Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„მე და საზოგადოება“ - რა „ემუქრება“ სამოქალაქო ცნობიერებას?

23 ოქტომბერი 2015
განათლების სამინისტრო მე-3, მე-4 კლასებში ახალი საგნის დანერგვას გეგმავს, თუმცა საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან საგნის გარშემო გამოთქმული განსხვავებული მოსაზრებების გამო, განახლებული ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცება გადავადდა. ასეთ შემთხვევებს ქართული საგანმანათლებლო სივრცე ჩვეული არ არის. რას მოიტანს საგნის გარშემო მიმდინარე დისკუსიები და არსებობს თუ არა კონსენსუსის მიღწევის პოტენციალი?

ზოგადი განათლების სისტემის მიზანი მოსწავლისთვის მხოლოდ ცოდნის გადაცემა არ არის. საქართველოს ხელისუფლებამ 2004 წელს მიიღო დოკუმენტი, რომელშიც ცხადად გაიწერა ზოგადი განათლების მიზნები და ითქვა, რომ ყველაფერი, რასაც განათლების სამინისტრო სისტემაში გააკეთებს, მიზნების დოკუმენტთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს.

მაინც რას ამბობს მიზნების დოკუმენტი და ცოდნის გადაცემასთან ერთად კიდევ რა ევალება სკოლას? რაზე იღებს პასუხისმგებლობას?

მომცრო დოკუმენტი, რომელიც საქართველოს ზოგადი განათლების სისტემის საფუძველია, ამბობს, რომ განათლების სისტემა  მოზარდს გონებრივ და ფიზიკურ უნარ-ჩვევებს უვითარებს, აძლევს საჭირო ცოდნას, ამკვიდრებს ჯანსაღი ცხოვრების წესს, მოსწავლეებს უყალიბებს ლიბერალურ და დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებულ სამოქალაქო ცნობიერებას და ეხმარება მათ ოჯახის, საზოგადოებისა და სახელმწიფოს წინაშე უფლება-მოვალეობების გაცნობიერებაში.

ამავე დოკუმენტში წერია, თუ რა უნდა შეძლოს მოსწავლემ სკოლაში მიღებული გამოცდილების შედეგად და როგორ უნდა მიაღწიოს სკოლამ დოკუმენტში გაწერილ მიზნებს.

ჩამონათვალში ერთ-ერთი ეროვნული სასწავლო გეგმაა.

ეროვნული სასწავლო გეგმა დოკუმენტია, რომელიც მოიცავს ზოგადი განათლების ყველა საფეხურისათვის საათების განაწილების, სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობებსა და რეკომენდაციებს, იმ მიღწევების უნარ-ჩვევებისა და ცოდნის ჩამონათვალს, რომელთაც მოსწავლე უნდა ფლობდეს ყოველი საფეხურის დამთავრებისას, ასევე ამ ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენის საშუალებების აღწერას.

ეს არის დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც იწერება სასწავლო პროგრამები და იქმნება სახელმძღვანელოები. ეს არის მთავარი  სახელმძღვანელო პედაგოგებისა და სკოლის სისტემის მართვაში ჩართული პირებისთვის.

ეროვნული სასწავლო გეგმების დოკუმენტი გარკვეული პერიოდულობით, როგორც წესი, 3-4 წელიწადში ერთხელ რევიზიას გადის, რაც ნიშნავს იმას, რომ მასში, ახალი მოთხოვნებისა და ამოცანების შესაბამისად, ცვლილებები შედის. მაგალითად, შესაძლოა შეიცვალოს საათების განაწილება, სასწავლო გარემოს ორგანიზების პირობები, უნარ-ჩვევებისა და ცოდნის ჩამონათვალი, რომელსაც მოსწავლე უნდა ფლობდეს ყოველი საფეხურის დამთავრებისას.

დაწყებითი საფეხურის გეგმის რევიზიის პროცესი სამინისტრომ 2012 წელს დაიწყო და გადაიხედა გეგმის როგორც ადმინისტრაციული, ისე საგნობრივი ნაწილი. რევიზიის შედეგად გეგმაში, როგორც განათლების სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის წარმომადგენლები ამბობენ, მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა. ცვლილებებთან ერთად გეგმაში  გაჩნდა ახალი საგანიც, რომელმაც საზოგადოების გარკვეული ნაწილის ვნებათაღელვა გამოიწვია.

„მე და საზოგადოება“ _ ასე ჰქვია საგანს, რომელსაც, დამტკიცების შემთხვევაში, მე-3, მე-4 კლასის მოსწავლეები ისწავლიან. ჯერჯერობით, არსებობს მხოლოდ სტანდარტი, რომელიც ამბობს, თუ რა მიზნის მიღწევა სურს ამ საგანს და რა უნდა იცოდეს მოსწავლემ მისი დასრულების შემდეგ. სტანდარტის დამტკიცების შემდეგ დაიწერება პროგრამა და შეიქმნება საგნის სახელმძღვანელო წიგნი.

