ტელეფონზე შეტყობინება მომივიდა, თქვენი მოთხოვნა დაკმაყოფილდაო და მეორე დღესვე მივაკითხე უნივერსიტეტის კანცელარიას. კანცელარიიდან იურიდიულ დეპარტამენტში გადამამისამართეს, იურიდიულმა დეპარტამენტმა უკან გამომიშვა. ეძებეს და როგორც იქნა, იპოვეს. 019 აუდიტორიაში მომსახურების 55 თეთრის გადასახდელად გამიშვეს. ვიცადე, საბოლოოდ მივიღე პასუხი, რომ ამ ოთახში მხოლოდ სწავლისთვის განკუთვნილ თანხებს იხდიდნენ და 018-ში გადამამისამართეს. ვაჩვენე ჩემი საბუთები, გადაატარეს ხელიდან ხელში. ყველა გაკვირვებული იყო. არ ვიცი რატომ, მაგრამ ფაქტია, არ იცოდნენ, რა ექნათ. საბოლოოდ დამიწერეს ბანკის რეკვიზიტები და დამარიგეს, რომ ბანკში თანხა გადამეხადა და ქვითარი კანცელარიაში მიმეტანა.
ამ მცირე „ცისფერი მთების“ გადატანა მომიწია თსუ-ს სტუდენტური თვითთმმართველობის ხარჯებისა და ბიუჯეტის შესახებ ინფორმაციის მოსაპოვებლად.
პირველი, რაც თვითთმმართველობაზე გახსენდებათ ალბათ თავპირდამტვრეული და დასისხლიანებული სტუდენტებია. ამ ამბების მერე წლები გავიდა. ახლა, როგორც თავად ამბობენ, სისტემა ტრანსფორმირდა და სტუდენტების სამსახურშია.
მაშინ, როდესაც უნივერსიტეტს აქვს მწირი რესურსები და ლამის ერთადერთი მიზანი თვითგადარჩენაა, მაშინ, როდესაც სტუდენტები იმიტომ ვერ აგრძელებენ სწავლას, რომ ფული არ აქვთ, მაშინ, როდესაც საერთო საცხოვრებელი სადაცაა ჩამოინგრევა, მაშინ, როდესაც სტუდენტებს აუდიტორიების მაგივრად სოროებში უწევთ ყოფნა, სტუდენტურმა თვითმმართველობამ, თვითთმმართველობის წევრებისთვის 2014 წელს ბაკურიანში ტრენინგი გამართა, რომელშიც 19 ათასი ლარი დაიხარჯა. თუ თვითმმართველობის წევრებისთვის მაინცდამაინც ასე საჭირო იყო ტრენინგი, ბაკურიანის მაგივრად უნივერსიტეტის აუდიტორიებში რომ ჩატარებულიყო და 19 ათასის მაგივრად ათასი ლარი დახარჯულიყო, ალბათ დამეთანხმებით, რომ შეიძლებოდა. ამ ყველაფერზე საინტერესო პასუხები მივიღეთ: „დაძაბული და გიჟური წლის შემდეგ არ ვიმსახურებდით?“ „წელიწადში 2250 ლარს ვიხდი და ჩემს ტრენინგში 190 ლარი რომ დაიხარჯოს, რა პრობლემაა?“ (ტრენინგში 100 ადამიანი მონაწილეობდა, შესაბამისად ერთ ადამიანზე 190 ლარი დაიხარჯა).
აქ იპოვით დოკუმენტებს, რომლებშიც აღრიცხულია წვეულებებზე დახარჯული ათი ათასობით ლარი, კონცერტებზე დახარჯული უამრავი თანხა. ამ დოკუმენტებში იპოვით გამოცანებსაც - მაგალითად, 50 ადამიანის კვებაზე დაიხარჯა 250 ლარი, მეორე ჯერზე კი 60 ადამიანის გამოკვება 1020 ლარი დაჯდა. პროპორციაც შევადგინე, განტოლებაც, მაგრამ მაინც ვერ გავიგე, რა და როგორ მოხდა. ალბათ ჩემი მათემატიკის ბრალია. ამ დოკუმენტში, ასევე ნათლად ჩანს სისტემის პრიორიტეტები. მაგალითად, 2015 წლის 1 ივლისის მდგომარეობით, სამეცნიერო კონფერენციებსა და სემინარებზე 3195 ლარი დაიხარჯა, მაშინ, როდესაც ექსკურსიებისა და წვეულებების ხარჯმა 10-ჯერ მეტი, 30625 ლარი შეადგინა.
