Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კრიზისული ცენტრი, როგორც ძალადობისგან თავის დაღწევის შესაძლებლობა

23 ოქტომბერი 2015

ძალადობისგან თავის დასაღწევად მსხვერპლ ქალს ხშირად არჩევანი არ აქვს.  თავშესაფარში  მოხვედრა და სტატუსის მიღება გარკვეულ დროს მოითხოვს. პოლიციაში დარეკვას ვერ ბედავს. სახლიდან გაქცევის შემთხვევაში თავს ვერსად შეაფარებს. არასამთავრობო ორგანიზაციასთან არსებული ერთადერთი კრიზისული ცენტრი მუდმივად გადატვირთულია. 

რამდენიმე დღის წინ ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის კრიზისული ცენტრის გახსნის მოთხოვნით ჯანდაცვის სამინისტროსთან აქცია გაიმართა. შენობის კიბეებთან,  პლაკატებით ხელში  ქალთა უფლებების დამცველი რამდენიმე  აქტივისტი შეიკრიბა. ისინი ჯანდაცვის სამინისტროსგან ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის კრიზისული ცენტრის შესაქმნელად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას მოითხოვდნენ.

კავშირ „საფარის“ ხელმძღვანელოი  ბაია პატარაია ამბობს, რომ ყოველ ჯერზე, როდესაც გამოუვალ მდგომარეობაში მყოფი ქალი დახმარებას ითხოვს, არასოდეს იციან მოახერხებენ თუ არა მის დახმარებას, მოიძებნება თუ არა მისთვის ღამის გასათევი ადგილი. 

„ბოლო შემთხვევა გვქონდა, როცა რეკავდა ძალადობის მსხვერპლი ქალი, რომელსაც ჰყავდა შვილი. ის იმდენად შეშინებული იყო, როგორც ამბობდა პატრულში ვერ დარეკავდა. გვითხრა, ახლა თუ გამოვიქცევი სახლიდან,  წამიყვანთ თუ არა სადმე. გადავრეკეთ ყველაგან  სადაც შეიძლებოდა, ადგილი არსად არ იყო, რეალურად ჩვენ არ გვქონდა საშუალება და შესაძლებლობა სადმე წაგვეყვანა ეს ქალი. ჩვენ გვჭირდება  დავინახოთ  სახელმწიფოს ძალიან კონკრეტული ნაბიჯები. მიგვაჩნია, რომ რეალურად შეუძლია მას ამ პრობლემას დღესვე მიხედოს, „- ამბობს ბაია პატარაია.

იმისათვის, რომ ოჯახში ძალადობის მსხვერპლები სახელმწიფო თავშესაფრებში მოხვდნენ, ან სხვა დამცავი მექანიზმით ისარგებლონ, მსხვერპლის სტატუსის მიღებაა საჭირო. სტატუსის მისაღებად რამდენიმე გზა არსებობს -  პოლიციის მიერ გამოცემული შემაკავებელი ორდერი, სასამართლოს მიერ გამოცემული დამცავი ორდერი და საუწყებათაშორისო საბჭოსთან არსებული მსხვერპლის იდენტიფიცირების კომისიის გადაწყვეტილება.  იმ მსხვერპლებისთვის, რომლებსაც ეშინიათ, ან სხვადასხვა მიზეზის გამო  არ უნდათ არც პოლიციასთან და არც სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობა, კომისიის გადაწყვეტილებას ელოდებიან.

დროებითი თავშესაფარი, სადაც სტატუსის გარეშე  ოჯახში ძალადობის მსხვერპლს შეუძლია მისვლა, კრიზისული ცენტრია. ოჯახში ძალადობის მსხვერპლებისთვის ერთადერთი კრიზისული ცენტრი არასამთავრობო ორგანიზაცია „ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელს“ აქვს.  ათკაციანი კრიზისული ცენტრი მუდმივად შევსებულია. ორგანიზაციის წარმომადგენელი ელისო ამირეჯიბი ამბობს, რომ  მიუხედავად მცდელობისა ერთი ადგილი მაინც დაიტოვონ კრიტიკული შემთხვევებისთვის, ამას მაინც ვერ ახერხებენ და ძალადობის მსხვერპლები ყოველთვის იმაზე მეტნი არიან ვიდრე კრიზისულ ცენტრს მათი მიღების შესაძლებლობა აქვს.

