ძალადობის შემთხვევები, ლოცვის, მეტანიების დაძალება, ბულინგი, რელიგიური ნიშნით არსებული შეზღუდვები, ჯანდაცვის და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვის მხრივ არსებული ხარვეზები, განათლებასა და სრულფასოვან ინდივიდუალურ განვითარებაზე ხელმისაწვდომობის არქონა, არასრულფასოვანი კვება, თანამშრომლების არაკვალიფიციურობა - სახალხო დამცველის აპარატმა მართლმადიდებელი ეკლესიისა და მუსლიმური კონფესიის დაქვემდებარებაში მყოფი ბავშვთა შვიდი პანსიონი შეამოწმა. მათ შორის ოთხი საპატრიარქოსი, სამი კი მუსლიმური კონფესიის ბავშვთა ინსტიტუციაა.
“საქართველოში მართლმადიდებელი ეკლესიისა და მუსლიმური კონფესიის დაქვემდებარებაში მყოფ არასრულწლოვანთა პანსიონებში ბავშვზე ზრუნვის ერთიანი სისტემა არ მოქმედებს, რადგან ეს ბავშვები სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ არ იმყოფებიან.
ეს კი ბუნებრივია, არღვევს ბავშვის ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიცაა ჯანმრთელობის დაცვის, განათლების უფლება, ძალადობისგან დაცვა და ა. შ.” - ესაა სახალხო დამცველის ანგარიშის ზოგადი შინაარსი, რომელშიც თავებადაა ჩაშლილი ლიცენზიის, ბავშვების პირადი საქმეებისა და კონფიდენციალობის დაცვის, ჯანდაცვის, განათლების, კვების, ჰიგიენის და სხვა საკითხები.
ემოციური განვითარება და ძალადობისგან დაცვა
ომბუდსმენის მონიტორებმა გამოიკვლიეს, რომ რელიგიური კონფესიების პანსიონებში ბავშვებისთვის რელიგიური ნიშნით დაწესებულია გარკვეული შეზღუდვები, რომლებსაც ხშირად არასრულწლოვნები მათივე სურვილის საწინააღმდეგოდ ემორჩილებიან. მათ შორისაა ჩაცმულობის კუთხით არსებული შეზღუდვაც.
მუსლიმური პანსიონების აღსაზრდელ გოგონებს, მათი რელიგიის შესაბამისად, ეკრძალებათ შარვლის ტარება. საჯარო სკოლაში არა აქვთ თავშლის ტარების ვალდებულება. მხოლოდ პანსიონის ტერიტორიაზე ატარებენ.
ფერიის და ბედიანის პანსიონების გარდა, საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული პანსიონების ბენეფიციარ გოგონებს აკრძალული აქვთ შარვლის ტარება. გარდა ამისა, შეზღუდვები ეხება კაბის სიგრძესაც, რის გამოც ბავშვები უკმაყოფილებას გამოხატავენ ომბუდსმენის მონიტორებთან.
ანგარიშის მიხედვით, მუსლიმურ პანსიონებში აღსაზრდელები მკაცრი რელიგიური ადათ-წესების დაცვით ცხოვრობენ: “ყველა ბენეფიციარის მიმართ არსებობს ერთიანი მიდგომა და ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილება პრიორიტეტული არაა”.
მუსლიმური პანსიონების აღმზრდელებმა მონიტორებთან განაცხადეს, რომ ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებული გარკვეული პრობლემების არსებობისას, ყველა კონკრეტულ შემთხვევაში ისინი მუსლიმთა წმინდა წიგნს, ყურანს მიმართავენ. ყოველი კონკრეტული საკითხის წამოჭრისას, აღმზრდელები ბავშვს ყურანის კონკრეტულ სურას მიუთითებენ და განუმარტავენ, თუ როგორ უნდა მოიქცეს ჭეშმარიტი მუსლიმი.
საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული პანსიონების ყველა ბავშვს კი საკუთარი მოძღვარი ჰყავს.
