Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"კორტების ტრაგედია"

23 მაისი 2011

2006 წლის 2 მაისს, დაახლოებით დილის 10 საათზე, ივლიტა გაჩეჩილაძეს, რომელიც  მტკვრის ქუჩა # 6-ში ცხოვრობს, ქუჩიდან  სროლის ხმა შემოესმა.  მისი ფანჯრები სანაპიროზე გადის, საიდანაც კარგად ჩანს "დინამოს" კორტები და მიმდებარე ტერიტორია.

ფანჯრიდან მან ათამდე ხაკისფერფორმიანი და ნიღბიანი ადამიანი დაინახა, რომლებიც მუქი ფერის უცხოური მარკის ავტომანქანას უახლოვდებოდნენ. ავტომანქანა არ მოძრაობდა - იგი კორტების კედელთან ბოძს ცხვირით იყო შეჯახებული. სროლის ხმა კორტების მხრიდან, ანუ კედლის შიგნიდან გამოდიოდა. ივლიტა გაჩეჩილაძე, რომელიც მოვლენებს თავიდან ბოლომდე ადევნებდა თვალს, ამბობს, რომ ავტომანქანიდან სროლის ხმა არ გაუგია. მან ავტომანქანის უკანა სალონიდან გადმოვარდნილი ადამიანი დაინახა. გაჩეჩილაძე დარწმუნებულია, რომ ამ ადამიანს ხელში არაფერი ეჭირა. ივლიტა გაჩეჩილაძეს არ გაუგია სამართალდამცავთა მხრიდან რაიმე მოწოდება გაჩერების ან დანებების შესახებ.

იგი იხსენებს, რომ იმ დღეს ქუჩაში ხალხმრავლობა იყო. ამ ყველაფერს კინოკამერით  სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ადამიანი იღებდა.

იმ დღეს, 2 მაისს, დილით, ზურა ვაზაგაშვილის დედა  ტელევიზორს უყურებდა, როცა საინფორმაციო გამოშვებაში „ყაჩაღებზე განხორციელებულ სპეცოპერაციაზე" მოისმინა.  კადრებს რომ შეხედა, საკუთარი შვილის ჩაცხრილული მანქანა ამოიცნო.

უკვე ხუთი წელია, "დინამოს" კორტებთან,  იმ ადგილას, სადაც მუქი ფერის BMW ბოძს შეეჯახა,  ზურა ვაზაგაშვილის მშობლები წელიწადში ორჯერ იკრიბებიან:  მის დაბადების დღეს - 9 თებერვალს, და გარდაცვალების დღეს - 2 მაისს.  გასულ კვირას იქ ასეულობით ადამიანი მივიდა - განათების ბოძთან ყვავილებს ალაგებდნენ და სანთლებს ანთებდნენ.

2006 წლის 2 მაისს შსს-ს კრიმინალური პოლიციის მიერ კორტებთან ჩატარებულ  სპეცოპერაციას ზურაბ ვაზაგაშვილის და ალექსანდრე ხუბულოვის სიცოცხლე შეეწირა. სპეცოპერაცია, რომელსაც "კორტების ტრაგედია" შეარქვეს, სანდრო გირგვლიანის და ბუტა რობაქიძის მკვლელობებთან ერთად, ბოლო დროის ყველაზე გახმაურებულ საქმედ იქცა, რომელიც თავის განაჩენს ახლა უკვე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოდან ელოდება.

სარჩელი სახელწოდებით "ვაზაგაშვილი და შანავა საქართველოს წინააღმდეგ" სტრასბურგში მას შემდეგ მოხვდა, რაც საქართველოში ეს საქმე გამოძიებულად და დახურულად ისე გამოცხადდა, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის ფაქტზე  არავინ დასჯილა.

2006 წლის 2 მაისს, შსს-ს სპეცოპერაციიდან რამდენიმე საათში, საგანგებო ბრიფინგი  კრიმინალური პოლიციის უფროსმა ირაკლი ქადაგიძემ გამართა.

