Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სოციალური პასუხისმგებლობა ქართულად

16 აპრილი 2011

 

ისმის მრავალჟამიერი. ეკრანზე ხალისიანი კადრები ჩნდება. ომახიანი ხმა საზეიმოდ გვამცნობს, რომ ფარმაცევტული კომპანია ყველა ოჯახს, რომელსაც ხუთზე მეტი შვილი ჰყავს, საჭიროების მიხედვით დახმარებას გაუწევს. საჭიროა მხოლოდ რეგისტრაცია, იჩქარეთ!

 

საქართველოში, სადაც ბოლო მონაცემებით, მოსახლეობის ყველაზე დიდი პრობლემა უმუშევრობა და გაზრდილი ფასებია, კერძო კომპანიები საქველმოქმედო პროექტებში ყოველწლიურად მილიონობით ლარს ხარჯავენ. თუმცა, ქველმოქმედება ქართულად - ეს ჯერაც ჩამოუყალიბებელი სფეროა, სადაც ბიზნესკომპანიებს სოციალური პასუხისმგებლობა ბოლომდე გააზრებული არ აქვთ, თანხებს კი ხან ნაცნობობის, ხან შეცოდების და ხანაც რელიგიური მოტივებით გასცემენ.

22 წლის ანა ასათიანი და მისი მეუღლე დღემდე საკუთარი ძალებით ცდილობენ წლინახევრის შვილის ნატალია სარდლიშვილის გადარჩენას. ბავშვს იშვიათი სისხლძარღვოვანი დაავადების ჰემანგიომის ყველაზე რთული ფორმა აქვს. სიმსივნე კანის ქსოვილებს აზიანებს და ნელ-ნელა მთელ სხეულს ფარავს. გერმანიაში მკურნალობის სრული კურსის დაფინანსების საშუალება კი მშობლებს არ აქვთ.

„ყველაფერი გავყიდეთ, რაც შეგვეძლო. საბანკო ანგარიში გავხსენით და სამივე სატელეფონო კომპანიასთან გავაფორმეთ ხელშეკრულება, აბონენტებმა ფულის გადმორიცხვა რომ შეძლონ. განცხადებები ყველა მართლმადიდებლურ საიტზე გამოვაქვეყნეთ, ასევე - სოციალურ ქსელებში. ამ ეტაპზე გარკვეული თანხა შეგვიგროვდა, თუმცა კიდევ ორი პროცედურა დასაფინანსებელი გვრჩება და უკვე ძალიან გვიჭირს თანხების მოძიება", - გვიყვება ნატალიას დედა, ანა ასათიანი.

რადგან მისი ოჯახი სოციალურად დაუცველ ფენას არ მიეკუთვნება, ანას არც უფიქრია, რომ  შვილის გადარჩენას რომელიმე კერძო კომპანია ან ფონდი აიღებდა საკუთარ თავზე. "სულ მგონია, რომ ეს კომპანიები მარტო უკიდურესად შეჭირვებულ ადამიანებს ეხმარებიან. მე კი არ ვიცი, ვის მივმართო, ალბათ, მომიწევს, სათითაოდ ჩამოვურეკო ყველა ბიზნეს-ორგანიზაციას და ვკითხო, აფინანსებენ თუ არა ამ პრობლემის მქონე პაციენტებს", - ამბობს ანა.

ანამ კომპანიებში დარეკვა რომც დაიწყოს, სავარაუდოდ, კონკრეტული და თანმიმდევრული პასუხის მიღება გაუჭირდება. ქართული კომპანიების უდიდეს ნაწილს პრიორიტეტული სფეროების ნუსხა განსაზღვრული არ აქვს.

"ზოგიერთები გარკვეულ ანგარიშებს კი აქვეყნებენ, მაგრამ ხალხმა არ იცის, რა შემთხვევაში ვის მიმართოს, ამიტომ ყველას აწუხებს ყველაფერზე და შედეგად გადაწყვეტილების მიღება შიდა სამზარეულოში ხდება. კარგი იქნება, რომ კომპანიამ წინასწარ თქვას - მე დავაფინანსებ ამ მიმართულებას და ჰქონდეს კრიტერიუმები, რის მიხედვითაც ორგანიზაციებს, ან ინდივიდუალურ პირებს დახმარებას გაუწევს", - ამბობს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის წარმომადგენელი თამარ ცირეკიძე.

