2012 წლის სექტემბერში საპარლამენტო არჩევნებამდე გავრცელებულმა წამების ამსახველმა კადრებმა საზოგადოების პროტესტი გამოიწვია.
ხელისუფლებაში “ქართული ოცნების” მოსვლის შემდეგ კი გაირკვა, რომ წამების კადრების გარდა შსს-ში სხვადასხვა შინაარსის ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერი ინახებოდა. მთავრობის განკარგულებით შექმნილმა კომისიამ ეს მასალები შეისწავლა, ნაწილი გაანადგურა, ნაწილი კი გამოსაძიებლად მთავარ პროკურატურას გადასცა.
ბოლო პერიოდში გავრცელებული კადრები და წამების ამსახველი ვიდეოების საჯარო ჩვენებები ცხადყოფს, რომ ეს პრობლემა კვლავ მწვავედ დგას. “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მასზე უკანონო მიყურადება და თვალთვალი ახალი ხელისუფლების პირობებში ხდებოდა.
2015 წლის 17 ოქტომბერს უკრაინულ ვებ გვერდზე ადამიანების წამების ამსახველი კადრები გავრცელდა. ისინი 2013 წელს სამეგრელოში აღმოჩენილი ვიდეომასალებიდანაა. აღნიშნულ საქმეზე სასამართლო პროცესი უკვე დასრულებულია და მასში იდენტიფიცირებულ 11 პირს თბილისის საქალაქო სასამართლომ განაჩენი გამოუტანა.
პროკურატურაში აცხადებენ, რომ წამებისა და სექსუალური ძალადობის ამსახველი ვიდეოფირები მტკიცებულების სახით დაერთო სისხლის სამართლის საქმეს და საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, დაცვის მხარეს გადაეცა.
ვინ გაავრცელა აღნიშნული მასალა, პროკურატურამ, დაცვის მხარემ, ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა თუ ვინმე სხვამ, უცნობია.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვარაუდობს, რომ კადრების ბევრი ასლი არსებობს. მთავრობის მეთაური არ გამორიცხავს, რომ ისინი უკრაინელებს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიჰყიდეს. ოპოზიცია ახალ და ძველ მთავრობებს ქვეყნის შიგნით სიტუაციის დაძაბვაში ადანაშაულებს, არასამთავრობოები კი პასუხისმგებელ უწყებებს ამ მასალების არაჯეროვნად დაცვას საყვედურობენ.
არასამთავრობო ორგანიზაციები ამის ძირითად მიზეზად ახალი ხელისუფლების პირობებში დანაშაულის არასრულად გამოძიებას, დამნაშავეების არასათანადო დასჯასა და წამების მსხვერპლთა არასრულ რეაბილიტაციას ასახელებენ. ისინი მიიჩნევენ, რომ მსგავსი მასალები პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოიყენება.
“17 ოქტომბერს უკრაინულ ვებგვერდზე ვიდეოების ატვირთვამ დაადასტურა ის, რომ, როგორც ჩანს, შესაბამისი უწყებები ვერ უზრუნველყოფენ მათზე დაკისრებული მინიმალური ვალდებულებების შესრულებასაც კი და ვერ ახერხებენ ადამიანის პირადი ცხოვრების შემცველი მასალის სათანადოდ დაცვას. მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ მსგავსი ჩანაწერები პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოიყენება”,- აღნიშნულია ათი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გარდა წარსულში უკანონოდ ჩაწერილი პირადი ცხოვრების ამსახველი აუდიო-ვიდეო მასალისა, კითხვები ახალი ხელისუფლების პირობებში გაკეთებულ შესაძლო ჩანაწერებზეც არსებობს. როგორც “ლიბერალთან” საუბრისას “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია აცხადებს, აუდიო-ვიდეო მასალა, რომელიც მასზე შანტაჟისთვის გამოიყენეს, ამჟამინდელი ხელისუფლების დროს, უფრო კონკრეტულად კი 2014-15 წლებშია ჩაწერილი.
