"განწირულთა ცურვა ევროპისკენ"
ბილეთი საკმაოდ ძვირი ღირდა, რის გამოც თითოეული ოჯახიდან გემზე მხოლოდ ერთი ადამიანი მოხვდა. 14-დღიანი მოგზაურობის შემდეგ „სენტ ლუისი“ ჰავანის სანაპიროს მიადგა, თუმცა კუბის მთავრობამ, რომელმაც რამდენიმე დღით ადრე, ქვეყანაში შექმნილი ფინანსური კრიზისის გამო, საიმიგრაციო პოლიტიკა გაამკაცრა, მგზავრებს ხმელეთზე გადასვლა აუკრძალა. ებრაელი ლტოლვილების ლოდინი 4 დღე გაგრძელდა, რის შემდეგაც გერმანელ კაპიტანს, გუსტავ შრედერს, კუბის ტერიტორიული წყლების დატოვება მოსთხოვეს. ამის შემდეგ გემმა ფლორიდის სანაპიროსკენ გაცურა, თუმცა ხომალდს გეზის შეცვლა სანაპირო დაცვის სამსახურმა გამაფრთხილებელი გასროლით აიძულა. 900-ზე მეტი ლტოლვილი ებრაელი იძულებული გახდა, უკან, ევროპაში დაბრუნებულიყო. მათგან 600 ჰოლოკოსტის დროს დაიღუპა.
ამ მოვლენებიდან 76 წლის შემდეგ მსოფლიო კვლავ საბედისწერო არჩევანის წინაშე დგას. ამჯერად ფეშენებელური საკრუიზო ლაინერი „სენტ ლუისი“ მცირე ზომის ნავებმა და ხელნაკეთმა ტივებმა ჩაანაცვლა, რომლებითაც ომით დაღლილი ათასობით ლტოლვილი ხან იტალიური სიცილიის და ხანაც ბერძნული ლესბოსის სანაპიროზე ჩასვლას ცდილობს. გაეროს ცნობით, გლობალური მასშტაბით იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ უკვე მიაღწია თითქმის 60 მილიონს, რაც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. განსაკუთრებით რთული ვითარებაა სირიაში, სადაც 4-წლიანი კონფლიქტის შედეგად სახლის მიტოვება 11 მილიონზე მეტ ადამიანს მოუხდა. მათგან 4 მილიონზე მეტმა უკვე დატოვა სამშობლო. ევროპის ცენტრში აღმართული მავთულხლართები, საზღვრების სიახლოვეს სახელდახელოდ მოწყობილი ლტოლვილთა ბანაკები, იძულებით გადაადგილებულ პირთა რიგები მატარებლებთან - ყველაფერი ეს წარსულის მძაფრ მოგონებებს აღძრავს.
„გაქცევა ევროპაში“
2015 წლის დასაწყისიდან დღემდე ევროკავშირში უკვე ჩავიდა ნახევარი მილიონი ლტოლვილი. მათი უმრავლესობა ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილო აფრიკის კონფლიქტებით მოცული ქვეყნებიდანაა. გემებით, მატარებლებით, სატვირთო მანქანებით - ყველა მათგანი ცდილობს, ევროკავშირის იმ ქვეყნებში ჩავიდეს, სადაც თავშესაფარს უფრო იოლად მიიღებს. ასეთი კი მათთვის პირველ რიგში გერმანია და სკანდინავიის ქვეყნებია. სულ რაღაც ერთი თვის წინ ბერლინში ამბობდნენ, რომ წლის ბოლომდე 800 ათასს ლტოლვილს ელოდებოდნენ, დღეს ეს რიცხვი 1,5 მილიონამდეა გაზრდილი. მთავრობაში შიშობენ, რომ თუ ეს პროგნოზი გამართლდება, იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბინავება და დახმარებით უზრუნველყოფა დაგეგმილზე გაცილებით მეტ თანხას მოითხოვს. ევროკავშირში ლტოლვილების ნაკადის შემცირებაზე მსჯელობა უკვე აქტიურად მიმდინარეობს. ერთ-ერთ ვარიანტად თურქეთის დახმარება განიხილება. კერძოდ, საუბარია საბერძნეთის საზღვართან ახლოს თავშესაფრის მაძიებელთა მიმღები ცენტრების გახსნაზე, თუმცა თურქეთი, რომელმაც სირიაში დაპირისპირების დაწყებიდან დღემდე 2 მილიონი ლტოლვილი უკვე მიიღო, სანაცვლოდ ბრიუსელისაგან ქურთებთან დაკავშირებულ საკითხზე კომპრომისებს მოითხოვს.
