ბრიუსელთან ურთიერთობის ხანგრძლივ პროცესში პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ევროკავშირიდან ხელშესახები სარგებლის მიღების საშუალება ეძლევა. სავიზო ლიბერალიზაციის პროცესი დასკვნით ფაზაშია. მისი მიღება ბიომეტრული პასპორტის მქონე საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონასა და ოთხ კანდიდატ ქვეყანაში (ბულგარეთში, კვიპროსში, რუმინეთში, ხორვატიაში), 180-დღიან ვადაში, 90 დღით უვიზო მიმოსვლის საშუალებას მისცემს.
პრაქტიკული სარგებლის გათვალისწინებით, რასაც საქართველოს მოქალაქეები უვიზო მიმოსვლიდან მიიღებენ, სავიზო ლიბერალიზაცია ერთიორად გამოაცლის არგუმენტებს იმ ძალებს, ვინც ევროპას ათას სოდომურ ცოდვას მიაწერენ.
ევროპული კურსის დასადასტურებლად სავიზო ლიბერალიზაციის დაჩქარება ნებისმიერი ხელისუფლებისთვის დამაჯერებელი ნაბიჯი იქნებოდა. ცნობილია, რომ მოლდავეთმა ეს პრივილეგია 2014 წლის გაზაფხულზე მიიღო. ჩვენი გადმოსახედიდან საინტერესოა არა ის, რატომ გაიარა კიშინიოვმა ეს გზა უფრო ადრე, არამედ, რატომ ვერ შეძლო პროცესის დაჩქარება საქართველომ?
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, რომელმაც თანამდებობა ირაკლი ალასანიას გათავისუფლების შემდეგ დატოვა, „ლიბერალთან“ საუბარში იხსენებს, რომ სავიზო ლიბერალიზაციის საკანონმდებლო ფაზის შესრულების შეფერხება ანტიდისკრიმინაციულ კანონს უკავშირდებოდა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, გიორგი კანდელაკმა, რომელიც 2008 წლიდან პარლამენტის დეპუტატია, „ლიბერალს“ დაუდასტურა, რომ მათი ხელისუფლება ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებას არ აპირებდა. „ჩვენ არ გვინდოდა, ანტიდასავლურ ძალებს კონკრეტული სამიზნე ჰქონოდათ“, _ გვითხრა კანდელაკმა, _ „ჩვენს დროს ასეთი მიდგომა გვქონდა: ის ნორმები და ფილოსოფია, რაც ანტიდისკრიმინაციულ კანონშია, დანარჩენ კანონმდებლობაში ყოფილიყო გაბნეული. ეს ასე იყო კიდეც“.
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის მიღება (ხარვეზების მიუხედავად) კოალიცია „ქართული ოცნებისთვის“ მარტივი არ ყოფილა, მაგრამ, როგორც დავით ზალკალიანი ჰყვება, ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ ყველა დაინტერესებული უწყებისა და სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობით უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი ჩამოაყალიბა, რომელშიც საპატრიარქო აქტიურად იყო ჩართული.
საქართველოსგან განსხვავებით, მოლდავეთში, კანონის სახელწოდებაში (Law on Ensuring Equality) „დისკრიმინაციის“ ჩაწერა ვერ გაბედეს. მიუხედავად არაერთგვაროვანი საზოგადოებრივი რეაქციებისა, საქართველო არ მოერიდა კანონის ამ ფორმით გატანას და შედეგად, სავიზო ლიბერალიზაციის საკანონმდებლო ფაზაც, მაშინ, სწრაფად დაასრულა.
2012 წლის ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, ხელისუფლების ერთ-ერთ უმთავრეს ამოცანად იმ ნარატივის გაფანტვა იქცა, რომელსაც მისი ოპონენტები დასავლურ სამყაროში ამკვიდრებდნენ. „ქართული ოცნება“ ღიად პრორუსულ ძალად იყო შერაცხული, რომლისგანაც მხოლოდ ანტიდასავლური კურსის მოლოდინი შეიძლება ჰქონოდათ.