კომპანია „ჯეოსელში" ისევე, როგორც ბევრ სხვა კომპანიაში, გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ ვინ დააფინანსონ, საკითხის მნიშვნელობის მიხედვით იღებენ.

„ძირითადად, ვირჩევთ რაიმე მნიშვნელოვანს, რაც ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია და კონკრეტულ მომენტში საზოგადოების აქტიური მხარდაჭერა სჭირდება", - ამბობენ კომპანიის წარმომადგენლები.

კომპანიაში ამაყობენ 12 წლის წინ მიწისძვრით დაზარალებულთა პროექტით. მაშინ აბონენტებთან და თანამშრომლებთან ერთად კომპანიამ 6 ოჯახს შეუძინა ბინა. ერთ-ერთი მსხვილი პროექტი იყო იყალთოს სამონასტრო კომპლექსის აღდგენა. წელს „ჯეოსელის" პრიორიტეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების დახმარებაა. „მთავარია, რომ საქმე ვაკეთოთ ერთად", - ასე ესმით სოციალური პასუხისმგებლობა „ჯეოსელში" და გამუდმებით ცდილობენ, რომ მსგავს პროექტებში საზოგადოება აქტიურად ჩართონ. საკუთარ მომხმარებელს სატელევიზიო რეკლამებით, თუ ქუჩაში გამოკრული ბანერებით კომპანია სხვადასხვა პროექტის მხარდაჭერისკენ ხშირად მოუწოდებს.

საგანმანათლებლო თანამშრომლობისა და განვითარების მიერ 2003 წელს ჩატარებული კვლევის მიხედვით, კომპანიების უმრავლესობა, პირველ რიგში, სოციალურად დაუცველ ფენას - მზრუნველობამოკლებულ მოხუცთა და ბავშვთა თავშესაფრებს, ინვალიდ და ავადმყოფ პირებს და ეკლესიების მშენებლობას აფინანსებდა. ეს მდგომარეობა რადიკალურად დღესაც არ შეცვლილა. კომპანიები იშვიათად ინტერესდებიან კულტურისა და განათლების სფეროებით და დიდ ყურადღებას არც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს აქცევენ. მათი პრიორიტეტი არც პრევენციული პროგრამების დაფინანსებაა, მაგალითად, ჯანდაცვაში და არც იმ არასამთავრობო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერა, რომლებიც სამოქალაქო განათლებაზე მუშაობენ.

კვლევაში მონაწილე ბიზნესმენები აცხადებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს არ ენდობიან და ამის მიზეზი ისაა, რომ მათ საქმიანობას კარგად არ იცნობენ. არც არასამთავრობო ორგანიზაციებმა იციან, როგორ მიუდგნენ კერძო კომპანიებს და ამას თვითონვე აღიარებენ.

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში ასეთ ორგანიზაციებს ტრენინგებს უტარებენ და ასწავლიან, როგორ მოიპოვონ ქართული კერძო კომპანიების ნდობა. „ბიზნესს მკაფიოდ და სხარტად უნდა აუხსნა, რას აკეთებ; უნდა დაამტკიცო, თუ რატომ სჯობია, შენ მოგცეს ფული კონკრეტული საქმის გასაკეთებლად, ვიდრე თვითონ დახარჯოს. ზუსტად უნდა განუმარტო, სად წავა მისი ფული. ძალიან ბევრი დეტალია, რომელსაც ცოდნა უნდა", - ამბობს კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის სამოქალაქო განვითარების პროგრამის კონსულტანტი ნინო ლეჟავა.

ასოციაცია "ანიკა", რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების პრობლემებზე მუშაობს, დღემდე საერთაშორისო გრანტით არსებობს. რამდენიმე მცდელობის მიუხედავად, ამ ორგანიზაციამ ქართველი ბიზნესმენების დაინტერესება ვერ შეძლო. „ბიზნესმენებისგან ხშირად პასუხიც კი არ მიგვიღია. პირველ პირებთან შეხვედრა ზოგადად ვერ ხერხდება და უარს დახმარებაზე მდივანი, ანდა რომელიმე საკონტაქტო პირი გვეუბნება. მხოლოდ ორჯერ მოვახერხეთ მათი მხარდაჭერის მიღება და ისიც, ნაცნობობის გზით. მაშინაც თანხა მწირი იყო და მხოლოდ ერთჯერადი პრობლემა მოგვიგვარა", - ამბობს „ანიკას" ხელმძღვანელი, ირინა ინასარიძე.

