27 ივნისს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პავლე კუბლაშვილმა და ოთხი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა ხელი მოაწერეს დოკუმენტს - „შეთანხმება საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით განსახორციელებელ ცვლილებებსა და ღონისძიებებზე". ოთხი ოპოზიციური პარტიიდან ორი „რვიანის" წარმომადგენელი იყო. „ქრისტიან-დემოკრატებისა" და „მემარჯვენეების" ამ გადაწყვეტილებამ ოფიციალურად დაშალა რვა ოპოზიციური პარტიისგან შემდგარი ერთობა, რომელიც 10 თვის განმავლობაში საარჩევნო გარემოს გასაუმჯობესებლად ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებს აწარმოებდა.
ხელისუფლებასა და 4 პარტიას (ქრისტიან-დემოკრატები, ახალი მემარჯვენეები, ედპ, ჩვენ თვითონ) შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, პარლამენტართა რაოდენობა 150-დან 190-მდე უნდა გაიზარდოს. 83 დეპუტატი მაჟორიტარული წესით უნდა აირჩეს, 107 კი - პროპორციული წესით.
ხელისუფლებასა და რვა ოპოზიციურ პარტიას შორის საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესების მიზნით პირველი შეხვედრა 2010 წლის 10 ნოემბერს შედგა.
მას შემდეგ ათი თვე გავიდა, თუმცა მოლაპარაკებათა პროცესი, რომელიც საერთაშორისო საზოგადოების დიდი მხარდაჭერის ფონზე მიმდინარეობდა, ყოველგვარი შედეგის გარეშე დასრულდა.
„რვიანში" შემავალი ოპოზიცია ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების პროცესში ორ ძირითად საკითხს აყენებდა. პირველი იყო მაჟორიტარი დეპუტატების რიცხვის შემცირება. ოპოზიციის აზრით, არჩევნები სამართლიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ პარტია არჩევნებში მიღებული ხმების ადეკვატური რაოდენობის საპარლამენტო მანდატებს მიიღებს. „რვიანი" პარლამენტის დაკომპლექტებას 100 პროპორციული სიით გასული წევრისა და მხოლოდ 50 მაჟორიტარისგან ითხოვდა. გარდა ამისა, ოპოზიცია მაჟორიტარებისთვის საარჩევნო ბარიერის არსებული 30-იდან, 50 პროცენტმდე გაზრდას ითხოვდა.
თუმცა, ჯერ კიდევ მოლაპარაკებათა პროცესის დასაწყისში ეს საქმე უკვე გადაწყვეტილი იყო - ნოემბერში საქართველოს პრეზიდენტმა ამ საკითხის განხილვისას თქვა, რომ იგი მაჟორიტარული სისტემის შეცვლის კატეგორიული წინააღმდეგია.
მეორე საკითხი _ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბიომეტრიული პასპორტების ამოქმედება იყო, რაც ოპოზიციის აზრით, საარჩევნო სიების უზუსტობის პრობლემას მოხსნიდა.
არც ერთი ეს წინადადება ათთვიანი მოლაპარაკებების პროცესში ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა.
დოკუმენტში, რომელსაც „ქრისტიან-დემოკრატებმა" და „ახალმა მემარჯვენეებმა" მოაწერეს ხელი გათვალისწინებულია ზოგიერთი ის წინადადებაც, რომელსაც თავის დროზე „რვიანი" ითხოვდა _ მედიისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მონიტორინგი, საოლქო კომისიების თვითმმართველობებისა და პრეზიდენტის რწმუნებულების კუთვნილ შენობებში განთავსება აიკრძალება, საარჩევნო დავებისას სასამართლოში სარჩელის შეტანის ვადა 2-დან 4 დღემდე გაიზრდება, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონ ლარს მიიღებს ყველა პარტია, რომელიც 5 პროცენტიან ბარიერს გადალახავს, საარჩევნო სიებს სპეციალური კომისია გადაამოწმებს, რომელსაც ოპოზიციონერი უხელმძღვანელებს.
საქართველოს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება რომ სჭირდება, ამას ოპოზიციის გარდა მუდმივად იმეორებენ საერთაშორისო ორგანიზაციები. თავის დროზე „რვიანის" ჩამოყალიბებაც სწორედ ამ ორგანიზაციების ნება-სურვილის გათვალისწინება უფრო იყო, ვიდრე ოპოზიციის მოლოდინი, რომ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგით დასრულდებოდა.