დავით ზალკალიანის თქმით, ახლად მოსული ხელისუფლების მთავარი ამოცანა ევროპელი პარტნიორებისთვის იმის დამტკიცება იყო, რომ ქვეყნის ევროატლანტიკური კურსი უცვლელია.
ზალკალიანი, რომელიც ასოცირების ხელშეკრულების მთავარი მომლაპარაკებელი იყო, იხსენებს, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ასოცირების ხელშეკრულების მოლაპარაკებების პროცესში დაუყოვნებლივ ჩაერთო. ღიად იყო დარჩენილი პრინციპული თემები. მისი თქმით, საქართველომ ეს პერიოდი მოკლე დროში გაიარა, რაც ევროპელი პარტნიორებისთვის სერიოზული გზავნილი იყო იმის შესახებ, რომ ევროპული კურსი შეუქცევადია.
2013 წლის ნოემბერში, ვილნიუსის სამიტზე, ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირების გარდა, საქართველომ ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე კრიზისის მართვის ოპერაციებში მონაწილეობის შესახებ ჩარჩო შეთანხმებას მოაწერა ხელი, რასაც მოგვიანებით ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართული სამშვიდობო კონტიგენტის გაგზავნა მოჰყვა.
პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს კონტექსტი, რომელშიც უნდა განვიხილოთ საკითხი, არის თუ არა მთავრობა პროდასავლური, თუ ეს მხოლოდ რიტორიკაა, _ გვითხრა გიორგი კანდელაკმა ოპონენტების შეფასებისას. მისი აზრით, საქმე გვაქვს ძალიან მარტივ, უნიკალურად ქართულ კონტექსტთან, თუ რა ჩარჩოში უწევს ამჟამინდელ მთავრობას ოპერირება.
„მთავრობის ნაბიჯები აიხსნება, ერთი მხრივ, იმით, რომ მთავრობა იძულებულია, ანგარიში გაუწიოს საზოგადოებრივ აზრს, რომელიც ჯერ კიდევ მყარად პროდასავლურია, მიუხედავად იმისა, რომ ეროზია შეინიშნება. ამას მთავრობა, ასე თუ ისე, ანგარიშს უწევს. ამ ჩარჩოში მეორე კომპონენტი არის ის, რომ მთავარი ოპოზიციური ძალა ასევე პროდასავლურია და მთავრობას პოლიტიკურად თავს ესხმის პროდასავლური პოზიციებიდან. „ოცნების ხელისუფლებას“ ამ ჩარჩოში უწევს ოპონირებას, რაც ხელისუფლების სამანევრო სივრცეს ძალიან ზღუდავს. საქართველოში მკვეთრი მანევრი წარმოუდგენელია, რადგან ამას მთავრობის დამხობა მოჰყვება“, _ ამბობს კანდელაკი.
თუმცა მთავრობის კონკრეტულ ნაბიჯებზე საუბრისას კანდელაკი MDF-ის კვლევას იშველიებს და აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა საბიუჯეტო სახსრებით პრორუსულ მედიას აფინანსებს. „რაც დადასტურებულად ვიცით, „ობიექტივის“ შემთხვევაში ხელწამოსაკრავი თანხა არ არის“, _ აღნიშნავს კანდელაკი და განაგრძობს, _ „ევროკავშირი რუსულ, ანტიდასავლურ პროპაგანდასთან საბრძოლველად, ფულს ხარჯავს, ხოლო საქართველოში რუსულ პროპაგანდას საქართველოს მთავრობა აფინანსებს. ამის მიზეზი ის არის, რომ მთავრობას ანტიდასავლური ძალები მოკავშირეებად მიაჩნია“.
