Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დიდი ძმა აღარ გითვალთვალებთ!

19 დეკემბერი 2011

 

დგება მომენტები, როცა კიმ ჩენ ირზე რამე ისტორიის მოყოლა აუცილებელია და ახლა ზუსტად ასეთი მომენტია. თუმცა მდგომარეობას ის ართულებს, რომ კორეელი ბელადის შესახებ ზუსტი მონაცემების მოპოვება თითქმის შეუძლებელია. ის ნახევრადმითოლოგიური პერსონაჟია, რომლის ცხოვრების ნაწილსაც კარის მწერლები წერენ, მეორე ნაწილს კი მსოფლიო მედია იგონებს. თუკი კიმ ჩენ ირის შესახებ ისტორიებს შევაჯამებთ დაახლოებით შემდეგ ტიპაჟს მივიღებთ: აზიელი პერიკლე, ხელისუფლებაში მოსული ჰიუ ჰეფნერი, საიფრეს ჰილის სიმღერის მთავარი გმირი, რომლის ცხოვრების პროტაგონისტი ალბათ უინსტონ სმითი თუ იქნებოდა.

ახლა  კიმ ჩენ ირის შესახებ შექმნილ მითს კიდევ ერთი შეემატა, სიკვდილი. ჩრდილოეთ კორეელი ბელადი გულის შეტევისგან გარდაიცვალა. ჩრდოლოეთ კორეის ნაციონალური ტელევიზიის ვერსიით გულის შეტევა ფიზიკურმა და გონებრივმა გადაღლილობამ გამოიწვია. ესეც თქვენ ღირსეული ბელადის ღირსეული აღსასრული. ბელადის დაკრძალვა 28 დეკემბერს იგეგმება. ცერემონია დილიდან დაიწყება და მთელს დღეს გასტანს, კორეელი ხალხი გლოვობს თავის დიქტატორს. თუმცა ამ გლოვას ნაძალადევის არაფერი ეტყობა. ხალხი ქუჩებში  დაშვებული დროშებით გამოდის და ტირის. პეკინის კორეულ რესტორანშიც კი, როცა საყვარელი ბელადის სიკვდილის ამბავი გაიგეს ცხარე ცრემლით უტირიათ. მსგავს ტიპაჟებში ყველაზე საინტერესო ისაა, რომ დიქტატისა, უსამართლო დაპატიმრებებისა და თავისუფლების შეზღუდვისა მიუხედავად ხალხს ის მაინც უყვარს.

სწორედ აქ ერთვება თამაშში პროტაგონისტი უინსტრონ სმითი. კიმ ჩენ ირმა მოახერხა და „1984" ნაწილობრივ პრაქტიკაში განახორციელა. „უმეცრება ძალაა" - სწორედ ამიტომ „უყვართ" კორეელებს ბელადი. მათ არ იციან რა არის კორეის მიღმა, მათ იციან, რომ არსებობს ადამიანი, რომელმაც კორეის მუშათა პარტიას მთელი სიცოცხლე შეალია და არც სურთ, რომ მეტი იცოდნენ. კორეაში მოსახლეობის უმეტესობას ტელევიზორზეც კი არ მიუწვდება ხელი. ტელევიზორის ყურება სპეციალურ დაწესებულებებშია შესაძლებელი და იქაც მხოლოდ ერთი არხი მაუწყებლობს. ტელევიზიაში კი პროპაგანდაა, რომელსაც მწერლები ქმნიან. კიმ ჩენ ირმა ბელეტრისტიკული მედია შექმნა. იქ ყველაფერი ზღაპარია, რომელსაც ბელადი ყოველდღე უყვებოდა თავის მოსახლეობას.

„ომი მშვიდობაა" - კიმ ჩენ ირმა კორეის იზოლაციასა და სიმშვიდეს თავისებური გარანტიები მოუძებნა. დღეისათვის კორეაში 200 000-ზე მეტი უკანონო პატიმარია, 2006 წელს კი პირველად გამოსცადა ბირთვული ბომბი. პრესაში ამბობდნენ, რომ ამით მან სადამის ბედი აიცილა თავიდან. ფაქტია, რომ ორუელის ბელადისეულმა გაგებამ გაამართლა და სხვა დიქტატორებისგან განსხვავებით მან მოახერხა მშვიდად, „ხალხზე ფიქრში მომკვდარიყო".

