ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ისტორიაში პირველად, დე-ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა მედიის თანხლებით თბილისის ქუჩებში გაისეირნა და სუვენირები იყიდა. საქართველოს პრეზიდენტი ამ დღეს ჟურნალისტებთან ერთად სენაკში ახლად აშენებულ სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა, სადაც განაცხადა აღმოსავლეთ საქართველოში ახალი ბაზის აშენების შესახებ: "ის უნდა აშენდეს ტრასის მახლობლად, იმისათვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა დაინახონ ის და იამაყონ, ხოლო ჩვენს მტრებს არ გაუჩნდეთ სურვილი იქ გავლის“.

19მაისი საქართველოს სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, რომ ვითარება პენიტენციალურ სისტემაში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით "კატასტროფულია“. ამ განცხადების გამო, ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა კოტე კემულარიამ მას "ბრიყვი" უწოდა.

13ივნისი  რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტები, ვლადიმერ პუტინი და მიხეილ სააკაშვილი სანკტ-პეტერბურგში შეხვდნენ. მოლოდინის მიუხედავად, შეხვედრაზე მნიშვნელოვანი შეთანხმებები არც ეკონომიკური თანამშრომლობის, არც კონფლიქტების დარეგულირების თემაზე არ მომხდარა.

5ივლისი საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა შიდა ქართლში, ქალაქ გორის მიმდებარე ტერიტორიაზე საფუძველი ჩაუყარა ახალი სამხედრო ბაზის მშენებლობას, რომლისთვისაც 30 მილიონ ლარზე მეტია გათვალისწინებული.

6ივლისი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი ჩემიამ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე განაჩენი ნახევრად ცარიელ დარბაზში გამოაცხადა და მთავარ ბრალდებულს,  კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილ თანამშრომელს გია ალანიას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, დანარჩენ სამ ბრალდებულს  – ავთანდილ აფციაურს, ალექსანდრე ღაჭავას და მიხეილ ბიბილურიძეს 7-7 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

22ივლისი ემზარ კვიციანმა, რომელიც კოდორის ხეობის გასამხედროებულ ჯგუფს "მონადირეს“ ხელმძღვანელობს, განაცხადა, რომ იგი საქართველოს ხელისუფლებას დაუმორჩილებლობას უცხადებს და წინ აღუდგება ხელისუფლების მხრიდან მისი ჯგუფის განიარაღების მცდელობას. საქართველოს მთავრობამ კოდორის ხეობაში ემზარ კვიციანის და მისი გასამხედროებული ჯგუფის "მონადირის" წინააღმდეგ სპეცოპერაცია ჩაატარა. ასევე, კვიციანისთვის ინტელექტუალური მხარდაჭერის ბრალდებით დააკავა ყოფილი უშიშროების მინისტრი ირაკლი ბათიაშვილი. ოპერაცია აფხაზური და რუსული მხარეების პროტესტს იწვევს. ემზარ კვიციანი სოხუმს შეაფარებს თავს, პრეზიდენტი სააკაშვილი კი აცხადებს, რომ იგი ზემო აფხაზეთში, იგივე კოდორის ხეობაში გეგმავს აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის განთავსებას.

6სექტემბერი ქართველმა სამართალდამცავებმა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით იგორ გიორგაძის პარტია "სამართლიანობის"  29 აქტივისტი დააპატიმრეს. 12 მათგანს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ერთმა აქტივისტმა დანაშაული აღიარა და გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს. 

27სექტემბერი კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა თბილისსა და ბათუმში დააკავა  საქართველოში მოქმედი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) 4 ოფიცერი და მათი მოკავშირე 11 საქართველოს მოქალაქე. ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების დაჯგუფების შტაბის შენობა თბილისში საქართველოს საპატრულო პოლიციამ ალყაში მოაქცია და რუსი ოფიცრები ტელეკამერების თანდასწრებით დააკავა. პრეზიდენტმა პუტინმა საქართველოს მიერ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილების დაკავებას უწოდა "სახელმწიფო ტერორიზმი მძევლების აყვანით". 3 ოქტომბერს რუსეთი საქართველოსთან საავიაციო, საავტომობილო, საზღვაო და სარკინიგზო მიმოსვლას წყვეტს.
სულ, რუსეთთან ურთიერთობების დაძაბვის შემდეგ, 1 300 ქართველი მოყვა დეპორტაციაში. საქართველოს ორი მოქალაქე დეპორტაციის მოლოდინში გარდაიცვალა. საქართველომ ანტიქართულ კამპანიას „შოვინისტური ისტერია“ უწოდა. დეპორტირებულთა სახელით 2007 წლის მარტში საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, სადაც მოითხოვს რუსეთის მხრიდან დეპორტირებულთა მატერიალური და მორალური ზარალის ანაზღაურებას. 

13ოქტომბერი გაეროს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია აფხაზეთში არსებული ვითარების შესახებ, რომელშიც მოუწოდებს ქართულ მხარეს თავი შეიკავოს "პროვოკაციული ქმედებებისგან, განსაკუთრებით ზემო კოდორის ხეობაში"და აღნიშნავს რუსი სამშვიდობო ძალების მნიშვნელოვან "მასტაბილიზებელ როლს" აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში.

10ნოემბერი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ეკონომიკის მინისტრი ხდება, თავდაცვის მინისტრის თანამდებობას კი ფინანსური პოლიციის უფროსი დავით კეზერაშვილი იკავებს. 17 ნოემბერს ოქრუაშვილი თანამდებობას ტოვებს, როგორც თავად ამბობს, საზღვარგარეთ სწავლის გრძელების გამო.  ამავე დღეს მისი მეგობარი, "რუსთავი 2"-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი ქიბარ ხალვაში ხელს აწერს აქციების 78%-ის გაყიდვის დოკუმენტს.

12ნოემბერი სამხრეთ ოსეთში ერთმანეთის პარალელურად ორი არჩევნები ჩატარდა. ედუარდ კოკოითი ხელახლა აირჩიეს თვითგამოცხადებული რეგიონის ლიდერად, საქართველოს ხელისუფლების მიერ შექმნილი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის მეთაური კი დიმიტრი სანაკოევი გახდა. სანაკოევის ინაუგურაციის ცერემონია 1 დეკემბერს სოფელ ქურთაში გაიმართა.

6დეკემბერი რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ ორი განცხადება მიიღო, რომლებშიც რუსეთის პრეზიდენტს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის თვითგამოცხადებული რეგიონების აღიარებისკენ მოუწოდებს.
18დეკემბერი ოპოზიციური პარტიები ფინანსურ პოლიციას და გენერალურ პროკურატურას კერძო საკუთრების ხელყოფაში ადანაშაულებენ. მათი განცხადებით, რიყეზე მდებარე რესტორნები მათ მფლობელებს მუქარის ძალით დაათმობინეს, ასევე ძალდატანებით აჩუქა სახელმწიფოს მიწა რამდენიმე ადამიანმა შიდა ქართლის რეგიონში. ხელისუფლების განცხადებით, სახელმწიფო იბრუნებს იმ ქონებას, რომელიც აქამდე პრივატიზების პროცედურების დარღვევით გასხვისდა. საკუთრების ხელყოფა საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილების მიზეზი არაერთხელ გახდა, მათ შორის, როცა 2007 წელს თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე კორპუსის დემონტაჟი ხელისუფლებამ მანამ დაიწყო, სანამ გამოსახლებაზე იქ მცხოვრებლების თანხმობას მიიღებდა.

20დეკემბერი სამართალდამცავმა სტრუქტურებმა კანონიერ ქურდებთან კავშირის ბრალდებით 18 ეჭვმიტანილი დააკავეს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრ ვანო მერაბიშვილის თქმით, ამით საქართველოს "კრიმინალურმა სამყარომ“ უდიდესი დარტყმა განიცადა. "ეს დაპატიმრებული პირები ე.წ. ობშიაკის შეგროვებით იყვნენ დაკავებულნი... და ეს ობშიაკიც ამოვიღეთ“, – განაცხადა ვანო მერაბიშვილმა. თუმცა, არ დააკონკრეტა ამოღებული ე.წ. "ობშიაკის“ რაოდენობა.