ორგანიზაციასთან არსებული კრიზისული ცენტრი 2003 წლიდან დონორი ორგანიზაციების დაფინანსებით არსებობს. ელისო ამირეჯიბი ამბობს, რომ  არასამთავრობო ორგანიზაციები დიდი ხანია კრიზისული ცენტრების გახსნას ითხოვენ.  თუმცა, სახელმწიფომ  მხოლოდ ახლა დაიწყო ამ თემის განხილვა.

„ყველა დონორი საბოლოო ჯამში გვეუბნება,  რომ  მე კი  გაძლევ ფულს რაღაც დროის განმავლობაში  და გაძლიერებ, მაგრამ როდესღაც უნდა აიღოს  სახელმწიფომ თავის თავზე ის ფუნქცია, რაც მას ევალება რომ აიღოს.  არ არის დონორი ქვეყანა ვალდებული მუდმივად დაგეხმაროს იმ პრობლემის მოგვარებაში რაც აქვს ქვეყნას. სხვადასხვა გზები არსებობს, სახელმწიფომ შეიძლება  შეისყიდოს ჩვენი სერვისი ან   როგორც სხვა ქვეყნებში ხდება წილობრივად შემოვიდეს იმ ხარჯებში  რა ხარჯებიც აქვს ორგანიზაციას  თავშესაფრისთვის, ეს შეღავათი იქნება იმათთვისაც  და შეღავათი დონორი ორგანიზაციებისთვისაც ვინც ამას აფინანსებს. სახელმწიფოს შეუძლია გამოიყენოს არასამთავრობო ორგანიზაციების რესურსი, გამოცდილი კადრები, „- ამბობს ელისო ამირეჯიბი.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წლისთვის  ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის კრიზისული ცენტრის გახსნის შესაძლებლობაზე შესაბამისმა უწყებებმა უკვე იმსჯელეს.  ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სოციალური დეპარტამენტის უფროსი ნუცი ოდიშარია, მეურვეობა-მზრუნველობისა და სოციალური პროგრამების დეპარტამენტის უფროსი მარი წერეთელი, სოციალურ საკითხთა და პროგრამების სამმართველოს უფროსი ამირან დათეშიძე და  სსიპ - ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი თამუნა ბარკალაია ესწრებოდნენ.

სახელმწოფო ფონდის ახალმა დირექტორმა თამარ ბარკალაიამ გადაცემა „რეალურ სივრცეში“  კრიზისული ცენტრის შექმნის გეგმაზე ისაუბრა. მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ფონდი 2016-2018 წლის სამოქმედო გეგმაზე მუშაობს, თუმცა კრიზისული ცენტრის გახსნა მომდევნო წელსაა ჩანიშნული: „კონკრეტული ნაბიჯებია გადასადგმელი, მაგალითად, ბიუჯეტში უკვე  გათვალისწინებულია და მისი დამტკიცების შემდეგ შედეგები გვექნება. არსებული თავშესაფრების მსგავსი სერვისი იქნება,  იურიდიული და ფსიქოლოგიური მომსახურება, ასევე სამედიცინოც,  ღამის თევის ფუნქციაც ექნება, სანამ მსხვერპლი სტატუსს მიიღებს“.

ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის სტატისტიკის მიხედვით, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფრის ბენეფიციართა რაოდენობა 2010 წლიდან იზრდება.  სულ სამი თავშესაფარია 17-17 ადგილიანი გორსა და ქუთაისში, 19 ადგილიანი თავშესაფარი თბილისში.  2010 წელს თავშესაფრით სულ 42-მა ადამიანმა ისარგებლა, 2011 წელს 89 ადამიანმა, 2012 წელს თავშესაფრით მოსარგებლე ბენეფიციარების რაოდენობა იყო - 88, 2013 წელს -100, 2014 წელს კი თავშესაფრში სულ 114 -მა ადამიანმა ისარგებლა. ოჯახში ძალადობის მსხვერპლ ქალს თავშესაფარში 3 თვით შეუძლია დარჩენა, თუმცა თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურად განიხილება და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ეს ვადა გაიზარდოს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^