თუ მოვლენათა მდინარება რაიმე მიზეზით მიმართულებას მკვეთრად არ შეიცვლის (ვინაიდან ყველაფერი შესაძლებელია), ჩვენ მზად უნდა ვიყოთ და ველოდოთ, რომ მომავალ ათასწლეულში ევროპა ნიუ-იორკს ან ლათინური ამერიკის ბევრ ქვეყანას დაემსგავსება. ნიუ-იორკი აშკარად უარყოფს melting pot-ის იდეას. აქ გვერდიგვერდ მრავალი კულტურა თანაარსებობს - პუერტორიკოელთა და ჩინელთა, კორეელთა და პაკისტანელთა. რამდენიმე ჯგუფი ერთმანეთსაც კი შეერწყა (იტალიელები - ირლანდიელებს, ებრაელები - პოლონელებს); სხვები არსებობენ სეპარატისტულად: ცხოვრობენ განცალკევებულ კვარტლებში, საუბრობენ სხვადასხვა ენაზე და ინარჩუნებენ განსხვავებულ ტრადიციებს. თუმცა ყველას აერთიანებს საერთო კანონების მორჩილება და ყველა იყენებს სტანდარტულ სამომხმარებლო ენას - ინგლისურს - რომელიც საკმაოდ ცუდად იციან. მინდა, გაითვალისწინოთ, რომ ნიუ-იორკში, სადაც ე.წ. „თეთრი“ მოსახლეობა ერთ დღეს უმცირესობაში აღმოჩნდება, 42% ებრაელები, 52% კი სულ სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანები ცხოვრობენ, ხოლო, ე.წ. wasps-ები (თეთრი-ანგლოსაქსი-პროტესტანტები) მათ შორის უმცირესობაში არიან (ვინაიდან პოლონელები, იტალიელები, ლათინურამერიკელები, ირლანდიელები და ბევრი სხვა კათოლიკეები არიან).
ადგილმდებარეობის გამო ლათინური ამერიკის სიტუაცია ყველაზე ჭრელია. ადგილ-ადგილ ესპანური კოლონები ინდიელებს შეერივნენ. სადღაც, ვთქვათ, ბრაზილიაში, ჯერ კიდეც აფრიკელებთან, ე.წ. „კრეოლური“ ენები და ნაციები დაიბადა. მაშინაც კი, როცა „სისხლის“ რასისტულ გაგებას იყენებ, ძალიან ძნელია გაარკვიო, სადაური ფესვები აქვს მექსიკელსა თუ პერუელს - ევროპული თუ ადგილობრივი - რომ აღარაფერი ვთქვათ იამაიკელზე.
ასე რომ, ევროპას სწორედ ასეთი მომავალი ელოდება. და ყველა რასისტი, ნოსტალგიის მქონე ყველა რეაქციონერი უძლური იქნება ამის წინაშე.
საუბრის გასაგრძელებლად შევეცდები, ერთმანეთისგან გავმიჯნო „იმიგრაციისა“ და „მიგრაციის“ გაგებები.
იმიგრაცია ეწოდება ერთი ადამიანის (ან ბევრის, რიცხობრივად სტატისტიკურად არარელევანტური) ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასახლებას (მაგალითად, იტალიელები თუ ირლანდიელები იმიგრირდნენ ამერიკაში, ან თურქები ჩვენს დროში - გერმანიაში). პოლიტიკური საშუალებებით შესაძლებელია იმიგრაციის ფენომენის გაკონტროლება. ის შეიძლება შეიზღუდოს, წახალისდეს, დაპროგრამდეს ან მიღებული იქნეს როგორც მოცემულობა. მიგრაციებთან დაკავშირებით ყველაფერი სხვაგვარადაა. მშფოთვარე თუ მშვიდობიანი, ის ყოველთვის სტიქიურ უბედურებას წააგავს: ხდება და მასთან ვერაფერს გააწყობ. ზოგიერთი მიგრაციისას მთელი ხალხი ერთი არეალიდან მეორეში გადასახლდება. ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხია, რამდენი ადამიანი რჩება საწყის ტერიტორიაზე; უფრო მნიშვნელოვანია, რამდენად შეცვალეს მათ კულტურა გადასახლების ადგილას. ცნობილია დიდი მიგრაციები აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით. მაშინ კავკასიელმა ხალხმა მნიშვნელოვნად შეცვალა დასავლური ერების კულტურა და ბიოლოგიური მემკვიდრეობითობა. ცნობილია, ეგრეთ წოდებული, „ბარბაროსთა“ მიგრაციებიც, რომლებმაც წალეკა რომის იმპერია და წარმოშვა ახალი სამეფოები და ახალი კულტურები, „რომანულ-ბარბაროსულად“ თუ „რომანულ-გერმანულად“ წოდებული. ამერიკის კონტინენტზე მოხდა ევროპული მიგრაცია, როგორც აღმოსავლეთ ნაპირებიდან სიღრმეებისა და სიღრმეებისკენ, ვიდრე კალიფორნიამდეც კი, ასევე კარიბის კუნძულებიდან და მექსიკიდან სამხრეთითა და სამხრეთით, ვიდრე ცეცხლოვანი მიწის გასწვრივამდე. თუმცა ნაწილობრივ ეს ჩასახლება იყო პოლიტიკური, მე მას მაინც მიგრაციას ვუწოდებ, რადგან ევროპიდან ჩამოსულმა თეთრებმა კი არ შეითვისეს ადგილობრივთა კულტურა და წეს-ჩვეულებები, არამედ შექმნეს ახალი საზოგადოება, რომელთან ადაპტირება გადარჩენილ ადგილობრივებსაც კი მოუხდათ.
მიგრაციის ტიპების ფენომენოლოგია დღემდე არ შემუშავებულა. თუმცა ნათელია, რომ მიგრაცია და იმიგრაცია ერთმანეთისგან პრინციპულად განსხვავდება. იმ შემთხვევაში, როცა იმიგრანტები (რომლებიც ქვეყანაში პოლიტიკური გადაწყვეტილებით ჩასახლდნენ) მნიშვნელოვანწილად ახალი ქვეყნის წეს-ჩვეულებებს ითვისებენ, ჩვენ საქმე გვაქვს უბრალო იმიგრაციასთან. საქმე ეხება მიგრაციას, როცა მიგრანტები (რომელთა შემოსვლისგანაც საზღვრების დაცვა შეუძლებელია) მნიშვნელოვნად ცვლიან იმ არეალის კულტურას, რომელშიც ისინი ჩასახლდნენ.
როგორ უნდა განვასხვაოთ იმიგრაცია მიგრაციისგან, როცა მთელი პლანეტა უწყვეტი გადაადგილებების სივრცედ იქცა? ვფიქრობ, მათი გამიჯვნა შესაძლებელია. როგორც უკვე ითქვა, იმიგრაცია პოლიტიკურ კონტროლს ექვემდებარება, მიგრაცია კი - არა. მიგრაცია ბუნების მოვლენას ჰგავს. იმიგრაციის შემთხვევაში, იმედს ვიტოვებ, რომ შესაძლებელია გადმოსახლებული ადამიანების გეტოში მოქცევა, ადგილობრივებს რომ არ შეერიონ. მიგრაციის შემთხვევაში კი გეტო წარმოუდგენელია და მეტიზაციაც უმართავი ხდება.
ფენომენი, რომლის იმიგრაციად გასაღებასაც ცდილობს ევროპა, სინამდვილეში არის მიგრაცია. მესამე სამყარო აკაკუნებს ევროპის კარზე, აღებს და შემოდის ამ კარში, მაშინაც კი, როცა ევროპა ამის წინააღმდეგია. პრობლემას იმის გადაწყვეტა კი არ წარმოადგენს (პოლიტიკოსებს უყვართ მოკატუნება, თითქოს ისინი ამას არ წყვეტენ) რამდენი მეჩეთი უნდა აშენდეს რომში ან შეიძლება თუ არა პარიზის სკოლაში პარანჟუთი სიარული; პრობლემა ის გახლავთ, რომ მომდევნო ათასწლეულში (მე არ ვარ წინასწარმეტყველი და ამიტომ ზუსტი თარიღის დასახელებას მოვერიდები) ევროპა იქცევა მრავალრასოვან, გნებავთ, მრავალფეროვან კონტინენტად. მოგვწონს ეს ჩვენ, თუ - არა, ეს ასე მოხდება.