საგანს _ „მე და საზოგადოება“, სტანდარტის მიხედვით, შემდეგი მიზნები აქვს:

• დაეხმაროს საკუთარი თავის პიროვნებად აღქმაში; განუვითაროს თვითგამოხატვის უნარი; ასწავლოს, პირისპირ შეხედოს დაბრკოლებებს და იპოვოს საკუთარ თავში მათი გადალახვის ძალა;

• ხელი შეუწყოს სოციალიზაციაში; ჩამოუყალიბოს მზრუნველი დამოკიდებულება საკუთარი თავის, ოჯახისა და თემის, ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის მიმართ; გააცნობიერებინოს, რომ სამშობლოს სიყვარული თავის უშუალო გარემოზე ზრუნვით იწყება;

• შესძინოს საბაზისო ცოდნა მშობლიური გარემოს შესახებ; გამოუმუშაოს გარემოში ადეკვატურად და ზნეობრივად მოქმედების უნარი;

• საკუთარი ქვეყნის მაგალითების საფუძველზე გამოუმუშაოს ასაკთან შესაბამისი წარმოდგენა ადამიანების, მოვლენების, კულტურისა და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების შესახებ.

განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ საგანს კეთილშობილური მიზნები აქვს და ის სრულად შეესაბამება ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც სკოლაში მოსწავლეს დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერება უნდა ჩამოუყალიბდეს.

სამინისტროს პოზიციას არ იზიარებენ სხვადასხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ჯგუფები. მოწინააღმდეგეთა მხრიდან გამოთქმულ შენიშვნებში იკვეთება, რომ ისინი არ იზიარებენ საგნის მიზნებს და მიაჩნიათ, რომ ეს საგანი, სამოქალაქო განათლების ნიღბის ქვეშ, კულტურულ, ეთნიკურ და რელიგიურ ტრადიციებს უპირისპირდება.

„ახალი საგნის („მე და საზოგადოება“) სწავლების დაწყება დაგეგმილია მე-3, მე-4 კლასიდან და წარმოადგენს ე.წ. ახალი აზროვნების ნიმუშს, რომელიც მთელ მსოფლიოში მრავალფეროვნებისა და ტოლერანტულობის ნიღბის ქვეშ უპირისპირდება კულტურულ, ეთნიკურ და რელიგიურ ტრადიციებს.“ _ ეს არის ამონარიდი მიმართვიდან, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში პრემიერ-მინისტრის სახელზე, კანცელარიის შენობაში, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დიმიტრი ლორთქიფანიძემ, თბილისის საკრებულოს წევრმა, სოსო მანჯავიძემ და დემოგრაფიული განვითარების ფონდის დირექტორმა, ზვიად ტომარაძემ დატოვეს.

ამ განცხადებამდე, მაისში, მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა, რომლის დასრულების შემდეგ მეუფე გრიგოლმა მედიასთან კომენტირებისას განაცხადა, რომ განათლების სისტემაში ცოდნის ამაღლებასთან ერთად ყურადღება აღზრდის საკითხებსაც ეთმობა და სწორედ ამ კონტექსტში, ახალი საგნის დანერგვამდე უნდა მოხდეს ამ პროექტის განხილვა, როგორც ეკლესიის, ასევე საზოგადოებისა და რელიგიური ორგანიზაციების მონაწილეობით.

„სახელმძღვანელოები გამიზნულია სწორედ იმ მიმართულებით, რომ აღზრდის თემას ყურადღება დაეთმოს, მაგრამ რჩება მთელი რიგი საკითხები, რომლებიც პასუხის გაცემას მოითხოვს.“ _ განაცხადა მეუფე გრიგოლმა.

სინოდის სხდომის დასრულებიდან მალევე სამინისტრომ საპატრიარქოს ღიაობა აღუთქვა და საგნის განხილვა კარს მიღმა დაიწყო. როგორ ჩაიარა საპატრიარქოსთან კარს მიღმა გამართულმა განხილვებმა, ამის შესახებ საზოგადოებას სამინისტროსგან ინფორმაცია არ მიუღია, შესაბამისად, იყო მოლოდინი, რომ ახალ საგანთან დაკავშირებული „გაუგებრობა“, როგორც ამას განათლების მინისტრი უწოდებდა, ამოიწურა.

თუმცა აგვისტოში ყოფილი დეპუტატისა და საკრებულოს წევრის, სოსო მანჯავიძის მიმართვის ტექსტმა ცხადყო, რომ სამინისტროსა და საპატრიარქოს შორის საგნის გარშემო მიმდინარე განხილვა არ დასრულებულა და კითხვები ისევ პასუხგაუცემელია.

პრემიერ-მინისტრისთვის გაგზავნილი მიმართვის ავტორები საგნის დაშვების შემთხვევაში სკოლებში სწავლების წინააღმდეგ მთელი რიგი ღონისძიებების გამართვით იმუქრებიან, კერძოდ, საჯარო სკოლებში შეიქმნება მშობელთა საგანგებო კომიტეტები, რომლებიც ადგილებზე ეცდებიან საგნის სწავლების ბლოკირებას.

