20-21 ოქტომბერს თსუ-ის თვითმმართველობის წევრებმა უნივერსიტეტის პირველი კორპუსის ეზოში აქციებით უნივერსიტეტში არსებული პრობლემები გააპროტესტეს. 21 ოქტომბერს თვითმმართველობის ოცდახუთმა წევრმა შიმშილობა რექტორის, ვლადიმერ პაპავას გადადგომის მოთხოვნით დაიწყო. 22 ოქტომბერს მოშიმშილე სტუდენტებს განათლების მინისტრი თამარ სანიკიძე, მისი მოადგილე და რექტორი შეხვდნენ. შეხვედრაზე სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ, რომელშიც თვითმმართველობის 5 წევრი და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები შევლენ. სამუშაო ჯგუფი სამინისტროსთან ერთად არსებული პრობლემების მოგვარებისთვის იმუშავებს.
აქციების დაწყების მიზეზებსა და სამუშაო ჯგუფის მუშაობის შესახებ "ლიბერალი" თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტს შალვა საბაურს ესაუბრა.
თქვენ თქვით, რომ აქციებამდე არაერთი შეხვედრა გქონდათ რექტორთან, თუმცა მას პრობლემების მოგვარებისთვის ქმედითი ნაბიჯები არ გადაუდგამს და ამიტომ გადაწყვიტეთ აქციების გამართვა. რა ინტენსივობით/ფორმატით მიმდინარეობდა თქვენი შეხვედრები რექტორთან?
რექტორთან შეხვედრების ინიციატორი უმეტესად ჩვენ ვიყავით. რექტორს არასდროს უთქვამს უარი ჩვენთან კომუნიკაციაზე. ეს იყო მინიმუმ ყოველთვიური შეხვედრა მის კაბინეტში, რომელსაც მე და სტუდენტური თვითმმართველობის ვიცეპრეზიდენტი ვესწრებოდით. ჩვენ მას კონკრეტულ პრობლემებზე ვაწვდიდით ინფორმაციას. გარდა ამ შეხვედრებისა, გვქონდა ფართო შეხვედრები, როცა თვითმმართველობის წევრები ხვდებოდნენ რექტორს. მაგალითად, სააქტო დარბაზში გასულ წელს გვქონდა ასეთი შეხვედრა, რომლის ვიდეოჩანაწერიც არსებობს.
რა კონკრეტული პრობლემების შესახებ ესაუბრებოდით რექტორს?
რექტორთან შეხვედრისას ძირითადად სამი მიმართულების პრობლემებზე ვსაუბრობდით - ეს იყო აკადემიური, ინფრასტრუქტურული და ადმინისტრაციული პრობლემები. მაგალითად, სტუდენტებისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ კონკრეტული ლექტორები სტუდენტებს მისი წიგნის ყიდვას აძალებენ, ანუ სტუდენტს არ შეუძლია წიგნი ქსეროასლის საშუალებით წაიკითხოს. ამ საკითხზე ვესაუბრეთ რექტორს, გავაცანით საქმის დეტალები. გარდა ამისა, შეხვედრებისას დავსვით ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესების საკითხი. ჩვენ გადავხედეთ სტატისტიკურ მონაცემებს, თუ რა შედეგებით ჩააბარეს ბაკალავრიატის კურსდამთავრებულებმა მაგისტრატურისთვის განკუთვნილი ინგლისური ენის B2 დონის გამოცდა. აღმოჩნდა, რომ შედეგი არის კატასტროფული. 50%-მდე სტუდენტი ინგლისური ენის გამოცდაში ჩაიჭრა, ვერ დააგროვა გამსვლელი 51 ქულა. ამის მიზეზი უნივერსიტეტში უცხო ენის უხარისხო სწავლებაა.
ენის არცოდნა სტუდენტებს ინგლისურენოვანი ლიტერატურის გაცნობაშიც უშლის ხელს. სტუდენტი ან ინგლისურს უნდა ფლობდეს კარგად, რომ შეძლოს სასწავლო მასალების ინგლისურ ენაზე კითხვა, ან ეს წიგნები უნდა ითარგმნოს. აღნიშნული საკითხიც დავსვით რექტორთან შეხვედრაზე. მან გვითხრა, რომ 10-მდე წიგნია თარგმნილი. ეს მიზერული ციფრია. რექტორს ვესაუბრებოდით ინფრასტრუქტურულ პრობლემებზეც. ეს პრობლემა ეხება ყველა კორპუსს, გარდა პირველი კორპუსისა. არის აუდიტორიები, სადაც სტუდენტები არ ეტევიან. სავალალო მდგომარეობაა სველ წერტილებთან დაკავშირებითაც. ზოგიერთ აუდიტორიაში წყალი ჩამოდის, მაგალითად, მეორე კორპუსის ცეკვის დარბაზში.
