Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"რკინის ფარდის ვარსკვლავი"

18 დეკემბერი 2011

 

ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი, რკინის ფარდის "სელებრითი", მწერალი, დრამატურგი, „მემორანდუმის" ავტორი, რევოლუციონერი, დისიდენტი, რომელიც სახელმწიფოს ლიდერზე მეტად, მოხუც ჰიპის უფრო მოგაგონებდათ, 75 წლის ასაკში ფილტვის კიბოსგან გარდაიცვალა.

ვაცლავ ჰაველი - ასეთი ადამიანები ნებისმიერ ეპოქას უხდებიან, მითუმეტეს კი ისეთ დაძაბულ და საინტერესო ეპოქას, როგორიც მეოცე საუკუნე იყო. ჰაველი ქარიზმაა, ქარიზმა ცხოვრებაში, ხელოვნებაში, პოლიტიკაში. მას ბევრი აკრიტიკებდა, მაგრამ ამ დროს ჩეხეთის პრეზიდენტი საათობით მედიტირებდა დალაი ლამასთან ერთად. „ის დასავლეთის ყურადღებას ბანალური, კიჩური, გამონათქვამებით იპყრობს" ამბობდა მასზე ბოჰუმილ დოლეჟალი, გავლენიანი ჩეხი პუბლიცისტი და კომენტატორი, რომელიც თავისი მემარჯვენე პოზიციითაა ცნობილი. ის ხშირად აკრიტიკებდა ჰაველს. ჰაველი კი ამ დროს სახლში როლინგ სტოუნზს მასპინძლობდა. ღირებულებები არასდროს იცვლება ისეთი ადამიანებისთვის, როგორებიც ვაცლავ ჰაველი და ჯეფრი ლებოვსკი არიან.

ჰაველის ცხოვრება ძალიან ჰგავს ფილმს - „დიდი ლებოვსკი". ის ისე ხშირად ეხვევა შარში, როგორც ლებოვსკი და ისევე მსუბუქად უყურებs თავის გასაჭირს, როგორც ლებოვსკი. როცა მას ფილტვის კიბოს დიაგნოზს დაუსვამენ და  განუყრელ მეგობარს, სიგარეტსაც, თავს დაანებებს, რევოლუციონერი იტყვის : „არა, მე საერთოდ არ ვწუხვარ ამის შესახებ, ზოგჯერ ადამიანებს მსგავსი ისტორიები ძალიან სჭირდებათ". თუმცა ლებოვსკისგან განსხვავებით, ჰაველის ისტორია რეალურია და შედეგებიც საკმაოდ სახიფათო.

ვაცლავ ჰაველი 1936 წელს დაიბადა მდიდარ, ჩეხურ, ოჯახში. ჰაველმა თავისი პირველი პიესა 1963 წელს დადგა და 60-იანებში უკვე ყალიბდებოდა ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან, მეამბოხე, ინტელექტუალად პრაღაში. „პრაღის გაზაფხულის" დროს ჰაველმა თავისი მეამბოხეობა უკვე აშკარად გამოავლინა და წითელი არმიის ჩეხეთში შემოჭრა აქტიურად გააკრიტიკა. ჰაველის პიესებს ამის შემდეგ ცენზურა აკრძალავს. თუმცა ის კომუნისტებს მაინც „აპატიებს" ამ საქციელს და პრეზიდენტობის დროს „კომუნისტური პარტიის" კანონგარეშე გამოცხადებას არ დაუშვებს. პრეზიდენტს ამის გამო ბევრი გააკრიტიკებს, თუმცა ისეთი ადამიანები, როგორებიც ვაცლავ ჰაველი და ჯეფრი ლებოვსკი არიან პრინციპებს არასდროს ღალატობენ.

