Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ნაკრის მკვიდრი: „სვანეთი არ იმსახურებს ასეთ მოპყრობას!“

15 ოქტომბერი 2015

ნენსკრაჰესის მშენებლობაზე გარემოს დაცვის სამინისტრომ 2 ოქტომბერს დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა გასცა. პროექტის თანახმად, მდინარე ნენსკრას ხეობაში 280 მვტ. სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგური უნდა აშენდეს. მდინარე ნენსკრაზე 135 მეტრი სიმაღლის, 820 მეტრი სიგრძის ქვანაყარი კაშხალი განთავსდება, წყალსაცავი კი 182 მილიონი კუბური მეტრის მოცულობის უნდა იყოს. სამინისტროს მიერ გაცემული ნებართვა 29 პირობას მოიცავს, მათ შორისაა, ტექტონიკური რღვევის აქტიურობის დადგენის, კაშხლის სეისმური მდგრადობისა და სხვა გარემო ფაქტორების შესწავლის ვალდებულებებს.

სვანეთის მცხოვრებლებმა ამ დასკვნის შესახებ მისი გაცემიდან ერთი კვირის შემდეგ შეიტყვეს და გარემოს დაცვის სამინისტროსთან 13 ოქტომბერს დაანონსებული აქციის მთავარი გზავნილიც - არ გაიცეს დადებითი დასკვნა - უკვე მიღებული გადაწყვეტილების პროტესტით შეიცვალა. აქციის მონაწილეები ფიქრობენ, რომ ნენსკრაჰესი მოსახლეობისთვის და სვანეთისთვის საფრთხის შემცველია. „ლიბერალი“ სოფელ ნაკრას მცხოვრებს, გიორგი ცინდელიანს ესაუბრა:

 

რატომ ფიქრობთ, რომ ეს პროექტი საფრთხის შემცველია?

ხელისუფლების უპირველესი მოვალეობა ქვეყნის უსაფრთხო განვითარებაა. სვანეთში დაგეგმილი დიდი ჰესები კი დიდი საფრთხის შემცველია მთლიანად სვანეთისთვის და არამხოლოდ რამდენიმე სოფლისთვის. უპირველესად, ჭარბი დატენიანების ზონაში წყალსაცავების განთავსება არაა მიზანშეწონილი, რადგან ეს უარყოფით გავლენას მოახდენს კლიმატზე, მოიმატებს ქარის სიჩქარე, აორთქლება. სვანეთი 6 თვე მაინც თოვლის ქვეშაა, ამის შემდეგ ნალექის მატება ზვავსაშიში და მეწყერსაშიში პროცესების გააქტიურებასაც გამოიწვევს. წყალსაცავი თავისთავად ნესტიანობასაც გაზრდის, ნესტი კი ჯანმრთელობის მდგომარეობას გააუარესებს, განსაკუთრებით რევმატიზმით და გულსისხლძარღვთა დაავადებების მქონე ადამიანებში.

კლიმატის ტრანსფორმაცია მოსახლეობის საცხოვრებელ მდგომარეობას უკიდურესად გააუარესებს და აყრისა და გადასახლების წინაშე დააყენებს. ნენსკრასა და ხუდონჰესის ერთობლივი განხორციელება ფაქტობრივად მთლიანად სვანეთში ცხოვრებას გახდის შეუძლებელს. თუმცა უშუალოდ ნენსკრაჰესის უარყოფითი მხარეები სხვაც ბევრია: სოფელი ნაკრის მიმართულებით ბევრი ღვარცოფსაშიში მდინარეა, ამ ჰესის მშენებლობას კი თავისთავად მოჰყვება მეწყრის გააქტიურება.

