ახალგაზრდების ცხოვრების სტილთან და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების პრევენცია, მოზარდებთან კომუნიკაციის მეთოდების დახვეწა, ინფორმირებულობისა და შესაფერის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენს უმთავრეს მიზანს, რომლის გამოც ოცამდე ექიმი დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში მოსამზადებელ კურსს გადის. შემდეგში უკვე გადამზადებული ექიმი-რეპროდუქტოლოგები და ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალები საჯარო სკოლის ექიმებს მოამზადებენ. სასწავლო მოდულის მიხედვით კი საგანმანათლებლო პროგრამა შემუშავდება.
„ახალგაზრდებს არ აქვთ საკმარისი ცოდნა დაავადებების პრევენციის შესახებ. ასევე, მათთვის პრობლემად რჩება რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესაფერის სერვისებზე ხელმისაწვდომობა. სქესობრივი გზით გადამდები შემთხვევების რაოდენობა კი მატულობს და საქართველოში აივ/ინფექციის მზარდი ტენდენცია ფიქსირდება. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, 2013 წლის მონაცემებით, 15 -დან 29 წლის ასაკის ახალგაზრდებში 112 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან, 8% 15-დან 17 წლის ასაკში, 44% კი 18-დან 24 წლის ასაკშია. ნათელია, რომ ახალგაზრდების ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად ბევრი სამუშაოა ჩასატარებელი. სწორედ ეს არის ჩვენი მოტივაცია, ვიმუშაოთ იმისათვის, რომ ჯანდაცვის პროფესიონალებმა მეტი იცოდნენ მოზარდებისა და ახლგაზრდების ჯანმრთელობის პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე. ჰქონდეთ შესაბამისი კომუნიკაციის უნარ-ჩვევები, რომ შეძლონ მოზარდებისთვის „მეგობრული“ სერვისების მიწოდება. რომ ეს სერვისი თავისუფალი იყოს სტიგმისა და დისკრიმინაციისაგან. ცნობილია, რომ ეს ერთ-ერთი ბარიერია, როდესაც სერვისების ხელმისაწვდომობაზე ვსაუბრობთ“, - ამბობს გაეროს მოსახლეობის ფონდის საქართველოს ოფისი ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე.
პროექტი, რომელიც პირველ ეტაპზე ექიმების და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების გადამზადებას გულისხმობს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA), ლოზანის უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სამსახურისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის საპარტნიორო პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს.
ჯანდაცვის და განათლების სფეროს წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ მოზარდები სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ინფორმაციას ძირითადად თანატოლებისა და მეგობრებისგან იღებენ, რადგან არ არსებობს სისტემური განათლების წყარო და შესაბამისი სერვისი, რომელიც მათ არასწორი ინფორმაციისგან დაიცავს.
როგორც ლელა ბაქრაძე ამბობს, მაგალითად, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბოლო მონაცემით, აბორტების 47%-ზე მეტი 15-29 წლის ასაკობრივ ჯგუფზე მოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ ახალგაზრდებს არ აქვთ შესაბამისი ცოდნა არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად. მით უმეტეს, რომ მოზარდობის პერიოდში ორსულობა და მშობიარობა ჯანმრთელობის რისკთანაა დაკავშირებული, როგორც დედისთვის, ისე ჩვილისთვის.
ლოზანის უნივერსიტეტის პროფესორი პიერ ანდრე მიშო მიიჩნევს, რომ იდეალურ შემთხვევაში ჯანდაცვა უნდა იწყებოდეს მშობლებიდან, შემდეგი მნიშვნელოვანი რგოლი კი სკოლა და მედიაა. თუმცა, როგორც პროფესორი ამბობს, რეალობა განსხვავებულია. გარდა იმისა, რომ ახალგაზრდებისთვის რთულია რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მშობლებისთვის კონკრეტული შეკითხვების დასმა, მეორე მხრივ, შეიძლება თავად მშობლები არ იყვნენ ინფორმირებულები, როგორ მიაწოდონ შვილებს სწორად რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები.
