12 წლის სელფინაზი რეზინის ჩექმებით ტალახში ძვლივს მიდის. ის ძმასთან ერთად ტყიდან შეშას ეზიდება. სელფინაზი და მისი ძმა ფიჩხის მოსაგროვებლად ტყეში ყოველდღე მიდიან. ეს მათი ყოველდღიური რუტინაა.
ამ შეშით ლეილა სარიევა ყოველდღე ცეცხლს ანთებს და ოჯახს ვახშამს უმზადებს. ისინი უკვე წლებია ასე ცხოვრობენ. ლეილა ტაფის ხეხვისგან ჩაშავებულ ხელებს გვიჩვენებს და სოფლის ცხოვრების მძიმე პირობებზე გვესაუბრება. ახლა უკვე სიცივეა და მათ შეშა, საჭმლის მომზადების გარდა, გასათბობადაც სჭირდებათ. ზამთარში ბევრი შეშაა საჭირო, რადგან მცხეთის რაიონის სოფელ წყალდიდს, სადაც ისინი ცხოვრობენ, გაზი დღემდე არ მიეწოდება.
“გასულ წელს ძროხებს ვწველიდი, რძეს ვყიდდი და ზამთარში შეშის ყიდვისთვის საჭირო ფულს როგორღაც ვაგროვებდი. წელს ორი ძროხა მოგვიკვდა. ახლა ძალიან გვიჭირს. ჩემი მეუღლე არ მუშაობს. არ ვიცი, ამ ზამთარს როგორ გადავიტანთ. ვინმე რომ გაცივდეს, ზამთრის თოვლსა და ქარში ქალაქში ჩასვლაც კი შეუძლებელია. გაზი რომ იყოს, ცოტა ხნით მაინც ავანთებდით და გავთბებოდით. ფინანსურადაც, ზამთარში გაზის მოხმარება უფრო მომგებიანია, ვიდრე შეშის. მაგრამ ბუნებრივი აირი არ გამოჰყავთ“.
თბილისიდან სულ რაღაც 18 კმ-ით დაშორებულ სოფელ წყალდიდში მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობა სარიევების ოჯახის მსგავსად საჭმელს ყოველდღე შეშაზე ამზადებს. დასაბან და გარეცხვისთვის საჭირო წყალსაც ცეცხლზე აცხელებენ. ქართული სოფლებით გარემოცული წყალდიდი, სადაც ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, რაიონში ბუნებრივი აირის გარეშე დარჩენილი ერთადერთი სოფელია.
სახალხო მოძრაობა "ღირსების" თავმჯდომარე, ალიბალა ასგეროვი ამბობს, რომ იმ სოფლებისა და რაიონების დიდ ნაწილს, სადაც ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, ბუნებრივი აირი არ მიეწოდება: 10-ზე მეტი სოფელი დღემდე არ არის გაზიფიცირებული, ხოლო იმ სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის 20%-ს, რომლებსაც ბუნებრივი აირი მიეწოდებათ, გაზის შეძენისთვის საჭირო ფული არ აქვთ. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ საქართველო აზერბაიჯანული გაზით მარაგდება - საქართველოს რეგიონების დიდ ნაწილს ბუნებრივ აირს აზერბაიჯანული კომპანია "სოკარი" აწვდის.
„სადახლოს, ზემო და ქვემო სარალში მცხოვრები მოსახლეობის 80 პროცენტს ბუნებრივი აირი არ მიეწოდება, მაგრამ ის სოფლები და რაიონები, სადაც ქართველები ცხოვრობენ, გაზით მარაგდება. ამ შემთხვევაშიც, როგორც ყოველთვის, აზერბაიჯანელების მიმართ დისკრიმინაციას აქვს ადგილი. საქართველოს მთავრობამ "სოკარს" წაუყენა პირობა, რომ იმ პირებს, რომლებსაც საცხოვრებელი სახლები სახელმწიფო რეესტრში არ აქვთ დარეგისტრირებული, ბუნებრივი აირი არ მიაწოდოს. თუმცა ეს შეზღუდვა რატომღაც ქართველებს არ ეხებათ. საქართველოში ბინის დარეგისტრირებისთვის ძალიან დიდი დრო და ფულია საჭირო. გადასახდელია სახელმწიფო ბაჟი. ხელმოკლე ოჯახების ამის შესძლებლობა არ აქვთ“, - აცხადებს ასგეროვი.