ნიადაგი ეროზირებულია, ნაკრაში უამრავი მეწყერია დაფიქსირებული. სწორედ მდინარე ნაკრა ახერხებდა ღვარცოფებისგან ჩამოტანილი მყარი ნატანის გატანას. ბევრი შემთხვევა იყო, როდესაც ნაკრასაც კი უჭირდა ამ მასის გატანა-გაწმენდა, მაგრამ რამდენჯერმე, მდინარეს საბოლოოდ ეს რომ ვერ  მოეხერხებინა, სოფელი კურხაიში მთლიანად დაიტბორებოდა. მდინარის პირას არის უნიკალური მჟავე, სამკურნალო წყლებიც, რომელთა გაქრობის საშიშროებაც დგება.

ამ ჰესის აშენებას უამრავი საფრთხე უკავშირდება, რომლებიც არასაკმარისადაა შესწავლილი ანდა საერთოდაც არაა განხილული ამ პროექტში.

სოფელი ჭუბერი და ნაკრა სასაზღვრო ზონაში მდებარეობს. წლების წინ იყო ჩეჩენი ბოევიკების გადმოსვლის შემთხვევაც. ისინი მაშინ ნაკრის მესაზღვრეებმა დააკავეს. თუ იქიდან მოსახლეობა აიყარა, რუსეთს ყოველთვის ექნება საზღვრის გადმოწევის შესაძლებლობა.

რატომ ხართ დარწმუნებული, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრება შეუძლებელი გახდება?

ისეთი მდებარეობის ზონაში, როგორიც სვანეთია, ათეულობით ჰესის აშენება დამღუპველია. ეს მზაკვრულ ჩანაფიქრს ჰგავს სწორედ იმისთვის, რომ სვანეთი დაიცალოს. წლების წინ გეოლოგებმა ეს ადგილები კარგად შეისწავლეს. მაშინ დაიგეგმა ხუდონჰესი, ნენსკრაჰესი, ტობარჰესი, ფარჰესი. ბევრი საუბარი იყო ამავე ადგილებში არსებულ ოქროს დიდ მარაგებზე. რომ თუნდაც მხოლოდ სოფელი ცხუმარი ოქროს თავზეა განთავსებული. საუბარია ამ მთებში ურანის არსებობაზეც. ურანის წარმოების ადგილას, მინიმუმ 100 კმ-ის რადიუსში, ცოცხალი ორგანიზმი ვერ იარსებებს. სახელმწიფო უსაფრთხოება, მიკროკლიმატის ცვლილება - შედეგად კი მოსახლეობისგან რეგიონის დაცლა საფრთხეების მხოლოდ ზოგადი ჩამონათვალია.  

მოსახლეობის დასაქმება, ადგილობრივ ბიუჯეტის გაზრდა კომპანიის მიერ გადახდილი თანხი, რომელიც ისევ ამ მხარეს მოხმარდება, არ არის მიმზიდველი პერსპექტივა?

მოსახლეობა შეცდომაში შეჰყავთ, მათი დაპირების მიხედვით, წესით ახლა ადგილობრივების გადამზადება უნდა იყოს დაწყებული. არადა, ამაზე ჯერ არც არავის უფიქრია. გაჭირვებულ მოსახლეობას მხოლოდ ატყუებენ, რომ დაასაქმებენ, მაგრამ რა აზრი აქვს ისეთ დასაქმებას, როდესაც 4-6 წლის შემდეგ მშობლიური, ძირძველი კუთხე ამხელა ჰესების აშედების შემდეგ მისატოვებელი გაგიხდება,.

არ შეიძლება მხოლოდ დღევანდელ დღეზე ფიქრი, არც მთავრობის და არც ხალხის მხრიდან. ეს მილიარდიანი ინვესტიცია, რომელზეც ხელისუფლება საუბრობს, წარმოებასა და მრეწველობაში რომ ჩადებულიყო, გაცილებით გრძელვადიანი ეფექტი ექნებოდა. ერთ მილიარდიანი ინვესტიციის გამო არ უნდა გაიყიდოს სვანეთი, მაშინ, როდესაც ეკონომიკა სტაგნაციას განიცდის.

