Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"სადაც პოლიტიკური დიალოგი წყდება, იქ იწყება იარაღის ჟღარუნი"

21 აპრილი 2011

 

Liberali ბრიუსელის კონფერენციაზე თქვენ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილეს, ფილიპ გორდონს შეხვდით. რა საკითხები განიხილეთ მასთან?

 

ვისაუბრეთ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებასთან მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესზე.

საერთაშორისო თანამეგობრობის და ევროპის პრიორიტეტები საქართველოსთან და პარტნიორებთან მიმართებაში იცვლება. ახლა მათი პირველი პრიორიტეტია, ხელი შეუწყონ და შეცვალონ საარჩევნო გარემო ჯერ არშემდგარ დემოკრატიებში.

ამერიკელი და ევროპელი მეგობრების პოზიცია არის ძალიან ნათელი. მათ სურთ, რომ საარჩევნო გარემოს რეფორმაზე მოლაპარაკებები კონკრეტული,  ხალხისთვის ხელშესახები და თვალსაჩინო შედეგით დასრულდეს.

Liberali ერთ-ერთ ინტერვიუში თქვენ თქვით, რომ „აშშ-სთვის მთავარი ამოცანა არის დაეხმაროს საქართველოს ამ პროცესის კონკრეტულ შედეგამდე მისაყვანად". რა შედეგებს ელოდება აშშ როგორც ხელისუფლებისგან, ასევე ოპოზიციისგან?

მათ აქვთ მოლოდინი, რომ ჩვენ შევთანხმდებით თვისებრივად ახალ საარჩევნო გარემოზე, რაც რამდენიმე კომპონენტისგან შედგება.

პირველ რიგში,  ეს არის შეთანხმება ამომრჩეველთა სიების დადგენის ფორმაზე, მეორე არის საარჩევნო სისტემა, რომელიც მისაღები უნდა იყოს პოლიტიკური პარტიების უმრავლესობისთვის. ასევე, ვისაუბრეთ პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურების დეპოლიტიზაციაზე, ანუ მათი საარჩევნო სისტემისგან გამიჯვნაზე და იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ქვეყანაში დამოუკიდებელი სატელევიზიო მედია.

Liberali განიხილეთ თუ არა მოლაპარაკებების პროცესში აშშ-ის როლი, ერევა თუ არა აშშ ამ პროცესში?

აშშ და ზოგადად სხვა საერთაშორისო წარმომადგენლები მოლაპარაკების პროცესს ესწრებიან, მაგრამ ეს არის ქართული პროცესი. ჩვენ, პოლიტიკურ პარტიებს, უნდა გვეყოს  პოლიტიკური გონიერება, რომ შეთანხმებამდე მივიდეთ. ამას ამერიკა და ევროპა ვერ გააკეთებს.

Liberali რა მოხდება, თუ ოპოზიციური რვიანი და მმართველი პარტია ვერ შეთანხმდა?

თუკი შედეგს ვერ მივაღწიეთ, რისი გამორიცხვაც არ შეიძლება, ეს იქნება საქართველოსთვის უკიდურესად მძიმე.

ხელისუფლება გაამყარებს ავტორიტარულ რეჟიმს, ქვეყანა წავა ტოტალიტარული სისტემის ჩამოყალიბებისკენ, საზოგადოებას და პოლიტიკურ ძალებს არ ექნებათ სივრცე პოლიტიკური მოლაპარაკებებით შედეგების მისაღწევად და ძალადობრივი პოლარიზაციის პროცესი დაიწყება.

ამიტომ, როგორც ოპოზიციამ, ასევე ხელისუფლებამაც, დიდი წინდახედულება უნდა გამოიჩინოს და მოძებნოს ერთმანეთისკენ ნაბიჯის გადადგმის პოლიტიკური ძალა.

Liberali საარჩევნო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლაში „ოპოზიციური რვიანი" და მმართველი პარტია ერთმანეთს ადანაშაულებს. მაგალითად, პავლე კუბლაშვილი ამბობდა, რომ მოლაპარაკებები ჩაშლისკენ ოპოზიციის "ულტიმატუმების ენას" მიჰყავს.