მონიტორინგის ჯგუფის მიერ ბავშვებთან საუბრით გამოვლინდა აღმზრდელების მხრიდან ბავშვებზე ფსიქო-ფიზიკური ძალადობის ცალკეული შემთხვევები: ნინოწმინდის პანსიონში არსებული მდგომარეობა, სადაც ხშირია აღსაზრდელებს შორის როგორც ფსიქოლოგიური, ასევე, ფიზიკური ძალადობის შემთხვევები.
გამოიკვეთა, რომ ბენეფიციარებს დასჯის მიზნით ეკრძალებათ ოთახიდან გასვლა, უწევთ კვების ერთი-ერთი კომპონენტის გამოტოვება - მაგ. ვახშმის. ბენეფიციარების თქმით, ფიზიკური დასჯის მიზნით თავზე ხელებდაწყობილ არასრულწლოვნებს თანატოლების თვალწინ დერეფანში მუხლებზე ხოხვით სიარულს აიძულებენ.
აღმოჩნდა, რომ საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ პანსიონებში ერთ-ერთ გავრცელებულ დასჯის ფორმას მეტანია წარმოადგენს. ერთ-ერთი აღმზრდელის მხრიდან ბენეფიციარის სიტყვიერი შეურაცხყოფის და გოგონებისადმი არასათანადო მოპყრობის ფაქტიც დაფიქსირდა. როგორც გაირკვა, ეს აღმზრდელი ამავე ბენეფიციარს დასჯის მიზნით უფრო პატარა ასაკშიც აჩოქებდა. მონიტორებისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული მიზეზით ორი აღმზრდელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.
პანსიონის აღმზრდელები, ბავშვის რთული ქცევის შემთხვევაში, ბენეფიციარებს სასულიერო პირებთან აგზავნიან და სულიერი მამა ცოდვების მონანიების თუ დასჯის მიზნით ბავშვებს მეტანიებს აკეთებინებს. სასჯელის ზომად 50-100 მეტანია განისაზღვრება. მეტანიების გაკეთების ვალდებულება აკისრიათ ბენეფიციარებს ლოცვის გამოტოვების შემთხვევაშიც.
მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ მეტანიების გაკეთების ვალდებულება, როგორც დასჯის ფორმა, ნინოწმინდის ბენეფიციარებსაც აქვთ.
მუსლიმურ პანსიონებში ბავშვები სისტემატური ფიზიკური ძალადობის შემთხვევებზე არ საუბრობენ, თუმცა აღნიშნავენ, რომ ხანდახან აღმზრდელები უყვირიან და იშვიათ შემთხვევაში, ფიზიკურადაც ძალადობენ.
…
დღეს საქართველოში სააღმზრდელო დაწესებულებებზე ლიცენზიას ჯანდაცვის სამინისტრო, საგანმანათლებლო დაწესებულებებზე კი განათლების სამინისტრო გასცემს. ომბუდსმენის მიერ შემოწმებული შვიდი პანსიონიდან მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებული ფერიის და სტეფანწმინდის გიმნაზია-პანსიონები ახორციელებენ როგორც საგანმანათლებლო, ისე პანსიონურ მომსახურებას. დანარჩენი დაწესებულებები კი მხოლოდ პანსიონური, სააღმზრდელო ტიპისაა. სააღმზრდელო დაწესებულებიდან ლიცენზია დღესდღეობით მხოლოდ ფერიის მართლმადიდებლურ პანსიონს აქვს, ნინოწმინდის და ბედიანის ინსტიტუციების ადმინისტრაციის თქმით, ლიცენზიის საკითხების მოსაგვარებლად პროცესები მათაც დაწყებული აქვთ. რაც შეეხება მუსლიმური აღმსარებლობის პანსიონებს, მათგან არცერთს არ აქვს ლიცენზია.
მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, ბავშვების ამ დაწესებულებაში განთავსებაა. მაგალითად, საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ პანსიონებში ბავშვები ძირითადად მშობლების განცხადების საფუძველზე ხვდებიან. თუმცა, მიმართავენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და პოლიციის თანამშრომლებიც. მაგალითად, სტეფანწმინდის გიმნაზია-პანსიონში 125 ბენეფიციარია, პანსიონური მომსახურებით სარგებლობს 40 ბავშვი. მათი მიღება და გაყვანა ხდება მშობლების განცხადებით. თუმცა მუსლიმურ პანსიონებში მონიტორინგის დროს გამოვლინდა, რომ დაწესებულებებში არ აწარმოებენ რაიმე სახის დოკუმენტაციას. არ აქვთ შინაგანაწესი, არ არის გაწერილი ქცევის წესები, დღის განრიგი, არ აქვთ გახსნილი ბავშვების პირადი საქმეები. მონიტორინგის ჯგუფის მიერ დოკუმენტაციის მოთხოვნისას არ იქნა წარმოდგენილი არანაირი დოკუმენტი. ყველა სახის საქმიანობა ზეპირსიტყვიერია.
რაც შეეხება კონფიდენციალობის დაცვას და პირადი საქმის წარმოებას, მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ ფერიის (ვაჟთა), ფერიის (გოგონების) და ქობულეთის (ვაჟთა) მუსლიმურ პანსიონებში არ გააჩნდათ ბენეფიციართა პირადი საქმეები. მაგალითად, ნინოწმინდის პანსიონში ბენეფიციართა პირადი საქმეები უცხო პირთათვის მიუწვდომელ ადგილას ინახება. ხელშეკრულების ტექსტის თანახმად, მომსახურების მიმწოდებელმა უნდა მოახდინოს ბავშვისთვის პატრიოტიზმის, პატიოსნების, სათნოების, სიკეთის, პასუხისმგებლობის, სხვა სულიერი თვისებების შთაგონება და უნდა ჩამოუყალიბოს მას საქართველოს სახელმწიფოსათვის თავდადების, ერთგულების, სამართლიანობისა და კანონის დაცვის მოთხოვნილებები.
ომბუდსმენის ანგარიშის ერთ-ერთ თავი ამ პანსიონებში მომუშავე პერსონალის კვალიფიკაციას ეხება.
მაგალითად, ბედიანის ბავშვთა პანსიონში დასაქმებულია 49 თანამშრომელი. დაწესებულებაში ფსიქოლოგი არ ჰყავთ და ფსიქოლოგის ფუნქციებს ხატვის მასწავლებელი ითავსებს, რომელმაც 1998 წელს გამოყენებით ფსიქოლოგიაში 3-დღიანი სასემინარო კურსი - „როგორ დავეხმაროთ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ბავშვებს“ - გაიარა.
მუსლიმურ პანსიონებში კი აღმზრდელებს არ აქვთ აღმზრდელობითი საქმიანობის წარმოების შესაბამისი კვალიფიკაცია.
რაც შეეხება ჯანდაცვას, საქართველოს კანონმდებლობით სახელმწიფო უზრუნველყოფს სამედიცინო დახმარებას ობოლი და მშობლების ზრუნვას მოკლებული, ფიზიკური და ფსიქიკური შეზღუდვის მქონე ბავშვებისათვის განკუთვნილ დაწესებულებებში.
საპატრიარქოს პანსიონებშიმკურნალობენ მცხოვრებ ბავშვებს პირველადი ჯანდაცვის ობიექტებში, ადგილდმდებარეობის მიხედვით. ან დაწესებულებას რაიონის ექიმთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება და ექიმი ბავშვებს თვეში რამდენჯერმე ნახულობს.
ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით გამოვლინდა, რომ პანსიონების ბენეფიციარები, მიუხედავად გადაუდებელი საჭიროებისა, ვერ იღებენ ადეკვატურ ფსიქოლოგიურ ან ფსიქიატრიულ დახმარებას. პანსიონის აღმზრდელებს არ აქვთ რთული ქცევის მართვის უნარ-ჩვევები, დაწესებულებებში არ მუშაობენ პროფესიონალი ფსიქოლოგები.
მართლმადიდებელი ეკლესიის დაქვემდებარებაში მყოფ პანსიონებში მუშაობენ ექიმები, რომლებსაც ფსიქიატრიული შემთხვევის მართვის გამოცდილება და ლიცენზირება არ აქვთ.
