“საქართველოში ქმედუნარიანობის ინსტიტუტის რეფორმა დიდი მიღწევაა, თუმცა მის მიღმა შეიძლება სხვა რეალობა იმალებოდეს. ამიტომაა საჭირო, რეფორმის შინაარსსა და არსებულ მდგომარეობას შორის სივრცე შემცირდეს”, - იოთამ თოლუბი იურისტია.
ისრაელში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაცია Bizchut-ის წარმომადგენელი. თუმცა, თოლუბი კონკრეტულად ქმედუნარიანობის საკითხებზე მუშაობს. არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის"(PHR) ორგანიზებითა და ღია საზოგადოების ფონდების მხარდაჭერით ჩატარებულ შეხვედრაზე, თოლუბიმ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ადამიანებს ქმედუნარიანობასთან დაკავშირებით, ისრაელის და ზოგადად, საერთაშორისო გამოცდილება გააცნო.
იურისტმა გაიხსენა Bizchut-ის ერთ-ერთი პირველი საქმე, რომელიც მერვე კლასელ შაჰა გოცეს ეხებოდა. შაჰა ეტლით მოსარგებლეა, მისი სკოლა ადაპტირებული იყო, თუმცა ბიჭი ვერ სარგებლობდა მეორე სართულზე განთავსებული საპირფარეშოთი.
მართალია ისრაელში კანონი სკოლებს ადაპტირებას არ ავალდებულებდა, თუმცა უზენაესი სასამართლოს გადაწვეტილებით, საპირფარეშოზე ხელმისაწვდომობის არქონა, შაჰას სოციუმში ჩართულობას ეწინააღმდეგებოდა: “ეს არის სოციალური კონსენსუსის კარგი მაგალითი”, - ამბობს იოთამ თოლუბი.
მან ასევე ისაუბრა თავად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სურვილების გათვალისწინების მნიშვნელობაზე და მისი ბენეფიციარების კონკრეტული ისტორიები მოყვა.
მაგალითად, ხოვიშს, რომელიც ისრაელში ცხოვრობს, ინტელექტუალური შეზღუდვა აქვს, მათემატიკური გამოთვლები უჭირს. მაგრამ ოჯახის შექმნა უნდა, კურიერად მუშაობს. ხოვიშმა თქვა, რომ არ სჭირდებოდა მეურვე. მამამ მის აზრს პატივი სცა, გაუხსნა საბანკო ანგარიში და ხოვიში თავის ქონებას დამოუკიდებლად განაგებს, უბრალოდ მამამისი ხანდახან ამოწმებს, რამე პრობლემა ხომ არ აქვს.
დები არის უსინათლო, მცირე ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე. ჰყავს პარტნიორი და მასთან ერთად ცხოვრებას აპირებს. მუშაობს და ისეთ ბინაში ცხოვრობს, რომლის მოვლაშიც მხარდამჭერი პერსონალი ეხმარება.
იუდი კი, რომელიც შუახნის ქალია, მცირე საოჯახო ტიპის სახლში ცხოვრობს. არასამთავრობო ორგანიზაციამ რამდენიმე თვის წინ სასამართლოში სარჩელი შეიტანა და იუდისთვის ქმედუუნარობის გაუქმება მოითხოვა. იურისტი, იოთამ თოლუბი ამბობს, რომ ამაზე მთავრობისგან მხარდაჭერა აქვს და ახლო მომავალში ეს საქმე სავარაუდოდ, დადებითად გადაწყდება.
“ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ იუდისთვის ქმედუუნარობის სტატუსის მოხსნის ერთ-ერთი მიზეზი სოციალური მუშაკის დასკვნა იყო. ის ამბობდა, რომ დიახ, იუდის ხანდახან მწვავე ფსიქიკური მდგომარეობაც აქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მას საკუთარი ცხოვრების დამოუკიდებლად განკარგვა არ შეუძლია”.
თოლუბი იხსენებს ისრაელში ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირების მიმართ ჩადენილი სისიხლის სამართლის დანაშაულის დროს გამოუძიებელ საქმეებს. მისი განმარტებით, პროკურორები ამბობდნენ, რომ ამ ადამიანების დაკითხვა შეუძლებელი იყო, რადგან მათგან რეალური ფაქტების მოსმენას ვერ მოახერხებდნენ: “სპეციალისტებმა ვთქვით, იქნებ ჩვენ არ შეგვეძლო ამ ადამიანების გაგება? ამიტომ, პროკურატურას შევთავაზეთ დახმარება, რომ დაზარალებულ შშმ ადამიანებს ჩვენ, სპეციალისტები დავკითხავდით. ასეც მოხდა, ახლა ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე ადამიენების მიმართ ძალადობა დაუსჯელი არ რჩება, რადგან ისრაელის პროკურატურამ დარგის სპეციალისტები აიყვანა”, - ამბობს იურისტი. მან ასევე ისაუბრა სოციალური მიდგომის მნიშვნელობაზე. იმაზე, რომ თუ ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ადამიანს ადეკვატური მომსახურებები ექნება, როგორიცაა მაგალითად, ღირსეული საცხოვრისი, მხარდამჭერის თანადგომა, შესაძლოა მას უფრო მეტად შეუმცირდეს ჰოსპიტალიზაციის პერიოდი.