„თავისუფლება მონობაა" - კორეელი ხალხი თავისუფალია იმაში, რაც ბელადს უნდა. ბელადი კი ამ თავისუფლების კარნახს პროპაგანდის წყალობით წარმატებით ახერხებს. კორეელი ხალხისთვის თავისუფლება თანასწორობაშია, თუმცა ეს არაა მარქსის თანასწორობა. კიმ ჩენ ირმა თანასწორობა ზუსტად ისე გაიგო, როგორც კაპიტალისტ მოწინააღმდეგეებს უნდოდათ. კორეული თანასწორობა ნამდვილად გათანაბრებული სიღარიბეა, რომელსაც დიდი ძმა მუდმივად თვალს ადევნებს.

თუმცა დიქტატორის თანასწორობა უფრო სხვაგვარია. ის საყვარელი ბელადია, რომელიც სხვებზე უფრო თანასწორია. მისი მითოლოგიის ამ ტომს ჰქვია - „დასავლური ჭორების ალმანახი: კინომანი ფლეიბოი". კიმ ჩენ ირს უყვარდა, როცა საკუთარ მაზდას ატარებდა და ბურჟუების საყვარელ ჰენესის წრუპავდა ხოლმე. წერენ, რომ ბელადი არც ლამაზი ქალების მიმართ იყო გულგრილი. სამხრეთ კორეელი რეჟისორი შინ სანგ ოკი და მსახიობი ჩო უნ ჰი ამბობდნენ, რომ ბელადმა ისინი დაატყვევა და მისთვის ფილმების გადაღება აიძულა. კიმ ჩენ ირს ძალიან უყვარდა კინო და მისი პირადი კინოთეკა 20 000 ფილმს ითვლის. ის თვითონაც ცდილობდა ფილმების გადაღებას, თუმცა რეჟისორი და მსახიობი გაექცნენ. შინ სანგ ოკი და ჩო უნ ჰი კორეელმა დიქტატორმა ვენის კინოფესტივალზე გაგზავნა, საიდანაც ისინი კორეაში აღარ დაბრუნებულან. აი ასეთი კიმ ჩენ ირი უკვე საიფრეს ჰილის „როკ ვარსკვლავს" მოგვაგონებს. ეს სიმღერა მის ცხოვრებაში რეალობად იქცევა. ის ცხოვრობს დიდ სასახლეში, აქვს საკუთარი ქვეყანა, ჰყავს საუკეთესო მაზდა და ქმნის რეჟიმს სადაც არავინ არავის ენდობა.

მისი ცხოვრება მსგავსი მითებითაა სავსე. მითია მისი სიკვდილი და მითია მისი დაბადება თუ ბავშვობა. დასავლეთის აზრით მომავალი ბელადი საბჭოთა კავშირში დაიბადა 1941 წელს. ამ დროს მამამისი იაპონელების წინააღმდეგ იბრძოდა. მისი ოფიციალური ბიოგრაფების მიხედვით მითიური ბელადი 1942 წელს დაიბადა პეკდუს საიდუმლო ბანაკში. დასავლეთის აზრით 50-იან წლებში, როცა კორეაში ცხოვრება არც ისე უსაფრთხო იყო კიმ ჩენ ირი მშობლებმა ჩინეთში გაგზავნეს განათლების მისაღებად. მისი ბიოგრაფები კი ამბობენ, რომ ამ დროს ის ფხენიანში იყო და სოფლის მეურნეობითა და ეკონომიკით იყო დაინტერესებული.

კიმ ჩენ ირი 69 წლის ასაკში გარდაიცვალა და ორუელის „1984"-ის მიხედვით ქვეყანა 17 წლის განმავლობაში მართა.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^