280 მვტ. სიმძლავრის ჰესით 10 წლამდე ინვესტორი ისარგებლებს, ერთი კილოვატსაათის ფასიც 12-15 ცენტი თუ იქნება, ადგილობრივი ბაზარი ამ ენერგიას, ცხადია, ვერ იყიდის და ეს პირიქით, ბაზარზე ფასების ზრდის ტენდენციისკენ იქნება მიმართული. ხეობაში კი, კაშხლის გარდა, რამდენიმე გვირაბი უნდა გაკეთდეს, ბუნებაზე აგრესია შეუქცევად პროცესებს გამოიწვევს.

სოფლებს ჭუბერსა და ნაკრას ერთი მთა ჰყოფს, აქვეა მყინვარი შდაულერია. იქ მცხოვრებნი ამბობენ, რომ იქ უზარმაზარი ნაპრალებია და ჭუბერის მხარეს უზარმაზარი მასაა მოწყვეტილი, მაგრამ ჯერ კიდევ არ ჩამოწოლილა. ის რომ მთლიანად ჩამოვიდეს, ყველაფერს ჩაიტანსო. იქ ირგვლივ თითქმის ყველა მთის ძირში დიდი ნაპრალებია გაჩენილი.

იმ სპეციალისტებს თუ შეხვდით, რომლებიც პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტზე მუშაობდნენ („გამა კონსალტინგი“) ან გარემოს დაცვის სამინსიტროს ექსპერტებს თუ ესაუბრეთ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემამდე?

კომპანიის გამოგზავნილ ექსპერტებს სულ იმას ვთხოვდით, ასულიყვნენ და სწორედ ეს ნაპრალები დაეფიქსირებინათ, შეესწავლათ, მაგრამ ამაოდ. არადა, იქ რომ რამე მოწყდეს, მთელ სოფელს წალეკავს. ნაკრაში რომ ღვარცოფებს მყარი ნატანი ჩამოაქვს,  სანამ მდინარე ამას გაიტანს, ხშირად მთელი სოფლის სავარგულები ქვებით ივსება. იგივე ხდება მდინარე კურხაიშის შემთხვევაშიც, კიდევ კარგი, ბოლო შემთხვევაში მთიდან წამოსული დიდი მასა მდინარის მიმართულებით წამოვიდა, და არა სოფლის. მიუხედავად ასეთი საფრთხისა, გზას რკინაბეტონის დამცავი საშუალებებიც არ გაუკეთეს.

სოფელ ნაკრის მოსახლეობის უმეტესობა სწორედ ამ საშიშ ზონაში ცხოვრობს. ზაფხულობით მდინარეს რომ დიდი ქვები მოაქვს, მშობლებს ბავშვები სხვაგან მიჰყავთ, იმდენად ეშინიათ. თუკი მიკროკლიმატი შეიცვალა, ამ პროცესების გააქტიურების ალბათობა გაასმაგდება, სოფლისთვის კი ეს კატასტროფის ტოლფასია. ამ დროს კი მდინარეშიც წყლის ძალიან მცირე ნაწილი იქნება დარჩენილი.

სადაც კაშხლის გაკეთება იგეგმება, იმ ადგილის გასწვრივაც არანაკლებ სახიფათო ღვარცოფსაშიში მდინარეებია. ამითაც აშკარაა, რომ პროექტი წესიერად არ არის შესწავლილი. მყინვარების ძირში ამის გაკეთება მაშინ, როდესაც მყინვარი ყოველ წელს მეტად დნება და უკან იხევს, წარმოუდგენელია.

მხოლოდ ნაკრაში 80-მდე ოჯახი ცხოვრობს. თითქმის ყველა სარგებლობს იმ მიწით, რომელიც წყლით უნდა დაიფაროს, გარდა ამისა, იქ, სადაც კაშხალი უნდა აშენდეს, მთაზე ცხვრის გადასაყვანი გზაა, ჯერ არც ის იციან, იმას რა უნდა მოუხერხონ.