27დეკემბერი პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ერთდროულად  2008 წლის ოქტომბერში ჩატარებას ითვალისწინებს. ნაციონალური მოძრაობის წევრების თქმით, თარიღის გაზაფხულიდან შემოდგომაზე გადატანის მიზეზი რუსეთში დაგეგმილი არჩევნებია. მათი განმარტებით, "სერიოზული რისკი" არსებობს, რომ რუსეთმა საქართველოს არჩევნებით მანიპულირება მოახდინოს ან "სერიოზული პროვოკაციები" დაგეგმოს საქართველოში, საკუთარი საპრეზიდენტო არჩევნების წინ. ოპოზიცია საკონსტიტუციო ცვლილებების წინააღმდეგია. საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ერთდროულად ჩატარების ინიციატივა პრეზიდენტს ეკუთვნის.
საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობით, 2006 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა 2005 წელს არსებული 450 მილიონი აშშ დოლარიდან 1.14 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა.

2007

იანვარი საქართველოს მთავრობა აქვეყნებს პროგრამას, რომლის თანახმადაც, მომდევნო სამი წლის განმავლობაში ქვეყანაში 100 ახალი საავადმყოფო და ამბულატორია უნდა აშენდეს. მშენებლობისთვის 520 მილიონი ლარის ინვესტირება იგეგმება.

22იანვარი იხსნება საპატრიარქოს ტელევიზია. "ეს არ იქნება პოლიტიკური ტელეარხი. ეს იქნება სუფთა ეროვნული, ზნეობრივი, აღმზრდელობითი არხი. აქ იქნება ყურადღება მიქცეული სულიერ და ეროვნულ ფასეულობებზე, რაც აუცილებელია ჩვენი ქვეყნისათვის და ჩვენი მომავლისთვის“, – განაცხადა კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ სიხშირის გადაცემის შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ.  ტელევიზიის წლიური ბიუჯეტი 200,000 ლარია.

3თებერვალი ჟვანიას გარდაცვალების ორი წლის თავზე მისი ოჯახი გამოძიებას უნდობლობას უცხადებს. "ჩვენი მთავარი მოთხოვნა, რომ ჩამოეყვანათ უცხოელი ექსპერტები და ისინი ჩართულიყვნენ გამოძიებაში, დღემდე არ შესრულებულა. ამის შესახებ იყო დაპირება პრეზიდენტის მხრიდან, მაგრამ დაპირება, დაპირებად რჩება", – აცხადებს ზურაბ ჟვანიას ძმა გოგლა ჟვანია. პრეზიდენტმა სააკაშვილმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა ჟვანიას ხსოვნას მის საფლავზე მისვლით მიაგეს პატივი.

14თებერვალი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ  აფხაზეთში 11 თებერვალს ჩატარებული ადგილობრივი არჩევნები შეესაბამებოდა "საერთაშორისო საარჩევნო და დემოკრატიულ სტანდარტებს".  საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ამ განცხადებას "ამორალურს" უწოდებს.


16თებერვალი პარლამენტმა ჩააგდო ლუსტრაციის შესახებ კანონპროექტი. უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ `ამ საკითხზე თვითონ უმრავლესობის შიგნით დისკუსია დამთავრებული არ არის. მე მგონია, რომ ეს კანონპროექტი ჩავარდება, თუმცა იმედი მაქვს, რომ ამ მოწვევის პარლამენტი მიიღებს კანონს საბჭოთა წარსულის შეფასების თაობაზე", – აღნიშნა მან. მოგვიანებით, არასამთავრობო ორგანიზაციამ "თავისუფლების ინსტიტუტმა" ლუსტრაციის საკითხთან დაკავშირებით საკუთარი ხედვა გამოაქვეყნა. პროექტის თანახმად, დღევანდელ სახელმწიფო პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, დეპუტატებს ან კანდიდატებს, პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებს, რომელთაც ჰქონდათ პირადი, სატელეფონო ან საფოსტო კომუნიკაცია იმ სახელმწიფოს მოქალაქეებთან, რომელთა: "შეიარაღებული ძალები იმყოფებიან საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს ნების საწინააღმდეგოდ და მიზანია კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, ეროვნული, კუთხური, ან რელიგიური შუღლის გაღვივებას", მოუწევთ საქმიანობის ან კომუნიკაციის "სახის, შინაარსის და ვადების" დეკლარირება. წინააღმდეგ შემთხვევაში დაეკისრებათ საჯარო არჩევითი და დანიშვნითი თანამდებობის დაკავების 15-წლიანი აკრძალვის სანქცია. ლუსტრაციის კანონი პარლამენტს დღემდე არ მიუღია.

23თებერვალი სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტს ისტორიულ ფიგურას უწოდებს. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, პუტინმა "ისტორიული მნიშვნელობის როლი შეასრულა თანამედროვე რუსეთისთვის". სააკაშვილმა განაცხადა, რომ ორმხრივ ურთიერთობებში გარკვეული "პოზიტიური ნიშნები" შეიმჩნევა და ახლა საქართველო სოჭში ოლიმპიადის ჩატარებას უჭერს მხარს.

11მარტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაიბომბა ზემო აფხაზეთის (კოდორის) ტერიტორია. პრეზიდენტი სააკაშვილი აცხადებს, რომ ეს იყო პროვოკაცია, რომელიც მიზნად ისახავდა  საქართველოს მშვიდობიანი განვითარების კურსიდან გადახვევას. რუსეთის საგარეო უწყებამ უარყო ინფორმაცია, რომ "დაბომბვა რუსულმა ვერტმფრენმა განახორციელა, თუმცა განაცხადა, რომ ზემო კოდორის ხეობაში 11 მარტს მომხდარი ინციდენტი ლოგიკური შედეგია საქართველოს გადაწყვეტილებისა ხეობაში "აფხაზეთის ე.წ. ლეგიტიმური მთავრობის" განთავსებისა და ქართული ძალების შეყვანის შემდეგ".

15მარტი პარლამენტში დაგეგმილი გამოსვლის წინ მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის დეპუტატებისადმი მიმართვის შემდეგ არ უპასუხებს მათ შეკითხვებს. ოპოზიციამ პროცედურაში შეტანილი ცვლილება იმით ახსნა, რომ  პრეზიდენტი "გაურბის მათთან საჯარო დიალოგს". პასუხად, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი "ტელევიზიით აუცილებლად მოისმენს ოპოზიციის კრიტიკულ შენიშვნებს". ოპოზიცია მოითხოვს, რომ პრეზიდენტმა ისაუბროს პრივატიზაციის პროცესზე, თბილისის აეროპორტის თემაზე, საკუთრების უფლებების დარღვევის ფაქტებზე, სასამართლო სისტემაზე და სანდრო გირგვლიანის და ამირან რობაქიძის  საქმეების გამო მაღალჩინოსნების დაუსჯელობაზე. სააკაშვილმა მოხსენებაში  სასამართლო რეფორმის "მეორე ტალღის" დაწყებაზე ისაუბრა, რაც ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტის შემოღებას გულისხმობს.
 
19მარტი თბილისის სააპელაციო სასამართლომ არასრულწლოვან პატიმარს გიორგი ზერეკიძეს განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მომდევნო დღეებში დაიწყო მოსწავლეთა გაფიცვა თბილისის რამდენიმე სკოლაში. ზერეკიძისთვის სასჯელის შემსუბუქების მოთხოვნით აქცია "ახალი მემარჯვენეების" ორგანიზებით გაიმართა. 20 მარტს, "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა გვარამიამ მედიის მიერ ამ თემის გაშუქება  გააკრიტიკა: "ტელეკომპანიების უმეტესობამ არასრულწლოვანი გიორგი ზერეკიძის სასამართლო პროცესი და მის შემდეგ განვითრებული მოვლენები მიკერძოებულად გააშუქა", განაცხადა გვარამიამ. მოგვიანებით, განცხადება გააკეთა გიგა ბოკერიამაც. მან ზერეკიძის საქმის კამპანიას "უპასუხისმგებლო" უწოდა და განაცხადა, რომ ხელისუფლება გეგმავს კიდევ უფრო გაამკაცროს არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის ზომები. გაეროს ბავშვთა ფონდმა UNICEF-მა გაავრცელა განცხადება, სადაც შეშფოთება გამოხატა 14 წლის მოზარდისთვის 7- წლიანი პატიმრობის მისჯის გამო.