კულტურათა ამ თავმოყრამ (შეტაკებამ) შესაძლოა სისხლიან შედეგებამდე მიგვიყვანოს. მე დარწმუნებული ვარ, რომ გარკვეული დოზით ეს შედეგები იქნება გარდაუვალი, თვალსაჩინო და გაგრძელდება დიდხანს, თუმცა რასისტები (თეორიის მიხედვით) მომაკვდავ რასას უნდა წარმოადგენდეს. რომელიღაც რომაელი პატრიცია ვერ აიტანდა, რომ რომის მოქალაქეები გამხდარიყვნენ გალებიც, სამრატებიც, ებრაელებიც (მაგ. როგორიცაა წმინდა პავლე) და რომ იმპერატორის ტახტზე პრეტენზიის უფლება აფრიკელებსაც კი ჰქონოდათ (ბოლოს და ბოლოს, სად აღარ გაჩნდნენ ისინი). ეს პატრიცია დღეს დავიწყებულია. ისტორიამ მას ფეხები შეაწმინდა. რომაული ცივილიზაცია მეტისთა ცივილიზაციაა. რასისტები იტყვიან, რომ ამიტომაც დაინგრა ის, თუმცა მის დანგრევას ხუთი ასწლეული დასჭირდა. მე ვიტყოდი, რომ მსგავსი პროგნოზი ჩვენც გვაძლევს უფლებას, დავსახოთ სამომავლო გეგმები.
უცხოს ან უცნობი საგნის მიმართ შეუწყნარებლობა ბავშვს იმავე დოზით აქვს, რა დოზითაც მისთვის სასურველი საგნების დაპატრონების ინსტინქტი. ბავშვს ნაბიჯ-ნაბიჯ ასწავლიან მოთმინებას, ისევე, როგორც სხვისი საკუთრების პატივისცემას. ამას ასწავლიან გაცილებით ადრე, ვიდრე ის საკუთარი სფინქტერის კონტროლს ისწავლის. სამწუხაროდ, სხეულის მართვას ბოლოს და ბოლოს ისწავლის ყველა, ტოლერანტობა კი განათლების მუდმივ ხარვეზად რჩება უფროსებთანაც, რადგან ყოველდღიურ ცხოვრებაში ხალხის გამუდმებული ტრავმის მიზეზად სწორედ განსხვავებულობა რჩება. მეცნიერები ხშირად სწავლობენ განსხვავებულობის პრობლემებს, თუმცა ნაკლებად არიან დაკავებულნი ამ ზღვარგადასული შეუწყნარებლობის შესწავლით, ვინაიდან ეს უკანასკნელი არ ექვემდებარება არავითარ განმარტებასა თუ კრიტიკულ მიდგომას.
ამასთანავე განსხვავებულობის შესახებ სწავლება სულაც არ ხდება ზღვარგადასული შეუწყნარებლობის მიზეზი. პირიქით, ეს დოქტრინები თავიანთი არსით ამარცხებს დასაბამიდან არსებულ უფორმო შეუწყნარებლობას. ავიღოთ ჯადოქრებზე ნადირობა. ის არა ბნელი საუკუნეების, არამედ ახალი დროის ნაყოფია. ტრაქტატი Malleus Maleficarum ამერიკის აღმოჩენამდე ცოტათი ადრე დაიწერა - ფლორენციული ჰუმანიზმის თანამედროვეა. ჟან ბოდენის Demomanie des sorciers აღორძინების პერიოდის ადამიანის კალმის ნაყოფია, რომელიც კოპერნიკის შემდგომ ცხოვრობდა. არ ვაპირებ იმის ახსნას, თუ რატომ მოუძებნა თანამედროვე სამყარომ ჯადოქრებზე ნადირობას თეორიული დასაბუთება. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ამ სწავლების განმტკიცებას ჯადოქრების წინააღმდეგ ხალხში წინასწარ შექმნილმა წარმოდგენამ შეუწყო ხელი. ის გვხვდება ძველ კლასიციზმში (ჰორაციუსთან), ლანგობარდის ედიქტსა და თომა აქვინელის Summa teologica-ში. ჯადოქრების არსებობას ითვალისწინებდა ყოველდღიური რეალობა. სწორედ ისევე, როგორც სისხლის სამართლის კოდექსი ითვალისწინებს ჯიბის ქურდების არსებობას. ამ ხალხური წარმოდგენების გარეშე ვერ შეიქმნებოდა ჯადოქრობის მეცნიერული თეორია და არ დამკვიდრდებოდა ჯადოქრობის დევნის პრაქტიკა.