პროექტში მოიაზრება, რომ ამავე პერიოდში ხუდონჰესის მშენებლობაც დაიწყება. ენგურჰესი, ხუდონჰესი და ნენსკრაჰესი აბსოლუტურად შეცვლის მიკროკლიმატს სვანეთში, ცხადია, აქ ცხოვრების ელემენტარული პირობებიც კი აღარ იქნება.

ეს მოსაზრებები საჯარო განხილვისას თუ გამოთქვით?

რა თქმა უნდა. ბევრი საფრთხე გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში ზედაპირულად ან საერთოდ არაა შესწავლილი. თუმცა საჯარო განხილვაზე „გამას“ და „საპარტნიორო ფონდის“ წარმომადგენლები მოსახლეობასთან იმასაც კი არ ამბობდნენ, რაც ამ დოკუმენტში ეწერათ. ჭუბერისა და ნაკრას მოსახლეობამ უარი უთხრა. ვითხოვდი, რომ მათთვის, ვისაც პროექტი წაკითხული არ ჰქონდა, ის მაინც ეთქვათ, იქ რაც ეწერათ, მაგრამ უნდოდათ ამ ყველაფერს ზედმეტი ხმაურის გარეშე, ჩუმად ჩაევლო. მოსახლეობის უმეტესობა წინააღმდეგია. მხოლოდ რამდენიმე ადამიანია, ვინც არც ჰო-ს ამბობს და არც არა-ს, ისინიც ძირითადად საჯარო მოხელეები არიან და ამიტომ.

გარდა ამისა, ვხვდებით, რომ გვაიძულებენ, პროექტს მხარი დავუჭიროთ. შარშან, უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ ჭუბერსა და ნაკრაში გზა განახლებულიყო, ცემენტი დაგებულიყო, მაგრამ წელს ჩატარებულ და დასრულებულ ტენდერში ნაკრა ნახსენებიც არ ყოფილა, ჭუბერში კი გზის დაგებას იწყებენ. მოსახლეობას ეუბნებიან, ინვესტორს თუ არ შემოუშვებთ, ასე იქნება სულო. ასეთ ხმებს უმეტესად ადგილობრივი საჯარო მოხელეები ავრცელებენ, წინააღმდეგობას თუ გააგრძელებთ, არც არაფერი გაკეთდებაო. ყველა ღონეს ხმარობენ, რომ წინააღმდეგობა შეასუსტონ.

გარდა ამისა, გაზვიადებულ ინფორმაციას ავრცელებენ მიწების კომპენსაციის შესახებაც. ანგარიშში ნათლად წერია, რომ პროექტისთვის საჭირო ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაა. მიუხედავად იმისა, რომ ეს მიწები ადგილობრივების ტრადიციული საკუთრებაა, რადგან საკუთრების ამ ფორმაც საქართველოს კანონმდებლობა ბევრი სხვა ქვეყნისგან განსხვავებით არ ცნობს, მოსახლეობა შეიძლება საერთოდაც კომპენსაციის გარეშე დარჩეს, რადგან მხოლოდ რამდენიმე ოჯახს თუ აქვს მიწა დარეგისტრირებული. დანარჩენი, ოფიციალურად, სახელმწიფოს ეკუთვნის.

რა მიწაა საჭირო პროექტისთვის?

400 ჰექტრამდე მიწის ნაწილს, რომელიც წყალქვეშ ხვდება, მოსახლეობა საძოვრებად იყენებს, დიდი ნაწილი კი ტყითაა დაფარული. ამ ტყეებით რაციონალურად სარგებლობის შემთხვევაში ადგილობრივებს საარსებო წყარო ექნებათ. გეგმაზომიერად, გარჩევის გარეშე, ხალხს ამხელა მიწას ართმევენ, არც საარსებო წყაროს უტოვებენ, იზრდება კლიმატის შეცვლის რისკი, ამ კლიმატით ჯანმრთელობის გაუარესების რისკი, მოსავლიანობის შემცირების საფრთხე - ეს ყველაფერი ერთად ბევრად მეტ ზიანს მიაყენებს ქვეყანას, ვიდრე სარგებელს.