ნინოწმინდის პანსიონის აღსაზრდელებში ხშირია ფსიქიკური პრობლემები, ქცევითი და ემოციური აშლილობა. მიუხედავად ამისა, ბავშვებს ფსიქიატრიული გამოკვლევა არ ჩატარებიათ, ისინი არასდროს შეუფასებიათ და, შესაბამისად, მათ არც ადეკვატური ფსიქიატრიული დახმარება მიუღიათ.
მონიტორინგის მიმდინარეობისას გამოიკვეთა პრაქტიკა, როდესაც არასრულწლოვნის უმართავი, რთული ქცევის შემთხვევაში, მას ბიოლოგიურ ოჯახში აბრუნებენ. მაგალითად, სტეფანწმინდის სკოლა-პანსიონში დაფიქსირდა, რომ ერთ-ერთ ბენეფიციარს მძიმე სომატური პრობლემების ფონზე აღენიშნება განვითარების შეფერხება. არასრულწლოვანი დაბადებიდან ამ ინსტიტუციაში იზრდება, აქვს ემოციური და ქცევითი დარღვევები. მას არ ჩატარებია სრულყოფილი ფსიქოლოგიური გამოკვლევა.
საპატრიარქოს პანსიონების ბენეფიციარების პირადი ჰიგიენის დაცვის უზრუნველყოფას აღმზრდელები ზედამხედველობენ. ბავშვებს სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე, ალკოჰოლის, ნარკოტიკების გამოყენების მოსალოდნელ შედეგებზე, თამბაქოს მავნებლობასა და ცხოვრების ჯანსაღ წესზე ესაუბრებიან სასულიერო პირები, აღმზრდელები და მედპერსონალი.
“აღსანიშნავია, რომ შემოწმებული პანსიონების უმეტესობის სველ წერტილებში ბავშვების კუთვნილი კბილის ჯაგრისები ყოველგვარი ჰიგიენურად დამცავი საშუალების და განმასხვავებელი ნიშნის გარეშე ინახება. აქედან გამომდინარე, ადვილად შესაძლებელია კბილის ჯაგრისები ერთმანეთში აირიოს, ძირს ჩამოვარდეს ან სხვა გზით დაბინძურდეს, რაც საფრთხის შემცველია ჯანმრთელობისათვის”, - წერია ანგარიშში.
სახალხო დამცველის ანგარიში ამ პანსიონებში მცხოვრები ბავშვების განათლების საკითხსაც მიმოიხილავს. ანგარიშში წერია, რომ მაგალითად, სტეფანწმინდისა და ფერიის მართლმადიდებლურ პანსიონებში ბავშვები ადგილობრივ საჯარო სკოლაში არ დადიან. მათ ამავე ინსტიტუციებში ეროვნული სასწავლო გეგმით ასწავლიან და სკოლის დირექტორები სასულიერო პირები არიან.
მუსლიმური პანსიონები 24-საათიანი სააღმზრდელო დაწესებულებისა და რელიგიური სკოლის (მედრესეს) ფუნქციებს ითავსებენ. აღმზრდელებთან (ხოჯებთან) და ბავშვებთან გასაუბრების შედეგად გაირკვა, რომ ამ პანსიონის ბენეფიციარები, როგორც წესი, ჩართული არიან ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში. სკოლიდან დაბრუნების შემდეგ აღმზრდელი მათ სკოლის გაკვეთილების მომზადებაში ეხმარება.
მნიშვნელოვანია რელიგიის სწავლების საკითხიც. კერძოდ, საპატრიარქოს დაქვემდებარებაში არსებულ სკოლა- პანსიონებში, ბედიანის სარეაბილიტაციო ცენტრის გარდა ზოგადსაგანმანათლებლო საგნებთან ერთად ისწავლება საღვთო სჯული, მაგალითად: სტეფანწმინდის გიმნაზია- პანსიონში საღვთო სჯული 1-12 კლასის ჩათვლით ისწავლება. მას კვირაში 2 საათი ეთმობა. ეს გულისხმობს, რომ არასრულწლოვნები კითხულობენ სახარებას და მის გარკვეულ ნაწილს ზეპირად ეუფლებიან. პანსიონში მე-5-მე-7 კლასებში ისწავლება ძველი დამწერლობაც. საღვთო სჯულის გაკვეთილები ტარდება ბათუმში, ფერიის მთაზე არსებულ სკოლა- პანსიონშიც. მუსლიმური აღმსარებლობის პანსიონებში დღის განმავლობაში დაახლოებით საათნახევარი რელიგიურ-აღმზრდელობით გაკვეთილებს ეთმობა.