მან თქვა, რომ „მაკაროვის", „ჩეზეს" და „ვალტერის" სისტემის ოთხი პისტოლეტით შეიარაღებული დამნაშავეები შავი ფერის  BMW-ს მარკის ავტომანქანით ბარათაშვილის ხიდის მიმართულებით მოძრაობდნენ. სპეცოპერაცია  დაახლოებით 9 საათსა და 45 წუთზე ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა. ამ ინფორმაციის თანახმად, ყაჩაღური ჯგუფის წევრები ერთ-ერთი ბინის დასაყაჩაღებლად მიდიოდნენ. ხუბულოვისა და ვაზაგაშვილის ლიკვიდაცია კი გარდაუვალი იმიტომ გახდა, რომ მათ სპეციალური დანიშნულების რაზმს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს.

სისხლის სამართლის საქმე ორი მიმართულებით აღიძრა. შსს-ს კრიმინალურმა პოლიციამ დაიწყო გამოძიება ხუბულოვის, ვაზაგაშვილისა და ფუთურიძის მიერ ყაჩაღური თავდასხმის მომზადების ფაქტზე, ხოლო მოგვიანებით პროკურატურამ იმის გარკვევა სცადა, დაარღვია თუ არა პოლიციამ კანონი სპეცოპერაციის ჩატარების დროს. თუმცა, არც ერთი ეს საქმე ბოლომდე გამოძიებული არ არის.

პროკურატურამ, რომელიც ამ საქმეს იძიებდა,  ზუსტად იგივე ვერსია გაიმეორა, რომელიც სპეცოპერაციის დღეს შსს-ს მაღალჩინოსანმა ბრიფინგზე გამოთქვა.

საქმეში არსებული შეუსაბამობების გათვალისწინებით, ასევე სრულიად ბუნდოვანი რჩება პასუხი კითხვაზე - მართლა მიდიოდნენ თუ არა ვაზაგაშვილი და მისი თანხმლები პირები ბინის დასაყაჩაღებლად?

ოფიციალური ვერსიით, კორტებთან სპეცოპერაციის ჩატარების მიზეზი შსს-ს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებრო სამმართველოს მე-6  განყოფილების უფროსის მოადგილის მიერ 2006  წლის  2  მაისს შედგენილი პატაკი გახდა.

პატაკში წერია:  "მიღებული  ოპერატიული  ინფორმაციით,  ვაკე-საბურთალოს რაიონში მოქმედი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა ა. ხუბულოვმა, ზ. ვაზაგაშვილმა და ბ. ფუთურიძემ,  ასევე ჯერჯერობით დაუდგენელ  სხვა პირთან ერთად, მოამზადეს ყაჩაღური თავდასხმა თბილისში, სავარაუდოდ, ისანი-სამგორის რაიონში,  ჯერჯერობით დაუდგენელ პირებზე.  მიმდინარე წლის 2  მაისს  მითითებული პირები იკრიბებიან საბურთალოს ქუჩაზე სახანძროს შენობის მიმდებარე  ტერიტორიაზე.  ამავე  ინფორმაციით,  შესაძლებელია,  ისინი გადაადგილდნენ მუქი ფერის BMW-ს მარკის ავტომანქანით. აღნიშნულს გაცნობებთ შემდგომი რეაგირებისთვის".

„რეაგირება" ოპერატიული  სამძებრო ღონისძიებების ჩასატარებლად კონკრეტული გეგმის შედგენას გულისხმობს. შსს-ს დოკუმენტებში ეს გეგმა მართლაც არსებობს, ოღონდ, იგი 1 მაისით თარიღდება. გამოდის, რომ კრიმინალურმა პოლიციამ 1 მაისს შეადგინა ოპერატიული ღონისძიებების გეგმა იმ ინფორმაციაზე, რომელიც მხოლოდ ერთი დღის შემდეგ - 2 მაისს გაიგო.

