Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

“კალეიდოსკოპური” ფოტოები მიტოვებულ სივრცეში

10 ნოემბერი 2015

15 ნოემბერს რუსთაველის 52 ნომერში, ძველი საბაგიროს ქვედა სადგურის უფუნქციოდ დარჩენილ შენობაში ცხრა ფოტოგრაფის 90 ფოტო გამოიფინება.

თამრი ბოლქვაძე, სანდრო კაციტაძე, ნინო ბაიდაური, თათია შავგულიძე, გიორგი მირზიკაშვილი, სალომე ცოფურაშვილი, ლიზა ნინიაშვილი, ნიკოლოზ მჭედლიძე და ალექს მაღლაკელიძე - თითოეული მათგანი სხვადასხვა საქმითაა დაკავებული, თუმცა დაახლოებით ათი წელია, ფოტოგრაფია მათთვის რუტინული ყოველდღიურობიდან გაქცევის საშუალებად იქცა:

“ვინ ვართ ჩვენ? - ჩვენ სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ვართ, რომელთაც საერთო ჰობი – ფოტოგრაფია გვაერთიანებს. ფოტოგრაფია ჩვენთვის თვითგამოხატვისა და სამყაროსთან ურთიერთობის ალტერნატიული და თავისუფალი საშუალებაა. ეს არის გზა, რომელსაც ჩვენი ყოველდღიური რუტინის და საქმიანობის პარალელურად მივუყვებით.

რატომ გავერთიანდით? - იმიტომ, რომ ერთმანეთის დახმარება, შეგულიანება და სტიმული გვჭირდება, რათა ვაკეთოთ ის, რაც ყველაზე მეტად გვიყვარს და კიდევ იმიტომ, რომ ერთად უფრო ადვილია”.

ერთმანეთი 2006 წელს ერთ-ერთ ფოტოკლუბის ვებგვერდზე გაიცნეს. მაშინ ეს იყო ერთადერთი პლატფორმა, სადაც ქართველი ფოტოგრაფები ერთმანეთს თავის ფოტოებს უზიარებდნენ, კამათობდნენ და სწავლობდნენ. მერე გაჩნდა სოციალური ქსელები, რომელმაც ფოტოს შეფასების განსხვავებული კულტურა შემოიტანა.

ამიტომ, გადაწყვიტეს, ფოტოგრაფიით ისევ თავიდან დაკავშირებოდნენ ერთმანეთს და წლების განმავლობაში დაგროვებული ფოტოები სხვებისთვისაც ეჩვენებინათ.

KALEIDOSCOPE PHOTOGRAPHY EXHIBITION – ასე ჰქვია გამოფენას, რომელზეც თითო ფოტოგრაფი ათ ფოტოს გამოფენს.

ლიზა ნინიაშვილი წლებია ყოველ დილით საკუთარ თავს იღებს: “ერთხელ დამესიზმრა, რომ კამერა შტატივზე მქონდა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვან ადამიანს ვუღებდი და ტყვია ვესროლე. ამის მერე გადავწვიტე, ტყვია ყოველდღე საკუთარ თავს ვესროლო”.

სალომე ცოფურაშვილი გენდერის მკვლევარია. გადაღება 2006 წელს დაიწყო. თავიდან ეს თვითთერაპიის, რთული პერიოდიდან გამოსვლის მცდელობა იყო, თუმცა წლების შემდეგ ფოტოები სერიად და იდეად ჩამოყალიბდა: “ჩემი ფოტოები “მეს” დანაწევრების მცდელობაა. მგონია, რომ ადამიანი სხვადასხვა ნაწილებისგან შედგება, ერთმანეთისგან შეუსაბამო ნაწილებისგან. ის არაა მთლიანობა. თავიდან სერიად ჩაფიქრებული არ იყო, მაგრამ ქვეცნობიერით ალბათ, რის გაკეთებაც მინდოდა, ის გამოვიდა”.

ნინო ბაიდაურის ფოტოების სერიის იდეა შეცდომის შედეგია, რომლის დროსაც ერთი ფირით ნიუ-იორკი და სიღნაღი გადაიღო. მერე იგივე პრინციპით გადაღება გამიზნულად გააგრძელა, მერე ისევ შეეშალა და საბოლოოდ, პარალელური სამყაროები შექმნა.