სტუდენტურ თვითმმართველობას დაარსების დღიდან დღემდე ერთი შეხვედრა თუ დისკუსია არ გაუმართავს იმ პრობლემებზე, რომელიც ზემოთ ვახსენე. უფრო მეტიც, სტუდენტთა ნაწილის მიერ ორგანიზებულ დისკუსიებსა და შეხვედრებს, რომლის მიზანიც არსებული პრობლემების აქტუალიზაცია იყო, თვითმმართველობის წევრების მხრიდან პასუხი არ მოჰყოლია. პასუხი უცვლელია - „ჩვენს კომპეტენციაში არ შედის“. არადა, ყველამ ვიცით, რომ თვითმმართველობას სტუდენტთა პრობლემებსა თუ გასაჭირზე ღიად უნდა ლაპარაკობდეს. უნდა იბრძოდეს ადმინისტრაციაში, რექტორატსა თუ ფაკულტეტზე სტუდენტთა უფლებების დასაცავად. მაგრამ სახეზეა სისტემა, რომელიც ყველაფერს აკეთებს ამის გარდა. მის ერთადერთ ფუნქციად გასართობი ღონისძიებების გაკეთება იქცა.
რჩება შთაბეჭდილება, რომ ამ სტრუქტურული ერთეულის მთავარი მიზანი არის არა სტუდენტთა გასაჭირზე საუბარი, არამედ სტუდენტთა გასაჭირის გადაფარვა.
ის ძვირადღირებული ტრენინგები, წვეულებები და კონცერტები იმ თვალებჩაწითლებული და ნახევრადმძინარე სტუდენტების ფულით კეთდება, რომლებმაც სწავლის ფულის გამოსამუშავებლად ღამეები ათიეს. ასეთ სტუდენტებს ყველანი იცნობთ. სირცხვილია, როდესაც რამდენიმე ასეული სტუდენტი ძვირადღირებულ წვეულებებზე, კონცერტებსა და ა.შ. დადის. მაშინ როდესაც, დანარჩენ 20 ათას სტუდენტზე მეტს, სწავლისთვის ელემენტარული პირობები არ აქვს. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა სტუდენტი თანასწორია, მაგრამ ზოგიერთი - უფრო თანასწორი.
არამიზნობრივად დახარჯულ თანხებზე კი პასუხისმგებლობა როგორც სტუდენტურ თვითმმართველობას, ასევე უნივერსიტეტის ადმინისტრაციასაც ეკისრება, რომელიც, ერთი მხრივ, სტუდენტებს ეუბნება, რომ რესურსები არ აქვთ, მაგალითად, აუდიტორიების შესაკეთებლად, მეორე მხრივ, კი ხელს აწერს თვითმმართველობის მიერ შეთავაზებული მაღალბიუჯეტიანი პროექტების გაკეთებას.
ამ ყველაფრის მერე კი პროტესტი გიკვირთ. უკვე ტრადიციად იქცა, რომ ვინც აპროტესტებს, იმ სტუდენტებს ყოველთვის ააკრავენ ხოლმე სხვადასხვა იარლიყს, ცდილობენ მათ მარგინალიზებას და სხვადასხვა პიროვნებასთან თუ პოლიტიკურ ძალასთან დაკავშირებას. არადა, დღეს არსებულ სიტუაციაში, ლოგიკური მხოლოდ პროტესტია. პროტესტი, რომელიც არსებული რეალობის გამოძახილია.
ვიცი, რომ თვითთმმართველობის წევრების დიდი უმრავლესობა არ ფლობთ ინფორმაციას იმაზე, რაც დავწერე. ისიც ვიცი, რომ თქვენი დიდი ნაწილი მექანიკურად გაწევრიანდა ამ სტრუქტურაში. ეჭვი არ მეპარება, რომ ბევრ თქვენგანს მთელი სულით და გულით სურს კარგი საქმის გაკეთება, მაგრამ, სამწუხაროდ, იმ სისტემას ემსახურება, რომელიც ზემოთ აღვწერე.
გამოსავალი კი არის ის, რაც უკვე აპრობირებულია ბევრ უნივერსიტეტში - თვითთმმართველობა არ უნდა ფინანსდებოდეს, ის უნდა წარმოადგენდეს მოხალისეობაზე დაფუძნებულ სტრუქტურულ ერთეულს, რომლის საშუალებითაც სტუდენტები ხმას მიაწვდენენ რექტორატს, საფაკულტეტო საბჭოებსა და ა.შ.
პ.ს. როდესაც ამას ვწერ, სტუდენტურმა თვითმმართველობამ დააანონსა აქცია, რომელშიც რექტორის გადადგომას ითხოვს. მათი მოთხოვნები დაკავშირებულია, ადმინისტრაციის რეფორმირებასა და პირდაპირ საბიუჯეტო დაფინანსებასთან.
14 სექტემბერს, მაშინ, როდესაც მე და ჩემი მეგობრები ადმინისტრაციაში არსებულ საშინელ სიტუაციას ვაპროტესტებდით, პარალელურად თვითმმართველობის პრეზიდენტი სტუდენტებს მაღალი ტრიბუნიდან მიმართავდა და ამცნობდა, თუ რა კარგ უნივერსიტეტში მოხვდნენ. ასევე ყველას გვახსოვს, როგორ ამტკიცებდა თვითმმართველობის პრეზიდენტი არსებულ სიტუაციაში საბაზისო დაფინანსების აბსურდულობას. რა მოხდა? ნეტავ თვითმმართველობის დაფინანსებას ხომ არ შეექმნა საფრთხე?