1აპრილი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ნეშტი მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს. პრეზიდენტ სააკაშვილის თქმით, მან განახორციელა ის, "რისი გადაწყვეტილებაც ჯერ კიდევ 2004 წელს იქნა მიღებული, რომ საქართველოს პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას დაკრძალვა მომხდარიყო მის სამშობლოში, საქართველოში".

18მაისი აჭარაში, ხელვაჩაურის რაიონის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ეკლესიის მშენებარე შენობა დაანგრიეს. მშენებლობა უკანონო იყო. ამ ფაქტს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი გამოეხმაურა: "ეს სამწუხარო ფაქტი... არ უნდა მომხდარიყო", განაცხადა ილია მეორემ. ოპოზიციური პარტიები ხელისუფლებას მართლმადიდებლური ტაძრის "ვანდალური" განადგურების გამო აკრიტიკებენ. საპატრიარქოსა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ გადაწყდა, რომ ეკლესია მაინც აშენდება.

26მაისი დამოუკიდებლობის დღეს სამხედრო აღლუმზე მიხეილ სააკაშვილი აცხადებს: "მე მინდა მივესალმო ჩვენ მოსახლეობას ცხინვალში, ზნაურში, ჯავაში, ახალგორში, დიდი და პატარა ლიახვის ხეობებში  და მინდა ვუთხრა მათ, ...  ჩვენ თქვენ გვიყვარხართ".

22ივნისი პარლამენტმა მიიღო კანონპროექტი "ქონების ლეგალიზაციის შესახებ", რომელიც 2007 წლის 1 აპრილამდე შეძენილი კერძო საკუთრებისათვის სახელმწიფოს მხრიდან  ხელშეუხებლობის დამატებით გარანტიებს ითვალისწინებს. ქონების ლეგალიზაცია მხოლოდ იმ ქონებას არ შეეხება, რომლის შეძენის საფუძვლის შესახებ სასამართლო დავა მიმდინარეობს. ოპოზიცია კანონპროექტს აკრიტიკებს, რადგან ის არ ითვალისწინებს ხელისუფლების მიერ უკანონოდ ჩამორთმეული ქონების დაბრუნებას. ამ კანონპროექტის მიღებიდან ერთ თვეში თბილისის მერიამ დაიწყო თაბუკაშვილის ქუჩაზე საცხოვრებელი სახლის ნგრევა, ისე, რომ სახლის მაცხოვრებლებთან გამოსახლების შესახებ შეთანხმება არ იყო მიღწეული. მერიის განმარტებით, სახლის მშენებლობაზე ნებართვა უკანონოდ იყო გაცემული. სახლის ნგრევა, სახალხო დამცველის შეფასებით, "ბარბაროსული" მეთოდებით მოხდა.

27ივნისი ახალქალაქის სამხედრო ბაზა ოფიციალურად საქართველოს საკუთრება ხდება. რუსმა სამხედროებმა ბაზა დაცალეს და 2006 წლის სოჭის ხელშეკრულების თანახმად, დატოვეს ახალქალაქი. ამავე წელს, ნოემბერში, საქართველოს გადმოეცა ბათუმის სამხედრო ბაზაც, რომელიც რუსმა სამხედროებმა ვადაზე 1 წლით ადრე დაცალეს. ამით დასრულდა საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე რუსული ბაზების არსებობა, რომელიც აქ საბჭოთა ოკუპაციის დროს განთავსდა.

3ივლისი სასამართლო დარბაზებში ვიდეოგადაღება იკრძალება. კანონპროექტის განმარტებით დოკუმენტში ნათქვამია, რომ სასამართლო სხდომაზე ტელეკამერები "ხელს უწყობს პროცესის ანგაჟირებას და მხარეთა მიერ შეგნებული პროვოკაციების მოწყობას". სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა გააკრიტიკა ეს ინიციატივა, იმ მოტივით, რომ აკრძალვის დაწესება არასწორია იმ ქვეყნისთვის, სადაც სასამართლო სისტემა გარდამავალ პერიოდში იმყოფება და ამ სისტემას არ აქვს საზოგადოების ნდობა.

7ივლისი ჩატარდა 1500 საჯარო სკოლის დირექტორების პირველი არჩევნები. სკოლის მმართველობის ფორმის შეცვლა განათლების რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია.

25ივლისი მთავრობის სხდომაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა ახალი პროგრამა წარადგინა – სახელმწიფო საწარმოების გახსნის გარანტიის სანაცვლოდ მიწებს გადასცემს ინვესტორებს, რის შედეგადაც ქვეყანაში 100 ახალი აგროსაწარმო უნდა გაიხსნას. ხელისუფლება მოსახლეობას ჰპირდება, რომ პროგრამის ამოქმედების შედეგად 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება.

6აგვისტო სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა დაიწყო კამპანია რეგიონის დე-ფაქტო ლიდერის, ედუარდ კოკოითის წინააღმდეგ. კამპანია "კოკოითი ფანდარასტ"-ის პრეზენტაცია (კოკოითი, მშვიდობით) ყველა ნაციონალური  ტელეარხის პირდაპირი ეთერით გადაიცა. სანაკოევის ადმინისტრაცია საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან ფინანსდება.

7აგვისტო შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით,  რუსულმა მოიერიშე თვითმფრინავმა შიდა ქართლის რეგიონში სოფელ წითელიუბანთან მართვადი "ჰაერი-მიწის" ტიპის რაკეტა ჩამოაგდო, რომელიც არ აფეთქდა. რუსეთი უარყოფს თავდასხმას და რაკეტის ჩამოგდებაში საქართველოს ადანაშაულებს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქართულმა მხარემ ეს პროვოკაცია შერეული საკონტროლო კომისიის სხდომის ჩაშლისთვის მოაწყო.  ოპოზიციის ნაწილმა ინციდენტის მოწყობაში საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულა.  მოგვიანებით, შვედეთიდან, ლატვიიდან, ლიტვადან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან წარგზავნილი სამხედრო ექსპერტებისგან შემდგარმა ჯგუფმა დაადასტურა, რომ 6 აგვისტოს ღამეს საქართველოს ტერიტორიაზე  რუსული თვითმფრინავები შემოიჭრა.

8აგვისტო სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი ედუარდ კოკოითი ქართველ ჟურნალისტებს იწვევს და აცხადებს, რომ მას მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრა სურს. "ქართველი ერის პატივისცემით კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო ჩემი მიზნის შესახებ – შევხვდე უმაღლეს დონეზე საქართველოს პრეზიდენტს იმისათვის, რომ მოგვცეს გარანტია, როგორც ოს ისე ქართველ ერს, რომ საომარი მოქმედებები ჩვენს შორის აღარასოდეს განახლდება. ეს აუცილებელია", განაცხადა კოკოითიმ. მისი წინადადება უპასუხოდ დარჩა.

სექტემბერი საბიუჯეტო ცვლილებების შედეგად, ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის უდიდესი წილი თავდაცვის სამინისტროზე ნაწილდება. შედეგად, თავდაცვის დაფინანსება 1,271 მილიარდ ლარზე მეტი გახდა, რაც ქვეყნის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის 22%-ია.

25სექტემბერი ირაკლი ოქრუაშვილი საკუთარი პოლიტიკური მოძრაობის პრეზენტაციაზე მიხეილ სააკაშვილს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებში და მკვლელობების, მათ შორის ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის შეკვეთაში ადანაშაულებს. ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა მტკიცებულებები ვერ წარმოადგინა. ორი დღის შემდეგ მას საკუთარი პარტიის ოფისში სპეცოპერაციის შედეგად აკავებენ. ყოფილ თავდაცვის მინისტრს ბრალად გამოძალვა, ფულის გათეთრება და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება.

8ოქტომბერი ოქრუაშვილი ბრალდებებს აღიარებს და პროკურატურას აღიარებით ვიდეოჩვენებას აძლევს. მას წინასწარი პატიმრობა 10 მილიონი ლარის ოდენობის გირაოთი შეეცვალა. ოქრუაშვილმა უარყო ყველა ის განცხადება, რომელიც 25 სექტემბრის შემდეგ გააკეთა: "მტკიცებულებები არ გამაჩნია და შესაბამისად განცხადება ემსახურებოდა პრეზიდენტ სააკაშვილის დისკრედიტაციას", – განაცხადა ოქრუაშვილმა. მისი თქმით, ის ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილთან შეთანხმებით მოქმედებდა. ერთ თვეში, გენერალური პროკურატურის განცხადებით, ირაკლი ოქრუაშვილი  საქართველოს დატოვებს და სამკურნალოდ საზღვარგარეთ მიემგზავრება. ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ ყოფილ თავდაცვის მინისტრს საქართველო ძალით დაატოვებინა, რადგან 2 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე დაგეგმილ საპროტესტო აქციაში არ მიეღო მონაწილეობა.