რაც შეეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს, ანგარიშის მიხედვით, მუსლიმურ პანსიონებში შშმ ბავშვებს საერთოდ არ იღებენ, მაგრამ, თუ ბავშვს შემდეგ გარკვეული პრობლემა გამოუვლინდა, მას ოჯახში აბრუნებენ. იყო შემთხვევაც, როცა ბავშვი მუსლიმთა პანსიონიდან ენურეზის (შარდის შეუკავებლობა) გამო გარიცხეს.
მაგალითად, ბედიანის სარეაბილიტაციო ცენტრში არ ირიცხებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები. როგორც ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა, ისინი თავს შეიკავებენ მათი მიღებისგან, რადგან არ გააჩნიათ ასეთი ბავშვების მოვლისთვის აუცილებელი ცოდნა და უნარ- ჩვევები.
“საყურადღებოა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო არ არის აქტიურად ჩართული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებზე ზრუნვის, სტატუსის მინიჭების, სამედიცინო და საგანმანათლებლო საჭიროებების იდენტიფიცირებისა და მათთვის შესაბამისი მომსახურების მიწოდების პროცესში”, - წერია ომბუდსმენის ანგარიშში.
სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს ჯანდაცვის სამინისტროს, რომ მოხდეს: ასეთი დაწესებულებების ლიცენზირება; ინსტიტუციებში ბავშვების ჩარიცხვა მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს ჩართულობით; ცნობიერების ამაღლების და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, პერსონალს გააცნონ ბავშვზე ზრუნვის სტანდარტები; დაცული და აღრიცხული იყოს ბავშვების პირადი მონაცემები. გარდა ამისა, ომბუდსმენის რეკომენდაციით, სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ბავშვთა ჯანდაცვა და ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა საჭიროებების გათვალისწინება და სტატუსის მინიჭების პრობლემების გადაწყვეტა. ასევე, ბავშვზე ზრუნვის პროცესში ჩართული პირების პროფესიული მომზადება ბავშვზე ძალადობის, რთული ქცევისა და სტრესის მართვისა და ფსიქოლოგიური/ფსიქიატრიული პრობლემების მქონე ძალადობის მსხვერპლი ბავშვის იდენტიფიკაციის უნარ-ჩვევების შემუშავების საკითხებში:
“სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომები შეიძლება არადამაკმაყოფილებლად შეფასდეს. დეინსტიტუციონალიზაციის სახელმწიფო პოლიტიკის გათვალისწინებით, მომსახურების მიმწოდებლებთან მჭიდრო თანამშრომლობის პირობებში, აღნიშნულ პანსიონებში ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სტანდარტების შესრულების მიზნით, სახელმწიფომ უნდა მომართოს ყველა საჭირო რესურსი - შექმნას შესაბამისი მექანიზმი ამ სტანდარტების შემდგომი შესრულების ზედამხედველობის განსახორციელებლად, უზრუნველყოს მომსახურების პროცესში ჩართულ პირთა სწავლება და მათი შესაძლებლობების გაძლიერება, ბავშვის კეთილდღეობასა და ჰარმონიულ განვითარებაზე ზრუნვის პროცესში, აწარმოოს დიალოგი ყველა დაინტერესებულ მხარესთან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვის უფლებათა კონვენციის პრინციპების ეფექტური დანერგვის მიზნით, გააძლიეროს საერთაშორისო თანამშრომლობა”, - აღნიშნულია სახალხო დამცველის მიერ გამოქვეყნებულ 2015 წლის ანგარიშში.