„ჩვენთან ასეთი მენტალობაა - უყვართ, რომ თვალებში უყურებენ მას, ვისაც ეხმარებიან. ანუ აუცილებლად ჩემს ყურამდე უნდა მოაღწიოს ვიღაცის გაჭირვებამ, რომ მე მას დავეხმარო. საზღვარგარეთ კი სხვაგვარად ხდება. ვისაც ფული აქვს და სხვისი დახმარება უნდა, თანხას პირდაპირ იმ ფონდში რიცხავს, რომელიც მის ინტერესებს შეესაბამება. ეს არაპირდაპირი დახმარების ფორმაა, მაგრამ კომპანიები დარწმუნებულები არიან, რომ მათი ფული გაჭირვებულ ადამიანამდე აუცილებლად მივა", - ამბობს "თიბისი ფონდის" ხელმძღვანელი მალხაზ ჩუგოშვილი.

ასეთი ფონდი, ერთ-ერთი გამონაკლისის სახით, თბილისში 2008 წელს შეიქმნა. "თიბისი ფონდის" მიზანი აგვისტოს ომში დაზარალებულთა დახმარება იყო. დაახლოებით, 8 მილიონი ლარი იმ პირებისა და კომპანიების დახმარებით შეგროვდა, რომლებმაც თანხა ფონდში ჩარიცხეს. "ყველამ ზუსტად იცოდა, რომ თითოეული თეთრი მხოლოდ კონკრეტული სამიზნე ჯგუფის - 2008 წლის აგვისტოს დევნილების კეთილდღეობისთვის დაიხარჯებოდა", - ამბობს მალხაზ ჩუგოშვილი.

თუმცა მსგავს პრაქტიკას დღეს ბევრი კომპანია არ იყენებს. კვლევებით დასტურდება, რომ ქართული ბიზნესსექტორის ნაწილს ტერმინი - სოციალური პასუხისმგებლობა ხშირად ესმის, როგორც მხოლოდ  ქველმოქმედება და სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარება.

ფარმაცევტული კომპანია „პე-ეს-პე"-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მარიკა ლომთაძე ამბობს: "ჩვენი ინიციატივით მივდივართ ბავშვთა სახლებში, მოხუცთა თავშესაფრებში. ვეკითხებით, რა სჭირდებათ და მიგვაქვს შესაბამისი ინვენტარი. მთელი წლის განმავლობაში ჩვენთან მოსულ ინდივიდუალურ წერილებსაც განვიხილავთ და ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება, ან რომელი პროექტიც მოგვეწონება, იმას ვაფინანსებთ". [pagebreak]

მისი კომპანია ცდილობს, წინასწარ განსაზღვროს, რა თანხას გამოყოფს ამა თუ იმ სამედიცინო პროექტის დასაფინანსებლად, მაგრამ ხშირად საქველმოქმედო ბიუჯეტის გაზრდა უწევს, რადგან, როგორც თავად ამბობენ, დახმარების მომლოდინე ადამიანების წერილებს უპასუხოდ ვერ ტოვებენ. მხოლოდ 2010 წელს ქველმოქმედებაზე "პე-ეს-პე"-მ 1 მილიონ 21 ათასი ლარი დახარჯა, მაგრამ თავშესაფრებისა და ბავშვთა სახლების მონახულების შემდეგ, ამ თანხის დიდი ნაწილი სწორედ წინასწარ დაუგეგმავ ქველმოქმედებას მოხმარდა.

"პე-ეს-პე"-სთვის ისევე, როგორც კერძო კომპანიების უმრავლესობისთვის, კიდევ ერთი პრიორიტეტი ქველმოქმედებისას მართლმადიდებელი ეკლესიის დაფინანსებაა. თუმცა, დასავლური ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოში რელიგიური ქველმოქმედება, ძირითადად, ახალი ეკლესია-მონასტრების მშენებლობაში ჩართვას ნიშნავს. მაგალითად, მახათას მთაზე სამონასტრო კომპლექსის მშენებლობაში, რომელიც საქართველოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით შენდება, თითქმის ყველა მსხვილი კომპანია მონაწილეობს - "ვისოლისა" და "ვი-თი-ბი ბანკის"-ის ჩათვლით. თითოეული მათგანი ამაყობს, რომ „მადლიან, ისტორიულ საქმეში" საკუთარი წვლილი შეაქვს.

