ოთხი თვეა, რაც საქართველოში შრომის ინსპექტირების მონიტორინგის დეპარტამენტი შეიქმნა. მონიტორინგი ნებაყოფლობითია, ანუ კერძო კომპანიებს, რომლებსაც სურვილი აქვთ, რომ მონიტორებმა საწარმოში არსებული შრომითი უსაფრთხოების პირობები შეამოწმონ, სამინისტროს წერილობით მიმართავენ. სამინისტრო მათთან სპეციალურ მონიტორებს აგზავნის. შრომითი პირობების დარღვევის შემთხვევაში, საწარმო შესაბამის რეკომენდაციას მიიღებს, თუმცა კომპანიას არანაირი სანქცია არ დაეკისრება.
გარდა ამისა, დეპარტამენტი მხოლოდ შრომით პირობებს სწავლობს, მისი საქმიანობა ჯერჯერობით შრომით უფლებებს არ მოიცავს. ამ დეპარტამენტის შექმნამ აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. გაერთიანებული პროფკავშირებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების მოსაზრებით, დეპარტამენტის წარმოდგენილი მოდელი მშრომელთა დაცვის ეფექტურობაზე არაა მიმართული და კერძო კომპანიებს ისევ პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებს.
ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ აღნიშნული პროგრამა ჯერ პილოტირების პროცესშია და, 2016 წლიდან შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ, დეპარტამენტის მიერ კომპანიების შემოწმება აღარ იქნება ნებაყოფლობითი.
შრომის პირობებისა და უსაფრთხოების საკითხებზე აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროექტის ორგანიზებით, თბილისში საჯარო დისკუსია გაიმართა.
დისკუსიაში მონაწილეობდნენ: ელზა ჯგერენაია - ჯანდაცვის სამინისტროს შრომის და დასაქმების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლინა ღვინიანიძე - “ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის” იურისტი, ჟოლტ დუდაში - შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) წარმომადგენელი და გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელი - ირაკლი პეტრიაშვილი.
ელზა ჯგერენაიამ დეპარტამენტის ფუნქციებსა და საქმიანობაზე ისაუბრა, რომლის ფორმირებასაც, სამინისტროს წარმომადგენლის განმარტებით, კერძო ბიზნესის მხრიდან საკმაოდ დიდი წინააღმდეგობები მოჰყვა: ”მოგეხსენებათ, როგორი მტკივნეულია ბიზნესისთვის რეგულაციები. სწორედ ამან გამოიწვია მათი უარყოფითი რეაქციები”.
დეპარტამენტი შრომის პირობების მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში შეიქმნა, ანუ ამ სტრუქტურას არ ჰყავს ხელმძღვანელი. ამავე პროგრამის ფარგლებში დეპარტამენტმა საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობა დაიწყო, რომლითაც იძულებითი შრომის და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მასზე რეაგირების მიზნით, ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურს სახელმწიფო ზედამხედველობის ფუნქცია ენიჭება.
ცვლილება შედის "ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ" კანონში. ის 2016 წლის 1 იანვრიდან ძალაში შევა.
ელზა ჯგერენაიას განმარტებით, ამ ცვლილებით შრომის დეპარტამენტი მიიღებს უფლებას, ნებართვის გარეშე შეამოწმოს საწარმოებში არსებული მდგომარეობა. ტრეფიკინგის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში კი საგამოძიებო ორგანოებს მიმართავს.
დისკუსიაზე ლინა ღვინიანიძემ ამ კანონპროექტში არსებულ ხარვეზებზე ისაუბრა და განმარტა, რატომ შეიძლება ეს ბერკეტიც არაეფექტური აღმოჩნდეს:
“მიუხედავად იმისა, რომ კერძო სექტორის შემოწმება პირველი იანვრიდან სავალდებულო გახდება, კომპანიაში ტრეფიკინგის აღმოჩენის შემთხვევაში ინსპექცია ამ საქმეს სამართალდამცველებთან გადაამისამართებს. ტრეფიკინგის ვერაღმოჩენის შემთხვევაში კი ვერაფერს მოიმოქმედებს. გარდა ამისა, კანონპროექტში არაა განმარტებული შრომითი ექსპლუატაციის დეფინიცია, რამაც შესაძლოა, შემთხვევების აღმოჩენას შეუშალოს ხელი. ამიტომ, ვფიქრობ, ეს რეგულაციაც არაეფექტური იქნება. ინსპექცია ვერაფერს გააკეთებს, გარდა რეკომენდაციების გაცემისა”, - განმარტა ლინა ღვინიანიძემ. ელზა ჯგერენაიამ კი დეფინიციის შესახებ უპასუხა, რომ ამაზე დეპარტამენტი მუშაობს და კანონში შრომითი ექსპლუატაციის განმარტება შევა.
რაც შეეხება ამჟამინდელ მუშაობას, დეპარტამენტმა ოთხი თვის განმავლობაში 75 საწარმო შეამოწმა, მათ შორის 24 სახელმწიფოს კუთვნილებაშია, დანარჩენი - კერძო.
