Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თვითმკვლელობა თუ უბედური შემთხვევა

08 მაისი 2011

3 მაისს, გამთენიისას, ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ექიმებმა გადაუდებელი ოპერაცია გაუკეთეს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსს ვასილ სანოძეს.

3 მაისს, გამთენიისას, ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ექიმებმა გადაუდებელი ოპერაცია გაუკეთეს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსს ვასილ სანოძეს.

იმ დილით ეროვნული სამედიცინო ცენტრის ეზო შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სხვა უწყებების მაღალჩინოსნებმა შეავსეს. საავადმყოფოს ტერიტორიაზე, მედპერსონალისა და სპეციალური საშვების მქონე პირების გარდა, შესვლა ყველას აეკრძალა, მათ შორის, ჟურნალისტებსაც.

"როდესაც პაციენტი მოიყვანეს, მაშინვე გავრცელდა საავადმყოფოში ხმა, რომ შსს-ს თანამშრომელი იყო, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა," - აცხადებს ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრის ერთ-ერთი თანამშრომელი "ლიბერალთან" საუბარში.

დღის პირველ ნახევარში მაღალჩინოსნის დაჭრას ჟურნალისტებს არავინ უდასტურებდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ღამით მომხდარი ინციდენტის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ შუადღისას გაავრცელა. შსს-ს ცნობით, მოხდა უბედური შემთხვევა და ვასილ სანოძეს საკუთარი ტაბელური იარაღი შემთხვევით გაუვარდა. შსს-ს ადმინისტრაციის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა კატეგორიულად უარყო თვითმკვლელობის ვერსია. თუმცა შსს-ში ვერ განმარტავენ, როგორ შეიძლებოდა ადამიანს, რომელსაც იარაღთან ყოველდღიური ურთიერთობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება აქვს, საკუთარი ტაბელური პისტოლეტიდან ტყვია საფეთქელთან შემთხვევით მოხვედროდა.

ღუდუშაურის ეროვნული სამედიცინო ცენტრის ნეიროქირურგი, გრიგოლ ნანავა განმარტავს, რომ   პაციენტს მარჯვენა საფეთქელთან ჰქონდა შემავალი ჭრილობა. შუბლის მარცხენა ნაწილში კი - გამავალი. ნანავას თქმით, ჭრილობის ტრაექტორია იყო ოდნავ ქვემოდან ზემოთ.

ექსპერტ-კრიმინალისტის, გია გოგიას განმარტებით, ასეთ შემთხვევებში გამოძიებაში ჩართული უნდა იყოს როგორც სასამართლო ბალისტიკური, ისე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა. ექსპერტიზის დასკვნა, როგორც წესი, მყარ საფუძველს იძლევა, რათა კონკრეტულად დადგინდეს, დაზარალებულმა თვითმკვლელობა სცადა, თუ ინციდენტი გაუფრთხილებლობის გამო მოხდა.

მაშინ, როდესაც ვასილ სანოძის ოთახში სროლის ხმა გაისმა, წერეთლის გამზირზე მდებარე სახლში დაზარალებულთან ერთად ოჯახის სხვა წევრებიც იმყოფებოდნენ. არც ერთ მეზობელს გასროლის ხმა არ გაუგია. მათ სანოძეების ბინიდან მხოლოდ ოჯახის წევრების ყვირილი გაიგეს, იმ დროს როცა მათ დაჭრილი შვილი იპოვეს.

მეგობრების ინფორმაციით, იარაღი ვასილ სანოძის სახლში დაბრუნებიდან ნახევარი საათის შემდეგ გავარდა.

ის საღამო შსს გენერალური ინსპექციის უფროსმა მეგობრებთან ერთად გაატარა. მეგობრები შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, შს მინისტრის მეუღლის, თაკო სალაყაიას ბიძაშვილის, გიორგი ჯინჭველაძის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.

ვასილ სანოძის მეგობრები, რომლებიც უბედური შემთხვევის საღამოს მასთან ერთად იყვნენ,  იხსენებენ, რომ სანოძე კარგ ხასიათზე იყო და ის სახლამდე მეგობარმა, თბილისის საპატრულო პოლიციის შეფმა გოგა გრიგალაშვილმა მიიყვანა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესნიუსი" იუწყებოდა, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი სუფრის წევრები, მათ შორის, ვასილ სანოძეც, დაახლოებით დილის 4 საათისთვის გამოვიდნენ რესტორან "პურის სახლიდან". თუმცა რესტორნის ადმინისტრაცია ამ სტუმრების რესტორანში ყოფნის ფაქტს არ ადასტურებს.

3 მაისის საღამოსთვის გავრცელდა ინფორმაცია, რომ სანოძის მდგომარეობა შედარებით სტაბილური იყო და რეანიმაციულ განყოფილებაში ის სასუნთქ აპარატზე იყო შეერთებული.

გადაუდებელი ოპერაციის დასრულების შემდეგ ვასილ სანოძე ღუდუშაურის სახელობის კლინიკიდან სასწრაფო დახმარების მანქანით და შინაგან საქმეთა სამინისტროს ესკორტით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გადაიყვანეს, საიდანაც ის სპეციალური რეისით ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში მკურნალობის გასაგრძელებლად  გადააფრინეს.

ვასილ სანოძე საჯაროდ პირველად  "ვარდების რევოლუციის" შემდეგ გამოჩნდა. ის და თავდაცვის ახლანდელი მინისტრი დათა ახალაია პრეზიდენტ სააკაშვილის სპეციალური დავალებით 2004 წელს აჭარაში, საბაჟო სამსახურის და ბათუმის პორტის გასაკონტროლებლად გაგზავნეს. ამ ნაბიჯით მიხეილ სააკაშვილი აჭარის ტერიტორიაზე ცენტრალური ხელისუფლების ძალაუფლების გაძლიერებას ცდილობდა.

სანოძე ყურადღების ცენტრში კვლავ მოექცა 2006 წელს, როცა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის ღამეს იმ სუფრასთან იჯდა, რომელთანაც მოკლულ გირგვლიანს შელაპარაკება მოუვიდა. ვასილ სანოძე ამ დროს შინაგან საქმეთა სამინისტროში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა და სწორედ მის დაბადების დღეს აღნიშნავდნენ "შარდენ-ბარში" შეკრებილი თანამშრომლები, მათ შორის, დათა ახალაიაც. იქვე იყო შს მინისტრის მეუღლე, თაკო სალაყაია. ვასილ სანოძე სანდრო გირგვლიანის საქმის სასამართლო პროცესზე მოწმის სტატუსით დაკითხეს, თუმცა გირგვლიანის ადვოკატებსა და მეგობრებს ის მკვლელობის ერთ-ერთ დამკვეთად მიაჩნიათ. მაშინ სანოძემ და ახალაიამ "მორალური პასუხისმგებლობის" გამო თანამდებობები დატოვეს, თუმცა მალევე ორივე მაღალჩინოსანი თანამდებობებზე აღადგინეს.

ვასილ სანოძო საჯაროდ ბოლოს 2009 წელს გამოჩნდა. ოპოზიციური საპროტესტო აქციების დროს ის ტელეკამერებმა მაშინ დააფიქსირეს, როდესაც პარლამენტთან შეკრებილ მომიტინგეებს ჩიტაძის ქუჩაზე მდებარე შენობის ფანჯრიდან წყლით სავსე ცელოფნის პაკეტებს ესროდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^