ამ მიმართვიდან მალევე, სექტემბრის დასაწყისში, ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში, ახალი საგნის შემოტანის ინიციატივაზე გადაცემა „სვოტ ანალიზში“ იაკობ გოგებაშვილის სახელობის სასწავლებლის დამფუძნებელმა და დემოგრაფიული განვითარების ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ლევან ვასაძემ ისაუბრა.

საგულისხმოა, რომ ვასაძეს მხოლოდ საგან „მე და საზოგადოების“ შესახებ არ გამოუთქვამს მოსაზრებები. მან ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტზეც ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, იდეოლოგიზებულია და ეროვნული სასწავლო გეგმა ლიბერალურ ღირებულებებზე დაფუძნებული არ უნდა იყოს. ახალ საგანს კი „კატასტროფული“ უწოდა.

„მე და საზოგადოება“ _ …ეს ძალიან კარგად შეფუთული პროგრამაა. მიამიტი ადამიანი წაიკითხავს და იტყვის, რომ იქ კარგი რაღაცები წერია, გარემოს დაცვა, პასუხისმგებლობა და ა.შ. თუმცა შეიძლება, საგანს ერქვას „მე და საზოგადოება“ და არსად ეწეროს დედა და მამა?“ _ განაცხადა ვასაძემ.

ვასაძის გამოსვლის შემდეგ, Mანიფესტ.Gე-ზე საგან „მე და საზოგადოების“ მხარდასაჭერ პეტიციაზე ხელმოწერების შეგროვება დაიწყო. საგნის მხარდასაჭერი განცხადება გაავრცელა კოალიციამ „განათლება ყველასათვის _ საქართველომაც“, რომელიც განათლების სფეროში მოღვაწე 13 საზოგადოებრივ ორგანიზაციას აერთიანებს.

„მიგვაჩნია, რომ სამოქალაქო განათლების როლი უმნიშვნელოვანესია ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მისაღწევად, რაც, თავის მხრივ, დამოუკიდებელი, თავისუფალი, დემოკრატიული ღირებულებების მატარებელი მოქალაქის აღზრდას გულისხმობს“.

სამოქალაქო განათლების პედაგოგის, მანანა უშვერიძის თქმით, ლევან ვასაძის ინტერვიუ წარმოადგენს სამოქალაქო განათლების შესახებ საზოგადოების დეზინფორმირების მიზანმიმართულ მცდელობას.

„სამოქალაქო განათლება ბავშვებს საკუთარ გარემოსა და ქვეყანაზე ზრუნვას ასწავლის და მათში მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის აღზრდას უწყობს ხელს, რაც ასე ჰაერივით სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას. ამ საგნის სწავლება კითხვის ნიშნის ქვეშ კი არ უნდა დადგეს, არამედ იმ მიზნით უნდა წარიმართოს მუშაობა, რომ სკოლებში საგნის სწავლების ხარისხი გაუმჯობესდეს.“

განათლების სამინისტროში ამბობენ, რომ საპატრიარქოსთვის საგანი კონცეპტუალურად მისაღებია და საგნის მიზნების წინააღმდეგი არავინაა. მსჯელობა კი ძირითადად ტერმინოლოგიასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხება. მაგალითად, სტანდარტში სიტყვა „ტოლერანტი“  „შემწყნარებლობამ“ ჩაანაცვლა.

მინისტრის მოადგილის, ლია გიგაურის თქმით, სავარაუდოდ, განხილვა 15 ოქტომბრამდე უნდა დასრულდეს, რადგან მინისტრმა უნდა დაამტკიცოს ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, უნდა დაიწეროს პროგრამები და გამოცხადდეს კონკურსი სახელმძღვანელოების შექმნაზე.

როგორ დასრულდება საპატრიარქოსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შორის ახალი საგნის სტანდარტის განხილვა, ჯერჯერობით, ბუნდოვანია. სამინისტრო პროცესს ოპტიმისტურად უყურებს და ამბობს, რომ მის განხილვაში საზოგადოების ასეთი ფართო ჩართულობა მისაღები და მოსაწონია.

თუმცა დიდი ალბათობით, სკოლებში სამოქალაქო განათლებისა და ლიბერალური ღირებულებების დამკვიდრებაზე ორიენტირებულ საგნებზე „თავდასხმები“ მარტივად არ დასრულდება. საზოგადოების ნაწილისთვის მიუღებელი სწორედ ის დოკუმენტია, რომელზე დაყრდნობითაც შეიქმნა საგანი „მე და საზოგადოება“. საჭიროა, უფრო ღია და საჯარო გახდეს ამ კონცეპტუალური დავის შინაარსობრივი დეტალები, ისევე, როგორც განხილვის პროცესი. ახალი საგნის ბედიც ამაზე იქნება დამოკიდებული. 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^