უსახელო ქუჩებზე თეთრად შეღებილი სახლების რიგები დგას, ძველი საცხოვრებლები მიწით არის გადახურული, შედარებით ახლები კი - თუნუქით. ზამთარში გასათბობად გახუნებულ და ბელტებად დაჭრილ ფუნას იყენებენ - ახლომახლო ტყე არ არის. აქ შემოდგომაც ცივია, თუმცა არცერთი სახლის საკვამურიდან კვამლი არ ამოდის - მოხუცი დიასახლისები ბელტებს მკაცრი ზამთრისთვის ზოგავენ. ეზოებში თივის ზვინების პირამიდები დაუდგამთ, თითქოს ბევრია, მაგრამ მასაც უფრთხილდებიან - პირუტყვი გვიან გაზაფხულამდე ამ პირამიდების იმედად უნდა იყოს. ზოგან მიტოვებული და დანგრეული სახლებია. იმის ერთადერთ მოწმედ, რომ მასპინძლები რამდენიმეთვიან თოვლსა და ქარბუქში კერას არ აციებდნენ, ძველებური რუსული ბუხარი რჩება, უფრო სწორად ის, რაც ამ ბუხრებისგან დარჩა.
უსახელო ქუჩებზე თეთრად შეღებილი სახლების რიგები დგას, ძველი საცხოვრებლები მიწით არის გადახურული, შედარებით ახლები კი - თუნუქით. ზამთარში გასათბობად გახუნებულ და ბელტებად დაჭრილ ფუნას იყენებენ - ახლომახლო ტყე არ არის. აქ შემოდგომაც ცივია, თუმცა არცერთი სახლის საკვამურიდან კვამლი არ ამოდის - მოხუცი დიასახლისები ბელტებს მკაცრი ზამთრისთვის ზოგავენ. ეზოებში თივის ზვინების პირამიდები დაუდგამთ, თითქოს ბევრია, მაგრამ მასაც უფრთხილდებიან - პირუტყვი გვიან გაზაფხულამდე ამ პირამიდების იმედად უნდა იყოს. ზოგან მიტოვებული და დანგრეული სახლებია. იმის ერთადერთ მოწმედ, რომ მასპინძლები რამდენიმეთვიან თოვლსა და ქარბუქში კერას არ აციებდნენ, ძველებური რუსული ბუხარი რჩება, უფრო სწორად ის, რაც ამ ბუხრებისგან დარჩა.
გორელოვკის ყოველდღიურობას ფანჯრების მწვანედ და ცისფრად შეღებილი ჩარჩოები და ყველა ეზოში მდგარი ცირცელი (წორო) აფერადებს. ცირცელი და არყი აქაურებისთვის ისტორიული სამშობლოს სიმბოლოა.
„ეს ჩვენი მიწაა, აქ დავიბადეთ, გავიზარდეთ. მართალია, 30 წელი ყირიმში ვმუშაობდი, ჩემი შვილები იქ დასახლდნენ, მაგრამ სიბერეში აქ ჩამოვედი, სადაც ჩვენი წინაპრების საფლავებია... ვინ თქვა, რომ აქ ცხოვრება ძნელია, ხელს თუ გაანძრევ, ღმერთი ყველაფერს მოგცემს", - ჭაღარაწვერიანმა ნიკოლაი სუხორუკოვმა უკრაინაში ცხოვრების თითქმის ნახევარი აგრონომად იმუშავა, ოჯახიც იქ შექმნა, 7 წლის წინ კი საქართველოში დაბრუნდა. ერთადერთი, რაც ხელს უშლის, ის არის, რომ ამ დრომდე საქართველოს მოქალაქე ვერ გახდა.