ხელისუფლებაში ბევრი ფიქრობდა, რომ ევროპულ კურსზე დაეჭვების საფუძველს 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირებისა და მასთან ერთად ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) გაფორმება მოხსნიდა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი და ხანგრძლივი პროცესი სწორედ ამის შემდეგ დაიწყო. ასოცირების ხელშეკრულების პოლიტიკური მხარის შესრულებაზე შეკითხვები ნაკლებია. მაშინ, როდესაც განსხვავებული ვითარებაა DCFTA-ს მიმართულებით. საქმე ისაა, რომ შეთანხმება, რომელიც ერთ წელზე მეტია ძალაშია, შესაბამისი სტანდარტის გათვალისწინებით, საქართველოს საქონელსა და მომსახურებას ევროკავშირის (500 მილიონზე მეტი ადამიანით დასახლებულ) შიდა ბაზარზე გზას უხსნის, რაც ხელს შეუწყობს ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდას.
DCFTA-ს პირობების შესრულებისა და ქართული ბიზნესის სასარგებლოდ მისი გამოყენების საკითხისადმი მიდგომა ყველაზე აშკარად წარმოაჩენს ევროპული კურსის მიმართ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამოკიდებულებას.
ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელის, კახა გოგოლაშვილის შეფასებით, თუ საქართველოში შესაბამისი სერტიფიცირებისა და ხარისხის ინფრასტრუქტურა ისე არ იქნება აწყობილი, რომ საქართველოში მარტივად სერტიფიცირებული პროდუქცია ევროკავშირის ბაზარზე შეუმოწმებლად გავიდეს, ძნელი სავარაუდოა, DCFTA-ს გამო ქართველმა ექსპორტიორებმა რეალური შედეგი მიიღონ. ისინი კვლავ ევროკავშირში სერტიფიცირებაზე იქნებიან დაქვემდებარებულები და ლაბორატორიების ძიება უცხოეთში მოუწევთ.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიგი გიგიაძე „ლიბერალთან“ საუბრისას ამტკიცებს, რომ ფიზიკურად შეუძლებელია, საქართველომ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში რომელიმე ვალდებულება არ შეასრულოს. „აქ სახელმწიფოს არანაირი ლავირების საშუალება არ გააჩნია. მკაცრად დადგენილი გრაფიკია. საკითხები ასე დეტალურად ევროკავშირის არც ერთი ამჟამინდელი წევრი ქვეყნის შემთხვევაში არ ყოფილა გაწერილი“, _ ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე.
გიგიაძის ინფორმაციით, დაახლოებით 2019 წელს საქართველომ უნდა დაამთავროს სკრუპულოზური, დეტალური დღის წესრიგით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელება. 2019 წელს რეფორმები შეფასდება. „ეს ხანგრძლივი პროცესია. დაგეგმილია 300-ზე მეტი ახალი კანონის მიღება, რათა საქართველოს კანონმდებლობა ევროკავშირის მოთხოვნებს დაუახლოვდეს. ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, საქართველო ამ პროცესს ბოლომდე მიიყვანს“, _ აცხადებს გიგი გიგიაძე. მისი თქმით, ევროკავშირში გაწევრიანებამდე (ვადის პროგნოზირება ურთულესია) საქართველოს სურს, ინტეგრაციის დაახლოებით ისეთივე დონეს მიაღწიოს, როგორიც ზოგ არაწევრ ქვეყანას აქვს, მაგალითად, ნორვეგიას და შვეიცარიას.
უახლოესი მომავლის დღის წესრიგზე საუბრისას გიგიაძე აღნიშნავს, რომ საქართველო მზად არის, ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი (ევროკავშირის შესახებ შეთანხმების 49-ე მუხლის შესაბამისად) ნებისმიერ დროს გააკეთოს. მინისტრის მოადგილე გვიმხელს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხზე ევროპელ კოლეგებთან კონსულტაციას გადის. „როდის გააკეთებს განაცხადს, ეს დროის შერჩევაზეა დამოკიდებული. ამან არ უნდა გამოიწვიოს ნეგატიური განწყობა და არ თქვან, რომ ახლა ამის დრო არ იყო. გასათვალისწინებელია ევროპელი კოლეგების რჩევები“, _ ამბობს გიგიაძე.