ბატონ კუბლაშვილს ეტყობა, პრინციპული პოლიტიკური პოზიცია ულტიმატუმი ჰგონია. ულტიმატუმი იყო პრეზიდენტის განცხადება მოლაპარაკების დასაწყისშივე,  როდესაც მან განაცხადა, რომ მაჟორიტარულ სისტემასთან დაკავშირებით  დათმობები არ განიხილება.

როდესაც საპირისპირო პოლიტიკურ ძალას არ ჰყოფნის მოლაპარაკების რესურსი, მეორე მხარეს, ანუ ჩვენ გვაქვს მეტი პასუხისმგებლობა სერიოზულად მივუდგეთ ამ მოლაპარაკებას. სადაც პოლიტიკური დიალოგი წყდება, იქ იწყება იარაღის ჟღარუნი, რაც დაუშვებელია.

მალე გაირკვევა, აქვს თუ არა პოლიტიკური ნება სააკაშვილს, თავის საკუთარ ხალხს და საზოგადოებას დაუთმოს სამართლიანი არჩევნები.

Liberali მაჟორიტარი პარლამენტარების თაობაზე მთავრობის არგუმენტია, რომ ყველა რეგიონს უნდა ჰყავდეს პირდაპირ არჩეული წარმომადგენელი პარლამენტში, რატომ არ იზიარებთ ამ მოსაზრებას?

პირიქით, უფრო ძლიერი, წარმომადგენლობის მომხრე ვართ. ჩვენ რეგიონული, პროპორციული სისტემა შევთავაზეთ, რომელშიც ყველა რეგიონს ეყოლება წარმომადგენელი. იმ რეგიონებს, სადაც 50 ათასზე მეტი მცხოვრებია, ეყოლება ორზე მეტი წარმომადგენელი. რა თქმა უნდა, ასევე გათვალისწინებული გვაქვს წარმომადგენლობა მთიან რაიონებში, სადაც მოსახლეობის რაოდენობა მცირეა.

Liberali საარჩევნო რეფორმაზე გამართულ მოლაპარაკებებში ოპოზიცია ითხოვდა ბიომეტრული მონაცემების გამოყენებას არჩევნებში, რაზედაც მმართველმა პარტიამ მონაცემების თბილისში გამოყენება შემოგთავაზათ. რატომ არ მიიღეთ ეს შეთავაზება?

ჩვენ ვერ მოვისმინეთ სამართლიანი ახსნა იმისა, თუ რატომ ვერ აკეთებენ ბიომეტრულ სიებს მთელ საქართველოში. აქ არ არის საუბარი ბიომეტრულად არჩევნების ჩატარებაზე, არამედ ბიომეტრული სიების დადგენაზე.

მაგალითად, ინდოეთში მილიარდ ორასმილიონიანი მოსახლეობის აღწერას თერთმეტი თვე დაეთმო. ეს მაგალითი ნათელს ხდის, რომ ხელისუფლება უბრალოდ იტყუება, როცა ამბობს, რომ რესურსი არ ჰყოფნის სიების დასადგენად.

უბრალოდ, არ არის პოლიტიკური ნება, რომ დადგინდეს ამომრჩევლების ზუსტი სია.

Liberali რა მოლოდინები გაქვთ მოლაპარაკებებისგან, რა შედეგს ელოდებით?

ეს პროცესი არის პოლიტიკური ნების და სიმტკიცის გამოცდა. გაიმარჯვებს ის, ვისაც ეყოფა წინდახედულება და პოლიტიკური სიმტკიცე. არ შეიძლება ყოველთვის ერთი მხარე იყოს გამარჯვებული, ორივე მხარეს მოგვიწევს ერთმანეთისკენ ნაბიჯის გადადგმა და რვიანი ამისთვის მზად არის. სააკაშვილის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს ნაციონალური მოძრაობა.

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ყველას ერთად  კიდევ ერთხელ მოგვეცა შანსი, მთელ მსოფლიოს, პირველ რიგში კი საკუთარ თავს, დავუდასტუროთ, რომ ცვლილება შეგვიძლია არაძალადობრივად.

ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ.

ესაუბრა ნანა საჯაია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^