"სასულიერო პირები არ მოდიან და არ ითხოვენ დახმარებას. ზოგჯერ ფონდები გვთხოვენ და ვეხმარებით. ეკლესია საერთოდ ისეთი რაღაცაა, თუ გაიგებ, რომ შენდება და სჭირდება მხარდაჭერა, ადგები და დაეხმარები", - ასაბუთებს საკუთარი კომპანიის გადაწყვეტილებას "პე-ეს-პე"-ს წარმომადგენელი მარიკა ლომთაძე.

თუმცა, მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ეკლესია-მონასტრების მშენებლობის დაფინანსება რელიგიური ქველმოქმედების ყველაზე მარტივი ფორმაა.

ნინო ლეჟავა ამბობს: „ეკლესიის მშენებლობისთვის ფულის გაღება  ერთგვარ ინდულგენციის ფორმად იქცა და ქველმოქმედებად ითვლება. ეკლესიაც, თავის მხრივ, ძირითადად, ამ ტიპის ქველმოქმედებას უჭერს მხარს. ეს ისაა, რაც ზედაპირზევე დევს და აშკარად ჩანს. საინტერესოა, რატომ ურჩევნიათ ამ ადამიანებს, ეფემერული საქმე, მორიგი ახალი ეკლესიის მშენებლობა დააფინანსონ, ვიდრე ბევრად უფრო კონკრეტულ ხელშესახებ პროექტში ჩადონ ფული, ისევ და ისევ მრევლის საკეთილდღეოდ? ეკლესიაში ხომ თუნდაც უამრავი მარტოხელა დედა დადის, არის ბევრი გაჭირვებული ოჯახიც, რომელთათვისაც, მაგალითად, სოციალური ცენტრის აშენება შეიძლებოდა?"

რას ნიშნავს ტერმინი სოციალური პასუხისმგებლობა და რა კომპონენტებისგან შედგება ის?

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის კვლევაში გამოკითხული ბიზნესმენების 29 პროცენტს ამ კითხვაზე პასუხი არ აქვს. დანარჩენი რესპონდენტები სოციალურ პასუხისმგებლობას განიხილავენ, როგორც თანამშრომლების მიმართ პასუხისმგებლობას, გადასახადების გადახდას, ბიზნესის გამჭვირვალობას.  მხოლოდ ბიზნესმენთა მცირე ნაწილი ფიქრობს, რომ სოციალური პასუხისმგებლობა სოციალური სფეროს დაფინანსებას, საზოგადოებაზე ზრუნვას, დასაქმების პრობლემის მოგვარებას გულისხმობს.

„დღევანდელ მსოფლიოში წარმატებული ბიზნესისათვის აღარაა საკმარისი გადასახადების გადახდა, თანამშრომლებისათვის კარგი ხელფასის და აქციონერებისთვის კარგი შემოსავლის უზრუნველყოფა. საზოგადოება ბიზნესისგან უფრო გლობალურ სოციალურ, ეკონომიკურ და ეკოლოგიურ პროცესებზე ზეგავლენის მოხდენას, საზოგადოების პრობლემების გადაწყვეტაში მონაწილეობას ელის", - წერია სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის კვლევის ანალიზში.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული კომპანიების დიდ ნაწილს სოციალური პასუხისმგებლობა ვიწროდ და სწორხაზოვნად ესმის, მათი მცირე ნაწილი მაინც ცდილობს, საკუთარ საქმიანობაში სოციალური პასუხისმგებლობის კომპონენტები შეიტანოს. მაგალითად, კომპანია „ვისოლი ჯგუფს" სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერის თანამდებობაც კი აქვს. ამბობენ, რომ მათთვის სოციალური პასუხისმგებლობაა „ბაზარსა და მომხმარებლებზე, თანამშრომლებზე, ჯანდაცვაზე, გარემოს დაცვაზე და ბიზნეს-პარტნიორებზე ზრუნვა". თუმცა, პრაქტიკაში აქცენტს სპორტზე, ეკლესიების მშენებლობაზე და სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარებაზე აკეთებენ.