ლტოლვილების რეგისტრაციის დასაჩქარებლად განიხილება ევროკავშირის შიგნით ე.წ. სატრანზიტო ზონების შექმნაც. გეგმის თანახმად, თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადებს გერმანიისა და ავსტრიის საზღვარზე გახსნილ პუნქტებში განიხილავენ. თუმცა, შენგენის ხელშეკრულების მიხედვით, ასეთი ზომების მიღება მხოლოდ დროებით არის შესაძლებელი. ბერლინის მხრიდან კიდევ ერთი „გამაფრთხილებელი გასროლა“ თავშესაფრის მისაღებად საჭირო კრიტერიუმების გამკაცრება იყო. ახალი რეგულაციები ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ჩასულ პირთა დაჩქარებულ დეპორტაციას ითვალისწინებს. ამავე დროს გაფართოვდა იმ ქვეყნების სია, რომელში ცხოვრებასაც ბერლინში უსაფრთხოდ მიიჩნევენ და, შესაბამისად, ამ სახელმწიფოების მოქალაქეებს გერმანიაში თავშესაფრის მიღების ნაკლები შანსი ექნებათ. მცირდება სოციალური დახმარებაც. თანხის ნაცვლად კი ლტოლვილები აუცილებელ პროდუქტებს და ნივთებს მიიღებენ. გამკაცრებული წესები ნოემბრიდან უნდა შევიდეს ძალაში.
„მერკელის ფაქტორი“
მეორე მსოფლიო ომისა და მისი შემდგომი პერიოდის საშინელება გერმანაში კარგად ახსოვთ. ჰოლოკოსტთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული „პოტსდამის კონფერენციის“ დასრულების შემდეგ განვითარებული მოვლენები იყო. ომში დამარცხების შემდეგ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპიდან, იძულების წესით, 12-დან 14 მილიონამდე გერმანელი გაასახლეს. სხვადასხვა ცნობით, დაიღუპა 600 ათასიდან 2 მილიონამდე ადამიანი. წარსულის გათვალისწინებით, ალბათ, სწორედ ამიტომ გერმანია ერთ-ერთია ევროპის იმ სახელმწიფოებს შორის, რომლებმაც ლტოლვილები დაუბრკოლებლად მიიღეს. 3 ოქტომბერს, გერმანიის გაერთიანების 25-ე წლისთავზე პრეზიდენტმა, იოახიმ გაუკმა, პარალელები სწორედ ლტოლვილების კრიზისთან გაავლო და აღნიშნა, რომ 1990 წლის მსგავსად „გერმანული საზოგადოება კიდევ ერთი გამოწვევის წინაშე დგას, თუმცა, განსხვავებით იმ დროისგან, დღეს ერთად ცხოვრება იმათ მოუწევთ, ვინც ერთად არასდროს ყოფილა“.
ლტოლვილების მიმართ გულისხმიერი იყო გერმანიის კანცლერიც. მაშინ, როდესაც ცენტრალური ევროპის ქვეყნების ნაწილი იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებაზე უარს ამბობდა, ბერლინმა სირიელები ნებაყოფლობით შეიფარა. ამის გამო, გერმანულმა „შპიგელმა“ ჟურნალის გარეკანზე მერკელი დედა ტერეზასაც კი შეადარა. მიუხედავად ამისა, როგორც სექტემბრის ბოლოს AღD-Dეუტსცჰლანდ თრენდ-ის მიერ წარმოებული სოციოლოგიური კვლევები აჩვენებს, გერმანელების დამოკიდებულება თავშესაფრის მაძიებელთა მიმართ შეიცვალა. აღმოჩნდა, რომ გამოკითხულ მოქალაქეთა 51 პროცენტს ლტოლვილების დიდი რაოდენობა აფრთხობს. ამავე გამოკითხვის მიხედვით, კანცლერის რეიტინგიც შემცირდა. მერკელის საქმიანობით გამოკითხულთა 54 პროცენტია კმაყოფილი, რაც გასულ თვესთან შედარებით 9 პუნქტით ნაკლებია.
„დანაწევრებული ევროპა“
ლტოლვილების კრიზისზე გერმანიის პოზიცია, როგორც ჩანს, ვერ გაიგეს ევროკავშირში მისმა პარტნიორებმაც. მერკელის „ღია კარის“ პოლიტიკით ყველაზე მეტად ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები დარჩნენ უკმაყოფილოები. ჩეხეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი და უნგრეთი _ ის სახელმწიფოებია, რომლებმაც ასევე არ დაუჭირეს მხარი ევროკავშირის საიმიგრაციო გეგმას. ინიციატივა 120 ათასი ლტოლვილის განსახლებას ითვალისწინებს. მიუხედავად წინააღმდეგობისა, ბრიუსელში დოკუმენტი სექტემბრის ბოლოს მაინც დაამტკიცეს. სავარაუდოდ, ეს ევროპის ერთიანობის საჩვენებლად გადადგმული ნაბიჯი უფრო იყო, რადგან თავშესაფრის მაძიებელთა მისაღებად სავალდებულო კვოტებზე ლიდერები საბოლოოდ კვლავ ვერ შეთანხმდნენ. ყველაზე კრიტიკული ევროკავშირისა და გერმანიის მიმართ უნგრეთის პრემიერი იყო. მემარცხენე ვიკტორ ორბანმა ბერლინი „მორალურ იმპერიალიზმში“ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ევროპაში არა სირიელი ლტოლვილები, არამედ, ძირითადად, ეკონომიკური პრობლემებით შეწუხებული ბალკანელები ჩადიან. უნგრეთსა და ჩეხეთში შეშფოთება გამოთქვეს იმის გამოც, რომ შესაძლოა, ლტოლვილებთან ერთად რომელიმე ევროპულ ქალაქში რადიკალური ისლამის მიმდევრებიც შეიპარონ.