დღეს „ქრისტიან დემოკრატები" აღიარებენ, რომ 10 თვის წინ ჩაერთვნენ მოლაპარაკებებში, რომელთა წარმატების არასოდეს სჯეროდათ:
„წინასწარ ვიცოდით, რომ შედეგს ვერ მივაღწევდით. ისიც კი, რაც მივიღეთ, წარმოუდგენელი იყო. პროცესში თავიდანვე ვმონაწილეობდით პროცესის მნიშვნელობიდან გამომდინარე და არა იმიტომ, რომ გვეგონა ასეთ შედეგს მივაღწევდით. ძროხა მოვითხოვეთ, ქათამი დაგვიკლეს და გადავწყვიტეთ ავიღოთ. რომ არ ავიღოთ შიმშილით მოვკვდებით", - ამბობს ნიკა ლალიაშვილი „ლიბერალთან" საუბრისას.
„უნდა იცოდე, ვის ელაპარაკები და რისი მიღება შეგიძლია მისგან. მმართველი პარტიისგან მიღებული შეთანხმება არ პასუხობს ჩვენს მოთხოვნებს, არ არის საუკეთესო, მაგრამ ეს მაინც სოლიდური შედეგია", - ამბობს „მემარჯვენე" მამუკა კაციტაძე.
იმ ექვსი პარტიის წარმომადგენლები, რომლებმაც ხელისუფლების წინადადებები არ მიიღეს, ფიქრობენ, რომ ყოფილმა პარტნიორებმა შეცდომა დაუშვეს, როდესაც „ხელისუფლებისგან გადმოგდებული სატყუარა აიღეს".
„ხელისუფლებამ კვლავ ულტიმატუმის და პოლიტიკური ვაჭრობის ენა აირჩია, უარი თქვა პოლიტიკურ დიალოგზე. ჩვენთვის მიუღებელია პრინციპი „ან დაგვეთანხმეთ, ან ჩვენ ჩვენსას მაინც გავიტანთ". ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს, თავისი თამაშით გათამაშოს და შემდეგ პიარი გაიკეთოს. ვიღაცებმა შეუწყვეს ამაში ხელი... ჩვენ შევთავაზებთ ხელისუფლებას ჩვენს წესებს, გავხდებით შესანიშნავი შვიდეული, ანუ პროცესში საზოგადოების ჩართვით ვაიძულებთ ხელისუფლებას მოლაპარაკებების მაგიდას დაუბრუნდეს", - ამბობს „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია, რასაც გამორიცხავს ხელისუფლება. [pagebreak]
მოლაპარაკებების ასეთი დასასრულის წინასწარმეტყველება ჯერ კიდევ მაშინ შეიძლებოდა, როდესაც ხელისუფლებასთან შეუთანხმებლობის გამო 2011 წლის მარტში „საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე" ექვსთვიანი უშედეგო მოლაპარაკებები კიდევ 3 თვით გაიყინა. მაშინ ოპოზიციური ლიდერები აცხადებდნენ, რომ ხელისუფლებას არაფრის დათმობა არ სურდა.
„მარტის შემდეგ ჩვენ კი ვხვდებოდით საერთაშორისო ორგანიზაციებს, მაგრამ რეალურად „რვიანმა" ფუნქცია დაკარგა. ყველაზე დიდი პრობლემა ის იყო, რომ "რვიანში" ფიქრობდნენ დაეწყოთ საუბარი სხვა თემებზე _ პატიმართა უფლებებზე, უსაფრთხოებაზე, პოლიციის დეპოლიტიზაციაზე. ეს იყო პირდაპირი გზავნილები იქითკენ, რომ რვიანი ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა წასულიყო პოლიტიკური ბლოკისკენ, რაც ჩვენთვის მიუღებელი იყო. ჩვენ გვინდოდა დავბრუნებოდით მოლაპარაკებებს არჩევნების თემაზე და პროცესი დაგვემთავრებინა", - აცხადებს მამუკა კაციტაძე „ლიბერალთან" საუბრისას.
„ახალი მემარჯვენეები" „რვიანის" ინიციატივას სამოქალაქო მოძრაობის გაძლიერების შესახებ არ ემხრობოდნენ, არ სურდათ საპროტესტო აქციებში მონაწილეობაც. ამავე პოზიციას იზიარებდნენ „ქრისტიან-დემოკრატებიც."
მიზეზი იმისა, რომ შიდა დაძაბულობის ფონზე „რვიანი" ერთიანობას ინარჩუნებდა, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა იყო. უცხოელი დიპლომატები სხვადასხვა გზით ევროსაბჭოს რეზოლუციით, ევროკავშირის დიპლომატების, ნატოს მინისტრების, ამერიკელი სახელმწიფო მოხელეების განცხადებებით, პირადი შეხვედრებით საქართველოს ხელისუფლებას ოპოზიციასთან მოლაპარაკებებისა და ისეთი საარჩევნო სისტემის ჩამოყალიბებისკენ მოუწოდებდნენ, „რომელიც ყველა მონაწილე მხარის ნდობას დაიმსახურებდა". საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან ხელისუფლებაზე ზეწოლა და ერთიანობის შენარჩუნება „რვიანს" უპირატესობას ანიჭებდა და აჩენდა იმედს, რომ მმართველი ძალა მნიშვნელოვან დათმობებზე წავიდოდა.