„თბილისში ორმაგ მოქალაქეობაზე ორჯერ გავაგზავნეთ თხოვნა, პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია. რადგან საქართველოს მოქალაქეები არ ვართ, მიწის ყიდვის საშუალებაც არ გვაქვს, ვუვლით იმას, რაც ბებიებმა და ბაბუებმა დაგვიტოვეს", - ნიკოლაი სუხოროკოვთან ერთად ორმაგ მოქალაქეობაზე პრეზიდენტის კეთილ ნებას ვასილი სლასტუხინიც ელოდება.
თუმცა ეს საქართველოში მცხოვრები დუხაბორებისთვის ერთადერთი პრობლემა არ არის. თითქმის სამი ათეული წელია, რაც ამ ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები ქვეყანას მასობრივად ტოვებენ - 1978 წელს ჩატარებული აღწერით, გორელოვკაში 3000-ზე მეტი დუხაბორი ცხოვრობდა, დღეს კი მათი რიცხვი 300-მდე შემცირდა.
ერთ დროს გორელოვკა ამიერკავკასიაში ჩამოსახლებულ დუხაბორთა ერთ-ერთი უდიდესი დასახლება იყო. დუხაბორების საუკუნენახევარზე მეტი ხნის წინ დაწყებული ქართული ისტორია გორელოვკასთან ერთად ტამბოვკის, ორლოვკის, სპასოვკის, ტროცკოეს, ეფრემოვკასა და როდიონოვკას დასახლებებში გაგრძელდა, თუმცა დღეს დუხაბორებს მხოლოდ ორლოვკასა და გორელოვკაში ნახავთ.
ყველაფერი კი იქიდან დაიწყო, რომ მე-17 საუკუნეში გაჩენილი რელიგიური მიმდინარეობის აღმსარებლები მეფის რუსეთმა ჯერ ციმბირში, შემდეგ კი ამიერკავკასიაში გადაასახლა.
ვინ არიან დუხაბორები? 1750 წელს ტამბოვის გუბერნიაში გამოჩნდა კაცი, რომელმაც ხალხი დუხაბორობის გარშემო გააერთიანა: ის უარყოფდა საერო და სასულიერო ხელისუფლებას, ამბობდა, რომ ღმერთი ყველა ადამიანის გულშია, ჯვარს და ხატს კი მღვდლების მიერ საზოგადოების სამართავად მოგონილ იარაღად მოიხსენიებდა.
საველი კაპუსტინის მიმდევრებმა უარყვეს ბიბლიის კანონიკური ტექსტი და ახალშექმნილი ლოცვები და ფსალმუნები „სიცოცხლის წიგნში" გააერთიანეს. ამასთან, მიიღეს ბიბლიური მცნება „არა კაც კლა", სამხედრო სავალდებულო სამსახურზე უარი თქვეს, რაც გახდა საერო ხელისუფლებასთან დაპირისპირების მთავარი საფუძველი. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია დუხაბორებს, ისევე, როგორც მალაკნებს და სტაროვერებს, ერეტიკოსებად მოიხსენიებდა. შედეგად, დუხაბორები ჯერ ზაპოროჟიეში (ახლანდელი უკრაინა) გადაასახლეს, შემდეგ კი საქართველოში, აზერბაიჯანსა და თურქეთში.
თავად სიტყვა „დუხაბორი" პირველად 1785 წელს, ეკატიროსლავსკის მართლმადიდებელმა არქიეპისკოპოსმა გამოიყენა. ის თვლიდა, რომ ერეტიკოსები „სულს ებრძოდნენ", თუმცა თავად დუხაბორებმა ამ განსაზღვრებას სულ სხვა განმარტება მისცეს (სულისთვის მებრძოლი, სულით მებრძოლი), მეტიც, მე-18 საუკუნის ბოლოდან საკუთარ თავს ამ სახელით მოიხსენიებენ. „რატომ ვარ დუხაბორი? იმიტომ, რომ ღმერთს სიტყვით და სულით შევიცნობ. არ ვცნობთ სახელმწიფო კანონებს, რადგან ცხოვრების წესი თავად ღვთის სიტყვამ გვიკარნახა", - ამბობს ნიკოლაი სუხორუკოვი.