„ზოგადად სკოლის სისტემა ძალიან ეფექტური გზაა იმისათვის, რომ ახალგაზრდებში ინფორმირებულობის დონე ამაღლდეს. მათ უნდა იცოდნენ, როგორ აკონტროლონ საკუთარი ჯანმრთელობა. სკოლა კი შესანიშნავი საშუალებაა ამის მისაღწევად, თუმცა ეს უნდა მოხდეს მშობლებთან თანამშრომლობით. ჩვენ გვაქვს მეცნიერულად დასაბუთებული მტკიცებულებები იმისა, რომ ჯანდაცვის სხვადასხვა პრობლემის მოსაგვარებლად პრევენცია მართლაც ეფექტურია. მნიშვნელოვანია, არსებობდეს სკოლის ჯანდაცვის სისტემა. მთავარია, პრევენცია. ამ საკითხებზე მასწავლებლებთან და მშობლებთან მჭიდრო კომუნიკაცია უნდა შედგეს“, - ამბობს პროფესორი პიერ ანდრე მიშო.
ლოზანის უნივერსიტეტის პროფესორის თქმით, ექიმების გადამზადების მთავარი მიზანია, მათ ისწავლონ მოზარდებთან კეთილგანწყობილი ურთიერთობის დამყარება და ემპათიით განეწყონ მათ მიმართ, რათა შეძლონ კვალიფიციური რჩევების მიცემა; ახალგაზრდებმა კი თავისუფლად იგრძნონ თავი ისეთ საკითხებზე საუბრისას, როგორიცაა მათი სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობა.
პრევენციის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას დაავადებათა კონტროლის ცენტრის დედათა და ბავშვთა სამმართველოს ხელმძღვანელი ლელა შენგელიაც. მისი თქმით, მოზარდები სწორედ ის კატეგორიაა, რომელთა ჯანმრთელობის პრევენცია და ამაში ჩადებული ინვესტიციები ყოველთვის უფრო წარმატებული და პროდუქტიული იქნება, ვიდრე შემდეგ მკურნალობაში, როგორც აქამდე ხდებოდა.
„სკოლის ექიმები გარკვეულწილად პირველი რგოლია. მათ უშუალო შეხება აქვთ ბავშვებთან. მათი მიზანი უნდა იყოს არა მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ჩარევა, როცა ბავშვს სამედიცინო დახმარება სჭირდება, არამედ იგივე რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებში მნიშვნელოვანია, მათი, როგორც განმანათლებლების როლი. რეფორმის ფარგლებში წარმატებული ნაბიჯი იყო სკოლის ექიმის ინსტიტუტის აღდგენა. როცა ეს პროცესი დასრულდება ყველა საჯარო სკოლას თავისი სამედიცინო პერსონალი ეყოლება. ამიტომაც მათი როლი უდიდესია, არა მხოლოდ ჯანდაცვის საკითხებთან მიმართებაში, არამედ როგორც პირველი დასაყრდენი და საიმედო რგოლი, რომელიც ვალდებულია მოზარდებს კონფიდენციალობის დაცვით ისე მიაწოდოს ინფორმაცია, რომ არ ავნოს მათ და დაიცვას მათი უპირველესი უფლებები“, - ამბობს ლელა შენგელია.
პროექტი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. საწყის საფეხურზე ტრენერების მომზადების შემდეგ უშუალოდ სკოლის ექიმებთან მუშაობაა დაგეგმილი. მოგვიანებით კი სხვადასხვა ჯგუფების ჩართულობით შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამაც შეიქმნება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, ექიმებთან შეხვედრისას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ლია გიგაურმა აღნიშნა, რომ სკოლის ექიმის ფუნქცია/მოვალეობები არსად არ იყო გაწერილი, ინსტიტუტი რეალურად მოშლილი იყო და მხოლოდ ფორმალურად იყო შენარჩუნებული. როგორც ის ამბობს, დღეს სკოლებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია მხოლოდ თეორიულად ხდება და რეალური ღონისძიებები ჯერ არ დაწყებულა: „ძალიან დიდ იმედს ვამყარებთ ამ პროექტზე. სკოლის ექიმი, გარდა იმისა, რომ ზრუნავს და მონიტორინგს უწევს სკოლაში ბავშვების ჯანმრთელობას, ის ასევე არის განმანათლებელი და კომუნიკატორი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს შორის. ჩვენი როლია სკოლაში შევქმნათ უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო“.
განათლების მინისტრის მოადგილის თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი მუდმივად აკეთებს აქცენტს და მოუწოდებს მშობლებს სავალდებულო აცრები ჩაუტარონ შვილებს, მოამზადონ სკოლისთვის, ასწავლონ ჰიგიენის დაცვა. სწორედ ასეთ საკითხებზე სკოლის ექიმებს სჭირდებათ არა მხოლოდ პროფესიული ცოდნა, არამედ საკომუნიკაციო უნარები, რის განვითარებასაც ისინი ამგვარი პროექტების დახმარებით შეძლებენ.