2008 წლიდან მოყოლებული, კახეთის რადიო „ჰერეთის" დირექტორი რამაზ სამხარაძე ყოველდღე ამოწმებდა კომუნიკაციების კომისიის ვებგვერდს და ამაოდ ელოდა დოკუმენტის გამოქვეყნებას, რომელსაც მისი რადიოს ბედი უნდა გადაეწყვიტა.
2008 წლიდან მოყოლებული, კახეთის რადიო „ჰერეთის" დირექტორი რამაზ სამხარაძე ყოველდღე ამოწმებდა კომუნიკაციების კომისიის ვებგვერდს და ამაოდ ელოდა დოკუმენტის გამოქვეყნებას, რომელსაც მისი რადიოს ბედი უნდა გადაეწყვიტა.
ეს დოკუმენტი საზოგადოებრივი აზრის კვლევა იყო. "ჰერეთს", რომელიც დღემდე მხოლოდ კახეთში ვრცელდება, თბილისში მაუწყებლობის უფლებას სწორედ კვლევის არარსებობის გამო არ აძლევდნენ.
"მაუწყებლობის ლიცენზიების გაცემა დროებით შეჩერებულია. ვიდრე კვლევის მეშვეობით არ დავადგენთ, როგორ ტელე და რადიო პროდუქტზეა მოთხოვნა მოსახლეობაში, ახალ ლიცენზიებს ვერ გავცემთ", - ორი წლის განმავლობაში უცვლელი იყო კომისიის პასუხი.
"ზოგჯერ, საერთოდ, უპასუხოდ მტოვებდნენ, ზოგჯერ კი ერთი და იმავე შინაარსის წერილით გვპასუხობდნენ. გეწერა და გეკითხა, აზრი არ ჰქონდა, სამწუხაროდ", - იხსენებს სამხარაძე, რომლის "ჰერეთიც" მხოლოდ ერთ-ერთია იმ 25 სამაუწყებლო კომპანიას შორის, რომლებიც ლიცენზიების გაცემას უსასრულოდ გაწელილი კვლევის მიზეზით, წლებია, ელოდება.
რამდენიმე კვირის წინ, კომუნიკაციების კომისიის ვებგვერდის მორიგი შემოწმებისას სამხარაძეს სიურპრიზი დახვდა - პრესრელიზი იუწყებოდა, რომ 5 აპრილს, კომისიაში საჯაროდ განიხილავდნენ კვლევის შედეგებს, რომელიც 2004 წლის შემდეგ პირველად გამოქვეყნდებოდა.
ამიტომ ამ ისტორიული დოკუმენტის გასაცნობად სხდომაზე ყველანი შეიკრიბნენ: ლიცენზიის მაძიებლები, ჟურნალისტები, მედიაკომპანიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
კომისიისთვის უჩვეულო იყო თავად გარემოც - ვიდეო კამერების თანხლებით, ინგლისურ ენაზე თარგმანის ფონზე, ამგვარ აქტიურ დებატებში კომისიის წარმომადგენლები მანამდე თითქმის არასდროს ჩართულან.
- რა მეთოდოლოგია გამოიყენა BCG-მ კვლევისას?
- გადაამოწმა თუ არა კომისიამ კვლევის მონაცემები?
- რა დაჯდა კვლევა?
- ივნისში დასრულებული კვლევის საჯარო განხილვა რატომ დაგვიანდა 9 თვით, რომ აღარაფერი ვთქვათ ძველ გადაცდენებზე?
ამ და სხვა უხერხულ კითხვებზე პასუხის გაცემა, შეიძლება ითქვას, პირველად უწევდათ კომისიის წევრებს, რომლებიც მანამდე მედიასთან ურთიერთობას მხოლოდ მშრალი და ლაკონური კორესპონდენციით არჩევდნენ.
„ის, რომ ვინმეს ეჭვის შეტანის უფლება აქვს, არ ნიშნავს, რომ ავტომატურად ვიმართლოთ თავი", - ასე ცდილობდა კომისიის წევრი, სოფო ბრიტანჩუკი უხერხული კითხვების მოგერიებას.
უმთავრესი კითხვა - როგორც ლიცენზიის მაძიებლებისთვის, ისე მედიასაშუალებებისთვის - დღემდე პასუხგაუცემელია: რატომ არღვევდა კომუნიკაციების ეროვნული კომისია 6 წლის განმავლობაში მაუწყებლობის შესახებ კანონს და რატომ არ აქვეყნებდა საზოგადოებრივი აზრის კვლევას, რითაც სამაუწყებლო ლიცენზიების გაცემის პროცესს ძალაუნებურად აფერხებდა?