ოქტომბერი გაერთიანებული ოპოზიცია რეგიონებში მართავს აქციებს და 2 ნოებრისთვის ემზადება. ბადრი პატარკაციშვილი აცხადებს, რომ მზადაა დააფინანსოს ოპოზიცია, რათა მათ "ცივილიზებულად გამართონ აქციები". პატარკაციშვილმა ასევე განაცხადა, რომ ქვეყანაში არსებულმა "რთულმა სიტუაციამ" შესაძლოა აიძულოს ის, პოლიტიკაში წავიდეს.

5ოქტომბერი პრეზიდენტი სააკაშვილი აცხადებს, რომ ის "დღევანდელი დღიდან იწყებს ათვლას აფხაზეთში დასაბრუნებლად". მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მშვიდობიანი გზით სურს, მაგრამ "ჩვენი მოთმინება უსაზღვრო არ არის... ჩვენ დავბრუნდებით, საკითხი დგას მხოლოდ ასე – როდის? როდის და მალე – მტრის ჯინაზე და ჩვენს გასახარად!" – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ოქტომბერი ქართულ ღვინოზე რუსეთის მიერ გამოცხადებული ემბარგოს შედეგად რთველი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური დაპირისპირების ნაწილი გახდა. ოპოზიცია ხელისუფლებას ადანაშაულებს, რომ მან ვერ შეძლო შესაბამისი ზომების მიღება ემბარგოს შედეგად დაზარალებული მევენახეების დასახმარებლად.   ტელეკომპანია "იმედი" ამზადებს მასალას, სადაც ნაჩვენებია, თუ როგორ ჩეხავს კახელი გლეხი ვაზს იმის გამო, რომ ვერ შეძლო მოსავლის ხელსაყრელ ფასად ჩაბარება. ხელისუფლების წარმომადგენლები სიუჟეტს დადგმულს უწოდებენ და ამბობენ, რომ ეს "სპექტაკლი" პატარკაციშვილის მიერ დაფინანსებული პროპაგანდაა, რაც მოსახლეობაში "უიმედობის დათესვას" ისახავს მიზნად. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამ შემთხვევის გამო პატარკაციშვილს ქვეყნის მოღალატე უწოდა.


11ოქტომბერი ხელისუფლება პასუხობს არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციის ბრალდებას მედიაზე ზეწოლის შესახებ. "მე მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო და გარანტია მივცე ყველას, ჩემი და ხელისუფლების ნებისმიერი სხვა წარმომადგენლის სახელით, რომ ეს არის აბსურდი", – განაცხადა გიგა ბოკერიამ, – "არანაირი საფრთხე არც სიტყვის თავისუფლებას და არც პატარკაციშვილის ტელევიზიას არ ემუქრება".

30ოქტომბერი შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აფხაზეთთან, სოფელ განმუხურში რუსმა სამხედროებმა პატრიოტთა ბანაკი დაარბიეს და ქართველ პოლიციელებს სცემეს და დაატყვევეს. ქართულმა მხარემ საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა. დღის ბოლოს ტელევიზიებით გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, როგორ მიდის პრეზიდენტი სააკაშვილი ინციდენტის ადგილზე, უახლოვდება რუს სამხედროებს და ქართველი პოლიციელების გათავისუფლებას კატეგორიული ტონით თხოვს. "რა არის ეს? მე თქვენ გეკითხებით, რა არის ეს?" – მიმართა სააკაშვილმა რუს ოფიცერს და ერთ-ერთ ნაცემ ქართველ პოლიციელზე მიანიშნა. მოგვიანებით, რუსული მხარე ინციდენტის სხვა ვერსიას ავრცელებს. მათი თქმით, რუსმა სამშვიდობოებმა მართლაც დააკავეს ქართველი პოლიციელები და მზად იყვნენ მაშინვე გაეშვათ ისინი, თუმცა ქართული მხარე ამ პროცესს 2 საათის განმავლობაში აფერხებდა იმისათვის, რომ პოლიციელების "გათავისუფლება" პრეზიდენტ სააკაშვილის თანდასწრებით და მონაწილეობით მომხდარიყო.

2-6ნოემბერი საპარლამენტო არჩევნების გაზაფხულზე ჩატარების მოთხოვნით პარლამენტის წინ ოპოზიციის მიერ ორგანიზებული მრავალათასიანი აქცია იმართება. აქციის მონაწილეები ირაკლი ოქრუაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ. მომდევნო რამდენიმე დღეში ოპოზიციის ლიდერებისგან ისმის პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნაც. 2 ნოემბერს აქციაზე სიტყვით ბადრი პატარკაციშვილიც გამოდის. "არ არის იმაზე დიდი თანამდებობა, ვიდრე თანამდებობა, იყო რიგითი ჯარისკაცი შენი ქვეყნის მოსახლეობას შორის. მე არ მჭირდება არავითარი თანამდებობა ამ ქვეყანაში, გარდა ამისა", განაცხადა პატარკაციშვილმა. პრეზიდენტმა სააკაშვილმა 4 ნოემბრის ტელეინტერვიუში აქციებს "ვარდების რევოლუციის" იმიტაციის უნიჭო მცდელობა" უწოდა და არჩევნების თარიღის შეცვლაზე უარი განაცხადა.

7ნოემბერი  პატრულის თანამშრომლებმა დილის 8 საათზე პარლამენტის წინ რუსთაველის გამზირის გახსნა სცადეს. ოპოზიციის მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ გზის გახსნის მცდელობა დარბევაში გადაიზარდა. "დიახ, ჩვენ ხელი შევუშალეთ მათ, რომ თბილისი არ გადაქცეულიყო კარვების ქალაქად. 2 ნოემბრის შემდეგ არანაირი ლეგალური საფუძველი იმისა, რომ ტრანსპორტი რუსთაველის გამზირზე არ მოძრაობდეს, არ არსებობდა", – განაცხადა თბილისის მერმა გიგი უგულავამ. ოპოზიციის ლიდერებმა მხარდამჭერებს აქციაზე შეკრებისკენ მოუწოდეს, რის შემდეგაც საპატრულო პოლიციასთან ერთად რუსთაველის გამზირზე, შემდეგ უკვე რიყეზე და ავლაბარში აქციის მონაწილეებს სპეცდანიშნულების ნიღბიანი რაზმები არბევენ. გამოყენებული იყო წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი. დარბევის შედეგად მძიმედ დაშავდა რამდენიმე ათეული ადამიანი. საღამოს 9 საათისთვის პირდაპირი ეთერის დროს სპეცდანიშნულების რაზმები შეიჭრნენ ტელეკომპანია "იმედში", იარაღის მუქარით გამოყარეს თანამშრომლები შენობიდან და  გათიშეს მაუწყებლობა. მაუწყებლობა ასევე გაუთიშეს ტელეკომპანია "კავკასიას". მოგვიანებით, ტელეკომპანია "იმედის" ძალადობრივ გათიშვას ხელისუფლების წარმომადგენლები იმით ახსნიან, რომ ეთერიდან მთელი დღის განმავლობაში "ხელისუფლების დამხობის მოწოდებები ისმოდა". დღის ბოლოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი საგანგებო მდგომარეობას აცხადებს. 2 კვირით ჩერდება საინფორმაციო მაუწყებლობა ყველა სატელევიზიო ეთერში, გარდა საზოგადოებრივი არხისა. დროებით წყდება ოპოზიციის მანიფესტაციებიც. დარბევაში მონაწილე არც ერთი სპეცრაზმელის წინააღმდეგ საქმე არ აღძრულა.
ამავე დღეს, გენერალური პროკურატურა ფარული ვიდეო და აუდიო ჩანაწერების სერიას აქვეყნებს. ჩანაწერებზე დაყრდნობით პროკურატურამ ოპოზიციის რამდენიმე ლიდერი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში, კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი შეცვლისაკენ მოწოდებასა და უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა. მოგვიანებით, ფარული ჩანაწერები ქვეყნდება იმის დასასაბუთებლადაც, რომ ბადრი პატარკაციშვილი და მისი ტელეკომპანია "იმედი" სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში მონაწილეობდნენ. პრეზიდენტმა სააკაშვილმა ხალხისადმი საგანგებო მიმართვაში განაცხადა, რომ აქვს ინფორმაცია იმის დასადასტურებლად, რომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა რუსეთიდან იმართებოდა და ალტერნატიული მთავრობა უკვე ჩამოყალიბებული იყო.