დუხაბორებს სხვა ქრისტიანული მიმდინარეობის აღმსარებლებისგან ისიც გამოარჩევთ, რომ არ აქვთ ჩამოწერილი, თუ როგორ უნდა იცხოვრონ. „ჩაიწერეთ გულებში", - ამბობენ ისინი.
დუხაბორები არ ინათლებიან, არ ატარებენ ჯვარს, ეკლესია მათთვის უხილავი ერთობაა, ლოცვებს უმეტესად ოჯახის წევრებთან, კვირაობით კი სალოცავ სახლში კითხულობენ...
ზაპოროჟიეში პირველი გადასახლების შემდეგ რელიგიურ თემში მშვიდობამ დაისადგურა, თუმცა სულ რაღაც 36 წლით. მეფის რუსეთი არ ურიგდებოდა იმას, რომ დუხაბორები არ იხდიდნენ გადასახადს, არ მსახურობდნენ ჯარში, არ დადიოდნენ ეკლესიაში. რამდენიმეწლიანი დევნის შემდეგ, პავლე პირველმა „ერეტიკოსები" ციმბირში, „ახალ რუსეთში", მელიტოპოლეში, ეკატერინბურგსა და ირკუტსკში გადაასახლა. 1839 წელს კი ნიკოლოზ პირველმა მათ ულტიმატუმი წაუყენა: ან მიიღებდნენ მართლმადიდებლობას, ან კავკასიაში გადაასახლებდნენ. დუხაბორთა უმრავლესობამ რწმენაზე უარი არ თქვა.
დაუმორჩილებელთა ამიერკავკასიაში გადასახლებას მეფის რუსეთისთვის ორმაგი დატვირთვა ჰქონდა: ერთი მხრივ, მართლმადიდებლური ეკლესიისთვის მიუღებელ ადამიანებს ქვეყნის შუაგულიდან პერიფერიაში გზავნიდა, მეორე მხრივ კი, იმედოვნებდა, რომ თურქეთის საზღვართან ახლოს ჩასახლებულები, ბოლოს და ბოლოს, აიღებდნენ ხელში იარაღს და იმპერიის საზღვრებს გაამაგრებდნენ.
1841 წლის ნოემბერში შვიდთვიანი მოგზაურობის შემდეგ დუხაბორები ჯავახეთში, დღევანდელ ნინოწმინდასთან ახლოს დაბანაკდნენ. ისტორიულ წყაროებში წერია, რომ მორიგ გადასახლებას 7 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა - ჩანაწერები წინაპართა ტრაგიკული ისტორიის შესახებ დუხაბორთა მიერ დაფუძნებულ „ობოლთა სახლში" ინახებოდა, თუმცა დღეისთვის მათი ნახვა შეუძლებელია - საბჭოთა რეჟიმის დამყარებისთანავე რარიტეტები დუხაბორთა დანაზოგთან ერთად გაქრა.
„წარმოიდგინეთ, ნოემბრის ბოლოს აქ რა სიცივეა. მათი უმეტესობა, პრაქტიკულად, ხელცარიელი ჩამოვიდა ჯავახეთში, მიწას თხრიდნენ, ცეცხლს ანთებდნენ და ასე ცდილობდნენ გადარჩენას", - ამბობს ლუბა დემინოვა, გორელოვკის მკვიდრი, რომელსაც დუხაბორთა ისტორიისა და საქართველოში მათი ჩამოსახლების შესახებ ცნობები მშობლებისგან მოუსმენია.
ადგილი, სადაც მეფის რუსეთისგან განდევნილები დაბანაკდნენ, დღეს საფლავებად არის ქცეული. ლუბა დემინოვა ჰყვება, რომ магилки დუხაბორებისთვის ერთგვარ სალოცავ ადგილსაც წარმოადგენს: აქ ხშირად მოდიან, რათა წინაპრების სულებს ესაუბრონ და საჭირბოროტო საკითხზე მათგან რჩევა მიიღონ.
