Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ახალი "ცივი ომი" ცივი რეგიონის დასაუფლებლად

17 ივნისი 2011

 

არქტიკის ბუნებრივი რესურსებით დაინტერესებას რამდენიმე ათეული წლის ისტორია აქვს. თუმცა ყველა მცდელობას მკაცრი ბენებრივი პირობები და რესურსების მოპოვების მაღალი ხარჯები დასაწყისშივე აფერხებდა.

 

გლობალური დათბობით გამოწვეულმა ყინულის ფენის გათხელებამ, პოლარულ ზონაში შეღწევადობა გააიოლა. ამას თან დაერთო მსოფლიოში ნავთობპროდუქტებზე ფასების ზრდა, რამაც არქტიკული რესურსები კიდევ უფრო მიმზიდველი გახადა.

ამერიკელი გეოლოგების უხეში გათვლით, მსოფლიოს დარჩენილი გაზისა და ნავთობის მარაგის დაახლოებით 30% სწორედ არქტიკის რეგიონზე მოდის, იქვეა ოქროსა და ურანის ხელუხლებელი საბადოებიც.

არქტიკის საკითხი საერთაშორისო კონვენციების მიერ არ არის გადაწყვეტილი. ეს კი გაურკვევლობისა და კონფლიქტების საბაბი ხდება. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქმე საკმაოდ დიდი რაოდენობის ბუნებრივ რესურსს ეხება, ადვილი მისახვედრია, რომ არქტიკის საბადოებისთვის მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოები იბრძვიან.

რეგიონში საკუთარი გავლენის გაზრდას განსაკუთრებით კრემლი ცდილობს, რაშიც მას გეოგრაფიული მდებარეობა უწყობს ხელს. რუსეთს არქტიკასთან მსოფლიოში ყველაზე გრძელი საზღვარი აკავშირებს. გარდა ამისა, თუკი სხვა ქვეყნების არქტიკული ზოლი თითქმის უკაცრიელია, რუსეთი მურმანსკის სახით რეგიონში შეღწევისთვის საკმაოდ სერიოზულ პლაცდარმს ფლობს.

„ოცდამეერთე საუკუნეში რესურსებისთვის ბრძოლა პიკს მიაღწევს და ჩვენ ამ ბრძოლისთვის მზად უნდა ვიყოთ, რათა ის არ წავაგოთ" - ეს სიტყვები რუსეთის ელჩს ნატოში, დიმიტრი როგოზინს ეკუთვნის. მალევე, მოსკოვი სიტყვიდან საქმეზეც გადავიდა. 2007 წელს რუსეთის მმართველი პარტიის დავალებით არტურ ჩილინგაროვის ექსპედიციამ ჩრდილოეთ პოლუსის მახლობლად ოკეანის ფსკერზე რუსეთის ტიტანის დროშა აღმართა.  რეგიონის სხვა მოსაზღვრე ქვეყნების მხრიდან რუსეთის პროვოკაციულ ნაბიჯს საკმაოდ დიდი პროტესტი მოჰყვა. კანადის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ მაკკეიმ უკმაყოფილება გამოთქვა: „ახლა მეთხუთმეტე საუკუნე არ არის, მსოფლიოს გარს უარო, დროშები აღმართო და ეს ტერიტორიები შენს საკუთრებად გამოაცხადო".

ჩრდილოატლანტიკური ქვეყნების აღშფოთებას რუსეთის რიტორიკისა და მანევრების შენელება არ მოჰყოლია. პირიქით, ისლანდიის ტერიტორიაზე არსებული კეფლავიკის ამერიკული საზღვაო-საჰაერო ბაზის დახურვის შემდეგ, კრემლი კიდევ უფრო გათამამდა და რუსულმა თვითმფრინავებმა ატლანტიკის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილშიც კი დაიწყეს საჰაერო დაზვერვა. არქტიკის მიმართ რუსეთის განსაკუთრებულმა ინტერესმა ბრიტანეთისა და სკანდინავიის ქვეყნების მობილიზაცია გამოიწვია.

გასულ კვირას, ცნობილი ვებგვერდი, "ვიკილიქსი", საიდუმლო დოკუმენტებზე დაყრდნობით  წერდა, რომ ნატოს შტაბბინაში სერიოზული განგაშია გამოცხადებული და სამხედრო ოპერაციების გეგმებიც კი მუშავდება. "ვიკილიქსის" ცნობით, ამ საკითხის მიმართ თვით ალიანსის შიგნითაც აღარ არის ერთობა. წევრი ქვეყნები მხოლოდ ეროვნული ინტერესებით ხელმძღვანელობენ.