რამდენიმე დღის წინ გვარამიამ საგანგობო განცხადება გაავრცელა, სადაც მთავრობის მიერ მისთვის შეთვლილ მუქარაზე ისაუბრა. მან თქვა, რომ ის უკანონო თვალთვალისა და მიყურადების მსხვერლია. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ ეს “რუსთვის 2-ის” ირგვლივ მიმდინარე პროცესებს ემთხვევა.
მიმდინარეობს თუ არა უკანონო ფარული მიყურადება და თვალთვალი დღესაც და ვინ შეიძლება იდგეს ამის უკან - ამის გარკვევას კიდევ უფრო ართულებს ის ფაქტი, რომ ყოფილი შს მინისტრის, ალექსანდრე ჭიკაიძის ინფორმაციით, საჭირო ტექნიკას შსს-ს გარდა სხვა პირებიც ფლობენ.
ჭიკაიძის თქმით, 2012 წლის არჩევნების შემდეგ შსს-ს ახალმა ხელმძღვანელობამ სამინისტროს მფლობელობაში არსებული ტექნიკური თუ სხვა საშუალებები აღრიცხა, რა დროსაც აღმოჩნდა, რომ ფარული ხარჯებით შესყიდული მრავალი მილიონის ტექნიკა უწყებიდან ღარიბაშვილის მისვლამდე გაიტანეს.
“ვადასტურებ იმ ფაქტს, რომ რამდენიმე პორტატული კომპიუტერი, რომლის მეშვეობითაც შეიძლება გააკონტროლო სხვისი მოსმენა ან ვიდეომეთვალყურეობა, ეს ტექნიკა დაკარგულია სამინისტროდან", - განაცხადა ჭიკაიძემ.
შსს-ში აღმოჩენილი უკანონო ფარული ჩანაწერების შესწავლის, ანალიზისა და კლასიფიკაციის მიზნით, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 15 აგვისტოს განკარგულებით, ამ ჩანაწერების საკითხებზე მომუშავე დროებითი 9-კაციანი კომისია შეიქმნა. მის შემადგენლობაში მაშინდელი შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ყოფილი მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილი, ომბუდსმენი უჩა ნანუაშვილი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი თამარ ქალდანი, გაზეთ “რეზონანსის” მთავარი რედაქტორი ლაშა ტუღუში, ამჟამინდელი სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილი და “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური შედიოდნენ.
მათ ჩანაწერები სამ კატეგორიად უნდა დაეყოთ: გასანადგურებელ, სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში მოპოვებულ და ოპერატიულად ღირებული ინფორმაციის შემცველ მასალებად.
სამინისტროს ფარული მიყურადება-თვალთვალის ამსახველი 775 ელექტონული მატარებელი ჰქონდა. აქედან 110 კომისიის დასკვნის საფუძველზე 2013 წლის სექტემბერში განადგურდა, რადგან ისინი მხოლოდ პირადი ცხოვრების ამსახველ დეტალებს მოიცავდა გამოძიებისთვის ღირებული არ იყო. დარჩენილი 635 ელექტროუნლი მატარებლიდან კომიასიამ ვერცერთის კანონიერად მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მოიპოვა. აქედან 45 ელექტრონული მატარებელი განადგურდა, 590 კი გამოძიების მიზნით მთავარ პროკურატურას გადაეგზავნა.
მოგვიანებით, 2014 წლის დასაწყისში შსს-მ ფარულ ვიდეომასალებში პირადი ცხოვრების ამსახველი ინტიმური ხასიათის კადრები კიდევ აღმოაჩინა. უწყებაში აცხადებდნენ, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს, მაგრამ თავად ფაქტები და მასალები განადგურდეს.
ფარული ჩანაწერების გავრცელებისგან დაცული არავინაა, პირადი ცხოვრების უფლების დაცვის საკანონმდებლო მექანიზმები კი ამ შემთხვევაში უძლური და არაფრისმომცემია.