კრიმინალური პოლიციის უფროსის ირაკლი ქადაგიძის მიერ 1 მაისს დამტკიცებული ბრძანების მიხედვით, „ყაჩაღების" წინააღმდეგ სპეცოპერაციისთვის   დაახლოებით ათკაციანი ოთხი ჯგუფი იქმნება. 40-მდე შეიარაღებული თანამშრომელი  „ჯერჯერობით დაუდგენელ" რაიონში, „ჯერჯერობით დაუდგენელ" პირებზე „ჯერჯერობით  დაუდგენელ" პირთან ერთად საყაჩაღოდ წასული სამი ადამიანის სათვალთვალოდ მიდის.

პირველ ინფორმაციებში, რომლებიც 2 მაისს სპეცოპერაციის შესახებ გავრცელდა, მხოლოდ ხუბულოვის გვარი ფიგურირებდა. ვინ იყო მეორე ჩაცხრილული ახალგაზრდა, პოლიცია ამის შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებდა. დაცვის მხარე ვარაუდობს, რომ ეს ინფორმაცია მას არც ჰქონდა.

ავტომანქანაში მჯდომი კიდევ ერთი ადამიანი  - ბუბა ფუთურიძე მძიმედ დაიჭრა. მან მოგვიანებით დანაშაული აღიარა და პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა: „შემომთავაზეს, დაგვეყაჩაღებინა ვინმე... ზუსტი სახელი მე თვითონ არ ვიცი... ამისათვის შევიძინეთ რამდენიმე იარაღი..." - უთხრა მან სამართალდამცავებს.

ფუთურიძე ციხიდან უკვე გამოუშვეს, თუმცა ვაზაგაშვილის ოჯახს მასთან კონტაქტი არ აქვს და მისი ადგილსამყოფელის შესახებ არაფერი იციან.

22 წლის ზურა ვაზაგაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ეკონომიკის ფაკულტეტის მეოთხე კურსზე სწავლობდა.  პარალელურად კი, თბილისში, ამბროლაურის ქუჩაზე საკუთარი კაფე ჰქონდა გახსნილი.  ახლა,  ამ ადგილას არასამთავრობო ორგანიზაციის "გადავარჩინოთ სიცოცხლე" ოფისია, რომელიც ზურას გარდაცვალების შემდეგ მამამისმა იური ვაზაგაშვილმა დააფუძნა. ოფისი ზურას სიკვდილთან დაკავშირებული დოკუმენტებით, მტკიცებულებებით,  ვიდეო და ფოტომასალებით არის სავსე.

"სიკვდილის დღეს ზურა უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში გამოცდებზე მიდიოდა.  დილით შეყვარებული გაიყვანა ინსტიტუტში, თვითონ კი დაიბარა, მალე დავბრუნდებიო", - იხსენებს იური ვაზაგაშვილი.

ზურაბ ვაზაგაშვილი ნასამართლევი არ ყოფილა.  ნასამართლევი იყო მისი მეზობელი ალექსანდრე ხუბულოვი, რომელიც,  პოლიციის მოხსენების მიხედვით, შემთხვევამდე 3 თვით ადრე გამოვიდა ციხიდან. „სინამდვილეში, ესეც ტყუილია. ხუბულოვი არასრულწლოვანი იყო, ციხეში რომ ჩასვეს. ამ შემთხვევიდან 3 თვის კი არა, 3 წლის წინ გამოვიდა ციხიდან. მას შემდეგ ცოლიც შეირთო და ორი შვილიც დარჩა. 3 თვეში როგორ მოასწრებდა?"  -  ამბობს ვაზაგაშვილის მამა.

სამძებრო პოლიციის მიერ შედგენილ პატაკში და მოგვიანებით ნაციონალურ ტელეარხებზე გავრცელებული ინფორმაციით,  ვაზაგაშვილი, ხუბულოვი და მათი სხვა თანამოაზრეები ყაჩაღური დაჯგუფების წევრები იყვნენ და ერთად მორიგ დანაშაულს გეგმავდნენ.