ევროინტეგრაციისკენ პოლიტიკური ნაბიჯები დეკლარირებულ სურვილად რომ არ დარჩეს, აუცილებელია, დავაკვირდეთ, აქვს თუ არა საქართველოს ევროკავშირთან რეალური თანამშრომლობა და ინტეგრაცია.
რეფორმების ძირითადი ნაწილი სოფლის მეურნეობაზე უნდა აისახოს. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ „ლიბერალს“ უთხრა, რომ საქართველოში წარმოებული ცხოველური პროდუქცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებში იმის გამო ვერ გადის, რომ სურსათის უვნებლობისა და ვეტერინარიის სისტემა ევროკავშირთან ეკვივალენტური არ არის. თავად სისტემა ბევრ კომპონენტს მოიცავს, მათ შორის ჰიგიენას და სანიტარიას.
მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიდან საქართველომ თაფლის კონტროლის ვალიდაციის პროცესი დაიწყო, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება და თაფლის ხარისხის მაკონტროლებელი ლაბორატორია საერთაშორისო დონეზე იქნება აკრედიტებული. დღემდე ერთ-ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი შემოწმების მეთოდისა და ლაბორატორიული კვლევის არარსებობა იყო.
„მომავალი წლიდან ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიდან ევროკავშირის ბაზარზე თაფლის გარდა, თევზის ექსპორტის შესაძლებლობა იქნება“, _ ამბობს იგი.
ნოდარ კერესელიძის თქმით, საკანონმდებლო კუთხით ცვლილებების მიღება დანარჩენ პროდუქტზეც მაქსიმალურად მცირე ვადაში არის შესაძლებელი, მაგრამ ეს კერძო სექტორს მძიმედ დააწვება. ზოგი ბიზნესი საერთოდ არ გეგმავს ექსპორტს და ადგილობრივ ბაზარზეა ორიენტირებული და მძიმე ახალმა რეგულაციამ შესაძლოა მას საფრთხე შეუქმნას. როგორც კერესელიძე ამბობს, გეგმა წლებზეა გათვლილი.
კერესელიძე საფინანსო რესურსების ნაკლებობაზეც საუბრობს. მისი თქმით, მიმდინარეობს დონორებთან მოლაპარაკებები, რათა მათ მთელი რესურსი ბიზნესის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მიმართონ.
კახა გოგოლაშვილი კი მიიჩნევს, რომ საქართველომ თვითონ (და დონორების დახმარებით) თუ არ დააჩქარა საკუთარი პროცედურების იმპლემენტაცია, ევროკავშირთან ვაჭრობაში DCFTA-ის მეშვეობით გარღვევას რამდენიმე წლის განმავლობაში მაინც არ უნდა ველოდოთ.
როგორც გოგოლაშვილი ამბობს, ჯერჯერობით, ამ მიმართულებით საკანონმდებლო ბაზა მზადდება, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მისი თქმით, მეტი დაფინანსება და ინსტიტუტების სწრაფი განვითარებაა საჭირო. მაგალითად, მნიშვნელოვანია, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობა, რომ მან თავისი ინსტრუმენტები სრულფასოვნად აამოქმედოს. ეს საჭიროა იმისათვის, რომ ევროკავშირმა საქართველოში სანიტარული და ფიტოსანიტარული კონტროლისა და ევროკავშირის სტანდარტებთან ეკვივალენტობა ცნოს. ამის საფუძველზე ევროკავშირში საქართველოს პროდუქციის ექსპორტი გამარტივდება.
გოგოლაშვილი საჭიროდ მიიჩნევს მწარმოებელთა ადრეულ გაფრთხილებას და ხელშეწყობას იმისათვის, რომ საქართველოში წარმოების მოდერნიზებამ და განვითარებამ საქართველოს შიდა ბაზარზეც კი ევროკავშირის მოთხოვნები დააკმაყოფილოს.
