თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე რეჟისორ ტომას ოსტერმაიერის მოულოდნელი, ერთდღიანი ვიზიტი თეატრალური სამწყსოს წინაშე გამოცხადებას უფრო ჰგავდა. ბერლინის სახელოვანი "შაუბიუნეს" სპექტაკლი "ხალხის მტერი" კი, რომელიც ოსტერმაიერმა რამდენიმე წლის წინ დადგა, წლევანდელი ფესტივალის კულმინაციად იქცა.
ბავარიაში დაბადებული და 90-იანი წლების ბერლინში არტს დაწაფებული რეჟისორი, დღეს თანამედროვე ევროპული თეატრის ერთ-ერთი ლიდერია. მიუხედავად კრიტიკოსთა სუბიექტური დამოკიდებულებისა (სრული აღფრთოვანებიდან უკიდურეს ნეგატიურობამდე), მისი სპექტაკლების სოციალური სიმძაფრე თუ კლასიკოსთა რადიკალური ინტერპრეტაცია, მომგებიანად გამოირჩევა დეპრესიულ-სტერილურ-სრულყოფილი სანახაობების ფონზე. თუმცა, ცხადია, არსებობენ "მოუთაფლავი და მოურჯულებელი" კარგი რეჟისორებიც. მაგალითად, უნგრელი არპად შილინგი, ბელგიელი ლუკ პერსევალი, პოლონელი კშიშტოფ ვარლიკოვსკი, ლატვიელი ალვის ჰერმანისი...
ბერლინის ხელოვნების უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ოსტერმაიერმა მკვეთრად სოციალურ-პოლიტიკური მიმართულების თეატრი Baracke ჩამოაყალიბა, რომელსაც რამდენიმე წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. თუმცა ნამდვილი აღიარება მაინც 2000 წლიდან იწყება, როდესაც მან ასევე ახალგაზრდა და უკვე აღიარებულ ქორეოგრაფთან, საშა ვალცთან ერთად, ბერლინის სახელოვანი "შაუბიუნეს" ინტენდანტის პოსტზე ლამის უკვდავი პეტერ შტაინი შეცვალა. და ეს ნამდვილ ესთეტიკურ რევოლუციას ჰგავდა. ამავე წელს მას ევროპული თეატრის ყველაზე პრესტიჟული პრიზი - "ახალი თეატრალური რეალობა" - მიენიჭა.
ოსტერმაიერმა წარსული დიდებით მიძინებული თეატრი ჩაიბარა, რომლის რეპერტუარი და მხატვრული პრინციპები მოსკოვის სამხატვრო თეატრს უფრო წააგავდა (შემთხვევითი არ არის, რომ სწორედ 80-იან წლებში, მოსკოვში აღფრთოვანებით მიიღეს შტაინის "სამი და" და "ალუბლის ბაღი"). მალე ოსტერმაიერმა ახალგაზრდა დრამატურგები, მხატვრები და მსახიობები შემოიკრიბა. ზედიზედ დადგა სარა კეინის, მარიუს ფონ მაიენბურგის, იონ ფოსეს პიესები. პარალელურად, ღირსეულად, მაგრამ ცოტა თავხედურად გაუსწორდა კლასიკოსებს: იბსენს ("ნორა" და "ჰედა გაბლერი"), ბიუხნერს ("ვოიცეკი"), შექსპირს ("ზაფხულის ღამის სიზმარი"), უილიამსს ("კატა გავარვარებულ სახურავზე").
მაშინაც კი, როცა მისი ინტერპრეტაცია და სპექტაკლების ტექსტი ორიგინალს საშიშად სცილდება, როგორც, მაგალითად, "ჰამლეტში" ან "ხალხის მტერში" (მარიუს ფონ მაიენბურგის ადაპტიაცია და თარგმანი), მაყურებელს მაინც იპყრობს სპექტაკლების ენა - თითქოს იოლი, გამარტივებული და დღევანდელ ენას მორგებული. ოსტერმაიერი ყოველთვის ისე დგამს კლასიკურ პიესას, თითქოს ახლა დაიწერა და მათ ორიგინალურ და საკამათო რაკურსს ანიჭებს. ის ახერხებს, მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს დაწერილ იბსენის პიესაში ერთდროულად ამოიკითხოს სოციალური, ეკოლოგიური, პოლიტიკური და ოჯახური დრამა. თანაც ისე, გეგონებათ, ახლახან დაწერილი ტექსტს უსმენ.
მაგალითად, ექიმ სტოკმანის ინტერაქციული დიალოგი მარჯანიშვილის თეატრის დარბაზთან ლამის ცალკე სპექტაკლად იქცა. მისი ანტიბურჟუაზიული მონოლოგი უფრო ლიბერალური უმრავლესობის გამათრახებაა, ვიდრე რადიკალი მემარცხენეების მხარდაჭერა. თუმცა მომახმარებლური საზოგადოებისა და მსხვილი კომპანიების კრიტიკა დროდადრო ძალიან ირონიულად ჟღერს. ასე რომ, ოსტერმაიერის თეატრი ეს არის დღევანდელი და ძალიან ზუსტი; ხისტი, მაგრამ დახვეწილი; აქტუალური, მაგრამ კონიუნქტურისგან თავისუფალი... და რაც მთავარია, მის მიერ შექმნილი სცენური სამყარო აქ და ახლა პულსირებს. ის ჩვენი დროის ანარეკლია.
იმ დროს, როცა თბილისის თეატრალურ ფესტივალზე მაყურებელმა ოსტერმაიერის "ხალხის მტერი" პირველად ნახა, ბერლინის "შაუბიუნეში" მის ბოლო სპექტაკლი წარმოადგინეს. ლამის ზედმეტად პოპულარულმა დრამატურგმა იასმინა რეზამ პიესა „Bella Figura“ სწორედ ტომას ოსტერმაიერისა და თეატრ "შაუბიუნესთვის" დაწერა, პოპულარული მსახიობების ნინა ჰოსის და მარკუს ვაშკეს მონაწილეობით...
ცხადია, ისევ ოსტატ ოსტერმაიერის რეჟისურა. მაგრამ ეს უკვე ცალკე საუბრის თემაა.