იური ვაზაგაშვილი  მათ სიკვდილამდე ბოლო სამი თვის სატელეფონო საუბრის ჩანაწერების სიას გვიჩვენებს, რომელიც სტრასბურგშიც არის გაგზავნილი. ამ ჩანაწერების მიხედვით, ვაზაგაშვილსა და ხუბულოვს ერთმანეთთან 3 თვის მანძილზე ტელეფონზე ერთხელაც არ უსაუბრიათ. პირველად სწორედ 1 მაისის, სიკვდილის წინა ღამეს  დაურეკა ხუბულოვმა ვაზაგაშვილს, თუმცა ეს სატელეფონო  ჩანაწერი პოლიციას დღემდე არ გაუხმაურებია და ისევ საიდუმლოდ რჩება, თუ რაზე ისაუბრეს მათ 117 წამის განმავლობაში. პოლიციამ მხოლოდ 2 მაისს დილით ჩაწერილი საუბარი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, ხუბულოვი ვაზაგაშვილს შეხვედრაზე უთანხმდება.

პოლიციის ვერსიით, ამ „ყაჩაღურ  დაჯგუფებას" კორტების ინციდენტამდე ორი დღით ადრე -  30 აპრილს ერთ-ერთი ლომბარდის დაყაჩაღებასთან ჰქონდა კავშირი. ვაზაგაშვილის მამა ამბობს, რომ 30 აპრილს ზურა მეგობრის ქორწილში მეჯვარე იყო და ამის უამრავი მოწმე არსებობს.

საინტერესო აქ ისიც არის, რომ ოპერატიულ გეგმაში, რომელიც შსს-ს ვერსიით, 1 მაისს შედგა, ზუსტად არის მითითებული ზურაბ ვაზაგაშვილის სახლის მისამართი. თუ ვაზაგაშვილმა  30 აპრილს ლომბარდი დააყაჩაღა, რაც მძიმე დანაშაულია და პოლიციამ ვაზაგაშვილის მისამართი იცოდა, რატომ არ დააკავა იგი მანამდე და რატომ დასჭირდა ამისთვის კორტებთან სისხლიანი სპეცოპერაცია?

კორტებთან მომხდარი ამბავი პირველი სპეცოპერაცია არ ყოფილა, რომელიც იმ პერიოდში შს მინისტრის, ვანო მერაბიშვილის უწყებამ მსხვერპლით დაასრულა. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ინფორმაციით,  2006 წელს პოლიციის სპეცოპერაციებს  სულ მცირე 24 ადამიანი ემსხვერპლა. გირგვლიანისა და ვაზაგაშვილის საქმეებთან ერთად, იმ დროით თარიღდება ასევე  ამირან რობაქიძის,  გიორგი თელიას (2006 წლის 16 თებერვალი), კიზირიას (2006 წლის  25 თებერვალი)  გახმაურებული საქმეებიც.

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", რომელმაც სხვა იურისტებთან ერთად ასევე ჩაატარა ვაზაგაშვილის საქმის სამართლებრივი ექსპერტიზა, თავის განცხადებაში აღმიშნავდა, რომ სამართალდამცავ სტრუქტურებში დამნაშავე პირთა  დაუსჯელობამ ქვეყანაში  დაუსჯელობის სინდრომი დაამკვიდრა  და იმის განცდა, რომ მიუხედავად ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა,  "პოლიციელი ყოველთვის მართალია".

2006 წლის 24 თებერვალს, კორტების სპეცოპერაციამდე 2 თვით ადრე, როდესაც სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამო პარლამენტმა შინაგან საქმეთა მინისტრი დაიბარა, ვანო მერაბიშვილს შეკითხვა დაუსვეს ერთ-ერთ სპეცოპერაციაზე, რომელიც პოლიციის მიერ დამნაშავედ მიჩნეული ადამიანის ლიკვიდაციით დასრულდა. პასუხად, მინისტრმა განაცხადა:

"დიახ, ჩვენ ზოგჯერ ოპერაციების განხორციელების დროს გვიწევს დამნაშავეების ადგილზე ლიკვიდაცია. ეს არის ჩვეულებრივი, კლასიკური ინსტრუქცია, რომ თუ პოლიციელს ემუქრება საფრთხე, პოლიციელს არათუ უფლება აქვს, ვალდებულია გამოიყენოს იარაღი. რა თქმა უნდა, პოლიციელმა უნდა დაიცვას კანონი და თქვენ თუ გექნებათ თუნდაც ერთი ფაქტი პოლიციელის მხრიდან ვინმეს ლიკვიდაციის დროს უფლებამოსილების გადამეტების შესახებ, ჩვენ მზად ვართ განვიხილოთ და, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ადამიანი დაისჯება."