სხვათა შორის, ასეთივე ფრაზები ისმოდა 1930-იან წლებში. მაშინ ებრაელ მიგრანტებს შორის რადიკალ კომუნისტებს ეძებდნენ. სანამ გერმანიის კანცლერი იძულებით გადაადგილებული პირების ბანაკებს სტუმრობდა და ფოტოებს იღებდა. ბუდაპეშტში ევროკავშირის საზღვრების დაცვაზე ზრუნავდნენ. ასე გაჩნდა უნგრეთისა და სერბეთის საზღვარზე ცნობილი მავთულხლართების კედელი. როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, პრემიერი ორბანი ნაწილობრივ მართალი იყო და ლტოლვილების ნაკადის შემცირების საკითხი დღის წესრიგში უკვე დგას. ხისტ მიდგომას ინარჩუნებენ დიდ ბრიტანეთშიც. „კონსერვატიული პარტიის“ ყრილობაზე გამოსვლისას ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების პირობა დადო. გაერთიანებულ სამეფოში წელს რეკორდული რაოდენობით - 300 ათასი მიგრანტი ჩავიდა. ამასთან, საზოგადოების მხრიდან არაერთი კრიტიკული შენიშვნის შემდეგ ლონდონში დადეს პირობა, რომ ლტოლვილთა ბანაკებში მცხოვრებ 20 ათას სირიელს შეიფარებენ.
„სირიელები ორ ფრონტის ხაზს შორის“
ევროპაში დებატების ფონზე 30 სექტემბერს სირიაში რუსული ავიაცია გამოჩნდა. მოსკოვის საჰაერო ოპერაცია აშშ-ისა და მისი პარტნიორების შეშფოთებას იწვევს. პენტაგონში ამბობენ, რომ რუსული გამანადგურებლები ბომბავენ არა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს, არამედ ვაშინგტონის ფინანსური თუ სამხედრო მხარდაჭერით მოქმედ სირიის ოპოზიციას, რომელიც უკვე მზად იყო, ბაშარ ასადის არმიაზე დამაგვირგვინებელი იერიში მიეტანა. რუსეთის, ირანისა და ერაყის შესაძლო სამხედრო კავშირი სულ უფრო მეტად არ მოსწონთ საუდის არაბეთშიც.
ერ-რიადმა მოუწოდა კრემლს, შეწყვიტოს ავიადარტყმები. ახალი ფრონტის ხაზი სირიაში ლტოლვილების გარშემო ვითარებას, სავარუდოდ, კიდევ უფრო გაამწვევებს. თუ ამბოხებულები ნაწილობრივ მაინც სიმართლეს ამბობენ, მაშინ უახლოეს ხანში სირიის დატოვება იმ მოქალაქეებსაც მოუწევთ, რომლებიც თავის დროზე ოპოზიციის მხარეზე გადავიდნენ და მეამბოხეების კონტროლირებად ტერიტორიებს აფარებდნენ თავს. კერძოდ, საუბარია ქალაქ ალეპოსა და მის მიმდებარე რაიონებზე, სადაც მილიონობით სირიელი იმყოფება.
„პასუხისმგებლობის ტვირთი“
4 წლის განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომის, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს აღზევების, ჯერ აშშ-ისა და მისი პარტნიორების, შემდეგ უკვე რუსეთის დაბობვის შედეგად სირია დღეს რამდენიმე ნაწილად არის გახლეჩილი. ერაყთან სახელმწფო საზღვარი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს. განადგურებულია ინფრასტრუქტურა, გზები. დაღუპულთა რაოდენობა 220 ათასს აჭარბებს და გაერომ მსხვერპლის თვლა შეწყვიტა.
დასავლეთი მომხდარში დამნაშავედ სირიის მოქმედ ლიდერს მიიჩნევს, ხოლო რუსეთი და ირანი მის მხარდაჭერას მაინც განაგრძობენ. მოსკოვის პოზიციის გამო, გაეროს უშიშროების საბჭო რამდენიმე წელია, გადაწყვეტილებას ვერ იღებს.
მილიონობით სირიელი ლტოლვილი უკვე მეოთხე წელია, ზამთარს მეზობელ თურქეთში ან იორდანიაში, ზაათარის ბანაკში, ერაყში ან სულაც ევროპის რომელიმე ქვეყნის საზღვრის სიახლოვეს აღმართულ კედელთან ხვდება.
ამ ფონზე კი ევროპასა და სხვადასხვა ქვეყანაში სირიელი ლტოლვილების მიღებასთან დაკავშირებით მიმდინარე დისკუსია მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე კუბასთან გაჩერებულ გერმანელი ებრაელების გემს ჰგავს, რომელიც პასუხისმგებელი პირების მოლოდინში სულ მალე ჩაიძირება.