„ვისოლი" ფეხბურთისა და რაგბის გუნდებს აფინანსებს. ჩვენი კომპანია ასევე ფონდ „იავნანას" მხარდამჭერია. ვაფინანსებთ მართლმადიდებელი ეკლესიების რეკონსტრუქციას და მშენებლობას და მხარს ვუჭერთ დიაბეტიან ბავშვთა დაცვის ასოციაციას", - ამბობს „ვისოლის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი რუსუდან კბილაშვილი.

სხვა ქართული კომპანიებისგან განსხვავებით სოციალური პასუხისმგებლობის მიმართ განსხვავებული მიდგომა აქვს კომპანია „ბიპი საქართველოს", რომელიც საერთაშორისო კომპანიაა.

„სოციალური პასუხისმგებლობა "ბი-პი"-ს და მისი პარტნიორების ბიზნესსაქმიანობის შემადგენელი ნაწილია. სოციალური განვითარების ინიციატივების საშუალებით  ხელს ვუწყობთ საზოგადოების შესაძლებლობების ზრდას და  ქვეყნის წარმატებას", - ამბობს "ბი-პი საქართველოს" სოციალური პასუხისმგებლობის მენეჯერი რუსუდან მეძმარიაშვილი და აცხადებს, რომ „ბი-პი" გამოკვეთილად ოთხი სახის პროექტს აფინანსებს: ბიზნესის ხელშეწყობა, მოსახლეობის ენერგეტიკული რესურსებით უზრუნველყოფა, განათლება და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა. სანამ წლის ბიუჯეტს დაგეგმავენ, კომპანია სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად არკვევს, რა პრიორიტეტები არსებობს და სადაა საჭირო დახმარება. ამავე დროს „ბი-პი" ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც ხელისუფლებასთან გაფორმებული სპეციალური ხელშეკრულების საფუძველზე, ქველმოქმედებისთვის გამოყოფილი ფული არ ებეგრება.

ქართულ კომპანიებს კი საქველმოქმედო პროექტების სწორად დაგეგმვაში საგადასახადო სისტემაც უშლის ხელს. მაშინ, როცა დასავლურ ქვეყნებში ქველმოქმედებაზე გადასახადები საერთოდ გაუქმებულია, საქართველოში ბიზნესმენებს საგადასახადო შეღავათით სარგებლობა მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში შეუძლიათ.

თუ კომპანია საქველმოქმედო სტატუსის მქონე ორგანიზაციას ეხმარება, მას შეუძლია, თანხა გასცეს დასაბეგრი მოგების 10 პროცენტის ფარგლებში  და ის ხარჯად აღიაროს. ხოლო თუ 10 პროცენტს გადააჭარბებს - ეს შეღავათი არ იმოქმედებს.

მაგალითად, თუ თქვენი შემოსავალი 100 ლარია და 10 ლარი, ანუ 10 პროცენტი გაეცით ქველმოქმედებისთვის, ეს თანხა შეგეძლებათ, ხარჯად აღიაროთ. ხოლო, თუ  უკვე 11 ლარი გაეცით, მაშინ დამატებით 1 ლარზე ანუ 1 პროცენტზე შეღავათი აღარ გავრცელდება.

თუ რომელიმე კომპანია ისეთ პირს, ან ორგანიზაციას ეხმარება, რომელსაც საქველმოქმედო სტატუსი არ აქვს, მისი ქველმოქმედება საშემოსავლო გადასახადით, 20  პროცენტით იბეგრება.

მაგალითად, თუ ნატალია სარდლიშვილს ტელეფონით ერთ ლარს გადაურიცხავთ, სახელმწიფო ამ თანხიდან სატელეფონო კომპანიას 20 თეთრს დაუბეგრავს. მეორე საკითხია, რომ კლიენტებთან დადებული ხელშეკრულებებით სატელეფონო კომპანიები საშემოსავლო გადასახადის გარდა მომსახურების საფასურსაც იტოვებენ. "ბილაინი ერთი ლარიდან 25 თეთრს, მაგთი - 40 თეთრს, ჯეოსელი კი - 46 თეთრს ქვითავს", - ამბობს ნატალიას დედა. თქვენ თუ გეცოდინებათ, რომ თქვენი გადარიცხული ლარიდან მაქსიმუმ 75 თეთრი, მინიმუმ კი 54 თეთრი მიდის ადრესატამდე, შესაძლოა, აღარც მოგინდეთ დახმარება. ასევეა ბიზნესმენების შემთხვევაშიც.

