Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ვინ არის ალექსეი ნავალნი?

28 დეკემბერი 2011

 

მოსკოვის ვირტუალური მერი, აქციონერი, საშუალო კლასის გმირი, ინტერნეტ-აქტივისტი, ბლოგერი, რუსი ჟულიენ ასანჟი; ბოლო დროს ამ და კიდევ ათეულობით სხვა ეპითეტით პრესა ალექსეი ნავალნის მოიხსენიებს. ახალი წლის წინ ნავალნი არანაკლებ აქტუალურია ვიდრე სანტა-კლაუსი, ალბათ იმიტომ, რომ რუსული „2012" მსოფლიოში ყველაზე ცხელი უნდა გამოდგეს. ეს ყველაფერი კი დიდწილად ნავალნიზეცაა დამოკიდებული.

ალექსეი ნავალნის ცხოვრებას eurasia.foreignpolicy.com ბლოგერის ოცნებას უწოდებს. მართლაც, ნავალნიმ მოახერხა და თავისი ინტერნეტ-აქტივიზმით განსაკუთრებული როლი დაიკავა თანამედროვე მსოფლიოს ცხოვრებაში. ნიუ-იორკერი მას ჟულიენ ასანჟის ადარებს, არამარტო ინტერნეტ-აქტივიზმის, არამედ კორუფციასთან და უსამართლობასთან თავდაუზოგავი ბრძოლის გამო. ნიუ-იორკერშივე ნახავთ თუ რით განსხვავდება ნავალნი ასანჟისაგან : „განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ისაა, რომ ნავალნი ამ ყველაფერს აკეთებს ქვეყანაში სადაც ჟურნალისტებს, იურისტებს და აქტივისტებს, რომლებიც სიტუაციაში სიღრმისეულად გარკვევას ცდილობენ ავიწროვებენ ან საერთოდ კლავენ" - წერს ჟულია იოფე, ნიუ-იორკერში.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბლოგერი 35 წლისაა. ის მოსკოვის შემოგარენში დაიბადა, სადაც მის მშობლებს ფაბრიკა ჰქონდათ. ნავალნი დღეისთვის ამ ფაბრიკის ფორმალურ მმართველად ითვლება. სკოლა მოსკოვის შემოგარენის სოფელ ტარასკოვოში დაამთავრა. სკოლის შემდეგ იყო „მოსკოვის ხალხთა მეგობრობის ინსტიტუტის" იურიდიული ფაკულტეტი, შემდეგ „ფინანსური აკადემია" და ბოლოს ნახევარწლიანი სწავლება იელის უნივერსიტეტში. სწავლის დასრულების შემდეგ ნავალნიმ ფულის დაბანდება აქციებში დაიწყო და ნაწილობრივ სწორედ ამ ნაბიჯმა განაპირობა მისი მომავალი პოლიტიკური ცხოვრება. ნიუ-იორკ თაიმსი ნავალნის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ აქტივისტი იმ საშუალო კლასის წარმომადგენელთა რიცხვს განეკუთვნება, რომლებმაც  სხვადასხვა აქციებში ფული ჩადეს და ქვეყანაში არსებული კორუფციის გამო მნიშვნელოვნად დაზარალდნენ. ნავალნის პოლიტიკური ცხოვრება სწორედ კორუფციასთან აქტიური ბრძოლით დაიწყო.

ნავალნის პირველი ნაბიჯები პოლიტიკაში არც ისე წარმატებული გამოდგა. ის 2000 წელს პარტია იაბლოკოს შეურთდა. 2007 წლის თებერვლიდან ნავალნი პარტიის მოსკოვურ აპარტს ხელძღვანელობდა, თუმცა დეკემბერში პარტიის ყრილობაზე ის „იაბლოკო"-დან გააძევეს. როგორც პარტიის პრეს-სამსახური აცხადებდა მიზეზი ნავალნის ნაციონალისტური შეხედულებები იყო და აპარატის უფროსის იდეოლოგია პარტიას პროდუქტიულ მუშაობაში ხელს უშლიდა. თვითონ ნავალნი კი ამბობს, რომ რეალური მიზეზი ის გახლდა, რომ მან ყრილობაზე პარტიის ლიდერთა უმეტესობის გადარჩევა მოითხოვა.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა „იაბლოკო" ნავალნის იდეოლოგიის შესახებ მართალი ყოფილა. ახლა აქტივისტი არც მალავს იმას, რომ ის ნაციონალისტია და კავშირი აქვს სხვადასხვა ნაციონალისტურ ორგანიზებთან. ის თვითონ ნაციონალისტური მოძრაობა „Народ"-ის ერთ-ერთი ლიდერია. ნავალნი საკუთარ თავს ნაციონალ-დემოკრატს უწოდებს. მისი ბიოგრაფი კონსტრანტინ ვორონკოვი წერს : „ნავალნი ნაციონალ-დემოკრატია, ის ერთმანეთისგან აცალკევებს ნაციონალურობასა და ნაციას. ის ნაციონალიზმში საზოგადოებრივ იდენტობას უფრო ხედავს, ვიდრე ეთნიკურს."

