სამი დღის წინ თბილისის არაერთ სამარშრუტო ტაქსში გამოკრული განცხადებები მგზავრებს ატყობინებდა, რომ პირველი აპრილიდან ქალაქში ამ ტრანსპორტით გადაადგილება ძვირდება.
სამი დღის წინ თბილისის არაერთ სამარშრუტო ტაქსში გამოკრული განცხადებები მგზავრებს ატყობინებდა, რომ პირველი აპრილიდან ქალაქში ამ ტრანსპორტით გადაადგილება ძვირდება.
„ძვირფასო თანამემამულენო! საწვავის ფასის გაზრდის გამო იძულებული ვართ მგზავრობის ღირებულება გავზარდოთ. 70 თეთრი. პრობლემის ადეკვატურად აღთქმისთვის წინასწარ გიხდით მადლობას" - ამგვარი ტექსტი # 27 სამარშრუტო ტაქსშიც იყო გამოკრული. ამ მინიავტობუსს უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსიდან მგზავრები ვარკეთილამდე მიჰყავს.
ტრანსპორტის გაძვირება პირველ რიგში გრძელმარშრუტიანი ხაზის მძღოლებს უწევთ. #27, #198, #100, #73, #2ა - გამაფრთხილებელი განცხადებებიც ამ და სხვა სამარშრუტო ტაქსებში გაჩნდა. თუმცა, ფასის მომატების მცდელობამ მხოლოდ ორ დღეს გასტანა. დღეს ფასის გაძვირების მაუწყებელი განცხადებები ჩამოხსნეს.
„მერიიდან იყვნენ, ხომ არ გაქვთ გაკრული, განცხადებაო. არ ძვირდება და თუ ვინმემ შემოგთავაზათ, არ გააძვიროთო, მითხრეს," ამბობს #135-ე ”მარშრუტკის” მძღოლი თამაზ ნათელაშვილი.
[video:http://www.youtube.com/watch?v=CbEa26zSB-E&feature=player_embedded]
თამაზ ნათელაშვილის ნათქვამი რამდენიმე სხვა „მარშრუტკის" მძღოლმაც დაგვიდასტურა. მათი კოლეგების ნაწილმა კი, ვის მინიავტობუსებშიც განცხადებები ჯერ კიფევ შემორჩენილი იყო, ჟურნალისტის დანახვისას ჩამოხსნეს. ზოგი მათაგნი ამბობდა, რომ ფასის მომატების შესახებ განცხადებები თვითონ გამოაკრეს, თუმცა ვინ დაწერა და ვისი ინიციატივა იყო, ამის შესახებ არაფერი იციან. ზოგმა კი განაცხადა , რომ „გაძვირებას კი აპირებდნენ , მაგრამ ეს საპირველაპრილო ხუმრობა იყო". თუმცა, ყველა მათგანმა, ვისაც „ლიბერალი" ელაპარაკა, აღნიშნა, რომ საწვავის გაძვირების გამო მათი მუშაობა თანდათან შეუძლებელი ხდება.
„ ახლა მინიმუმ 2.15 ლარი ღირს საწვავი. კიდევ 15- 20 თეთრით რომ მოიმატოს, ვეღარ ვიმუშავებთ," განაცხადა # 128 მარშრუტკის მძღოლმა ბიჭიკო კალანდიამ.
მისი კოლეგები ამბობენ, რომ ბოლო დროს მოგება თითქმის აღარ, ან მინიმალური რჩებათ. ამის გამო, არათუ მანქანის ვიზუალურად მოწესრიგებას, არამედ მწყობრიდან გამოსული მანქანის გამართვასაც ვეღარ ახერხებენ. ამიტომაც, მგზავრობის თუნდაც 20 თეთრით გაძვირება მათთვის ახლა სასურველი გამოსავალია.
მგზავრები კი ამბობენ, რომ „მარშრუტკით" მგზავრობის გაძვირება მათ ბიუჯეტზე განსაკუთრებით შემცირებული მარშრუტების ფონზე აისახება, რადგან ხშირად დანიშნულების ადგილამდე მისასვლელად რამდენიმე ტრანსპორტის შეცვლაა საჭირო.