ჰაველის ნონ-კონფორმიზმს ცენზურა ვერ შეარყევს და დისიდენტიც „ქარტია 77"-ის შემუშავებაში მიიღებს მონაწილეობას. ჰაველი ამ ქარტიის ერთ-ერთი პირველი ხელმომწერია და ჩეხეთის კომუნისტურ მთავრობასაც ადამიანის უფლებებისთვის პატივისცემისკენ მოუწოდებს.  ჰაველის ამბოხი მთავრობას შეაშინებს და მომავალ პრეზიდენტსაც 5 წლით პატიმრობას მიუსჯიან.

თუმცა ჰაველის „მორჯულება" მაინც ვერ შეძლეს და 1989 წელს დისიდენტი დრამატურგი პრაღის ხავერდოვან რევოლუციას ჩაუდგება სათავეში. „პრაღის ზამთარი" კომუნისტურ წესრიგს კაპიტალისტურით ცვლის და ამ ცვლილების სათავეში ვაცლავ ჰაველი ექცევა. თუმცა რამდენიმე წლის შემდეგ ჰაველი ერთ-ერთი ინტერვიუში ამბობს, რომ თანამედროვე კაპიტალისტური კულტურა არ მოსწონს და ცოტათი იმედგაცურებულიც კია: „მე არ მომწონს ყველაფრის კომერციალიზაცია. მე არ მომწონს, როცა ფეხბურთისა და ჰოკეის გუნდებს მაისურებზე სარეკლამო წარწერები აქვთ. ზოგჯერ მგონია, რომ სპორტულ შეჯიბრებას კი არა კოკა-კოლასა და პეპსის დაპირისპირებას ვადევნებ თვალს".

ერიკ ტაბერი, ჩეხი ჟურნალისტი, ჰაველის შესახებ წერს, რომ დისიდენტმა მთელი ჩეხეთი სარკეში ჩაახედა და მანკიერებები დაანახა. „კომუნისტების 40 წლიანი მმართველობის დროს ხმა არავის ამოუღია, მთელი ჩეხეთი ჩუმად იჯდა. ჰაველი კი არასდროს წყვეტდა წინააღმდეგობას". თავად ჰაველი მსგავს ხოტბას თავმდაბლობით შეხვდება და ჩეხეთის რევოლუციას თავისებურად ხსნის „როცა ადამიანს დიდი ხნის განმავლობაში, უყურებ და ისიც ყველგანაა, ყოველდღიურ ცხოვრებაშიც, ქუჩაშიც და ტელევიზორშიც ნელ-ნელა გბეზრდება. განსაკუთრებით კი მაშინ თუკი ის სულ ერთი და იგივეს იმეორებს".

ჰაველი პრეზიდენტობის შემდეგ ისევ ძველ საქმიანობას დაუბრუნდა. მან 2007 წელს, თითქმის ოცწლიანი პაუზის შემდეგ, თავისი პირველი პიესა, „წასვლა", გამოქვეყნა. 2008 წელს პიესა პრაღაში დაიდგა. ჰაველი ამბობს, რომ „წასვლა"  შექსპირისა და ჩეხოვის გავლენით დაწერა. პიესაში მთავარი მოქმედი პირი ვილენ რეიგერია, კანცლერი, რომელსაც პრობლემები მაშინ ექმნება, როცა ძალაუფლებას ჩამოაცილებენ. ალბათ ჰაველმა სპეციალურად დაამთხვია, რომ რეიგერს კანცლერის თანამდებობაზე ვლასტიკ კლეინი ანაცვლებს. ეს ინიაციალები ვაცლავ კლაუსისგანაა აღებული, ადამიანისგან, რომელმაც ჰაველი ჩეხეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე ჩაანაცვლა.

ჰაველი 2011 წლის 18 დეკემბერს ფილტვის კიბოსგან გარდაიცვალა. მან ბოლო წლებში რამდენიმე ოპერაციაც გადაიტანა და ბოლოს თავის დაავადებაზე თქვა: „ის ცოტათი უხერხულ მგომარეობაში მაყენებს, ჩემს ძველ შეცდომებს მახსენებს, ხოლმე".

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^