სწორედ იმაზე დაყრდნობით უნდა ემსჯელა სამინისტროს, რომ ზიანი სათანადოდ არ იყო შესწავლილი.

თქვენ საუბრობდით იმაზეც, რომ სამუშაოები დასკვნის გაცემამდე დაიწყო.

წინასწარი სამუშაოები გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გაცემამდე დაიწყო. მთავრობის პირველი პირები კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად ავიდნენ სოფელში და პროექტის საფუძველი ჩაყარეს. ეს კი შეიძლება შეფასდეს როგორც გარემოს დაცვის სამინსიტროს ინსტიტუციური დამოუკიდებლობის შელახვა, ავტოკრატიული მმართველობა.

რადგან ქვეყნის პირველი პირები ამბობენ, ნებართვას მაინც ავიღებთო, ეს რას უნდა ნიშნავდეს გარდა იმისა, რომ გარემოს დაცვის სამინისტროზე ზეწოლა ხდება?! ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გაცემამდე, ისეთ დროს, როცა მოსახლეობა სათანადოდ არაა ინფორმირებული, არც პროექტია ბოლომდე შესწავლილი, მიდიხარ და პროექტის გახსნას აანონსებ. ეს პირდაპირი ზეწოლაა. ესაა ადგილობრივების წინააღმდეგობის შესუსტების მცდელობა.

ჩვენ მანამდეც მოვუწოდებდით სამინისტროს, რომ შექმნილიყო დამოუკიდებელ ექსპერტთა კომისია და ეს საკითხი იმათ შეესწავლათ. მათ არანაირი არგუმენტი არ ჰქონდათ რომ დადებითი დასკვნა გაეცათ,  მაგრამ ამ ნებართვის გაცემა ადასტურებს იმას, რომ სამინისტრომ ხელისუფლების დაკვეთას ვერ გაუძლო. ამას კი ცალკე სამართლებრივი პროცედურები მოჰყვება. არ უნდა ჩაეგდოთ სვანეთი დაკარგვის საფრთხის წინაშე.

ამ უძველეს კუთხეში ტურიზმის განვითარებაც შეიძლება, წიაღისეულის მდგრადი გამოყენებაც. საპარტნიორო ფონდმა გამოყოს დაბალპროცენტიანი ან გრძელვადიანი კრედიტები, ხელი შეუწყოს მცირე  და საშუალო ბიზნესის განვითარებას და არა მონოპოლიზირებულ ბაზარს, მოსახლეობის სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად საუკეთესო გზაა. შეიძლება დაიწყოს ავეჯის წარმოება, გრანიტის წარმოება.   

ინვესტორს გარემოს დაცვის სამინსიტროს წარმომადგენლებიც ახლდნენ. რომ შეგვხვდნენ, ვუთხარით, ამით სვანეთს დაკარგვის საფრთხეს შეუქმნით-თქო. მოგვიანებითაც, როდესაც მინისტრს შევხვდით, მან გვიპასუხა, რომ გარემოზე ზემოქმედების ნებართვის შესახებ კანონში სასიკეთო ცვლილებები მხოლოდ ახლა შედის და ის დეკემბრამდე მზად არ იქნებაო.

მაგრამ ჩვენ ვამბობთ, რომ პროექტი ბუნდოვანი და ზედაპირულია, შედეგები შერბილებულია, ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი კი - გამოტოვებულია, ნებართვის გაცემის საფუძველი არ არსებობდა. იმ ადგილას დიდი ჰესების აშენება საერთოდ არ არის მიზანშეწონილი. ზუსტად ამ ჰესის მშენებლობის ადგილას გადის სეისმური რღვევის რკალი.