[pagebreak]
ეპიდემიას, შიმშილს, სუსხსა და თოვლს გადარჩენილებმა 1842 წლის გაზაფხულზე პატარა დასახლება - ბოგდანოვკა დააარსეს (დღევანდელი ნინოწმინდა). სახელი შემთხვევით არ შეურჩევიათ: სწორედ ასე ერქვა დუხაბორების თემის პირველ დასახლებას, რომელიც საველი კაპუსტინმა მეტროპოლიაში დააარსა.
დემინოვა ამბობს, რომ გადასახლების შემდეგ სამშობლოდან განდევნილებმა გარკვეული შეღავათები მიიღეს: მათ არ სდევნიდნენ რელიგიური შეხედულებების გამო, არ იხდიდნენ გადასახადებს, არ უწევდათ სამხედრო სამსახურის გავლა. თუმცა თითქმის უკაცრიელ ჯავახეთში კლიმატთან ერთად წინააღმდეგობის გაწევა აზერბაიჯანელებისა და სომხებისთვისაც უწევდათ. მათ ხან იტაცებდნენ, ხან არბევდნენ, ოსმალთა იმპერიიდან ჩამოსახლებულ სომხებთან დაპირისპირების ძირითადი მიზეზი კი მიწით სარგებლობა იყო: მეფის რუსეთმა დუხაბორებს გაცილებით უკეთესი მიწები დაურიგა. არც ახალჩამოსახლებულები დარჩენილან ვალში საერო ხელისუფლებასთან: სულ ცოტა ხანში მათ საფოსტო გზავნილების გადატანა და მგზავრების გადაყვანა დაიწყეს, გამართეს სამიკიტნოები და სასადილოები. დუხაბორებმა 1853-1856 წლების ყირიმისა და 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომების დროს ფაქტობრივად ზურგის სამსახურის ფუნქცია იკისრეს:
ჯარისკაცებისთვის საკვებ პროდუქტებს გზავნიდნენ, საჭიროების შემთხვევაში კი სატრანსპორტო საშუალებებს და საცხოვრებელსაც სთავაზობდნენ. დროთა განმავლობაში, დუხაბორებს უკვე მოღალატე-სექტანტებად კი არა, საკუთარი ქვეყნის ერთგულ კოლონიზატორებად აღიქვამდნენ.
ჯავახეთში დუხაბორებმა ერთგვარი კოლექტიური მეურნეობები შექმნეს, მიწათმოქმედებასთან ერთად დაიწყეს მეცხოველეობის განვითარებაც. შექმნეს კოლექტიური ფონდიც, საიდანაც საჭიროების შემთხვევაში გაჭირვებული ოჯახი ფულს უპრეცენტო სესხით იღებდა. დროთა განმავლობაში სომხებთან ურთიერთობაც დალაგდა, თუმცა თავად თემის წევრებს შორის ურთიერთობა გამწვავდა. ჯავახეთის დუხაბორიას (ასე ეძახიან თავად დუხაბორები კომპაქტურად დასახლებულ ადგილებს) კალმიკოვების ოჯახი მართავდა. ისინი თვლიდნენ, რომ კალმიკოვები მესიის შთამომავლები იყვნენ. 1880-იან წლებში მმართველი ოჯახი მემკვიდრის გარეშე დარჩა, დუხაბორიას სათავეში ლუკერია კალმიკოვა ჩაუდგა, რომელსაც გორელოვკაში დღემდე უდიდეს პატივს სცემენ. 1886 წელს, მისი სიკვდილის შემდეგ თემი ლიდერის გარეშე დარჩა:
ძალაუფლებისთვის ბრძოლა მის ძმას, მიხეილ გუბანოვსა და მდივანს - პეტრე ვერიგინს შორის დაიწყო. საბოლოოდ კი დუხაბორები ე.წ. მცირე და დიდ ნაწილებად გაიყვნენ. პირველს გუბანოვი ჩაუდგა სათავეში, მეორეს კი ვერიგინი. დიდი ნაწილი გორელოვკიდან გადასახლდა, თუმცა კონფლიქტი ამით არ ამოწურულა:
დაპირისპირებულები ვერ იყოფდნენ „ობოლთა სახლის" მონაგარს. გარდა იმისა, რომ სახლში მოხუცებს და ბავშვებს უვლიდნენ და ლოცვებს კითხულობდნენ, მარცვლეულს და ფულად დანაზოგსაც აქ ინახავდნენ. ამ ერთგვარი ადმინისტრაციულ-საკულტო ნაგებობის გამო წლების განმავლობაში მიმდინარე დავა თბილისში სასამართლოზე, დუხაბორების მცირე ნაწილის სასარგებლოდ გადაწყდა. რადიკალიზებული ვერიგინი რამდენიმე მიმდევართან ერთად კი ციმბირში გადაასახლეს. ამასთან, ბზარგაჩენილ დუხაბორიაში სამეფო ხელისუფლებამ მოსახლეობის აღწერა, გადასახადების გადახდა და სამხედრო ვალდებულების აღსრულება მოითხოვა. ამან დუხაბორების დიდ ნაწილში პროტესტი გაამძაფრა: 1895 წელს მათ დემონსტრაციულად თქვეს უარი ალექსანდრე მესამის ბრძანების შესრულებაზე, ემსახურათ ჯარში, ორლოვკასთან ახლოს რელიგიური ცერემონია ჩაატარეს და ყველა იარაღი კოცონზე დაწვეს.
ხელისუფლება ურჩებს ამჯერადაც სასტიკად გაუსწორდა: 300 წვევამდელი დისციპლინებულ ბატალიონში გაამწესა, კაზაკებს კი დუხაბორების სოფლების დარბევის, ქალების გაუპატიურების და ძარცვის უფლება მისცა. 4000 დუხაბორი ოსეთში, კახეთსა და იმერეთში გადაასახლეს. მათი უმეტესობა სიცხისა და წყურვილისგან დაიხოცა.
ამასობაში კი ციმბირში გადასახლებული ვერიგინი რუს მწერალს ლევ ტოლსტოის შეხვდა. ამ შეხვედრამ პრაქტიკულად შეცვალა დუხაბორების ბედი მთელ კავკასიაში. მწერალი რელიგიურ უმცირესობას ნამდვილ მხსნელად მოევლინა: რუსულ და საერთაშორისო პრესაში აქტიურად დაიწყო მათი უფლებების დაცვა, ხელისუფლებას შუამდგომლობა სთხოვა, რომ კავკასიაში დასახლებული დუხაბორები კანადაში გაეგზავნა: შედეგად 1899 წელს 7400-ზე მეტი დუხაბორი კანადაში გაემგზავრა, დარჩენილებს კი ტოლსტოიმ ფული დაურიგა: არაერთგან წერია, რომ ტოლსტოიმ დაუმთავრებელი რომანი „აღდგომა" საგანგებოდ იმისთვის დაასრულა, რომ აღებული ჰონორარით დუხაბორებს დახმარებოდა.
მე-19 საუკუნის ბოლოსთვის ჯავახეთში 10 000-მდე დუხაბორი ცხოვრობდა. რეპრესიების მიუხედავად, ისინი ამიერკავკასიის ერთ-ერთ უმდიდრეს მოსახლეებად ითვლებოდნენ: მიწების 35% სწორედ მათ ეკუთვნოდათ.