"ფაქტია, რომ ვადების გადაცდენასთან გვაქვს საქმე", - კომისიის იურისტმა კახი ყურაშვილმა, სხდომაზე, უბრალოდ, ფაქტი დაადასტურა და კვლევის შედეგების წარდგენას შეუდგა.
ძირითადი მიმართულებები, რაც საზოგადოებრივი აზრის ორწლიანი კვლევისას გამოიკვეთა და რაც ლიცენზიის მაძიებელმა სამაუწყებლო კომპანიებმა თავიანთი საეთერო ბადის დაგეგმვისას უნდა გაითვალისწინონ, ასე გამოიყურება:
რაც შეიძლება ბევრი გასართობი ტიპის გადაცემა, „რესპონდენტები მიიჩნევენ, რომ დღეს სატელევიზიო სივრცე ამ მხრივ დეფიციტსაც განიცდის", - წერია კვლევის ძირითად მიგნებებში.
ირკვევა, რომ გამოკითხული მოსახლეობა ყველაზე დიდ დანაკლისს მუსიკალური გადაცემების მიმართ განიცდის - რესპონდენტთა 35.5 პროცენტს სწორედ ასეთი გადაცემების ხილვა სურს. 29 პროცენტი - მეტ გასართობ ტოკ-შოუს ნახავდა, 20 პროცენტს კი არ აკმაყოფილებს სატელევიზიო სერიალების რაოდენობა, რაც ქართულ ტელეარხებზე დღეს გვაქვს და კიდევ უფრო მეტს ითხოვს; შემდეგ ადგილზეა მხატვრული ფილმები (16,2 პროცენტი) და იუმორისტული გადაცემები (15,7 პროცენტი). რაც შეეხება საინფორმაციო გამოშვებებს - მათზე მოთხოვნა საბავშვო გადაცემებზე მოთხოვნასაც კი ჩამორჩება (10.6 პროცენტი) და გადაცემების 11-კომპონენტიან ნუსხაში მერვე ადგილს სჯერდება.
საზოგადოებრივი აზრის კვლევა 2008 წლის ოქტომბრიდან 2010 წლის ივნისამდე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 23 სამაუწყებლო ზონაში ჩატარდა. „BCG კვლევის" წარმომადგენლის, კვლევის ხელმძღვანელის, ხათუნა ხარჩილავას თქმით, სულ 9500 ადამიანი გამოიკითხა. მისი თქმით, კვლევისთვის, როგორც რაოდენობრივი, ასევე თვისებრივი მეთოდოლოგია გამოიყენეს და კვლევა 95 პროცენტიანი სიზუსტით ასახავს საზოგადოების განწყობას:
„ნათელია, რომ საზოგადოების მოთხოვნა დღეს ამგვარია. კვლევა არის ძვირი ფუფუნება, მაგრამ ნებისმიერს შეუძლია, ჩაატაროს სატელეფონო გამოკითხვა თუნდაც ას კაცზე და მონაცემები დალაგდება იმავე თანმიმდევრობით", - ამბობს ხარჩილავა.
თუმცა, სხდომაზე შეკრებილი საზოგადოებისთვის წინააღმდეგობა სწორედ ამ ფრაზაში იყო - "საზოგადოების მოთხოვნა დღეს ამგვარია".
კვლევის სიძველის მიზეზით, კომისიის ოპოზიციონერმა წევრმა, ირაკლი მოსეშვილმა მისი ბათილად ცნობა მოითხოვა: „კვლევა ჩატარდა 2008-10 წლებში, გადაწყვეტილებას ვიღებთ 2011 წელს. ამ კვლევაში კი მოყვანილია რამდენიმე ისეთი გადაცემა, რომელიც უკვე საერთოდ აღარ არსებობს. მაგალითად, ზაალ უდუმაშვილის და ნინო შუბლაძის ტოკ-შოუები „რუსთავი 2-ზე", ვახო სანაიას გადაცემა „იმედზე", ინგა გრიგოლიას დებატები პირველ არხზე. ეს გადაცემები არ არსებობს იმ დროს, როდესაც ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას", - აღნიშნა მოსეშვილმა და ივარაუდა, რომ 2012 წელს საპარლამენტო და 2013 წელს საპრეზიდენტო არჩევნების გამო საინფორმაციო-ანალიტიკურ გადაცემებზე მოთხოვნა გაიზრდება და მოსახლეობის ამ კვლევის მიხედვით გამოკვეთილ პრიორიტეტებს აშკარად შეცვლის.