ათი დღით ადრე -  2006 წლის 14 თებერვალს,  პარლამენტში საგაზაფხულო სესიაზე გამოსვლისას პრეზიდენტი სააკაშვილი "ნულოვანი ტოლერანტობის" პოლიტიკის დანერგვის წინადადებით გამოვიდა. მისი ინიციატივით სისხლის სამართლის კოდექსში უნდა შესულიყო ცვლილებები, რომელთა მიხედვითაც, წვრილმან დანაშაულზეც კი უნდა გაუქმებულიყო პირობითი სასჯელი: "მე ვაცხადებ ნულოვან ტოლერანტულობას წვრილმანი დანაშაულისთვისაც კი... ქურდები, მძარცველები, ყველა მათგანი ციხეში უნდა წავიდეს... მათ მიმართ ტოლერანტობა არ უნდა იყოს... ეს ყველამ უნდა გაიგოს, სასამართლომაც და ყველამ", - სააკაშვილის გამოსვლა იმ დღეს ძალიან ემოციური იყო.

მართლა მიდიოდნენ თუ არა ვაზაგაშვილი, ხუბულოვი და ფუთურიძე ბინის დასაყაჩაღებლად? კორტებთან მომხდარის შემდეგ ეს კითხვა ამ საქმეში მეორეხარისხოვნად იქცა. საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და თვითმხილველების ნაამბობის მიხედვით იკვეთება, რომ, "დინამოს" კორტებთან შავ "ბეემვე"-ში მყოფი პირები 2006 წლის 2 მაისს 09 საათსა და 45 წუთისთვის, იმ დროს, როცა სპეცოპერაცია ჩატარდა, საზოგადოებისთვის საფრთხეს არ წარმოადგენდნენ.

ბევრად უფრო მეტი საფრთხე იმ დღეს სამართალდამცავების მხრიდან მოდიოდა, რომლებიც ხალხმრავალ ადგილას 4-5 წუთის განმავლობაში ისროდნენ.

მარიამ ცომაია, რომელიც 2006 წლის 2 მაისის დილას საკუთარი მანქანით კორტებთან აღმოჩნდა, ჰყვება: "კორტებთან შუქნიშანზე გავჩერდი.  ჩემს წინ მეორე რიგში იდგა ტაქსი,  მის გვერდით, მარცხნივ შავი "ბეემვე", რომელიც "შავი ბუმერი" მეგონა და ამიტომ ყურადღება მივაქციე. ამ მანქანას რომ ვაკვირდებოდი, უეცრად სიჩუმეში  სროლის ხმა გაისმა.  ყველა მხრიდან მორბოდნენ შეიარაღებული უფორმო, შემდეგ ფორმიანი და ნიღბიანი ადამიანები, რომლებიც ისროდნენ "ბეემვე"-ს მიმართულებით.  დაახლოებით 1  წუთის შემდეგ "ბეემვე" მოწყდა ადგილიდან, კორტებისკენ დაიძრა და ბოძს შეეჯახა. მანქანას შეიარაღებული პირები მიცვივდნენ და სროლას განაგრძობდნენ. დანამდვილებით შემიძლია ვთქვა,   რომ "ბეემვე"-დან სროლა არ ყოფილა".

მოწმეები იხსენებენ, რომ მას შემდეგ,  რაც შავი BMW ბოძს შეეჯახა, შიგნით მყოფები კი უკვე ან მკვდრები ან მძიმედ დაჭრილები იყვნენ, მანქანასთან მისულმა პოლიციელებმა გაუნძრევლად მყოფ მგზავრებს კიდევ ესროლეს.