ხელისუფლების ჩამოთვლილ პრიორიტეტებში ეს საკითხები არის, მაგრამ, როგორც გოგოლაშვილი ამბობს, სახელმწიფო კარგად არ არის ორგანიზებული იმისათვის, რომ ეს პრიორიტეტები განახორციელოს. „ის არც ფინანსურად და არც საკადრო რესურსით მზად არ არის“, _ მიიჩნევს იგი.
გოგოლაშვილის შეფასებით, მთავრობის ძირითადი ყურადღება ძალიან მოკლევადიან პრობლემებზეა კონცენტრირებული. ამავე დროს, თუ ევროკავშირთან სავაჭრო ბრუნვა საქართველომ 50%-მდე მაინც ვერ გაზარდა, არ შეიძლება იმის თქმა, რომ ქვეყნის ევროკავშირთან ინტეგრაცია მიმდინარეობს. ევროკავშირის ბაზარი კი არის სტაბილური, დიდი და მასზე მიბმას ჩვენს რეგიონში უამრავი სახელმწიფო ოცნებობს.
კახა გოგოლაშვილის აზრით, ცუდი არაფერია იმაში, თუ ვინმეს რუსეთის ბაზარზე ფეხის მოკიდება სურს. იყო პერიოდი, როდესაც ევროპა რუსეთში ეკონომიკური ექსპანსიის შესაძლებლობას ხედავდა. გერმანიის ჩათვლით ბევრმა ქვეყანამ რუსეთთან საკმაოდ მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობა დაამყარა, რასაც ახლა ბევრი ნანობს. რუსეთში არასტაბილურმა გარემომ ყველა იმ ქვეყანას შეუქმნა საფრთხე, რომელმაც თავისი ეკონომიკა რუსეთს მაღალი ხარისხით დაუკავშირა. მაშინ, როდესაც ევროკავშირის ბაზარი კრიზისების დროსაც მაღალი მოთხოვნით ხასიათდება.
გოგოლაშვილის თქმით, ხელისუფლების მხრიდან არასაკმარისი ქმედება, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის ევროინტეგრაციის პროცესზე აისახება და ევროკავშირთან დაახლოების ვადების გადაწევას გამოიწვევს. ეს პროცესი საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზეა დამოკიდებული, რომლის განხილვაც არა უბრალოდ ინსტიტუციურ, არამედ ფუნქციურ განზომილებაში შეიძლება.
მნიშვნელოვანია, ვნახოთ, რამდენად ახლო ურთიერთობა გვაქვს ევროკავშირის ბიზნესთან, რამდენია ერთობლივი საწარმო, ევროპული ინვესტიცია, არის თუ არა მზარდი ტენდენცია, გაიხსნა თუ არა ეს შესაძლებლობები, არის თუ არა ახალი სტიმული იმისათვის, რომ პროდუქცია ევროკავშირში მეტად გავიდეს, ან ევროკავშირიდან შემოვიდეს.
DCFTA საქართველოსთვის ეკონომიკური განვითარებისა და მოდერნიზების პერსპექტივებს იძლევა, ასევე კარებს ხსნის ევროკავშირთან მეტი კავშირის განვითარებისთვის, რაც საქართველოში დოვლათის ამაღლებასა და ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებაზე უნდა აისახოს.
დღევანდელი მთავრობის ვიწროპარტიული ხედვის პირობებში სულ უფრო იშვიათად გვესმის ცნობები იმის შესახებ, რომ ევროკავშირში ექსპორტის ხელშეწყობისთვის ინსტიტუციური ცვლილებები გატარდა, სპეციალური ორგანოები ჩამოყალიბდა და ა.შ. თორემ განზრახვის სისწორეში ძნელია ეჭვი შეიტანო.