მოკავშირეთა შორის არსებული არაერთსულოვნება კარგად გამოჩნდა 12 მაისს ნუუკში გამართულ სამიტზეც. კანადის  პრემიერმა სტეფან ჰარპერმა გააპროტესტა ინიციატივა, რომელიც არქტიკის რუსეთისაგან დაცვას  ნატოს საშუალებით ითვალისწინებს. მისი თქმით, ალიანსის ამ საქმეში ჩართვა გამოიწვევს ორგანიზაციის იმ წევრების გააქტიურებას რეგიონში, რომლებსაც ტერიტორიული საკუთრებიდან გამომდინარე, იქ არაფერი ესაქმებათ. ჰარპერის აზრით, რეგიონის დაცვა მხოლოდ ჩრდილოეთის ქვეყნებმა უნდა მოახდინონ საკუთარი ძალებითა და ერთად დგომით. კანადას მხარი დაუჭირეს სკანდინავიის ქვეყნებმაც, რომლებიც სამხედრო ბიუჯეტის/პოტენციალის სერიოზული გაზრდითა და ჩრდილოეთის ბლოკის ფორმირების საშუალებით გეგმავენ რუსეთის დაბალანსებას.

უთანხმოებაა სკანდინავიურ ბლოკსა და შეერთებულ შტატებს შორისაც. "ვიკილიქსის" თანახმად, ვაშინგტონი ცდილობს გრენლანდიაში სეპარატიზმი გააღვივოს, იგი დანიას ჩამოაცილოს და მოგვიანებით თავად გაზარდოს იქ საკუთარი გავლენა. ამერიკის რეგიონით უკიდურესად დაინტერესებაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ნუუკის სამიტზე თეთრმა სახლმა   სახელმწიფო მდივანი გაგზავნა. არქტიკული საბჭო, რომელიც 8 წევრისგან შედგება (აშშ, კანადა, რუსეთი, შვედეთი, ფინეთი, ნორვეგია, დანია, ისლანდია) 1996 წელს დაარსდა და მას შემდეგ მართავს სამიტებს, თუმცა აშშ-ის მხრიდან ასეთი მაღალი რანგის წარმომადგენლის ვიზიტი წელს პირველად დაფიქსირდა.

ბუნებრივი რესურსების გარდა, რეგიონთან მიმართებაში ჩრდილოეთის სახელმწიფოებს სხვა მიზნებიც ამოძრავებთ. მათ შორისაა თევზჭერა, ტურიზმი და რაც ყველაზე მთავარია, ყინულის დადნობის შემთხვევაში, ის გახდება ყველაზე ახლო გზა, რომლითაც ევროპა, აზია და ჩრდილოეთ ამერიკა ერთმანეთს დაუკავშირდებიან.  ანალიტიკოსთა გათვლით, ეს ახალი გზები  სუეცისა და პანამის არხების მსგავს დატვირთვას მიიღებენ და მათ მაკონტროლებელ ქვეყნებს დიდ გეოპოლიტიკურ გავლენასა და ეკონომიკურ მოგებას მოუტანენ.

სახელმწიფოთა მხრიდან აქტიურ ქმედებებს ტრანსნაციონალურმა კომპანიებმაც აუბეს მხარი. გავრცელებული ინფორმაციით, ბრიტანული ჩაირნ Eნერგყ უკვე მზადყოფნას გამოთქვამს გრენლანდიაზე საქმიანობის დასაწყებად. შჰელლ-ი ალასკის მიმდებარე ტერიტორიებს იკვლევს. BP კი კრემლთან ცდილობს მოლაპარაკებას არქტიკის რუსულ ზონაში შესაღწევად.

შექმნილი მდგომარეობა ბუნებისდამცველთა განსაკუთრებულ უკმაყოფილებას იწვევს. მათი თქმით, სახელმწიფოთა ლიდერებმა გლობალური დათბობით გამოწვეული ყინულის დნობაც კი თავის სასარგებლოდ გამოიყენეს. როგორც Gრეენპეაცე-ის წარმომადგენელმა ბენ ეილიფმა განაცხადა: „ენერგორესურსების გადამეტებულმა გამოყენებამ გამოიწვია ყინულის დნობა, ახლა კი გამდნარი ფენის ქვემოდან ისევ ენერგორესურსების ამოღებას გეგმავენ, ეს კი დარჩენილი ყინულის დადნობასაც გამოიწვევს.  ყოველივე, რაც ხდება,  ცეცხლზე ნავთის დასხმას მაგონებს."

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^