რექტორთან რამდენჯერმე მოგვიწია შეხვედრა მისი აპარატის თანამშრომლის, მისივე მრჩევლის, გიორგი ბენაშვილის შესახებ სასაუბროდ. ის ესწრებოდა სენატისა და თვითმმართველობის არჩევნებს და გარკვეულ მხარეს ლობირებდა. ადმინისტრაციის თანამშრომელს ეკრძალება ნებისმიერი ფორმით ლობირება და არჩევნების დროს ვინმეს მხარდაჭერა. მით უმეტეს - საარჩევნო უბანზე ყოფნა სამუშაო საათების განმავლობაში. ამის შესახებ ვაცნობეთ რექტორს, დეტალურად გავაცანით საქმის არსი, თუმცა ამაზე რეაგირება არ მომხდარა. პრობლემას წარმოადგენდა ისიც, რომ ჩვენ არ ვიცით, რა კრიტერიუმებით შეირჩა ეს ადამიანი. ამით კანონი არ დარღვეულა, თუმცა აღსანიშნავია, რომ მისი ფუნქცია სტუდენტებთან ურთიერთობაა. იგივე მიზანი აქვს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობასაც. შესაბამისად, ჩვენთვის გაუგებარია, რატომ უნდა დაიხარჯოს დამატებითი ფინანსური რესურსი იმ სერვისში (სტუდენტებთან ურთიერთობა), რასაც ჩვენ უფასოდ ვთავაზობთ რექტორს.
რა იყო რექტორის პასუხი აღნიშნულ პრობლემებთან დაკავშირებით?
რექტორი პრობლემების არსებობას აღიარებს და ამბობს, რომ მთელი რიგი საკითხებია მოსაგვარებელი. მაგრამ ქმედით ნაბიჯები ვერ დავინახეთ. გადის თვეები, პრობლემები კი მოუგვარებელი რჩება. ეს უმოქმედობა გახდა ჩვენი აქციების მიზეზი.
აქციების დროს იყავით კატეგორიული და შიმშილობის შეწყვეტას მანამ არ აპირებდით, სანამ რექტორი არ გადაგებოდა. 22 ოქტომბერს შეხვდით მინისტრს და შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. რა ფაქტორების გამო წახვედით დათმობაზე?
ეს არ იყო მხოლოდ რექტორის წინააღმდეგ გამოხატული პროტესტი. ადმინისტრაციული, აკადემიური თუ ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარებაზე ზრუნვა ცალსახად რექტორის კომპეტენცია არ არის.
ჩვენი მიზანი ლადო პაპავას წასვლა არ ყოფილა. პროტესტის ამ ფორმას (შიმშილობას)იმიტომ მივმართეთ, რომ ყურადღება მიგვექცია. სწორედ ამიტომ მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ - დაკომპლექტდა სამუშაო ჯგუფი სტუდენტების, უნივერსიტეტისა და სამინისტროს წარმომადგენლებით. ჩვენ რომ მხოლოდ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მოგვეწყო აქცია, მას ყურადღებას არავინ მიაქცევდა, ისევე როგორც აქამდე მსგავსი მოთხოვნებით ჩატარებულ აქციებს. საბოლოოდ მივიღეთ ის, რომ ისევ დავაბრუნეთ სიტუაცია კონსტრუქციულ რეჟიმში და ისევ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს. სახელმწიფოს ჩართვამ გაგვიჩინა ნდობა, რომ ადმინისტრაცია დანაპირებს შეასრულებს. გარდა ამისა, სახელმწიფომ აიღო ვალდებულება, რომ გარკვეული პრობლემების მოსაგვარებლად, რომლისთვისაც უნივერსიტეტს არ გააჩნია საკმარისი ფინანსები, შეძლებისდაგვარად დაეხმარება.
22 ოქტომბერს სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა . რა კონკრეტული საკითხები განიხილება სამუშაო ჯგუფის ფორმატში?
საბოლოოდ შეხვედრისას ჩამოყალიბდა 12 პუნქტი, რომელიც აისახება ბრძანებაში და ეტაპობრივად დაიგეგმება ამ საკითხების მოგვარება. ჯგუფი იმუშავებს სასწავლო ლიტერატურის თარგმნასა და უნივერსიტეტში ინგლისური ენის შესწავლის ხარისხის გაუმჯობესებაზე. ყურადღება დაეთმობა ადმინისტრაციაში არსებულ საკადრო პოლიტიკას, იქნება ბიუჯეტის მონიტორინგი, განიხილება უნივერსიტეტში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარების გზები. სამუშაო ჯგუფის მუშაობისას თვითმმართველობის წარმომადგენლებს დაეკისრებათ მონიტორინგის ფუნქცია. სტუდენტები აქტიურად ჩავერთვებით პროცესში. შევთანხმდით თუ არა ჯგუფის ჩამოყალიბებაზე, მეორე დღესვე სამინისტროში გაიმართა შეხვედრა და მოხდა პრობლემების იდენტიფიცირება. მეორე შეხვედრაზე უცხო ენის სწავლების ხარისხის პრობლემაზე ვიმსჯელეთ. უნივერსიტეტის ადმინისტრაციას პროექტის წარმოსადგენად მიეცა 10-დღიანი ვადა. საუბარი შეეხო ენის შემსწავლელ ცენტრებთან თანამშრომლობის შესახებ, რომლის მიხედვითაც სტუდენტები 24 სასწავლო კრედიტის ფარგლებში ენას ისწავლიან და ენის სერტიფიკატის გამოცდაზე უფასოდ გავლენ.