8ნოემბერი ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 5 იანვარს დაინიშნა. "მოითხოვეთ ადრეული არჩევნები, მიიღეთ კიდევ უფრო ადრეული არჩევნები", – განაცხადა სააკაშვილმა საგანგებო მიმართვაში. ”მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, ვიღებ ამ გადაწყვეტილებას, რომ თქვენს სამსჯავროზე გამოვიტანო თქვენი ნდობა, ჩემი მანდატი და მივიღო თქვენგან სრულიად კონკრეტული მხარდაჭერა", – აღნიშნა მან. არჩევნების პარალელურად ჩატარდება პლებისციტი საპარლამენტო არჩევნების გაზაფხულზე გადმოტანის შესახებ.


10ნოემბერი  ბადრი პატარკაციშვილი ლონდონიდან აცხადებს, რომ  საპრეზიდენტო არჩევნებში აპირებს მონაწილეობას. ამ განცხადებამდე ორი დღით ადრე, გენერალურმა პროკურატურამ ის ხელისუფლების წინააღმდეგ შეთქმულებაში ეჭვმიტანილის სახით დასაკითხად დაიბარა. ერთიანი ოპოზიციის კანდიდატი ლევან გაჩეჩილაძეა, ასევე კენჭს იყრიან ლეიბორისტი შალვა ნათელაშვილი და დავით გამყრელიძე "ახალი მემარჯვენეებიდან".

12ნოემბერი სკოლის დირექტორებთან და პედაგოგებთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მასწავლებელთა ხელფასები 200 ლარამდე 1 იანვრის ნაცვლად 1 დეკემბრიდან გაიზრდება. ამავე დღეებში პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვედრები ჰქონდა სპორტსმენებთან, ბიზნესმენებთან, მასწავლებლებთან, ექიმებთან, მევენახეებთან, მეცნიერებთან და პენსიონერებთან. "მინდა ბოდიში მოგიხადოთ, თუ ვერ შევძელით თქვენთვის რაიმეს გაკეთება. მაგრამ გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებს ამ პრობლემების მოსაგვარებლად", – უთხრა სააკაშვილმა შეკრებილ პენსიონერებს. პრეზიდენტის ყველა ეს შეხვედრა პირდაპირ ეთერში გადაიცემა.

16ნოემბერი პრეზიდენტმა სააკაშვილმა პრემიერ-მინისტრად ლადო გურგენიძე წარადგინა. "მისი უზენაესობა ხალხის მესიჯი მიღებული და გაგებული იქნა. ეს მესიჯი მდგომარეობს, პირველ რიგში, იმაში, რომ უფრო დიდი აქცენტი გაკეთდეს სოციალურ პროგრამებზე და ეს უნდა გასდევდეს ფონად რეფორმებს. აქცენტი ასევე გაკეთდება დასაქმებაზე და ახალ სამუშაო ადგილებზე", – განაცხადა გურგენიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.


ნოემბერი-დეკემბერი წინასაარჩევნო კამპანია – კამპანიის ლოზუნგია "საქართველო სიღარიბის გარეშე". პრემიერ- მინისტრი ლადო გურგენიძე აქვეყნებს ე.წ. 50-დღიან პროგრამას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის გამარჯვების შემთხვევაში ამოქმედდება. ამ პროგრამის პრიორიტეტებია: 1. დასაქმება და ინვესტიციები; 2. სოფლის აღორძინება; 3. პენსიები, სოციალური დახმარება, განათლება (100 ახალი საავადმყოფო, იაფი სესხები 100 საუკეთესო ბიზნესპროექტს, საპენსიო რეფორმა, დევნილი მოსახლეობის შემწეობები, ა.შ.). მთავრობის განცხადებით, 2009 წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას გათვალისწინებული იქნება პენსიის 100$-ის ეკვივალენტამდე გაზრდა. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ 50-დღიანი პროგრამა 50-თვიანად გადაკეთდა და საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილად იქცა.

ასევე, ამ პერიოდში პარლამენტმა მიიღო დადგენილების პროექტი, რომელიც ავალებს ადმინისტრაციულ და საგამოძიებო ორგანოებს შეწყვიტონ სახელმწიფოსა და კერძო მესაკუთრეებს შორის არსებული ქონებრივი დავები, გარდა იმ საქმეებისა, სადაც სახელმწიფოს განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია. უმრავლესობის წევრების თქმით, კერძო საკუთრებაზე არსებული დავების დაახლოებით 95% შეწყდება და მოხდება მათი ლეგალიზაცია. პარლამენტმა ასევე მიიღო კანონპროექტი, რომელიც 1200-მდე პატიმარს და 1000-მდე წინასწარ გამოძიებაში მყოფ პირს ათავისუფლებს. გამოცხადდა დასაქმების პროგრამა, რომლისთვისაც ბიუჯეტიდან 60 მილიონი ლარი გამოიყო. პროგრამა ითვალისწინებს 100,000 უმუშევრისთვის 200-ლარიანი სტიპენდიის გაცემას და მათ პროფესიულ გადამზადებას.

4დეკემბერი  "ცხინვალის რეჟიმი არის მოყანყალებული, როგორც ამოსაღები კბილი და მე დარწმუნებული ვარ, რომ 5 იანვრის არჩევნების კარგად ჩატარების შემთხვევაში, ეს არის მართლა კვირების ან თვეების საკითხი. ამაში აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული. ამაზე ზუსტი ინფორმაცია მაქვს", – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა სააკაშვილმა სტუდენტებთან შეხვედრისას.

25დეკემბერი შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიოჩანაწერში ბადრი პატარკაციშვილი სპეცოპერატიული დეპარტამენტის უფროსს ირაკლი კოდუას ხელისუფლების დამხობის გეგმას აცნობს. მოგვიანებით, პატარკაციშვილმა განაცხადა, რომ ის მზად იყო კოდუასთვის გადაეხადა 100 მილიონი დოლარი მხოლოდ იმისთვის, რომ ხელისუფლების ცვლა უსისხლოდ მომხდარიყო. ამ განცხადების შემდეგ ტელეკომპანია "იმედმა" მაუწყებლობა შეაჩერა.

2008

1იანვარი პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი ზემო აფხაზეთში, სოფელ ჩხალთაში ჩადის და აფხაზებს მიმართავს:  "ჩემო ძმებო და დებო: ნურაფრის  გეშინიათ. თუ თქვენ არ გამოგიშვებენ აქეთ მხარეს, ჩვენ სულ მალე ჩამოგაკითხავთ თქვენს სახლებში".

5იანვარი ჩატარდა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები. ცესკოს მონაცემებით, მიხეილ სააკაშვილმა ხმების 53,4 პროცენტი, გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა ლევან გაჩეჩილაძემ კი 25,6 პროცენტი მოიპოვეს. ოპოზიციური პარტიები არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს და შედეგებს არ აღიარებს. საერთაშორისო დამკვირვებლების შეფასებით, ხმის მიცემის პროცესი აკმაყოფილებდა დემოკრატიული არჩევნების პრინციპებს, თუმცა დასკვნებში ასევე საუბარია საარჩევნო სისტემაში არსებულ სერიოზულ ხარვეზებზე.

9იანვარი მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ვალდებულია რუსეთთან ურთიერთობები აღადგინოს და დაიბრუნოს რუსული ბაზარი, სადაც ქართულ პროდუქციაზე ემბარგო 2006 წელს დაწესდა. "მზად ვართ დავიწყოთ რუსეთან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან", აცხადებს სააკაშვილი.

12იანვარი  ტელეკომპანია "იმედის" წამყვანი და პოლიტიკური პროგრამების ხელმძღვანელი გიორგი თარგამაძე პოლიტიკურ პარტიას ქმნის და საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის სურვილს გამოთქვამს.