თუმცა, კვლევის ბათილად ცნობას იდეის ავტორის გარდა კომისიის არც ერთმა წევრმა არ დაუჭირა მხარი. შესაბამისად, კომუნიკაციების კომისია ლიცენზიების გაცემისას მაინც ამ კვლევით იხელმძღვანელებს და მთავარი აქცენტი კვლავაც გასართობ გადაცემებზე გაკეთდება.
"გამოკითხული მოსახლეობის 73 პროცენტი ნომერ პირველ გადაცემად ახალი ამბების გამოშვებას ასახელებს. მოსახლეობას ანალიტიკური გადაცემებისა და ჟურნალისტური გამოძიებების ხილვა სურს", - ეს კი კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის (CRRC-ის) კვლევის შედეგია, რომელიც 2009 წელს ჩატარდა - ანუ ზუსტად იმ პერიოდში, როცა პარალელურად მოსახლეობის განწყობებს „BCG" იკვლევდა. CRRC-იმ მაშინ 2000-მდე რესპონდენტი და 50-მდე პროფესიონალი ჟურნალისტი გამოჰკითხა. გაირკვა, რომ მაყურებლებს ცენტრალური არხის ეთერში სურთ, იხილონ მეტი გადაცემები სოციალური თემების, ადამიანის უფლებების, სიტყვის თავისუფლების, ჯანდაცვის სისტემის, სასამართლოს, საკუთრების უფლების დაცვის, კორუფციის, განათლების რეფორმისა და ქვეყნის შიდა და საგარეო პოლიტიკის კურსის შესახებ.
"ცხადია, ხალხს გართობაც უხარია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათ ხარისხიანი ინფორმაცია არ სჭირდებათ. ეს იგივეა, გამოკითხულებმა თქვან, რომ მათი საყვარელი კერძი შოკოლადის ნაყინია, რაც სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მათ სალათიც არ უნდათ", - ამბობს CRRC-ის რეგიონული დირექტორი, ჰანს გუტბროდი და დასძენს, რომ მოსახლეობის ინტერესს პოლიტიკური თემების მიმართ არა მხოლოდ CRRC-ის, არამედ NDI-ის კვლევებიც ადასტურებს. [pagebreak]
ჰანს გუტბროდის აზრით, კარგი იქნებოდა, კომისიის მიერ კვლევის ჩატარების პროცესი თავიდანვე გამჭვირვალე ყოფილიყო, თუმცა, ახლა არანაკლებ მნიშვნელოვანია, კვლევაზე ფართო დისკუსია დაიწყოს.
ამ, ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებული, შედეგების გამო ლიცენზიის მაძიებლებს კიდევ უფრო მეტი კითხვა უჩნდებათ კომუნიკაციების კომისიის მიერ წარმოდგენილი კვლევის გამართულობისა და მეთოდოლოგიის შესახებ.
რამაზ სამხარაძე, რომელიც სხდომაზე დასასწრებად საგანგებოდ მოემზადა, ფიქრობს, რომ კვლევა ზედაპირული იყო და ლიცენზიის მაძიებლებს სრული სურათი ვერ დაუხატა:
„28-გვერდიან კვლევაში რადიოს მხოლოდ ნახევარი გვერდი ეთმობა, იმ ნახევარ გვერდზეც მხოლოდ რადიოს რეიტინგები წერია. ჩემთვის, როგორც ლიცენზიის მაძიებლისთვის, ეს არანაირ ცოდნას არ იძლევა", - ამბობს სამხარაძე.
კვლევის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს, ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ზვიად ქორიძეც. ქორიძე კვლევის იმ ნაწილზე ამახვილებს ყურადღებას, რომელშიც სათემო მაუწყებლებზეა საუბარი.
ამ მონაცემების მიხედვით, გამოკითხულთა 62,5 პროცენტი მიიჩნევს, რომ სათემო მაუწყებლობას, სპეციფიკიდან გამომდინარე, მაყურებელი არ ეყოლება.
"სათემო სამაუწყებლო არხის არსებობას, რესპონდენტები გამართლებულად არ მიიჩნევენ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებშიც კი... კითხვაზე - რა აზრის ხართ ტელე ეთერში სათემო მაუწყებლობის არსებობაზე? - რაც რესპონდენტებს „სათემო არხის" შინაარსის განმარტების შემდეგ დაესვათ, გამოკითხულთა სოლიდური უმრავლესობა, უარყოფითად პასუხობს", - ნათქვამია კვლევაში.