„ნაციონალური მოძრაობა" მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არც ისე კომფორტულ მდგომარეობაში იყო. ეძებდა გზებს, რომ თან დაეთმო ოპოზიციისთვის საერთაშორისო საზოგადოების თვალში და თან არაფერი დაეკარგა.
„რვიანის" პოლიტიკაზე გარკვეული გავლენა მოახდინა 26 მაისის მოვლენებმაც. რადიკალურმა პოლიტიკამ აქტუალობა დაკარგა და ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მხოლოდ „რვიანი" იყო ის ძალა, ვისაც გაუჩნდა შანსი საზოგადოების მხარდაჭერა მოეპოვებინა. პარალელურად, საზოგადოებასაც გაუჩნდა მოლოდინები „რვიანის" მიმართ.
ერთადერთი, რასაც „რვიანისგან" საზოგადოება და საერთაშორისო აქტორები ითხოვდნენ, პრინციპულობისა და ერთიანობის შენარჩუნება იყო. თუმცა მან ეს უპირატესობა ვეღარ გამოიყენა.
„რვიანში" შექმნილი დაძაბულობით ხელისუფლებამ ისარგებლა და იმის გამო, რომ „ყველასთან ერთად ლაპარაკით შედეგს ვერ მიაღწია", 8 პოლიტიკურ პარტიას ინდივიდუალური მოლაპარაკებები შესთავაზა. სწორედ მოლაპარაკებების ამ ფორმატით „ნაციონალურმა მოძრაობამ" „რვიანის" დაშლა შეძლო.
მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ საკმარისზე მეტი დათმეს. „ქრისტიან-დემოკრატები" და „მემარჯვენეები" წარმატებას ზეიმობენ, ექვსიანი კი ეძებს გამოსავალს შექმნილი მდგომარეობიდან. მათ წინაშე რთული ამოცანა დგას, უნდა შეძლონ და შეინარჩუნონ იგივე საერთაშორისო მხარდაჭერა, რაც „რვიანს" ჰქონდა და შეძლონ პროცესებში საზოგადოების უფრო მეტად ჩართვა.
ხელისუფლებასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან მეორე დღეს ექვსიანისა და ხელისუფლების წარმომადგენლები ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდნენ. ამერიკელებმა შეხვედრის შემდეგ, ერთი მხრივ, ექვსიანის წინადადებები მოიწონეს, მეორე მხრივ კი განაცხადეს, რომ „ახალი საარჩევნო სისტემა მეტად თანმიმდევრული იქნება და თავისუფალი საარჩევნო გარემო აუცილებლად ჩამოყალიბდება".
„დარჩენილი 6 პარტია უნდა წავიდეს ან რადიკალიზმის გზით, რაც როგორც მთავრდება ვნახეთ 26 მაისს. მეორე გზა - მოლაპარაკებები - წყლის ნაყვაა. როცა მივლენ არჩევნებამდე, მაინც ჩვენს მიერ შეთანხმებული წესებით მოუწევთ არჩევნებში მონაწილეობა. თუ ბოიკოტს გამოუცხადებენ არჩევნებს, მაშინ ყველაფერი გასაგებია", - ამბობს „ქრისტიან დემოკრატი" ნიკა ლალიაშვილი, რომელიც კმაყოფილია ხელისუფლებასთან მიღწეული გარიგებით.
საარჩევნო ცვლილებებზე შეთანხმება არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის", „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" და „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების " განცხადებით _ მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენილი ცვლილებები გარკვეულ პოზიტიურ ინიციატივებს მოიცავს, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის არასაკმარისია.
წარმოდგენილი წინადადებები ვერ უზრუნველყოფს პარტიის მიერ მიღებული ხმებისა და მის მიერ პარლამენტში მოპოვებული მანდატების პროპორციულობას. ამომრჩეველთა სიებზე მომუშავე კომისია კი „ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული პრობლემების საბოლოოდ აღმოფხვრას". არასაკმარისია ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების პრევენციისთვის გათვალისწინებული უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნაც.
არასამთავრობო ორგანიზაციები არ ეთანხმებიან საარჩევნო შემოწირულობების გაორმაგების ინიციატივას - ფიზიკური პირებისათვის 60 ათას ლარამდე, იურიდიული პირებისათვის კი 200 ათას ლარამდე.
"შემოთავაზებული დოკუმენტი სისტემურად არ ეხმიანება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა საარჩევნო ადმინისტრაციების დაკომპლექტება, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების შეზღუდვა, პოლიტიკური პარტიების დაფინანსების სისტემის დახვეწა, ფინანსური მონიტორინგის მექანიზმების შექმნა და ა.შ.", - ნათქვამია განცხადებაში. არასამთავრობო ორგანიზაციებს დისკუსიის გაგრძელება აუცილებელ წინაპირობად მიაჩნიათ.