16იანვარი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის პრეზიდენტს ინაუგურაციის ცერემონიალზე  იწვევს. ინაუგურაციას ვლადიმერ პუტინის ნაცვლად საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი ესწრება.

20იანვარი ინაუგურაციაზე ხალხისადმი მიმართვაში მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ უახლოესი 5 წლის განმავლობაში ახალი მთავრობის პრიორიტეტი ხალხის კეთილდღეობა იქნება. "მე მთელი ერის პრეზიდენტი ვარ", განაცხადა სააკაშვილმა. ცერემონიალის პარალელურად, ათასობით მოქალაქე იპოდრომზე შეიკრიბა. აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი სააკაშვილს პრეზიდენტად არ აღიარებენ. ოპოზიცია სააკაშვილს "მარნეულის პრეზიდენტს" ეძახის.

30იანვარი თავდაცვის ყოფილ მინისტრს ირაკლი ოქრუაშვლს საფრანგეთის სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შინა პატიმრობით შეუცვალა. მოგვიანებით, საფრანგეთი ოქრუაშვილს პოლიტიკურ თავშესაფარს აძლევს.

31იანვარი პარლამენტმა მთავრობის ხუთწლიანი პროგრამა დაამტკიცა. მთავარ პრიორიტეტებს შორისაა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზება და შიდა სოციალური პრობლემების მოგვარება. დოკუმენტის მიხედვით, ბიუჯეტის 1/3 ნაწილი მიმართული იქნება სოციალური პროგრამების დაფინანსებაზე.

13თებერვალი ბადრი პატარკაციშვილი ლონდონთან ახლოს, საკუთარ ვილაში გულის შეტევით გარდაიცვალა. 28 თებერვალს ის თბილისში, ყოფილი რიტუალების სასახლის ეზოში დაკრძალეს.

თებერვალი-მარტი გაერთიანებული ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე, პარლამენტის წინ, ათასობით ადამიანი შეიკრიბა. ცხრა ოპოზიციური პარტიის კოალიცია ხელისუფლებას სამ კონკრეტულ მოთხოვნას უყენებს: 1. პოლიტპატიმრების გათავისუფლება, 2. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გადაყენება და ცესკოს დაკომპლექტება პარიტეტის საფუძველზე და 3. საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელის თამარ კინწურაშვილის გადაყენება. ოპოზიციის მოთხოვნებს ხელისუფლება მხოლოდ ნაწილობრივ ასრულებს. ოპოზიციის წარმომადგენლები პარლამენტის წინ და პარლამენტის შენობაში, თავმჯდომარის მისაღებში შიმშილობას იწყებენ. პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ შიმშილობის აქციას "მოულოდნელი სიურპრიზი" უწოდა და ის ოპოზიციის მხარდამჭერების რაოდენობის კლებით ახსნა. პოლიტიკოსებმა შიმშილობის აქცია 25 მარტს, საქართველოს პატრიარქის მოწოდების შემდეგ შეწყვიტეს.

8მარტი პრეზიდენტი სააკაშვილი პედაგოგებთან საუბრისას მინისტრ ალექსანდრე ლომაიას დროს განათლების სფეროში გადადგმულ ნაბიჯებს აკრიტიკებს. სააკაშვილის თქმით, მასწავლებელთა ტესტირების პრაქტიკა გადამზადების პროგრამით შეიცვლება. ასევე, განახლდება პედაგოგებისთვის ე.წ. მეცამეტე ხელფასის გაცემა.

3აპრილი ბუქარესტის სამიტზე ნატო-მ უარი უთხრა საქართველოს წევრობის სამოქმედო გეგმის (მაპ-ის) მიღებაზე, თუმცა მისცა გარანტია, რომ ის აუცილებლად გახდება ნატო-ს წევრი.

16აპრილი რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა დაავალა რუსეთის მთავრობას და სახელმწიფო სტრუქტურებს ოფიციალური ურთიერთობები დაამყარონ თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის შესაბამის ორგანოებთან. რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ამ გადაწყვეტილების მთავარი მოტივი "აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის, მათ შორის, იქ მცხოვრები რუსეთის მოქალაქეების ინტერესებზე ზრუნვაა", საქართველოს პრეზიდენტმა რუსეთს მოსთხოვა ყველა იმ გადაწყვეტილების გადახედვა, რომელიც "არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ  მთლიანობას". საერთაშორისო ორგანიზაციებმა დაგმეს რუსეთის გადაწყვეტილება და მოსკოვს მისი შეცვლისკენ მოუწოდეს.

21აპრილი პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ, საარჩევნო სიების წარდგენის ვადის ამოწურვამდე ერთი სათით ადრე განაცხადა, რომ მიიღო გადაწყვეტილება – არ იყაროს კენჭი საპარლამენტო არჩევნებში. "ნაციონალური მოძრაობა" და ნინო ბურჯანაძე საარჩევნო სიაში ადგილების რაოდენობაზე ვერ შეთანხმდნენ. "ნამდვილად არ ვაპირებ ოპოზიციაში წასვლას", – განაცხადა ბურჯანაძემ.

29აპრილი  მიხეილ სააკაშვილი აფხაზ და ოს ხალხს ტელევიზიით მიმართავს და სიღარიბესთან ბრძოლაში გაერთიანებას სთავაზობს – "ჩვენ შეგვიძლია ერთად ვაშენოთ  ჩვენი კეთილდღეობა... დღეს ერთი დიდი, თავზეხელაღებული აგრესიული ძალა აძლევს თავს უფლებას თქვენს მაგივრად მიიღოს გადაწყვეტილებები. მას ფეხზეც კიდია რას ფიქრობთ თქვენ საკუთარ თავზე და თქვენს მომავალზე ... რამდენადაც ჩვენ ვლაპარაკობთ მშვიდობაზე, იმდენად ეს ძალა ლაპარაკობს ომზე", – განაცხადა სააკაშვილმა. პრეზიდენტი სამშვიდობო გეგმის შესახებ საუბრობს და თვითგამოცხადებულ რესპუბლიკებს ავტონომიის სტატუსს, ვიცე-პრეზიდენტის პოსტს და ეთნიკური და ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნების გარანტიებს სთავაზობს.

21მაისი ჩატარდა საპარლამენტო არჩევნები. ცესკო-ს მონაცემებით,  "ნაციონალურმა მოძრაობამ" 61.6, გაერთიანებულმა ოპოზიციამ 14.9, "ქრისტიან-დემოკრატიულმა მოძრაობამ" კი 7.9 პროცენტი მოიპოვა. ცხრა პარტიისგან შემდგარი ოპოზიციური ბლოკის უმრავლესობა უარს ამბობს პარლამენტის ახალ მანდატებზე, მათი განცხადებით, არჩევნები "უპრეცედენტო ტერორის" ქვეშ ჩატარდა.

26მაისი ოპოზიციის მხარდამჭერები სპორტის სასახლესთან შეიკრიბნენ. ოპოზიცია 21 მაისის არჩევნებს არალეგიტიმურად აცხადებს  და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს ითხოვს. აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირისკენ დაიძრნენ, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად გამართული აღლუმი იმართება. აქციის მონაწილეთა გამოჩენამდე აღლუმი  დასრულდა.

6ივნისი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და რუსეთის ახალი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ერთმანეთს სანკტ-პეტერბურგში ხვდებიან და ქვეყნებს შორის "დაგროვილი პრობლემების მოგვარების აუცილებლობაზე საუბრობენ". "დღევანდელი სიტუაცია ხელოვნურია  და ის ხელს არავის არ აძლევს". – განაცხადა შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილმა.
 "მოხარული ვარ თქვენთან შეხვედრის და ურთიერთობის შესაძლებლობით.  მე ვფიქრობ, რომ ჩვენ თავად შეგვწევს უნარი გადავწყვიტოთ ყველა ის საკითხი, რომელიც დღეს არსებობს, გადავლახოთ  სირთულეები, რომელიც გვაქვს და მოვაგვაროთ ისინი დიდი ხნით". – ამბობს პრეზიდენტი მედვედევი.

15ივნისი თვითგამოცხადებული რეგიონების _ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ლიდერებმა ედუარდ კოკოითმა და სერგეი ბაღაფშმა სოხუმში შეხვედრა გამართეს, სადაც საქართველოს მხრიდან "მზარდი სამხედრო საფრთხის" ფონზე კონფლიქტების მოგვარების საკითხებზე იმსჯელეს.