საწარმოებში მომატებული მტვრიანობა, პროფესიული დაავადებების მაღალი რისკი, შრომის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი პირების დეფიციტი, სავენტილაციო, საავარიო და საევაკუაციო სისტემის არქონა, ასევე საავარიო გასასვლელების არარსებობა და სხვა - ეს ის ძირითადი პრობლემებია, რომელზეც დეპარტამენტის ხელმძღვანელი საუბრობს. ელზა ჯგერენაიას განმარტებით, თანამშრომლები პარალელურად აწარმოებენ სტატისტიკას, თუ რამდენმა კომპანიამ გაითვალისწინა მიცემული რეკომენდაციები. ეს მონაცემები წლის ბოლოს გახდება ცნობილი.
დეპარტამენტის მიერ შემოწმებულ კომპანიებს შორის არაა ისეთი მავნე და საშიში პირობების მქონე საწარმოები, როგორიცაა მაგალითად მაღარო, შახტები, რკინა-ფოლადზე მომუშავე საწარმოები.
“ჩვენ ამ კომპანიებთანაც გვაქვს მოლაპარაკებები და იმედია, კეთილ ნებას გამოიჩენენ და შრომის პირობების შემოწმების საშუალებას მოგვცემენ”, - ამბობს ჯგერენაია და იზიარებს იმ კრიტიკასაც, რომ დეპარტამენტს ამ დროისთვის მხოლოდ შრომითი პირობების შემოწმება ევალება, შრომითი უფლებების შემოწმებაზე კი პასუხიმგებელი არაა. მისივე თქმით, კანონში ცვლილებები ამ კუთხითაც შევა და ინსპექტირება უფლებების კუთხითაც მოხდება.
EMC - ის იურისტმა, ლინა ღვინიანიძემ კანონსა და პრაქტიკაში არსებულ იმ პრობლემებზეც ისაუბრა, რის გამოც დღეს დასაქმებულთა უფლებები ირღვევა.
მან დეტალურად განმარტა, რატომაა მნიშვნელოვანი შრომის ინსპექტირების ეფექტური მექანიზმის შექმნა. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მის უკან ადამიანების უსაფრთხოება და სიცოცხლე დგას.
“გარდაცვალებისა და ტრავმების მაღალი მაჩვენებელი გვაქვს. ამის უკან დგანან ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მძიმე შრომითი ექსპლუატაციის მსხვერპლნი არიან. თუმცა დამერწმუნეთ, ეს დაშავებისა და გარდაცვალების სტატისტიკა არაა ერთადერთი, რომელიც მძიმე სამუშაო პირობებზე მეტყველებს. ესაა ყოველდღიური, რუტინული შრომა, რომელიც ექსპლუატაციის ხარისხს აღწევს”.
ღვინიანიძის თქმით, შრომის კოდექსის მიღების მიუხედავად, დასაქმებულთა მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. მან რამდენიმე კონკრეტული მიზეზი დაასახელა, რაც დეპარტამენტის ეფექტურად მუშაობას უშლის ხელს:
“როცა დეპარტამენტი იქმნებოდა, მისი ინსტიტუციური მოწყობა ან, მაგალითად, დამოუკიდებლობის გარანტიები დღის წესრიგში არ დამდგარა. მეორე საკითხი, ესაა ინსპექტირების რეაქციული და პრევენციული როლი, რომელიც დღეს ძალიან სუსტია და დამოკიდებულია საწარმოს ნებაზე. რეკომენდაციების გაცემა კი არაა პრევენცია. ამის ერთ-ერთ არგუმენტად სახელმწიფოს პროგრამის პილოტირება მოჰქონდა, რომლის დროსაც მას უნდა დაენახა არსებული სიტუაცია, მაგრამ არსებული ბერკეტით მას დანახვაც არ შეუძლია”, - განმარტა ღვინიანიძემ და ბოლო საკითხად ის ადამიანური და ფინანსური რესურსი დაასახელა, რომლითაც დეპარტამენტი მუშაობს.
ესაა დეპარტამენტის რამდენიმე თანამშრომელი და 25 მონიტორი, რომელსაც კომპანიების შემოწმება ევალება: ”ამგვარი ლიმიტირებული ადამიანური რესურსით წარმოუდგენელია იმ დიდი პრობლემების დანახვა, რაც ქვეყანაშია”, - ამბობს EMC-ის იურისტი.
კანონმდებლობის არაეფექტურობასა და აღსრულების მექანიზმის არარსებობის გამო შექმნილ პრობლემებზე ისაუბრა გაერთიანებული პროფკავშირების ხელმძღვანელმა ირაკლი პეტრიაშვილმა. მისი განმარტებით, მაგალითად, ქალებს ორსულობის გამო სამსახურიდან დღესაც ათავისუფლებენ. თუმცა, სადამსჯელო ბერკეტის არქონის გამო, შრომის კოდექსი უფუნქციო ხდება.