სახალხო დამცველის მიმართვით,  დამოუკიდებელი ექსპერტიზის სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა ჩაცხრილული მანქანა გამოიკვლია. ალტერნატიულმა ექსპერტიზამ  აჩვენა, რომ შავ „ბეემვე"-ში ყველა ტყვია მხოლოდ შემავალია და მანქანაში მსხდომებს იარაღი არ გამოუყენებიათ. ამავე ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით კი, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა  840 ტყვია ისროლეს.

ივლიტა გაჩეჩილაძეც და მარიამ ცომაიაც დაცვის მხარის მიერ მოწვეული მოწმეები არიან, რომელთა ჩვენებები სრულად  უგულებელყო გამოძიებამ.

გამოძიებამ თვითმხილველთა გამოვლენა და დაკითხვა მნიშვნელოვნად არ ჩათვალა, მიუხედავად იმისა, რომ მათი პოვნა რთული არ იყო - იმ დღეს შემთხვევის ადგილზე სხვადასხვა ტელეკომპანიის კამერები მუშაობდნენ, კადრებში ფიგურირებდა უამრავი ადამიანი, ბევრი მათგანი ინტერვიუსაც აძლევდა ჟურნალისტებს მომხდარის შესახებ. პროცესის მწარმოებელმა ორგანომ მტკიცებულებად მხოლოდ იმ პოლიციელთა ჩვენებები მიიჩნია, რომლებიც თავად მონაწილეობდნენ სპეცოპერაციაში.

2009 წელს საქმეში ახალი მასალების აღმოჩენის გამო მაშინდელმა სახალხო დამცველმა, სოზარ სუბარმა, რომელმაც კორტების სპეცოპერაციას "სახალხო დახვრეტა" უწოდა, პროკურატურაში საქმე ხელახალი გამოძიებისთვის გადააგზავნა.  სახალხო დამცველის აპარატი  პროკურატურიდან პასუხს დღემდე ელოდება. ამჟამინდელი ომბუდსმენი  გიორგი ტუღუში ამბობს:  „პროკურატურა პასუხს  პრინციპულად არ იძლევა. დასკვნა გამომაქვს, რომ ამ საქმის ხელახლა გამოსაძიებლად ნება არ არსებობს.  პროკურატურა, როგორც ჩანს, უარს აცხადებს ხელახალ გამოძიებაზე, თუმცა სახალხო დამცველისთვის ამის საჯაროდ მოწერა არ უნდა".

ზურაბ ვაზაგაშვილის მამა ამბობს, რომ სამართალდამცავები მის ოჯახს გამოძიების პროცესში მუდმივად უქმნიდნენ დაბრკოლებებს. მისი თქმით, კორტებთან მომხდარი სპეცოპერაციიდან ერთ წელიწადში მათ დაზარალებულების სტატუსი მოუხსნეს იმის გამო, რომ საქმის დეტალების გამოთხოვნის უფლება არ ჰქონოდათ.

"სადისტურად გვექცეოდნენ. სამედიცინო დასკვნა მოვითხოვეთ და გვითხრეს, რომ გადაქსეროქსების უფლებას ვერ მოგცემთ, თუ გინდათ, ხელით გადაიწერეთო. დედას გადააწერინეს ხელით, შვილის სხეულზე რამდენი ნატყვიარი იყო", - ჰყვება იგი.