17ივნისი გაერთიანებულმა ოპოზიციამ განაცხადა, რომ საზაფხულო "ტაიმ-აუტს" იღებს და სექტემბრიდან აპირებს აქტიური პოლიტიკური ბრძოლის გაგრძელებას "სააკაშვილის რეჟიმის დასასრულებლად და საქართველოში დემოკრატიის დამკვიდრებისთვის".

1ივლისი აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ 1 ივლისს ჩაკეტა დე-ფაქტო საზღვარი საქართველოსთან. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ოთხი აფეთქება რეგიონში, რის შედეგადაც 12 ადამიანი დაშავდა.

3ივლისი დიმიტრი სანაკოევის პრეს-სამსახურის ცნობით, სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის უფროსის ავტომანქანა "ოსური ბანდ-ფორმირებების მიერ დამონტაჟებულ" ნაღმზე აფეთქდა, შემდეგ კი მის კორტეჟს ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც დაცვის სამი თანამშრომელი დაიჭრა. ინციდენტს სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო მთავრობამ ქართული მხარის მიერ დაგეგმილი უწოდა.

5ივლისი ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლება აცხადებს, რომ თბილისს "სისრულეში მოჰყავს გეგმა რეგიონის ძალისმიერი გზით დაბრუნების თაობაზე". განცხადებაში ნათქვამია, რომ თბილისის გეგმის მიხედვით, ნებისმიერი საბაბით უნდა მომხდარიყო ქართული ძალების ზრდა და სიმაღლეების დაკავება რეგიონში, რასაც მოწმობს ამ დღეებში "ქართული ძალოვანი სტრუქტურების მკვეთრი გაძლიერება სოფლებში – კოხათი, ერედვი, ფრისი, ავნევი, ერგნეთი, სვერი, კეხვი, ახალი პოსტი სოფელ სარაბუკთან".

8ივლისი საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ გასულ ღამეს სამხრეთ ოსურმა მილიციამ ოთხი ქართველი სამხედრო დააკავა. სამხედროები რამდენიმე საათში გაათავისუფლეს.

8ივლისი საქართველოს საჰაერო სივრცე ოთხმა რუსულმა თვითმფრინავმა დაარღვია. რუსეთმა პირველად აღიარა, რომ თვითმფრინავებმა მართლაც იფრინეს სამხრეთ ოსეთის არაღიარებული რესპუბლიკის თავზე. "8 ივლისს სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში სერიოზულად დაიძაბა ვითარება. მოვიდა ინფორმაცია, მათ შორის სამშვიდობო ძალებიდან, ქართული ფორმირებების მიერ პირდაპირი შეჭრის შესაძლებლობის თაობაზე, ვითომდა ოსი სამართალდამცავების მიერ დაკავებული ოთხი სამხედროს გათავისუფლების მიზნით". – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. ამ აღიარების საპასუხოდ, საქართველომ მოსკოვიდან ელჩი ეროსი კიწმარიშვილი გამოიწვია და საერთაშორისო საზოგადოებას დახმარება სთხოვა "დაძაბულობის გამწვავების თავიდან ასაცილებლად".

10ივლისი "რუსეთის ჩრდილოეთ-კავკასიური სამხედრო ოლქი მზად არის საჭიროების შემთხვევაში დახმარება აღმოუჩინოს რუს სამშვიდობოებს აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში", – განაცხადა რუსეთის სამხედრო მეთაურმა სერგეი მაკაროვმა.

15ივლისი პარლამენტის გადაწყვეტილებით, თავდაცვის სფეროს დაფინანსება 295 მილიონი ლარით გაიზრდება და 1.395 მილიარდი ლარი გახდება. დეპუტატებმა მმართველი პარტიიდან თავდაცვის დაფინანსების ზრდა გარე საფრთხეების არსებობით გაამართლეს, კერძოდ კი, "რუსეთის ქმედებით თვითგამოცხადებულ რეგიონებთან მიმართებაში".

15ივლისი  სახალხო დამცველი პარლამენტში 2007 წლის მოხსენებით წარდგა. მოხსენებაში დიდი ადგილი დაეთმო 7 ნოემბრის მოვლენებს და ტელეკომპანია "იმედის" დახურვას. სოზარ სუბარმა შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი დააყენა. პასუხად, უმრავლესობის წევრმა დეპუტატებმა მის ანგარიშს "პოლიტიკურად ანგაჟირებული" და "არაკომპეტენტური" უწოდეს.

17ივლისი რუსეთი საქართველოს მოუწოდებს დე-ფაქტო რესპუბლიკებთან ძალის არგამოყენების თაობაზე შეთანხმების დადებისკენ. მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ეს შეთანხმება "ხელოვნური თემაა",  "მთავარი პრობლემა დღეს არის არა ის, რომ ჩვენ საკუთარი მოქალაქეების მიმართ არ გამოვიყენოთ ძალა, ჩვენ არ გამოგვიყენებია და არც ვაპირებთ, რომ გამოვიყენოთ, მთავარი პრობლემა არის, რომ  მიდის საქართველოს ტერიტორიის ანექსიის ძალიან, ძალიან დაჩქარებული პროცესი", – განაცხადა სააკაშვილმა.

25ივლისი რუსმა სამშვიდობოებმა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში საფრენი აპარატების სამი არასანქცირებული ფრენა დააფიქსირეს, აცხადებს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი.

28ივლისი აფხაზეთის მთავრობის ცნობით, დე-ფაქტო რესპუბლიკაში 110,000 აფხაზური პასპორტი გაიცა.

29ივლისი ქართული მხარის ცნობით, სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში მდებარე ქართულ საგუშაგოებს 29 ივლისს ღამით და გამთენიისას სამხრეთ ოსურმა შეიარაღებულმა ნაწილებმა ცეცხლი გაუსხნეს. ამავე დღეს სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ ცეცხლი გახსნა სამხრეთ ოსური სოფლების ანდისის და სარაბუკის მიმართულებით. თავის მხრივ, ქართულმა მხარემ უარყო, რომ მან პირველმა გახსნა ცეცხლი და სამხრეთ ოსური შეიარაღებული ნაწილები სარაბუკის სტრატეგიულ სიმაღლეებზე თავდასხმაში დაადანაშაულა.

1აგვისტო შინაგან საქმეთა მინისტრის ცნობით, კონფლიქტის ზონაში 5 ქართველი პოლიციელი დაიჭრა.

2აგვისტო ექვსი ადამიანი დაიღუპა და ოცდაორი დაშავდა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში გამთენიისას მომხდარი ინტენსიური სროლების შედეგად. ოსურმა და ქართულმა მხარეებმა ცეცხლის გახსნაში ერთმანეთი დაადანაშაულეს. ჩრდილოეთ ოსეთის მეთაურმა თეიმურაზ მამსუროვმა სამხრეთ ოსეთს კონფლიქტის მოგვარებაში დახმარება აღუთქვა. ამავე დღეს განცხადებას აკეთებს რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაური ვალერი ევტუხოვიჩი: "რუსეთი არ დაუშვებს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მცხოვრები თავისი მოქალაქეების წყენინებას. რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალები მზად არის, საჭიროების შემთხვევაში, წავიდეს და დაეხმაროს სამშვიდობო ძალებს კონფლიქტის ზონაში".

3აგვისტო სამხრეთ ოსეთში ფართომასშტაბიანი კონფლიქტის საფრთხე "სულ უფრო რეალური ხდება", ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

4აგვისტო კონფლიქტების დარგში პრეზიდენტის მრჩეველის თემურ იაკობაშვილის განცხადებით, რუსეთი ცდილობს "ომის ილუზია" შექმნას.


4აგვისტო სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რესპუბლიკიდან ჩრდილოეთ ოსეთში 500-მდე მშვიდობიანი მოსახლე, ძირითადად ქალები და ბავშვები გადაიყვანეს. სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული ადმინისტრაცია პროცესს "ევაკუაციას" უწოდებს, ჩრდილოეთ ოსეთში კი ამბობენ, რომ ბავშვები გაცვლითი პროგრამით დასასვენებლად ჩაიყვანეს.

