ლუკას სკოლამდე მისასვლელად ყოველდღე გრძელი, თოვლიანი გზის ჯერ ფეხით, შემდეგ კი „მარშრუტკით“ გავლა უწევდა. ლუკას დედამ მაშინ გვითხრა, რომ გუდამაყარში ასევე ცხოვრობდა ბავშვი, რომელიც სოფლის სკოლაში ერთადერთი იყო.
ოქტომბრის ცივ, წვიმიან დღეს გუდამაყრის ისედაც თითქმის დაცარიელებული სოფლები კიდევ უფრო მიტოვებულად გამოიყურება. ფასანაურიდან გასვლისთანავე დანგრეული გზა იწყება. აქა-იქ ფერდობზე რამდენიმე სახლი მოჩანს, მაგრამ ეტყობა, რომ მათ აქ მხოლოდ ზაფხულში აკითხავენ.
სოფელი მაქართა. კლდეებზე შეფენილი რამდენიმე სახლი. კახა წიკლაური აქაურია, ცოტა სიტყვაძუნწი. გვიყვება, რომ სკოლა, სადაც ოთხი წელი მხოლოდ ერთი ბავშვი სწავლობდა, მისი სახლის გვერდითაა.
„2 წელია, ის ბავშვი სოფელ კიტოხში გადავიდა“.
კიტოხი ნახევარი საათის სავალზეა. გზა უფრო და უფრო ფუჭდება. არაგვის ხეობაში, მდინარის გასწვრივ დაჟანგული რკინის კონსტრუქციები ყრია, ნახევრადდამპალ ხის ძელებზე ელექტროსადენები რკალებადაა ჩამოწოლილი. გზებზე ბევრი საფლავია, რამდენიმე მათგანთან დაღუპულის სახელობის წყაროა გაკეთებული.
ლურჯად შეღებილი ჭიშკარი ღიაა. 75 წლის ნინო წიკლაური შვილიშვილთან ერთად ცხოვრობს. წუხელ საქონელი დაჰკარგვია, მთელი დილა ტყეში იყო გასული, ვერ იპოვა და ნერვიულობს.
„წუხელ ძროხა დამეკარგა. მთელი ღამე წვიმდა და არ ვიცი, გზა აერია თუ ნადირი დაეცა. დილიდან ვეძებ, ტყეში ბევრია დათვი და მგელი“. - ნინო წიკლაური. სოფელი კიტოხი.
„ნადირი როგორ არ იცის, დათვი, მგელი. ტყეში რომ ვცხოვრობთ, აბა როგორ?“.
წინათ სოფელში ბავშვთა ინტერნატი იყო. ნინო 10 წელი მზარეულად მუშაობდა. მერე დაიხურა, სკოლაში დამლაგებლად მოეწყო.
ამბობს, რომ სოფელი ახალგაზრდებისგან იცლება. 10 წლის წინ სოფელში 300 ოჯახი ცხოვრობდა, ახლა ზამთარში სულ ოთხი ადამიანი რჩება. გზები ხშირად იკეტება. ზაფხულში მდინარის ადიდების დროს გზებზე მეწყერი წვება. სოფელში არ არის საბავშვო ბაღი: „რად გვინდა საბავშვო ბაღი, ბავშვები აქ არ არიან“.
მისი შვილიშვილი ნინო 20 წლისაა, სხვა სოფელში ცხოვრობს, მაგრამ ბებიას ღამე მარტო დარჩენა უჭირს და ახლა მასთანაა.
ნინომ სკოლა ორი წლის წინ დაამთავრა. დუშეთში სამედიცინო, პროფესიული სასწავლებელი უნდა გახსნილიყო, სადაც ექთნის პროფესიის შესწავლა უნდოდა, მაგრამ სასწავლებელი არ გაიხსნა. თბილისში ჩამოსვლის შემთხვევაში, დაანგარიშებული აქვს, რა თანხა სჭირდება:
„300 ლარი ბინის ქირისთვის, სწავლის, გზის, არსებობის თანხა _ წარმოუდგენელია, ასეთ რეალობაში, იმაზე ფიქრი, რომ უმაღლესში ჩავაბარო, ან რამე პროფესია შევისწავლო“, _ ამბობს ნინო.