გარდა ამისა, პეტრიაშვილმა იმ დასაქმებულებზეც ისაუბრა, ვინც 2014-2015 წლებში საწარმოო ტრავმის შედეგად გარდაიცვალა ან დაშავდა. მაგალითად, 2014 წლის მონაცემებით 41 ადამიანი გარდაიცვალა, 66-მა კი ფიზიკური ზიანი მიიღო. 2015 წელს კი 32-ი გარდაცვლილი და 42 - დაშავებულია.
პროფკავშირების წარმომადგენელმა სასამართლოს დამოუკიდებლობასაც გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ შრომითი დავების დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სასამართლო სისტემის ობიექტურობას. პეტრიაშვილმა ბოლო პერიოდის ის დავები დაასახელა, რომლითაც კერძო კომპანიებს სანქციები დაეკისრათ. მაგალითად, Gergian Marganese-ს სასამართლოს გადაწვეტილებით სამ არასრულწლოვანს 100-100 ლარის კომპენსაციას გადაუხდის სრულწლოვანების მიღწევამდე, იმავე კომპანიას 27 ათასი ლარი დაეკისრა პაატა ასანიძის სასარგებლოდ და ა.შ.
“ამ შრომით ურთიერთობებში სახელწმიფო რომ ეფექტურად ჩარეულიყო და კომპანიებს კონკრეტული მექანიზმებით ან უსაფრთხოების დაცვით ემუშავა, არც თავად ბიზნესი იზარალებდა და არც სხვის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს შეიწირავდა”, - აღნიშნა პეტრიაშვილმა.
აღნიშნულ პრობლემებს კარგად იცნობს შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია ILO-ის უფროსი ტექნიკური მრჩეველი, ჟოლტ დუდაში, რომელიც აქტიურად თანამშრომლობს გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენლებთან. დუდაშიმ საქართველოს მთავრობას 2014 რეკომენდაციებიც მისცა, რომელზეც დისკუსიაზე ისაუბრა.
მისი განმარტებით, მისასალმებელია საქართველოში შრომითი პირობებისა და უსაფრთხოების კუთხით არსებული და დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებები, თუმცა მთავარი მისი იმპლემენტაციის პროცესია.
“მშრომელების უფლებაა, რომ ქვეყანაში ეფექტური შრომითი ინსპექცია არსებობდეს. საქართველოს მთავრობასაც ამას ვურჩევდით”.
მისივე განმარტებით, შრომის კუთხით არსებული მდგომარეობის შესწავლა მხოლოდ პირობებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს:
“შრომითი უფლებები, უსაფრთხოება, ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა - ეს ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია, მათი დაყოფა ხელოვნურია და ევროკავშირის პრინციპებსაც არ შეესაბამება”, - ამბობს საერთაშორისო ექსპერტი და პროფკავშირების მიერ გამოთხოვილ საჯარო ინფორმაციას იშველიებს, რომლის მიხედვითაც 2013 წელს 1367 შრომითი დავიდან შრომით პირობებს მხოლოდ 70 შემთხვევა ეხებოდა, დანარჩენი კი ისეთ შრომით უფლებებს მოიცავდა, როგორიცაა მაგალითად, ზეგანაკვეთური მუშაობა, შვებულება, სახელფასო დავალიანება და ა.შ.
დუდაში საქართველოს მთავრობას რეკომენდაციით კიდევ ერთხელ მიმართავს და მოუწოდებს, რომ გაიწეროს, ვინაა შრომის ინსპექტირებაზე პასუხისმგებელი ორგანო. ასევე მისი მოსაზრებით, ეს სისტემა უნდა იყო სანქციებზე დაფუძნებული, როგორც მონიტორინგის პროცესში, ასევე კერძო კომპანიების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაშიც.
შეხვედრის ბოლოს დისკუსია გაიმართა. აზრი სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელმა, ლიკა წიკლაურმა გამოთქვა. მისი შეკითხვა კონკრეტულად მაღაროებისა და შახტების შემოწმებას ეხებოდა. აღნიშნა, რომ ისეთი სერიოზული კომპანიები, როგორიცაა მაგალითად, “ჯორჯიან მარგანეზი”, ან “ერ-ემ-ჯი გოლდი” სახელმწიფოს არ შეუმოწმებია: “ანუ მექანიზმი, რის გამოც შეიქმნა, თავიდანვე განწირული იყო და ეს პერიოდიც ტყუილად დაიკარგა?”.
ელზა ჯგერენაიას განმარტებით, ესაა პილოტური პროგრამა და სამ თვეში შეუძლებელი იყო სრულყოფილი სურათის წარმოჩენა:
“მიუხედავად იმისა, რომ სხვა საწარმოებში ვერ შევდივართ, ეს არ ნიშნავს იმას, რომ უკვე შემოწმებულებში არ გვხვდება სერიოზული დარღვევები. მაგრამ ესაა პილოტური პროგრამა, რომელიც დროდადრო იხვეწება. გარდა ამისა, რეაგირება რომ სანქციებით დაგვეწყო, მეტ უკმაყოფილებას და რისკებს მივიღებდით კომპანიებისგან”, - აღნიშნა ელზა ჯგერენაიამ.