თუ ჰოლივუდის „პლასტმასის კინემატოგრაფი“ თავისი საგანგებოდ „დამზადებული“ სტანდარტული გმირებით ან 3D ფორმატით იმდენად მოგბეზრდათ, რომ მზად ხართ დროებით მაინც გაიზიაროთ დოკუმენტური კინემატოგრაფის პროზაული თუ პოეტური ვნებანი, მაშინ ახლახან დასრულებული და კავკასიაში ერთადერთი საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალი კარგი მიზეზია ესთეტიკური ორიენტირების თუნდაც დროებით შესაცვლელად.
კარგია, რომ CinéDOC-Tbilisi უკვე ტრადიციად იქცა და წელს მესამედ გაიმართა. 22-დან 25 ოქტომბრამდე კინოთეატრ „რუსთაველსა“ და „ამირანში“ მაყურებელმა სრულიად უცნობი, განსხვავებული და საინტერესო დოკუმენტური ფილმი ნახა. ცხადია, საკუთარი ინტერესებისა და გემოვნების გათვალისწინებით. ფესტივალზე წარმოდგენილი რამდენიმე სექცია ამის შესაძლებლობას ნამდვილად იძლეოდა.
ჟიურის გადაწვეტილებით (თავმჯდომარე დებორა ციმერმანი - პროდიუსერი, პედაგოგი და დისტრიუბიუტორი) საერთაშორისო საკონკურსო პროგრამის გამარჯვებული სლოვაკი რეჟისორი, მირო რემო გახდა. მისი საკმაოდ პირქუში, მკაცრი და ზუსტი სოციალური გზავნილით გამორჩეული ფილმი „დაბრუნება“ ახალგაზრდა მსჯავდებულების - ზლატკოსა და მირკოს შესახებ მოგვითხრობს. მათ ცხოვრებაში განუწყვეტლივ იკვეთება წარსული და აწმყო, დანაშაული და სასჯელი, შეუზღუდავი თავისუფლება და კანონის სიმკაცრე.
„დაბრუნება"
ციხეში გატარებული წლების შემდეგ ისინი თავისუფალნი, მაგრამ სრულიად დაბნეულნი და დეზორიენტირებულნი არიან. მათ აღარ ჰყავთ მეგობრები, არა აქვთ სამუშაო და ფული. მტრულად განწყობილი გარემო კი დახმარების ნაცვლად მხოლოდ ახალ ბარიერებს უქმნით. სლოვაკი რეჟისორის ფილმი პატიმრების ცხოვრების შესახებ ბევრ საგულისხმო დეტალს შეიცავს და, ამავე დროს, საზოგადოებასთან მათი რეინტეგრაციის სირთულესაც ასახავს.
მაყურებლის სიმპათია დაიმსახურა და საერთაშორისო კონკურსის სპეციალური პრიზი ერგო ბელგიურ შავ-თეთრ ფილმს „სიცოცხლე შებინდებისას“ (რეჟისორი, სცენარის ავტორი და ოპერატორი სილვაინ ბიგელეიზენი). 95 წლის საწოლს მიჯაჭვული ქალბატონი ექიმების პესიმისტურ დიაგნოზს არ ნებდება და აქტიურ ცხოვრებას განაგრძობს - უსმენს მუსიკას, შვილს სასაცილო ისტორიებს უყვება, ბევრს ეწევა, ხუმრობს და საოცარ ოპტიმიზმს ამკვიდრებს. როგორც თავად ამბობს, „სიცოცხლის შენებას აფუძნებს და არა წარსულზე, არამედ მომავალზე“. ამიტომაც თითქოს ხელგაშლილი ელოდება სიკვდილს... შვილი ყველაფერს ფირზე აღბეჭდავს და ფინალში დედას ეუბნება, რომ მასთან გატარებული ყოველი წუთი ბედნიერების მომტანია.
"სიცოცხლე შებინდებისას"
ფესტივალზე წარმოდგენილ ფილმებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ადამიანის უფლებების თემა იყო. მაგალითად, პოლონელი რეჟისორის, კაროლინა ბიელავსკას ფილმი „მე მქვია მარინა“, 40 წელს გადაცილებულ მარიანაზე მოგვითხრობს, რომელიც მშობლებს სასამართლოში სქესის შეცვლის უფლების მოსაპოვებლად უჩივის. მაგრამ აღმოაჩენს, რომ სქესის შეცვლა და, შესაბამისად, საკუთარი თავისუფალი არჩევანი ძალიან ძვირად უჯდება. ამდენად, მარიანას საკუთარ იდენტობასა და მისთვის ყველაზე ძვირფას ადამიანებს შორის არჩევნის გაკეთება უწევს.