ზვიად ქორიძე კი ვარაუდობს, რომ რესპონდენტებს სათემო მაუწყებლობის არსი არასათანადოდ განუმარტეს და უარყოფითი პასუხებიც ამიტომ მიიღეს:
„მე არ ვარ დარწმუნებული, რომ თავად მკვლევრები იყვნენ ინფორმირებულნი, თუ რა არის სათემო მაუწყებლობა. თავად კვლევის ხელმძღვანელმა არ იცის, რას ნიშნავს ის და გამოკითხულებს როგორ აუხსნიდნენ", - ამბობს ქორიძე.
სხდომაზე მისულმა ქორიძემ „BCG კვლევის" წარმომადგენელს ჰკითხა, თუ როგორ განუმარტეს მკვლევრებმა სათემო მაუწყებლობა რესპონდენტებს. კითხვაზე პასუხის გასაცემად ხარჩილავამ კანონი მაუწყებლობის შესახებ მოიმარჯვა და ხმამაღლა ამოიკითხა:
„სათემო მაუწყებლობა არის კერძო სამართლის არაკომერციული ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ განხორციელებული მაუწყებლობა, რომელიც უზრუნველყოფს მაუწყებლობის პროცესში საზოგადოების იმ ნაწილის მონაწილეობას, რომელსაც ის ემსახურება, და რომელიც მიზნად არ ისახავს მოგების მიღებას".
ქორიძის თქმით, ამგვარი განმარტებით, რესპონდენტები ვერ მიხვდებოდნენ სათემო მაუწყებლობის მნიშვნელობას და შესაბამისად, მისდამი ინტერესსაც ვერ გამოთქვამდნენ.
კვლევის ეს კონკრეტული შედეგი კიდევ უფრო ბევრ კითხვას ბადებს იმ ფონზე, რაც ორი წლის წინ ნინოწმინდასა და მარნეულში მოხდა. ამ ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, ლიცენზიის მომლოდინე ადგილობრივი მოხალისე ჟურნალისტები რადიოგადაცემებს სკვერში გაყვანილი ხმამაღლამოლაპარაკით გადასცემდნენ. მათ ყოველ გადაცემას კი ორი წლის განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობა ერთგულად ელოდა.
კვლევის შედეგებს არასარწმუნოდ მიიჩნევს რეგიონული მაუწყებლების ასოციაციის ხელმძღვანელი, ნათია კუპრაშვილიც. მისი თქმით, კვლევის ძირითად ნაწილში მოყვანილი მონაცემები ბადებს ეჭვს, რომ კვლევა მხოლოდ თბილისშია ჩატარებული და რეგიონების მოსახლეობა BCG-ის სინამდვილეში არც გამოუკითხავს:
კვლევის თანახმად, რეგიონის მოსახლეობიდან გამოკითხულთა 65 პროცენტი არ მიიჩნევს აუცილებლად რეგიონალური სატელევიზიო არხების არსებობას და მხოლოდ 24 პროცენტს მიაჩნია, რომ კარგი იქნებოდა მსგავსი არხების არსებობა, რადგან საკუთარი რეგიონის შესახებ ცენტრალურ არხებზე ინფორმაცია იშვიათად გადის. „ასე შეიძლება მხოლოდ იმ რეგიონში იმსჯელონ, სადაც არ არსებობს რეგიონული ტელევიზია, ასეთი ზონა კი მხოლოდ თბილისია, ამიტომ ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ კვლევა ჩატარდა მხოლოდ თბილისში და არ ჩატარებულა საქართველოს რეგიონებში", - ამბობს კუპრაშვილი.
კვლევის გამართულობისა და შედეგების სიზუსტის დამტკიცებას კომუნიკაციების კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი, კახი ყურაშვილი კიდევ ერთი, დამოუკიდებელი ორგანიზაციის - TTVMRG -ის მიერ ჩატარებული კვლევის დამოწმებით შეეცადა.
„კომისიამ „BCG კვლევის" მიერ შესრულებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები შეადარა მისი ალტერნატიული კვლევითი ორგანიზაციის - TVMRG-ის მიერ ტელეყურების მახასიათებლების საბაზისო კვლევის შედეგებს, რომელიც 2010 წლის ნოემბრით თარიღდებოდა და საჯარო ხელმისაწვდომობით იყო უზრუნველყოფილი. დადგინდა, რომ BCG კვლევის მიერ წარმოდგენილი ანგარიშის მონაცემები და TVMRG-ის შედეგები მსგავსი იყო", - განაცხადა ყურაშვილმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, როგორ მოიპოვა კომისიამ კვლევა, რომელიც სინამდვილეში მხოლოდ კლიენტებისთვის იყო ხელმისაწვდომი, მათ შორის კი კომუნიკაციების კომისია არ ყოფილა. [pagebreak]
კრიტიკისა და უპასუხოდ დარჩენილი კითხვების მიუხედავად, კომუნიკაციების კომისიამ კვლევის შედეგები მაინც მიიღო და გადაწყდა, რომ სწორედ ამ კვლევის მიხედვით უნდა დაადგინოს ორგანიზაციამ მაუწყებლობის პრიორიტეტები.