მაგალითად, იოთამ თოლუბიმ ისაუბრა შვედეთის მაგალითზე. როცა ერთ-ერთი ფსიქიატრიულის დახურვა გადაწყდა, შესაძლოა 300 ადამიანიდან ბევრი მათგანი სახლის გარეშე დარჩენილიყო, ან ციხეში მომხვდარიყო. ამიტომ, მთავრობამ ასეთი გამოსავალი მოძებნა - 20 ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე ადამიანს მხარდამჭერი დაუნიშნა. იქამდე ეს ადამიანები ჰოსპიტალში 60 დღეს ატარებდნენ, მხარდაჭერის დანიშვნიდან 2 წლის შემდეგ კი ეს დღეები 4 დღემდე შემცირდა.
იოთამ თოლუბიმ მისი ლექციის დასასრულს მოკლე შეჯამება გააკეთა და ქმედუნარიანობასთან დაკავშირებით ოთხი ძირითადი საკითხი გამოყო. მისი განმარტებით, მართალია, საქართველოს შეზღუდული რესურსები აქვს, თუმცა პირველი და გადამწყვეტი სწორედ მხარდამჭერის არსებობაა:
“სხვა შემთხვევაში რეფორმა სრულიად არაეფექტური იქნება. ინსტიტუციაში მყოფ ადამიანს რომ უთხრა, ქმედუუნარობის სტატუსს და მეურვეს გიხსნი და ახლა რაც გინდა ის გააკეთეო, აზრი არ აქვს”.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი იურისტის აზრით, სამართლიანი სამართლებრივი პროცედურაა. ანუ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი თავად უნდა იყოს ჩართული პროცესებში, რომელიც მას ეხება.
მესამე საკითხი, თოლუბის განმარტებით, პასუხისმგებლობების აღება და გადანაწილებაა: “პროცესს შეიძლება შეცდომები და გარკვეული რისკები ახლდეს, ამიტომ კანონში უნდა იყოს გაწერილი, ვის რა მოვალეობა და ვალდებულება აქვს. ისრაელში მაგალითად, ერთი თვის წინ სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ მხარდამჭერი მხარდაჭერის მიმღები პირის ქმედებებზე პასუხს არ აგებს”.
დაბოლოს, იურისტის აზრით, მეოთხე მნიშვნელოვანი საკითხია, პიროვნების დაცვის რა მექანიზმია ჩადებული კანონში, როცა რამე ზიანი დგება და როგორ უნდა მოხდეს ამის გამოსწორება. იოთამ თოლუბიმ ამის მაგალითად ისრაელში მხოვრები ქალის, ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე დანას შემთხვევა გაიხსენა. დანას მშობლები დაეღუპა, ფულს კი აზარტულ თამაშებში ხარჯავდა. მისმა ძმებმა სასამართლოს მიმართეს და დანას მეურვეობა ითხოვეს, თუმცა Bizchut-ის იურისტებმა სასამართლოს დანას მხარდამჭერად ბუღალტრის დანიშვნა შესთავაზეს, რომელიც მას უბრალოდ კონსულტაციას გაუწევდა.
“თუმცა სარჩელში ჩავწერეთ, რომ გარკვეული თანხის ზემოთ დახარჯვის დროს დანას მხარდამჭერის ხელმოწერა დასჭირდებოდა. ეს იყო კომპრომისი, თუმცა კარგი გამოსავალი იმისა, რომ დანას მეურვისგან დამოუკიდებლად ეცხოვრა”.
დამოუკიდებელი ცხოვრების მნიშვნელობაზე ისაუბრა არასამთავრობო ორგანიზაცია “ხელი ხელს” ხელმძღვანელმა, მაია შიშნიაშვილმაც. მან ისრაელში მომუშავე კოლეგას საქართველოში, გურჯაანისა და თბილისის მცირე საოჯახო ტიპის სახლების მაცხოვრებლებზეც მოუყვა, რომლებიც ამ ორგანიზაციისა და “ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს” მხარდაჭერით ოთხ სახლში ცხოვრობენ.