შვედი რეჟისორის, იოანა სეინტ მაიქლსის ფილმის ( „პენტგაუზი“) მთავარი გმირი ასევე არჩევნის წინაშეა. ოდესღაც პოპულარული, უკვე ასაკოვანი მოდელი და მსახიობი - აგნეტა ეკემერი, ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის მახლობლად, მდიდრულ პენტჰაუზში ცხოვრობს, თუმცა მისი შემოსავალი სულ უფრო მცირდება და იძულებულია სახლი გაყიდოს. ის თითქოს საკუთარი სახლის მძევალია და აღარაფერს წარმოადგენს პენტჰაუზის გარეშე. რეჟისორი გვიჩვენებს, რომ „ამერიკული ოცნების“ საპირისპიროდ აგნეტას პირადი თავისუფლება სწორედ ქონებას, საკუთრებას ეწირება.
სექციაში Focus Caucasus გაიმარჯვა ქართულ-ლატვიურმა ფილმმა “ორმაგად უცხონი“ (რეჟისორი უგის ოლტე, ოპერატორი ვალდის ცელმინისი, ფოტოგრაფი დარო სულაკაური). ვიზუალურად დახვეწილი ფილმი ლატვიელი რეჟისორისა და ქართველი ფოტოგრაფის ერთგვარ არტმოგზაურობად იქცევა საქართველოს ერთ-ერთ გამორჩეულ კუთხეში, ჯავახეთში. ფილმში ერთმანეთს უცნაურად ერწყმის სამხრეთი და ჩრდილოეთი, წარმოსახვა და რეალობა, ნაცნობი და უცნობი განცდები და დოკუმენტური კინემატოგრაფის პოეტურ მხარეს, მის შრეებს გვაცნობს.
"ორმაგად უცხონი"
ამავე სექციაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფილმია მხატვრის, არტისტისა და რეჟისორის, სოფო ტაბატაძის „პირიმზე“ (ოპერატორები - ლილი კუშელი და ტატო კოტეტიშვილი). ერთ დროს ცნობილი საყოფაცხოვრებო კომბინატის, „პირიმზის“ შენობის ისტორიას რეჟისორი ხან საბჭოთა კოოპერაციის, ხან სააქციო საზოგადოების, ხანაც ველური პრივატიზაციის კონტექსტში განიხილავს. ტყუილ-მართალი მეპატრონეებსა და დაქირავებულებს შორის ისეა გადაჯაჭვული, რომ ძნელია გაიგო, სად იწყება საკუთრების უფლება და სად მთავრდება ადამიანის უფლებები.
ეს არის თამამი, ცხადი და სოციალურ-ირონიული მზერა ისტორიასა და თანამედროვეობაზე; ცოტათი დამცინავი და ამავე დროს, თანაგრძნობით სავსე იგავი დასავლურ ფსევდო-პლაზად გაკეთებულ საბჭოთა დროის შენობაზე. როგორც ფილმშია ნათქვამი, მას „პლასტიკური ოპერაცია გაუკეთეს, გაალამაზეს და დღეს უკვე „შიკარნად“ მოიხსენებენ“. ირონია გამძაფრებულია იმითაც, რომ „პირიმზე“ საკუთარ თავსა და საკუთარ ისტორიაზე პირველ პირში მოგვითხრობს...
"პირიმზე"
სექციაში „სპეციალური ჩვენება“ მაყურებელს ორი მოკლემეტრაჟიანი ქართული ფილმის ნახვის შესაძლებლობა ჰქონდა: რეჟისორ გიორგი ცხვედიანის „ნიკოს გზა“ და ოპერატორისა და რეჟისორის, ტატო კოტეტიშვილის „ოგასავარა“. ორივე ფილმში მოქმედება ჯავახეთში ხდება. „ნიკოს გზა“ მკაცრი დოკუმენტური თხრობით გამოირჩევა. ნიკო საგიაშვილი სოფელ აგანას სომხურენოვან სკოლაში, ქართულ ენას ასწავლის. ის მოსწავლეებსაც უყვართ და სოფლის მოსახლეობასაც. თუმცა ის საკმაოდ რთული არჩევნის წინაშე დგება - დარჩეს სკოლაში თუ მშობლიურ სახლსა და ფეხმძიმე მეუღლეს დაუბრუნდეს.
სამაგიეროდ, დახვეწილი გამომსახველობით, პოეტურობით და მსუბუქი ირონიით გამოირჩევა „ოგასავარა“, რომელშიც გორელოვკაში მცხოვრები ორი ახალგაზრდის, მურატისა და მაშას სიყვარულს ლამის ანეკდოტური ამბების ფონზე ვეცნობით. კოტეტიშვილის ფილმი ერთდროულად გვახსენებს 60-იანი წლების ქართულ მოკლემეტრაჟიან ფილმებსაც და სერგო ფარაჯანოვის პოეტურ კინემატოგრაფსაც.
იმედია, დოკუმენტური კინემატოგრაფის მოყვარულებს წლევანდელი ფესტივალი რამდენიმე გამორჩეული ფილმით დაამახსოვრდებათ, ხოლო მომავალ წელს CinéDOC-Tbilisi უკეთესად ორგანიზებული და უფრო დახვეწილი ფილმებით წარუდგება... სამგანზომილებიან კინემატოგრაფში რომ მთლად არ ჩავიკარგოთ.