კითხვაზე - მხოლოდ ამ მონაცემებს დაეყრდნობა კომისია პრიორიტეტების განსაზღვრისას, თუ სხვა კვლევებთან შეაჯერებს - კომისიის სამართლებრივი დეპარტამენტის უფროსი, კახი ყურაშილი კანონის განმარტებით პასუხობს: „კანონის შესაბამისად, კომისია ტელე-რადიო მაუწყებლობის პრიორიტეტებს ამტკიცებს საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით". ხოლო კითხვაზე პრიორიტეტების თანმიმდევრობა იგივე იქნება თუ არა, როგორც ეს კვლევის შედეგებშია, ანუ მთავარი აქცენტი გასართობ გადაცემებზე გაკეთდება თუ არა, ყურაშვილი პირდაპირ არ პასუხობს და აცხადებს, რომ ამ თემაზე კომისია იმსჯელებს.
სტუდია „მონიტორის" ჟურნალისტი ნინო ზურიაშვილი, რომელიც მედია ადვოკატირების კოალიციის წევრიცაა, ამბობს, რომ აუცილებელია, კვლევის მონაცემებს ლიცენზიის მაძიებლებისთვის მხოლოდ რეკომენდაციის ხასიათი ჰქონდეს.
„ჩვენ ამ მოთხოვნით მივმართავთ პარლამენტს. მაძიებლებს უნდა მიეცეთ ისეთი ლიცენზია, როგორსაც თვითონ მოითხოვენ. დანარჩენი მისი გადასაწყვეტია - ის ხომ თვითონ გაკოტრდება, თუ არასწორ პრიორიტეტს აირჩევს", - აცხადებს ზურიაშვილი.
მედია ბაზრის მრავალფეროვნების გაზრდა - კომუნიკაციების კომისიისგან ამას უკვე არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ითხოვს. საგანგებოდ გავრცელებულ განცხადებაში "საერთაშორისო გამჭვირვალობა" მოუწოდებს კომისიას, ლიცენზიების გაცემის შემდეგ რაუნდზე პრიორიტეტი ახალი ამბებისა და საგანმანათლებლო გადაცემების მომწოდებელ არხებს მიანიჭოს.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" შიშობს, რომ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შესაძლებელია, საზოგადოებრივი კვლევის შედეგები ლიცენზიებზე უარის სათქმელად გამოიყენოს იმ აპლიკანტებისათვის, რომლებიც საინფორმაციო გადაცემების, პოლიტიკური დებატების, საგამოძიებო ფილმების ან სხვა ინფორმაციული და საგანმანათლებლო შინაარსის პროგრამების მაუწყებლობას გადაწყვეტენ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მარეგულირებელი კომისიის საბჭო მომავალი წლების სალიცენზიო პრიორიტეტების განსაზღვრისას მხევდველობაში მიიღებს საქართველოს სატელევიზიო ბაზრის რეალობას, რომელიც გასართობ პროგრამებს მრავლად გვთავაზობს, მაგრამ ჟურნალისტური კონკურენციის ნაკლებობას განიცდის. ასევე მწირია რეგიონებში მიმდინარე მოვლენების შესახებ რეპორტაჟები", - ნათქვამია განცხადებაში.
მაუწყებლობის პრიორიტეტების გამოცხადებამდე კომისიამ 10 დღიანი ტაიმ-აუტი აიღო. გადაწყვეტილება 18 აპრილის სხდომაზე გახდება ცნობილი. იმავე დღეს გაირკვევა, გაითვალისწინებს თუ არა კომისია ლიცენზიის მაძიებლების, მედიის და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებს, თუ პრიორიტეტებს მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის საფუძველზე განსაზღვრავს. გამოდის, რომ სწორედ 18 აპრილს გაირკვევა, თუ რით შეივსება ქართული ტელეარხების ყოველდღიური სამაუწყებლო ბადე - დამატებითი ტელესერიალებითა და მუსიკალური შოუებით, თუ პოლიტიკურ-ანალიტიკური და შემეცნებითი გადაცემებით.