საბჭოთა რეჟიმის დამყარებისა და გაკულაკების მიუხედავად, დუხაბორებმა მაინც შეძლეს მცირე მეურნეობების გამართვა და იდენტობის შენარჩუნება: ისინი კარგად მოერგნენ საბჭოთა კოლმეურნეობის სისტემას. მიუხედავად იმისა, რომ 1930 წლიდან მათ აეკრძალათ რელიგიური წეს-ჩვეულებების შესრულება, დუხაბორები მალულად იკრიბებოდნენ საკვირაო ლოცვებზე.
1980 წლიდან დაიწყო მორიგი გადასახლების ეტაპი, ამჯერად რუსეთში, თუმცა ეს უკვე თავად დუხაბორელთა სურვილით ხდებოდა. „საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის დაწყების და ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების მოსვლის შემდეგ, ჩვენდამი ყურადღება გაორმაგდა. მოდიოდნენ ეთნოგრაფები, სოციოლოგები, აკვირდებოდნენ ჩვენი ცხოვრების სტილს, გვავსებინებდნენ კითხვარებს, სადაც ერთ-ერთი კითხვა ყოველთვის ეხებოდა იმას, გვინდოდა თუ არა ისტორიულ სამშობლოში დაბრუნება... ბუნებრივია, რომ უმეტესობა თანხმობას აძლევდა. შემდეგ, როცა დაიწყეს ლოზუნგების ძახილი: „საქართველო -ქართველებს", წარმოგვიდგინეს ამ გამოკითხვის შედეგები. ბევრმა ასე დატოვა გორელოვკა და ორლოვკა", - იხსენებს ლუბა დემონოვა.
1980-იან წლებში გადასახლებულები ტულაში გაემგზავრნენ, მეორე ეტაპი 1997 წელს დაიწყო, ამჯერად დუხაბორები ბრიანსკში გადასახლდნენ. 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომამდე, დუხაბორების დაბრუნების მესამე ეტაპი ტამბოვში დაბინავებით დასრულდა.
„ბევრისთვის რუსეთში წასვლის იმედი ის სახელმწიფო პროგრამა გახდა, რომელიც მიზნად ისახავდა თანამემამულეთა სამშობლოში დაბრუნების მხარდაჭერას. ალბათ მეც სულ მალე წავალ საქართველოდან, ჩემი ნათესავები და მეგობრები წასულები არიან, აქ სკოლის მეტი არაფერი დამრჩენია", - დემინოვა გორელოვკის რუსულენოვან საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლებას ასწავლის. 26 წლის ტატიანა მარკინაც ერთ-ერთია ათასობით დუხაბორელს შორის, რომელთაც საქართველო 10 წლის წინ დატოვეს. ამბობს, რომ თავის დროზე ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების გადაწყვეტილება მხოლოდ იმიტომ მიიღო, რომ ქართული ენა საერთოდ არ იცოდა, სხვაგვარად კი საქართველოში თვითდამკვიდრებას ვერ მოახერხებდა. დღეს ის ქალაქ ტიუმენის გეოლოგიისა და გეოფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თანამშრომელია.
„ვფიქრობ, რომ გორელოვკაში მცხოვრებლებს აკლიათ სურვილი, რომ ცხოვრებისგან მეტი მიიღონ, უნდა ისწავლონ, შეიმეცნონ. მხოლოდ ასე შეძლებენ მეტი სარგებელი მოუტანონ საკუთარ თავს, თემს და სახელმწიფოს", - ამბობს ტატიანა.
ნინოწმინდასთან მდებარე магилки რუსეთში, უკრაინასა და კანადაში მცხოვრები დუხაბორებისთვის წმინდა ადგილად ითვლება. მომლოცველები ხშირად ჩამოდიან დუხაბორიის სავანედ წოდებულ ჯავახეთში, მაგრამ ეთნიკური რუსების ისტორიულ სამშობლოში დაბრუნების პროცესი თუ არ შეჩერდა, დუხობორების ნასახლარებზე ეზოებში ობლად დარჩენილი ცირცელი და არყი დარჩება.