ნავალნი ხშირად ახსენებს, რომ ნაციონალისტური შეხედულებები ქვეყნის პოლიტიკაში ერთ-ერთი მთავარი წარმმართველი უნდა იყოს. ჟურნალ „Gentlemen's Quarterly"-სთან ინტერვიუში ნავალნი ეცადა ზუსტად აეხსნა თუ რას გულისხმობდა თავის ფრაზაში ნაციონალიზმისა და სახელმწიფო პოლიტიკის დამოკიდებულების შესახებ:

[pagebreak]

"მე ვფიქრობ, რომ ეს თემა ტაბუირებული არ უნდა იყოს. რუსული ლიბერალ-დემოკრატიის კრახიც სწორედ იმითაა განპირობებული, რომ მათ საჭიროდ არ ჩათვალეს გარკვეული თემების საჯარო განხილვა, არადა კულტურებს შორის კონფლიქტი დღევანდელ რუსეთში საკმაოდ მწვავედ დგას. უნდა ვაღიაროთ, რომ მიგრანტები, მათ შორის კავკასიელები, რუსეთში თავიანთ სპეციფიკურ შეხედულებებთან ერთად შემოდიან და ამ შეხედულებებს აქაც ინარჩუნებენ. მაგალითად, ჩეჩნეთში, ქალებს, რომლებიც ჩადრს არ ატარებენ პეინტბოლის იარაღიდან ესვრიან. შემდეგ გამოდის კადიროვი და მათ ეუბნება: „ყოჩაღ ბიჭებო, ჩეჩნეთის ნამდვილი შვილები ხართ". შემდეგ ეს ჩეჩნები მოსკოვში ჩამოდიან. მე ცოლი და ქალიშვილი მყავს და არ მომწონს, რომ ეს ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ უჩადრო ქალის პეინტბოლის იარაღით „დახვრეტა" შეიძლება, აქ თავიანთ წესებს აწესებენ."

 

თუმცა ყველაზე საინტერესო ნაწილი ნავალნის ცხოვრებასა და მოღვაწეობაში მაინც ბოლო დროის რუსული მოვლენებია. ბლოგერმა რუნეტში აქტიურობით უამრავი ხალხის კონსოლიდირება მოახერხა და ეს ყველაფერი ერთი ინტერნეტ-მემეთი დაიწყო. ნავალნიმ საკუთარ ბლოგზე გამოაქვეყნა მემე, სახელად: „თაღლითებისა და ქურდების პარტია". მემე პუტინისა და მედვედევის „Единая Россия"-ს ეძღვნებოდა და ინტერნეტში მალე მოიპოვა პოპულარობა. შეიქმნა სხვადასხვა ვარიაციები და რუსულმა გუგლმაც რამდენიმე დღეში ამ ფრაზის პოვნის მილიონობით თხოვნა მიიღო. ადვოკატი შოთა გორგაძე ნავალნის ამ ქმედებას თავის ბლოგზე აკრიტიკებდა და საჩივარსაც ამზადებდა, თუმცა ნავალნიმ უფრო მალე ოლეგ მოროზოვის საჩივარი მიიღო.

მოროზოვი „Единая Россия"-ს წევრია, რომელიც ნავალნიმ დებატებში გაანადგურა. რადიოეთერში დისკუსიის შემდეგ მაყურებელთა 99%-მა პროცენტმა გამარჯვებულად ნავალნი დაასახელა. ეთერში აქტივისტმა თავისი ცნობილი ფრაზა რამდენჯერმე წარმოთქვა და მოროზოვიც საჯარო ბოდიშს და ბლოგიდან მემეს წაშლას მოითხოვდა. მაშინ ნავალნი სასამართლოს გადაურჩა, თუმცა მისი „თავისუფლება" დიდი ხანი ვერ გაგრძელდა და 5 დეკემბერს აქტივისტი დააკავეს. ნავალნი მონაწილეობას იღებდა სანქცირებულ აქციაში, რომლის შემდეგაც თანამოაზრეებთან ერთად, რუსეთის ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე, არასანქცირებული მსვლელობა მოაწყო. პოლიციამ ნავალნისთან ერთად მოძრაობა „სოლიდარობის" ლიდერი ილია იაშინიც დააკავა. აქტივისტებს 15 დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს და საბოლოოდ 21 დეკემბერს გაათავისუფლეს. გარეთ უკვე ნავალნი ორჯერ უფრო გავლენიანი გამოვიდა, ვიდრე მანამდე იყო. მას ათასობით მხარდამჭერი ელოდა, რომლებიც აქტივისტს „სინდისის პატიმრად" მიიჩნევდნენ.

მაიკლ უეისი, თავის ბლოგზე ტელეგრაფში, წერს, რომ ნავალნი პუტინის რუსეთს ცვლის და ახალგაზრდა აქტივისტს ეს კარგადაც გამოსდის. უეისი პუტინს ურჩევს ნავალნის „მოუფრთხილდეს", ვინაიდან თუკი მას რაიმე დაუშავდება ეს პუტინისთვისვე იქნება უარესი. უეისი მიიჩნევს, რომ პუტინის რუსეთმა არ იცის თუ როგორ უნდა ებრძოლოს ნავალნის და CIA-ის აგენტობისა თუ ერის მოღალატეობის დაბრალებაც უკვე „მოდიდანაა გასული" და შესაბამისად არაეფექტურიცაა.

როგორც ჩანს, ნავალნი გაჩერებას არ აპირებს და ბლოგზე თუ ტვიტერზე აქტიურობას ისევ განაგრძობს. მას არ ეშინია, ის თავს საფრთხეში იგდებს და ბრძოლას აგრძელებს. თუმცა ნავალნის ოჯახს მისი აქტივობა მაინც აშინებს. ალექსეი ნავალნის დედამ, ლუდმილამ, ნიუ იორკერთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ „ალექსეი უკვე ძალიან გავლენიან ხალხს უპირისპირდება და აწუხებს. მსგავსი ქმდებები რუსეთში არც-ისე უსაფრთხოა. არ მინდა, რომ ჩემი შვილი წამებული გახდეს".


კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^