მათი სახლის გვერდით ქვემო გუდამაყარში ერთადერთი, სოფელ კიტოხის სკოლაა, სადაც ბავშვები სხვადასხვა სოფლიდან დადიან. დღის 3 საათია. გაკვეთილები უკვე დამთავრდა, ბავშვები არ ჩანან: „სკოლაში შესვლას აზრი არ აქვს, არავინაა”, _ მესმის უკნიდან კაცის ხმა.
გარეთ სიჩუმეა. ძველი, ნახევრადდანგრეული შენობები უფუნქციოდ დგას. ქუჩაში ახალგაზრდები იშვიათად გვხვდებიან. ზამთარში გუდამაყარი თითქმის ცარიელია.
შალვა ქავთარაძე მათემატიკას ასწავლის. ნანობს, რომ რამდენიმე წლის წინ მეგობარს დაუჯერა და ფასანაურიდან აქ გადმოსახლდა. ძველი ინტერნატის შენობაში ცხოვრობს. სკოლაში 13 მოსწავლე ჰყავთ.
„ვხუმრობთ ხოლმე, სკოლაში მოსწავლეებზე მეტნი მასწავლებლები ვართო. რეალურად, აქ მხოლოდ ამავე მასწავლებლების შვილები დადიან. აქედან წასვლა მინდა, მაგრამ ბავშვებს ვერ დავტოვებ“, _ ამბობს შალვა და შვიდგზის ლოცვების წასაკითხად იქვე ეკლესიაში გვეპატიჟება. მეტყველების სწრაფი, ოდნავ ნერვოტული მანერით, გვაგრძნობინებს, რომ, თუ არ შევყვებით, ეწყინება.
ბოლო სოფელი, რომელშიც მანქანით გადაადგილებაა შესაძლებელი _ ჩოხია. აქ, ძირითადად, მესაქონლეობას მისდევენ. ფერდობზე ცხვრები წერტილებად მოჩანს, თითქოს ერთ ადგილზე არიან გაქვავებულები. გზაზე მეცხვარე ძაღლები დაბორიალობენ.
ორშაბათ დღეს აქ დიდი, ჟანგმოდებული ავტობუსი ჩერდება. ელოდებიან მთელი სოფლიდან. მძღოლს ზოგისთვის ფქვილი, ზოგისთვის შაქარი, ზოგისთვის კი წამლები მოაქვს.
ირგვლივ ისეთი სიჩუმეა, გვგონია, რომ აქ წლებია ადამიანს ფეხი არ დაუდგამს. ერთ-ერთი სახლის აივანზე ფერადი, მთიულური ხალიჩაა გადმოკიდებული. 23 წლის მარიამი ჩოხში ერთადერთია, ვისაც მცირეწლოვანი შვილები ჰყავს. 4 წლის ნიკოლოზი და 5 თვის ალექსანდრე რამდენიმე წუთის წინ დააძინა და ხმადაბლა გვესაუბრება. ფასანაურში ცხოვრობდა. გათხოვდა და შვილებთან, ქმართან და დედამთილ-მამამთილთან ერთად ორსართულიან სახლში ცხოვრობს. არავინ მუშაობს, სოციალური დახმარებაც ერთი თვის წინ მოუხსნეს. სარჩენად მხოლოდ საქონელი ჰყავთ.
ნიკოლოზი ორ წელიწადში სკოლაში უნდა შევიდეს, ამიტომ აქედან გადასვლა მოუწევთ. ჩოხში სკოლა არ არის, კიტოხის სკოლაში ვერ ივლიან:
„ზამთარში გზა კიტოხამდეც კი იკეტება, ხანდახან ეზოში გასვლაც შეუძლებელია. ფასანაურში, ჩემს მშობლებთან წავალ, ალბათ“.