სტუდენტებმა უნივერსიტეტიდან საჯარო ინფორმაცია გამოითხოვეს, რომელშიც ასახულია თვითმმართველობის ხარჯები. დოკუმენტის მიხედვით, 2015 წლის 1 ივლისის მდგომარეობით სამეცნიერო კონფერენციებსა და სემინარებზე 3 195 ლარი დაიხარჯა, ექსკურსიებსა და წვეულებების ხარჯმა კი 30 625 ლარი შეადგინა. სტუდენტების ნაწილს მიაჩნია, რომ თვითმმართველობა გასართობ ღონისძიებებზე ბევრს ხარჯავს.
არ არსებობს დისბალანსი კულტურულ, სპორტულ და საგანმანათლებლო მიმართულებებს შორის. თუმცა გამოცდილების საფუძველზე, შეგვიძლია გითხრათ, რომ კულტურის მიმართულება სტუდენტებს ყველაზე მეტად მოსწონთ. მაგალითისთვის კონსერვატორიის სტუდენტებმა გამართეს კონცერტი, წარმოადგინეს საკუთარი ნამუშევრები. 750-კაციან დარბაზში კონცერტს მხოლოდ 50 ადამიანი დაესწრო. სხვა კულტურულ ღონისძიებებს 1500 სტუდენტი ესწრება ხოლმე, რომელიც შესაძლოა არ მოსწონს იმ 50-ს რომელიც, ე.წ. გემოვნებიან მუსიკას უსმენს. რასაც უმრავლესობა წყვეტს, ის არის ჩვენთვის პრიორიტეტი. თუმცა ვითვალისწინებთ თითოეული სტუდენტის აზრს.
პრობლემა არის ის, რომ ახალი მოწვევის თვითმმართველობა ძველი მოწვევის თვითმმართველობის პრობლემებს და მათდამი ნეგატიურ განწყობებს იმკის. სტუდენტების გარკვეულ ჯგუფში თვითმმართველობის მიმართ არსებობს უნდობლობის ფაქტორი.
აღნიშნულ ხარჯთაღრიცხვაში ასახული იყო სტუდენტური თვითმმართველობის წევრებისთვის ბაკურიანში გამართული ტრენინგი, რომელიც 19 000 ლარი დაჯდა. რა მიზნით ჩატარდა ეს ტრენინგი?
18 000 ლარი სასტუმროს დანახარჯები იყო, 1 000 ლარი - ტრანსპორტის დანახარჯი. ტრენინგის შესახებ ხელშეკრულება 2014 წლის 25 თებერვალსაა გაფორმებული, ანუ ჩვენი წინა მოწვევის თვითმმართველობის მიერ. ტრენინგი 120 ადამიანისთვის ჩატარდა. ის 6 დღე გაგრძელდა. ის პროექტების მენეჯმენტში ჩატარდა. თუკი აღნიშნულ თანხას სტუდენტების რაოდენობაზე გადავანაწილებთ, ექვსი დღისთვის ეს თანხა რეალურ საბაზრო ფასზე ბევრად ნაკლებია.
ეს სტუდენტები დღედაღამ უნივერსიტეტში საქმიანობენ, რაშიც მატერიალურ სარგებელს არ ნახულობენ. იმ დატვირთვით, რა დატვირთვითაც ეს ადამიანები წლის განმავლობაში მუშაობენ, ადმინისტრაციაც კი არ მუშაობს. ისინი ამ სერვისს უსასყიდლოდ სთავაზობენ ადმინისტრაციას. მათ რომ ტრენინგში მიიღეს მონაწილეობა, ეს მათი სტიმულირებისა და წახალისებისთვის გაკეთდა. ჩემი აზრით, მსგავსი ტრენინგები უნდა ტარდებოდეს. ამას ადმინისტრაციაც იზიარებდა, თორემ ჩვენ შეიძლება გამოვითხოვოთ დაფინანსება, მაგრამ მიზნობრიობას სწორედ ადმინისტრაცია განსაზღვრავს.