ავიღოთ ამერიკული პოლიტიკური კორექტულობის შემთხვევა. ეს პრინციპი მოწოდებულია ტოლერანტობისა და ნებისმიერი განსხვავებულობის - რელიგიურის, რასობრივისა თუ სექსუალურის - აღიარების დასამკვიდრებლად. ამასთან ერთად ის ხდება ფუნდამენტალიზმის ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც რიტუალის რანგში აჰყავს ყოველდღიური საურთიერთობო ენა და შინაარსზე მეტად უპირატესობას ფორმას ანიჭებს - შესაძლოა ბრმების დისკრიმინაცია, ოღონდ დელიკატურად უნდა ვუწოდოთ მათ „მცირედმხედველნი“; განსაკუთრებით არ შეიძლება იმათი დანდობა, ვინც უარი თქვა პოლიტიკური კორექტულობის კანონების დაცვაზე. მათი დისკრიმინაცია რამდენჯერაც მოისურვებთ, იმდენჯერ შეიძლება.
XIX საუკუნეში იბადება ფსევდომეცნიერული ანტისემიტიზმი, და მხოლოდ ჩვენს საუკუნეში იღებს ის ტოტალიტარული ანთროპოლოგიისა და გენოციდის ინდუსტრიალური პრაქტიკის სახეს. თუმცა ის არ წარმოიშვებოდა, საუკუნეების სიღრმეებიდან, ეკლესიის მამამთავართა უძველესი დროიდან რომ არ დაწყებულიყო ანტიიუდაისტური პოლემიკა და ყველგან, სადაც გეტო არსებობდა, მდაბიო ხალხში არ გამჯდარიყო მოქმედი ანტისემიტიზმი. წინა საუკუნის დასაწყისის ებრაელთა შეთქმულების ანტიიაკობინურმა თეორიებმა მასებში ანტისემიტიზმი კი არ ჩანერგა, არამედ კიდევ უფრო გააძლიერა ზიზღი, რომელიც უკვე არსებობდა განსხვავებულობის მიმართ.
შეუწყნარებლობათაგან ყველაზე სახიფათო ის შეუწყნარებლობაა, რომელიც იბადება როგორც ელემენტარული იმპულსების შედეგი, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი დოქტრინის არარსებობის გამო. ამიტომაც ის ვერ იქცევა კრიტიკის ობიექტად და არც რაციონალური არგუმენტებით შემოიფარგლება. Mein Kampf-ის თეორიული წინამძღვრების უარყოფა ძალიან მარტივი არგუმენტებითაა შესაძლებელი, მაგრამ, თუკი ამ ნაწარმოებში გაცხადებული იდეები უძლებს და კიდევ გაუძლებს ნებისმიერ შეკამათებას, ეს იმიტომ, რომ ის ზღვარგადასულ შეუწყნარებლობაზე დგას, რომლის წინაშეც უძლურია მსგავსი კრიტიკა.
ზღვარგადასული შეუწყნარებლობის საფუძველი ჩაკეტილ წრეთა კატეგორიაში უნდა ვეძებოთ, რომელსაც შემდგომ ყველა რასისტული დოქტრინა ითვისებს. ეს ჩაკეტილი წრე საოცრად შემზარავია, რადგან ის ყოველ წუთს ნებისმიერ ჩვენგანს ხიბლავს. საკმარისია, რომელიღაც ქვეყნის რომელიღაც აეროპორტში აგვწაპნონ ჩემოდანი, შინ დაბრუნებულები მტკიცედ ვიქნებით დაჯერებული იმაში, რომ იქაურ ადამიანებს არაფერში უნდა ვენდოთ.
ვასწავლოთ შემწყნარებლობა ზრდასრულ ადამიანებს, რომლებიც ერთმანეთს ტყვიებს ესვრიან და ამას საფუძვლად მხოლოდ და მხოლოდ ეთნიკური და რელიგიური ხასიათის მიზეზები უდევს - ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ დრო დაკარგო. დრო დაკარგულია. ეს ნიშნავს, რომ ველურ შეუწყნარებლობასთან ბრძოლა მისი ფესვებიდან უნდა დავიწყოთ, ვიზრუნოთ მასზე ყველაზე ფაქიზი ბავშვობიდან, სანამ ჩამოყალიბებულა, გამხდარა ტლანქი, უხეში და შეუღწევადი.
რუსულიდან თარგმნა ნათია ორმოცაძემ