ბაჩო სოფელ კიტოხში ცხოვრობს. ადრე ამ სოფლის სკოლაში ერთადერთი მოსწავლე იყო. ჩოხის სკოლაში ერთადერთი მეექვსეკლასელია: „სკოლას რომ მოვრჩები, წავალ, მესაზღვრე უნდა გამოვიდე“.
გუდამაყარში არც საავადმყოფოა. ექიმი თბილისიდან კვირაში ერთხელ ამოდის:
„ნიკოლოზზე ორსულად რომ ვიყავი, ჩამოთოვა. ექიმთან კონსულტაციაზე ვერ მივდიოდი. ორივე ბავშვი დუშეთის რაიონში გავაჩინე, იქაც ცუდი პირობები იყო, მახსოვს, მე თვითონ ვალაგებდი, რომ ბავშვი სუფთად ყოფილიყო. ახლაც სულ მეშინია, ექიმი არ დაგვჭირდეს”, _ გვიყვება მარიამი.
სოფლებში ტრანსპორტი კვირაში ორჯერ დადის. კვირას _ ფასანაურიდან, ორშაბათს _ თბილისიდან. სოფლის გაჩერებაზე მოხუცებული ქალი გვხვდება, ძველ ჯიხურთან ქვის სკამი გდია, აქ ელოდება ხოლმე ავტობუსს, რომელსაც წამლები ჩამოაქვს.
ჩოხის მერე გზას ვეღარ ვაგრძელებთ. მავიწყდება, რომ გუდამაყარში ბავშვის მოსაძებნად წამოვედი, რომელიც სკოლაში მარტოა.
დაცარიელებული გარემოს ნახვის მერე, აღარ მაკვირვებს ბავშვის ამბავი. უკანა გზა კიდევ უფრო რთული გასავლელი ჩანს. მოსავალი ბევრია, ირგვლივ ხეები ნაყოფითა დახუნძლული, კაკალი, ვაშლი, მსხალი, ქლიავი, კომში და ასკილი...
ბაჩო გზაში შემთხვევით გვხვდება, მეგობართან და თეთრ ძაღლთან ერთად. ბიჭები თხილს აკნატუნებენ.
ახლა მეექვსე კლასშია, ოთხი წელიწადი მაქართის სკოლაში მარტო დადიოდა. მეხუთე კლასში კიტოხში გადავიდა, დილით მეორე სოფლამდე სკოლის მანქანას დაჰყავს. დედაც ამავე სოფელში, მოხუცებულს უვლის. სკოლის გარდა კიტოხში ბიჭები ფეხბურთის სათამაშოდაც დადიან ხოლმე.
კლასში ახლაც ერთადერთია.
„სკოლას რომ დავამთავრებ, ალბათ, წავალ. მესაზღვრე უნდა გამოვიდე, რამდენიმეს ვიცნობ და კარგი პროფესიაა“, _ გვეუბნება და სწრაფი ნაბიჯით მიდის, ბეზრდება ჩვენთან ლაპარაკი.
მესაზღვრესავით დგას ქართველი გამომგონებლის, ვლადიმერ ბექაურის ძეგლიც გუდამაყრის გამოსასვლელში. აქაური ყოფილა. ხელები ზურგზე უწყვია, წელში გამართული ზემოდან იყურება, მოლურჯო ფერის ქვაზე ტალახის ნაკვალევი ატყვია.
გზაზე ყვითელი ავტობუსი მოხრიგინებს. გაჩერებაზე მდგარი მოხუცი ბებო რამდენიმე წუთში თავისი წამლებით სახლის გზას გაუყვება. ღამე აქ უფრო მეტი სიჩუმე დაისადგურებს.