„ზოგადად, ქვეყანაში საგადასახადო კანონმდებლობა იმდენად ბუნდოვანია, რომ შეიძლება, ქველმოქმედების კეთება არც მოგინდეს. მაგალითად, როცა გგონია, რომ ყველაფერს კანონის შესაბამისად აკეთებ, მოდის საგადასახადოს ინსპექტორი და სულ სხვა ინტერპრეტაციას უკეთებს იმავე კანონს. ეს არის კოდექსის ბუნდოვანება, რის გამოც ინტერესი, რომ ვიღაცას დაეხმარო, გეკარგება, რადგან კანონი შეღავათს არ გაძლევს", - ამბობს "თიბისი ფონდის" ხელმძღვანელი მალხაზ ჩუგოშვილი.

თუმცა ბიზნესომბუდსმენი გიორგი პერტაია კანონმდებლობის ხარვეზს ვერ ხედავს და აცხადებს, რომ თუკი, ბიზნესმენს ქველმოქმედებისთვის თანხების გაღება სურს, შესაბამის გადასახადებსაც უნდა იხდიდეს, რადგან ამით რეკლამას იკეთებს.

„სოციალური პასუხისმგებლობის თემას ბიზნესში საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები ლობირებენ. თუმცა ბიზნესის მთავარი იდეაა, ნაკლები დანახარჯებით დიდი მოგება მიიღოს. თუ ბიზნესი ახორციელებს ქველმოქმედებას, ეს მისი მარკეტინგის ნაწილია. შესაბამისად ქველმოქმედება ბიზნესში, როგორც დამოუკიდებელი ცნება, არ არსებობს. სანაცვლოდ, კომპანია ყოველთვის იღებს რაღაცას და მან ბიუჯეტიც უნდა ასარგებლოს", - ამბობს გიორგი პერტაია.

პერტაიას თქმით, ბიზნესმენებს არც ერთ შეხვედრაზე არ დაუყენებიათ საგადასახადო შეღავათების გაზრდის საკითხი. თუმცა, ამ ფონზე, კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრში ფიქრობენ, რომ მნიშვნელოვანია, გაივლოს ზღვარი სპონსორობას, როგორც მარკეტინგის ფორმასა და ფილანტროპიას შორის. ბევრ დასავლურ ქვეყანაში მარკეტინგის სამსახური და სოციალური პასუხისმგებლობის სამსახური დამოუკიდებელი სტრუქტურებია, დამოუკიდებელი ბიუჯეტით. ქართულ კომპანიებში კი სოციალურ პასუხისმგებლობას მარკეტინგის განყოფილებები ითავსებენ. როგორც ჩანს, მათთვის სოციალური პასუხისმგებლობა დიდწილად პიარის საშუალებაა, ზოგჯერ კი უფასო პიარისაც - განსაკუთრებით მაშინ, თუ მათი დახმარების აქციებს წამყვანი ტელემაუწყებლები სპეციალური სიუჟეტებით აშუქებენ. [pagebreak]

 

ფილანტროპია

ფილანტროპია სიტყვასიტყვით ჰუმანურობის სიყვარულს ნიშნავს. თანამედროვე პრაქტიკაში კი ეს ტერმინი აღნიშნავს „კერძო ინიციატივებს, რომლებიც საზოგადოების კეთილდღეობისა და ცხოვრების ხარისხის ამაღლებისკენ არის მიმართული". ფილანტროპია ფულის, დროის, ცოდნისა თუ სხვა ფასეულობათა გაცემის ტრადიციას ეფუძნება.

მისი ერთ-ერთი ფორმაა ქველმოქმედება, რაც უანგარო სიკეთის კეთებას გულისხმობს.

კიდევ ერთი ფორმაა მეცენატობა, რომელიც განსაკუთრებული ნიჭისა და მონაცემების მქონე პიროვნებების ხელშეწყობას გულისხმობს. წინათ მეცენატები ხშირად მეფეები და არისტოკრატიული ფენის წარმომადგენლები იყვნენ. დღეს კი მეცენატობამ სტიპენდიის სახე მიიღო.

ფილანტროპიის ერთ-ერთი სახეა ასევე მსახურება, დღევანდელი გაგებით კი, მოხალისეობა, რაც ცოდნისა და დროის უანგარო გაღებას გულისხმობს.