ამავე დროს არც სატყეო რეფორმა და არც მიწის ფლობის კანონი არაა იმ დონეზე მომზადებული, რომ მოსახლეობის ინტერესებს გამოხატავდეს.

ბოლო პერიოდში პრობლემები შეექმნათ სატყეო რესურსით მოსარგებლეებსაც. თუკი აქამდე მოსახლეობას შეეძლო მცირე მეწარმის ელექტრონული დამადასტურებელი მოწმობით გაეტანა სვანეთიდან ხე-ტყის რესურსი, ახლა ამის ნებას აღარავის აძლევენ. ამას წინათ ერთი მანქანა მთელი თვით გააჩერეს, პასუხად მხოლოდ იმას ეუბნებოდნენ, თქვენს საქმეს ვსწავლობთო. ეს ყველაფერი იმიტომაა, რომ სხვამ აღარც სცადოს. სინამდვილეში კი გვაგრძნობინებენ, რომ ასე გაგრძელდება, თუ წინააღმდეგობა არ შეწყდება.

რამდენად აქვს მოსახლეობას ინფორმაცია დაგეგმილი პროექტის მახასიათებლების შესახებ?

ბევრი არაა პროექტში ჩახედული, ამიტომ უნდა მომხდარიყო პროექტის შესახებ ნამდვილი საჯარო განხილვები. რაც იყო, ის რა თქმა უნდა, არ იყო საკმარისი.

ზაფხულში რომ საჯარო განხილვა გაიმართა, მოსახლეობას წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ხდებოდა. მხოლოდ გაკვრით თუ გვეუბნებოდნენ მანამდე რამეს. გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის ერთი ეგზემპლარი მესტიაში იყო, ერთიც ჭუბერში. საჯარო მოხელის სახლში. მე მოვახერხე ამ პროექტის მიღება და ამიტომაც წავიკითხე. მაგრამ ფაქტია, რომ სოფლის მოსახლეობა ამ საკითხის განხილვის მიზნით მანამდე არ შეკრებილა, ამაზე არ უმსჯელია. უნდოდათ ჩუმად ჩაეტარებინათ ეს განხილვა, რომ პროექტი არავის ჰქონოდა წაკითხული. ვარაუდობდნენ, რომ ასე ხმას არავინ ამოიღებდა, ნებართვასაც მარტივად აიღებდნენ. არ შეიძლება ქვეყნის მართვა ასეთი ბოლშევიკური მეთოდებით, საჯაროობის გარეშე ასეთი საკითხების გადაწყვეტა.  

სამინისტროშიც კარგად იციან, რა შეიძლება მოჰყვეს ამ პროექტის განხორციელებას, ბუნებრივი კატასტროფების თუ ქვეყნის ტერიტორიული უსაფრთხოების კუთხით. 10 კილომეტრში კოდორის ხეობა და რუსის ჯარია. სვანეთი არ იმსახურებს ასეთ მოპყრობას. ნუ დააყენებენ სვანებს აყრის საფრთხის წინაშე. მაშინ, როდესაც მუზეუმში დაცულია ჭუბერში აღმოჩენილი მე-8-7 საუკუნის რკინის ფილები, როცა დასტურდება, რომ ამ ადგილას რკინას აწარმოებდნენ, რომ აქ კულტურული მემკვიდრეობის უამრავი ძეგლი, ეკლესიები, ქვეყნის ისტორიაა.

ეს არაა მხოლოდ სვანეთის პრობლემა. სვანეთი დაცლა  და დაკარგვა ქართული სახელმწიფოებრიობის პრობლემაცაა. ამიტომ ვეუბნები ყველას, გამოხატონ პროტესტი, დაგვიდგნენ გვერდით.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^