7აგვისტო სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების განცხადებით, კონფლიქტის ზონაში შუაღამისას და გამთენიისას მომხდარი ინტენსიური სროლების შედეგად თვრამეტი ადამიანი დაშავდა ოსური მხრიდან. საპასუხოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომ  6 აგვისტოს საღამოდან ოსმა სეპარატისტებმა განახორციელეს სოფელ ერედვის, ფრისის, ავნევის, დვანის და ნულის დაბობმვა, დაჭრილია ორი ქართველი სამშვიდობო. პრეზიდენტმა სააკაშვილმა დაჭრილი სამხედროები მოინახულა და განაცხადა, რომ, მიუხედავად ქართულ სოფლებზე თავდასხმებისა, თბილისი "მაქსიმალურ თავშეკავებას" იჩენს,  "მაგრამ ჩვენ არავის არ ვურჩევთ რაიმე სახის პროვოკაციების გაგრძელებას", – განაცხადა სააკაშვილმა. ამავე დღეს, ქართულ სოფელ ავნევის და ზნაურის რაიონის ოსურ სოფელ ხეთაგუროვოს სიახლოვეს ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. დღის ბოლოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ მან მიიღო გადაწყვეტილება ცეცხლის ცალმხრივად შეწყვეტის შესახებ.

გვიან ღამით ორმხრივი ცეცხლი კვლავ განახლდა. სამშვიდობო ბატალიონის მეთაური მამუკა ყურაშვილი აცხადებს: "ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება აღვადგინოთ კონსტიტუციური წესრიგი მთელს რეგიონში." ქართული მხარის ცნობით, იბომბება ცხინვალის გარშემო არსებული ყველა ქართული პოზიცია, მათ შორის სოფელი თამარაშენი, რომელიც ცხინვალის ჩრდილოეთით მდებარეობს. ოსური მხარე კი იტყობინება, რომ საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ცხინვალის შტურმი დაიწყეს. რუსი სამშვიდობოების ცნობით, ორივე მხარე იყენებს მძიმე შეიარაღებას, ხოლო ცხინვალი იბომბება "გრადის" ტიპის დანადგარებიდან.


8აგვისტო პრეზიდენტი სააკაშვილი აცხადებს, რომ ქართული შეიარაღებული ძალები ცხინვალს აკონტროლებენ. "ჩვენ მტკიცედ ვინარჩუნებთ ჩვენს პოზიციებს", – განაცხადა მან. - "ეს იყო მძიმე და ძალიან რთული ბრძოლა თითოეული შენობისთვის. ჩვენმა ჯარისკაცებმა უზარმაზარი გმირობა გამოიჩინეს". პრეზიდენტმა ასევე თქვა, რომ ბრძოლაში 30-მდე ქართველი დაიღუპა. მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში საომარ მოქმედებებში ოფიციალური მონაცემებით საქართველოდან 154 სამხედრო და 155 სამოქალაქო პირი დაიღუპა, საცხოვრებელი დაკარგა 26,000 ათასმა ადამიანმა. რუსეთის საჰაერო იერიშების სამიზმე გახდა სამხედრო ბაზები გორში, სენაკსა და ვაზიანში, ასევე ფოთის პორტი, საავიაციო სარადარო სისტემა თბილისში, კოდორის ხეობა და ქალაქ გორის ცენტრი, გადაიწვა 1100 ჰექტარი ტყე ბორჯომის ხეობაში. 12 აგვისტოს ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა მიიღეს უკან დახევის ბრძანება. ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ საერთაშორისო ძალების ჩარევის შემდეგ მოხერხდა. საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნებში აღნიშნულია, რომ ქართული სოფლები ცეცხლის შეწყვეტის შემდეგაც უმოწყალოდ დაარბიეს პარა-მილიტარულმა დაჯგუფებებმა.
რამდენიმედღიანი ომის შედეგად რუსეთმა მოახდინა ახალგორის რაიონის და კოდორის ხეობის ოკუპაცია. პრეზიდენტ სარკოზის მიერ ინიცირებული ექვსპუნქტიანი დოკუმენტი დღემდე არ არის რუსეთის მხრიდან შესრულებული.

1სექტემბერი ორგანიზაცია "ჰიუმან რაითს უოთჩმა" (Human Rights Watch) განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ საბრძოლო მოქმედებების დროს კასეტური ბომბები გამოიყენა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს ასეთი ბომბების გამოყენებას როკის გვირაბთან, თუმცა კატეგორიულად უარყოფს მის გამოყენებას დასახლებულ პუნქტებში.

23სექტემბერი "სეპარატისტული აფხაზეთის ტერიტორიაზე – გუდაუთაში და ოჩამჩირის პორტში – ორი ძირითადი რუსული სამხედრო ბაზა განთავსდება, ამასთან რუსული კონტინგენტი ჩადგება ზემო კოდორის ხეობაშიც". – განაცხადა აფხაზეთის დე-ფაქტო ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა.

15ოქტომბერი ჟენევაში დაგეგმილი მოლაპარაკებები არ შედგა. ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოს კრიზისის საკითხებში პიერ მორელმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები "პროცედურული სირთულეების წინაშე დადგა" და მისი შეწყვეტის გადაწყვეტილება ყველა მხარემ მიიღო.

4ნოემბერი პირველად აგვისტოს ომის შემდეგ, საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია რუსეთში გაემგზავრა პატრიარქ ალექსეი მეორესთან და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, გრიგორი კარასინთან შესახვედრად. მოლაპარაკების მთავარი თემა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის კანონიკური იურისდიქცია იყო.

7ნოემბერი პარლამენტის წინ, საპროტესტო აქციის დარბევის ერთი წლისთავი აღინიშნა. აქციის ორგანიზატორი 5 ოპოზიციური პარტიაა. ოპოზიციონერებმა განაცხადეს, რომ მათი მთავარი მიზანი 2009 წლის გაზაფხულზე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნაა.

23ნოემბერი პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე პარტიას აფუძნებს. ამავე წელს პოლიტიკურ მოძრაობას ქმნის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, რომელმაც თანამდებობა 2007 წელს დატოვა.

2დეკემბერი კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ სტუდია "მაესტროს" ლიცენზირების მოდიფიცირება მოახდინა და საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემების გაშვების უფლება მიანიჭა. დავა "მაესტროსა" და კომისიას შორის შვიდ თვეზე მეტ ხანს გრძელდებოდა.

2დეკემბერი ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ვერ მიიღეს გადაწყვეტილება საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებაზე. "თქვენ შეიძლება თქვათ, რომ MAP-ი აორთქლდა; [მაგრამ] MAP-ი ისევ აქ არის", განაცხადა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა.

5დეკემბერი პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, თავდაცვის მინისტრს დავით კეზერაშვილს მისი მოადგილე, ბათუ ქუთელია შეცვლის, საგარეო საქმეთა მინისტრად კი ყოფილი კულტურის მინისტრი გრიგოლ ვაშაძე ინიშნება. ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ყველა მოქმედ ელჩს, მათ შორის ირაკლი ალასანიასაც, რომელმაც ცოტა ხნით ადრე გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა. ამავე საკადრო ცვლილებების შედეგად განათლების მინისტრად ნიკა გვარამია დაინიშნა. "ჩვენ ვფიქრობთ, რომ ლიბერალური ფასეულობები, რომელიც არის დანერგილი განათლების სისტემაში, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და ვფიქრობთ, რომ გავაძლიეროთ ეროვნული ფასეულობები, რომელსაც დაეფუძნება ქართული განათლების სისტემა", – განაცხადა გვარამიამ.

24დეკემბერი ირაკლი ალასანია თბილისში ჩამოვიდა და გადადგომის შემდეგ პირველი პრესკონფერენცია გამართა. მისი თქმით, თანამდებობის დატოვების მიზეზი მისი და პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ საქართველოს განვითარების და კონფლიქტების მოგვარების გზების `ძირეულად განსხვავებული~ ხედვაა.

30დეკებერი გაზეთ "ნიუ იორკ თაიმსისთვის" მიცემულ ინტერვიუში მიხეილ სააკაშვილი ამბობს: "უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ საქართველო თანამედროვე სახელმწიფოდ ვაქციეთ; მომდევნო ხუთ წელიწადში მას თანამედროვე საზოგადოებად ვაქცევთ – 100%-ით თანამედროვე საზოგადოებად".
ახალი საქართველო 2004-2008

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^