მიხვეულ-მოხვეული გზებით მთისკენ მიმავალ ამ სოფელში ზამთრის ცივი სუსხი უკვე იგრძნობა. წყალდიდის ერთ-ერთი უხუცესი ქალბატონი, მარალი, ამბობს, რომ ზამთარში მის სახლში ისე ცივა, საბანმოხვეული მოძრაობს. მარალის თქმით, ორი წლის წინ, სოფელში მცხოვრებმა ყველა ოჯახმა 1000-1000 ლარი შეაგროვა - უნდოდათ, გაზის შემოყვანის პროცესი დაეჩქარებინათ, მაგრამ სოფელში ბუნებრივი აირის შემომყვანი ფულის მოგროვების შემდეგაც არ გამოჩნდა.
„ქართველების მოთხოვნისთანავე პრობლემა უცებ წყდება, ჩვენი ხმა კი არავის ესმის. ჩვენ ღუმელის ჭვარტლით ვართ გამურულები, ჩვენი მეზობელი ქართული სოფლების მოსახლეობა კი უკვე რამდენი წელია გაზით მარაგდება. ეს არის დისკრიმინაცია ეთნიკურ ნიადაგზე", - ამბობს მარალი.
საქართველოში ბუნებრივი აირის მიმწოდებელი კომპანია “ყაზტრანსგაზის“ განცხადებით, ისინი მხოლოდ ბუნებრივი გაზის რეალიზაციას უზრუნველყოფენ, დასახლებული პუნქტის გაზიფიცირების საკითხს კი სახელმწიფო წყვეტს.
თბილისის მერიის განცხადებით, გაზის გაყვანა სოფლებში კონკრეტული მუნიციპალიტეტებისა და გაზის კომპანიების ერთობლივი შეთანხმებით ხდება. მცხეთის მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ წყალდიდში გაზსადენის გაყვანისთვის "სოკარის" გადაწყვეტილებას ელოდებიან. დანარჩენ 6 სოფელში კი გაზსადენის გაყვანა მუნიციპალიტეტის მიმართვის შემდეგ მოხდა: „რამდენიმე წლის წინ, მას შემდეგ, რაც 6 სოფლის თვითმმართველობამ "სოკარს" გაზიფიცირების თხოვნით მიმართა, კომპანიამ პროექტი შეადგინა, რის შედეგადაც გაზსადენი გაკეთდა“, - აცხადებს მცხეთის მუნიციპალიტეტის ცხელი ხაზის თანამშრომელი.
"სოკარის" საქართველოს წარმომადგენლობამ წყალდიდში ბუნებრივი აირის გაყვანის თაობაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა.
სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის თამჯდომარე, ზაურ ხალილოვი, რომელიც საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების პრობლემებზე მუშაობს, ამბობს, რომ ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებს ბუნებრივი აირი რომ არ მიეწოდება, ეს დისკრიმინაციული მიდგომის შედეგია. ხალილოვი მიიჩნევს, რომ საქართველოში მცხოვრები ყველა ეთნიკური უმცირესობა დისკრიმინაციისა და გაუცხოების მსხვერპლია:
სოფელ წყალდიდს კიდევ ერთი ცივი ზამთრის გადატანა გაზის და გათბობის გარეშე მოუწევს. ზოგი ადამიანი თბილ ტანსაცმელში შეიფუთება, ზოგი კი შვილების კვების რაციონს შეამცირებს და დანაზოგით გათბობისთვის საჭირო შეშას იყიდის. პატარა სელფინაზი კი ყოველდღე, სკოლის გაკვეთილების დასრულების შემდეგ ძმასთან ერთად ისევ ტყისკენ მიმავალ გზას გაუდგება.
გიულნურ ქაზიმოვა
სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.