სამედიცინო დასკვნაში, რომელიც ზურაბ ვაზაგაშვილის დედამ ხელით გადაიწერა, აღნიშნულია:

"ავტომანქანის წინა მარცხენა სავარძელზე ასვენია დაახლოებით  22  წლის მამაკაცის გვამი.  გვამი ასვენია ნახევრად გაწოლილ მდგომარეობაში.  გვამს აღენიშნება შემდეგი დაზიანებები:  თავი დეფორმირებულია დაზიანებების გამო.  თვალის ქუთუთოები დახურულია,  პირი ოდნავ ღიაა.  მარცხნივ,  თხემ-საფეთქლის მიდამოში, დიდი ზომის ჭრილობაა არასწორი ფორმის, საიდანაც ნაწილობრივ ამოვარდნილია თავის ტვინის ნივთიერება. ქვედა ყბის მიდამოში მარცხნივ ჭრილობა...  კისრის ქვედა ზედაპირზე ჭრილობა.. გულმკერდის უკანა გვერდით, მარცხნივ,  უკანა იღლიის ხაზზე ჭრილობა... მარცხენა ბარძაყის შუა და ქვემოთ ექვსი ჭრილობა...  მარჯვენა მტევნის და წინა მხრის ზედაპირზე მრავლობითი ჭრილობები.  მარჯვენა ბეჭის მიდამოში მოგრძო ფორმის ჭრილობა... მარჯვენა მხრის უკანა და წინა ზედაპირზე ორი ჭრილობა. ერთი ჭრილობა თხემის მიდამოში, მარჯვნივ.  ჭრილობა კეფის მიდამოში, მარცხნივ".

საქმეში, რომელიც სტრასბურგის სასამართლოს საქართველოდან გაუგზავნეს, ბევრი სხვა შეუსაბამობაცაა. მაგალითად, სპეცოპერაციიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ განზრახ დაზიანებული უკანა საქარე მინა  (პოლიციის ვერსიით, მანქანაში მსხდომები გაქცევას ცდილობდნენ და პოლიციელების მიმართულებით უკნიდან ისროდნენ, თუმცა სპეცოპერაციის დღეს შემთხვევის ადგილზე შსს-ს მიერ გავრცელებულ კადრებშიც კი ჩანს, რომ უკანა საქარე მინა მთელია და ნატყვიარი არ ეტყობა); ასევე ბუნდოვანებაა მანქანაში აღმოჩენილ იარაღთან დაკავშირებით. გამოძიების მასალებში ერთ-ერთ დოკუმენტში წერია, რომ პოლიციამ ოთხივე იარაღი მანქანის უკანა სკამზე იპოვა. სხვა დოკუმენტში, სადაც ასევე წერია, რომ პოლიციამ 4 იარაღი იპოვა, აღწერილია, როგორ დაუვარდა ტროტუარზე იარაღი მანქანიდან გადმოსულ ფუთურიძეს.

როდის გამოიტანს სტრასბურგის სასამართლო "საქართველოს წინააღმდეგ" სიცოცხლის უფლების ხელყოფისთვის (ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციის მეორე მუხლი) შესულ მორიგ სარჩელზე გადაწყვეტილებას, ჯერჯერობით უცნობია.

იური ვაზაგაშვილის თქმით, ყველა მტკიცებულება არსებობს იმის ნათელსაყოფად, რომ კორტების სპეცოპერაცია განზრახ მკვლელობა იყო:

"ეს საქმე გახსნილია უკვე, მე ყველა მკვლელის სახელი და გვარი ვიცი... მე და ჩემს მეუღლეს დაზარალებულის სტატუსი მოგვიხსნეს და მკვლელი პოლიციელები კი დაზარალებულებად ცნეს. ეს ხალხი ისევ პოლიციაში მუშაობს, დააწინაურეს კიდეც.  ქადაგიძე, ფირცხალავა, ხიზანიშვილი... "

წელს  კორტებთან გამართული აქცია, წინა წლებისგან განსხვავებით, გაცილებით უფრო ხალხმრავალი იყო. იური ვაზაგაშვილი ამ ამბავს სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე  სტრასბურგის სასამართლოს ახლახან გამოქვეყნებულ განაჩენს უკავშირებს: „ადრე მხოლოდ ჩვენ  ვიყავით და ერთი ორი ოპოზიციური პარტია თუ შემოგვიერთდებოდა. ახლა ასეულობით ადამიანი მოვიდა, ჩვეულებრივი ხალხი. იმედი მომეცა. სტრასბურგიდან სიმართლეს ველოდები", - ამბობს იგი.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^