ჩემი ფოტოები არაფერს ეხება - გიორგი მირზიკაშვილი ბანკში მუშაობს. ამბობს, რომ სამსახურის შემდეგ ფოტოგრაფიისთვის დათმობილი ერთი საათიც კი მას საკუთარ თავთან აბრუნებს:

“ჩემი ფოტოები ერთმანეთთანაც კავშირში არაა, არეულია. მაგრამ ჩემი პრინციპია, რომ თუ ფოტო მხოლოდ მე და კიდევ რამდენიმე პროფესიონალ ფოტოგრაფს მოსწონს, არ ნიშნავს, რომ ის ღირებულია. ფოტოგრაფია უნდა იყოს ყველასთვის. გარდა ამისა, ამ გამოფენით, საკუთარი თავების გაცოცხლების გარდა, ალბათ სხვებსაც სტიმულს მივცემთ”.

კიდევ ერთი ფოტოგრაფი, რომლის ათი ფოტოც გამოიფინება, თამრი ბოლქვაძეა. ის ამბობს, რომ ადრე უფრო აქტიურად იღებდა, სამსახურის გამო კი ახლა ხშირად კამერის გარეშე ცხოვრება უწევს.

“მინდა, რომ ეს ტრადიცია აღვადგინო, ყოველდღიურად ვიღო და არ მოვდუნდე”.

თათია შავგულიძე თავის ფოტოებს ასე აფასებს:

“ჩემი უფრო, მხატვრული ფოტოგრაფიაა. ძირითადად, ფაქტურებზე, გეომეტრიაზე და სივრცეებზე აგებული”.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც ამ ფოტოგამოფენის ნაწილია, ის სივრცეა, სადაც ფოტოები გამოიფინება.

ძველი საბაგიროს ქვედა სადგური წლებია მიტოვებულად და შეუმჩნევლად დგას. შენობას ორი პანდუსი მიუყვება, ერთი ასასვლელია, მეორე კი უკან დასაბრუნებელი. შუა სივრცე თავისუფალია. ფოტოები ზუსტად შუაში, ჰაერში ჩამოეკიდება და დამთვალიერებელს პანდუსზე ასვლისა და ჩამოსვლის დროს, მუსიკის ფონზე შეეძლება ფოტოების ნახვა. მაღლა კი დიდი ვერანდაა, სადაც სლაიდშოუზე ფოტოგრაფების სხვა ფოტოების დათვალიერებაც იქნება შესაძლებელი. გამოფენაზე ფოტოები სიმბოლურ ფასად გაიყიდება და თანხა "კალეიდოსკოპის" ფონდში შეინახება, რომელსაც ფოტოგრაფები მომავალში გამოიყენებენ.

“ამ გამოფენით ვაცოცხლებთ საკუთარ თავს და იმასაც, რასაც ვეხებით”, - ამბობს ნინო ბაიდაური.

KALEIDOSCOPE PHOTOGRAPHY EXHIBITION - დარჩა 10, 9, 8, 7 დღე - ასე ითვლიან ფოტოგრაფები გამოფენამდე დარჩენილ დღეებს. გამოფენის დათვალიერება ორშაბათსაც იქნება შესაძლებელი. მანამდე კი ძველი საბაგიროს ქვედა სადგურის შენობაში გამოფენის დეტალებზე მუშაობენ:

“ჩვენ ახლა ცხრანი ვართ, მაგრამ ვიცით, რომ სინამდვილეში ბევრად მეტნი და ბევრად მეტგან ვართ. კალეიდოსკოპი სულ მზარდი და სულ უფრო მრავალფეროვანი იქნება.

ჩვენ გაგახსენებთ მივიწყებულ ინტერესებსა და მისწრაფებებს. გაგაცნობთ ადამიანებს, რომლებსაც გეგონათ, რომ იცნობდით. გაჩვენებთ ნაცნობ, საყვარელ და მივიწყებულ ადგილებს და ამ ყველაფერს კალეიდოსკოპიდან, ახლებურად დაგანახებთ”.

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^