გაცემისა და დახმარების  ყველაზე თანამედროვე ტრადიციაა კორპორაციული ფილანტროპია, რომელიც ორგანიზებულ ხასიათს ატარებს და როგორც სამართლებრივად, ისე სტრუქტურულად კომერციულ სამყაროსთანაა კავშირში. ფილანტროპიის ეს ფორმა საზოგადოების მრავალმხრივი საჭიროებებისკენაა მიმართული, როგორიცაა სოციალური საკითხების მოგვარება, გარემოს დაცვა, საზოგადოების ცხოვრების დონის ამაღლება.

მომზადებულია სახელმძღვანელოს "ფილანტროპია თეორია და პრაქტიკა" მიხედვით

 

ფილანტროპია გერმანიაში

ქველმოქმედების გაწევა ნებისმიერი გერმანელისათვის ერთიანობის, სახელმწიფოებრივი არსებობის, საზოგადოებრივი თანაცხოვრების აუცილებლობაა. სოციალური პასუხისმგებლობა და გერმანული საზოგადოების განვითარებაზე ზრუნვა საკუთარ თავზე საქველმოქმედო ფონდებმა აიღეს. ყველა ფონდი გერმანიაში საქველმოქმედო კავშირშია გაერთიანებული, რომელიც, თავის მხრივ, სფეროების მიხედვით, ქვესტრუქტურებად იყოფა. გერმანული საქველმოქმედო კავშირი 6 სფეროში მომუშავე ორგანიზაციებს აფინანსებს. მათ შორისაა რელიგიური და სამეცნიერო მიზნებისათვის განსაზღვრული ფონდები.

ფონდები ფედერაციულ დონეზეც დაყოფილია და პრიორიტეტებსაც იქ არსებული პრობლემების მიხედვით განსაზღვრავენ. სხვადასხვა კომპანიები გეგმიურად მუშაობენ საზოგადოების განვითარებაზე. შესაძლოა, ყველაზე პრიორიტეტული ერთ რეგიონში იყოს განათლება, ნიჭიერი ახალგაზრდების მხარდაჭერა, მეორე რეგიონში - ჯანდაცვა, სხვაგან - გარემოს დაცვა და ა.შ. გერმანული ფონდები მათი საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი ღირებულებების განსამტკიცებლად პროგრამებს სხვა ქვეყნებშიც აფინანსებენ.

გერმანული კომპანიების მიერ ქველმოქმედებისთვის გაღებული სახსრები გადასახადისგან თავისუფლდება.

მომზადებულია სახელმძღვანელოს "ფილანტროპია თეორია და პრაქტიკა" მიხედვით

 

ქველმოქმედების რელიგიური მოტივი

ქველმოქმედების მთავარ მოტივად ყველა ქვეყანაში რელიგია ითვლება. „სიკეთის ქმნას"  თითქმის ყველა რწმენა ქადაგებს და გაცემაც რელიგიურად კეთილშობილ საქმედაა მიჩნეული. მაშინ, როცა ამერიკული სახელმწიფო ყალიბდებოდა, ადამიანები ერთმანეთის დასახმარებლად ერთიანდებოდნენ და პირველ ფონდებს ქმნიდნენ. მათ შორის იყო რელიგიური ფონდებიც.

თავიდან გაჭირვებული ადამიანების დახმარებასთან ერთად, რელიგიური ფონდების ერთ-ერთი მთავარი საქმიანობა ეკლესიების მშენებლობა და მათი რწმენის გავრცელება იყო, თუმცა რელიგიურმა ლიდერებმა თავიანთი დამოკიდებულება თანდათან შეცვალეს და საქველმოქმედო სფეროები გააფართოეს. დღეს უკვე მთელ მსოფლიოში მათი წვლილი სხვადასხვა მიმართულებით საკმაოდ დიდია.

მაგალითად, კათოლიკური ინსტიტუტი „მოწყალების ძმები" (Bროტჰერს ოფ ჩჰარიტყ), რომელიც მე-19 საუკუნის დასაწყისიდან არსებობს,  დღეს საქველმოქმედო მისიას 30-მდე ქვეყანაში ასრულებს. მათი ძირითადი მიზანი მოხუც ადამიანებზე და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებზე ზრუნვა, განათლება და ჯანმრთელობის დაცვაა.  მათი რეკომენდაციები გაითვალისწინა ბელგიამ დაწყებითი და საშუალო განათლების სისტემის დაგეგმვისას.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^