სამართალი ზუსტი მეცნიერება არ არის. ეს არის მისი მინუსიც და პლიუსიც. მინუსი იმიტომ, რომ ადვილად შეგიძლია განმარტო ნორმა ისე, რომ შენი პოზიცია იყოს მისაღები, ხოლო პლიუსი იმიტომ, რომ თუ ლოგიკას მოიმარჯვებ, იურისპრუდენციის ზედმიწევნით ცოდნა არ არის საჭირო იმისათვის, რომ ზოგადი წარმოდგენა შეგექმნას ამა თუ იმ სამართლებრივ კაზუსზე.
„რუსთავი 2 თან“ დაკავშირებით განვითარებულმა მოვლენებმა, განსაკუთრებით განჩინებამ, რომლითაც კომპანიაში დროებითი მმართველები დაინიშნა, დაინტერესებული საზოგადოება ძალაუნებურად ჩაითრია სამართლის ლაბირინთებში. მოვისმინეთ იურისტების პოზიციები, რომლებიც განზრახ ან უნებურად ყურადღების გარეშე ტოვებდნენ სრული სურათის შესაქმნელად მნიშვნელოვან გარემოებებს. ამ მოკლე სამართლებრივი რეზიუმეს მიზანია წარმოაჩინოს აღნიშნული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები და ფაქტობრივი მხარეები, ჩემი პირადი შეფასება, რაც ასევე შესაძლებლობას დაუტოვებს მკითხველს, რომ თავად შეაფასოს რამდენად შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს მიღებული განჩინება.
- განჩინების მიღების პროცესუალური უფლებამოსილება
- ჰქონდა თუ არა ფორმალურად უფლება სასამართლოს მიეღო მსგავსი შინაარსის განჩინება? დიახ, ფორმალურად ამის უფლება ჰქონდა. ასევე ფორმალურად ჰქონდა უფლება ეთქვა, რომ სამონტაჟო უნდა გაღებულიყო არა უგვიანეს 9 საათისა ან როგორი უნდა ყოფილიყო სტუდიის დიზაინი. აღნიშნულ „ფორმალურ“ უფლებას იძლევა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის/მოსამართლის მიერ გამოყენებული მუხლები, რომლებიც განმარტების და გამოყენების ფართო სპექტრს ქმნიან, კერძოდ: საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის [სსსკ] 271-ე მუხლის თანახმად: „სასამართლოს შეუძლია უზრუნველყოს იმ გადაწყვეტილების აღსრულება, რომელიც გადაცემული არ არის დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, XXIII თავით დადგენილი წესების შესაბამისად“. XXIII თავი- „სარჩელის უზრუნველყოფაა“, რაც გულისხმობს, რომ სასამართლოს უფლება აქვს გამოიყენოს ღონისძიებები სასარჩელო მოთხოვნის შემდგომში აღსრულების უზრუნველსაყოფად. კერძოდ, აღნიშნული თავის 198-ე მუხლი განსაზღვრავს კონკრეტულ ღონისძიებებს, მაგალითად: ყადაღის დადება ქონებაზე, ფასიან ქაღალდებსა თუ ფულად სახსრებზე, მოპასუხისათვის გარკვეული მოქმედების შესრულების აკრძალვა და ა.შ. ამ ჩამონათვალში არსად არ გვხვდება „დროებითი მმართველის დანიშვნა“. მაგრამ აქვეა ერთი პუნქტი, რომლის თანახმადაც: „სასამართლოს შეუძლია გამოიყენოს სხვა ღონისძიებებიც, თუ ეს აუცილებელია სარჩელის უზრუნველყოფისათვის“. აღნიშნული პუნქტიდან გამომდინარე დგინდება, რომ მოსამართლეს შეუძლია გამოიყენოს ნებისმიერი ღონისძიება, რომელსაც მიზანშეწონილად და დასაბუთებულად ჩათვლის, მმართველის დანიშვნიდან დაწყებული, ისე როგორც აღვნიშნე, სტუდიის დიზაინის განსაზღვრით დასრულებული, მაგრამ მთავარი საკითხი ისაა, რამდენად რელევანტური და სამართლებრივია ამა თუ ღონისძიების გამოყენება.
- განჩინების სამართლებრივი დასაბუთების შეფასება
- სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს შესაძლებლობებს, რომ სანამ გადაწყვეტილება აღსრულდება, მოსარჩელემ სასამართლოს მოსთხოვოს გარკვეული ზომების მიღება, რათა სარჩელის დაკმაყოფილების და გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემთხვევაში მოთხოვნა აღუსრულებელი არ დარჩეს. მაგალითად თქვენ დაობთ სახლზე და თქვენი ინტერესია, რომ სახლი მიიღოთ საკუთრებაში, პროცესი სავარაუდოდ დროში გაიწელება და იმისათვის, რომ პროცესის განმავლობაში მოპასუხემ სახლი არ გაყიდოს, თქვენ სთხოვთ სასამართლოს, რომ სადავო სახლის გასხვისება ან იპოთეკით დატვირთვა აუკრძალოს მეორე მხარეს.
- უზრუნველყოფის საშუალებების გამოყენების ეტაპები პირობითად შეგვიძლია გავყოთ ორ ნაწილად: სარჩელის უზრუნველყოფა და გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. როდესაც გარკვეული პირები საუბრობენ განსახილველ განჩინებასთან დაკავშირებით, რომ გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა ლოგიკური იყო, შეგნებურად თუ უნებურად არ ახსენებენ, რომ მანამდე მოსარჩელეს უკვე გამოყენებული ჰქონდა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებები, ანუ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის“ პარტნიორებს აეკრძალათ რიგი უფლებამოსილებების განხორციელება (დირექტორის შეცვლა, წესდებაში ცვლილებები, წილის გასხვისება და ა.შ), ანუ პარტნიორები ჩამოშორებულნი იქნენ კომპანიის მართვის პროცესიდან. ასევე შეიზღუდა თავად „რუსთავი 2“, კერძოდ, მის უძრავ ქონებებს ყადაღა დაედო, აეკრძალა მოძრავი ნივთების გასხვისება, გაქირავება და უფლებრივად დატვირთვა. ანუ მოსარჩელემ განსაზღვრა ყველა ის მაღალ რისკიანი გარემოება, რომელიც მისი აზრით, საფრთხეს უქმნიდა სარჩელის აღსრულებას, მიმართა სასამართლოს და მოთხოვნა დაკმაყოფილდა. ობიექტურობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მოსარჩელე ითხოვდა, თუმცა არ დაკმაყოფილდა კიდევ ერთი მოთხოვნა, „რუსთავი 2-ის“ საბანკო ანგარიშების დაყადაღება, რომლის დაკმაყოფილება გამოიწვევდა „რუსთავი 2-ის“ მომენტალურ პარალიზებას.
- მას შემდეგ რაც, საკონსტიტუციო სასამართლომ შეაჩერა დაუყოვნებლივი აღსრულების ერთ-ერთი და ამავდროულად ყველაზე ფართოდ გამოყენებადი შესაძლებლობა, მოსარჩელე მხარე მიმართავს სასამართლოს და ითხოვს დროებითი მმართველის დანიშვნას. ამ შუამდგომლობის დაკმაყოფილებით ფაქტობრივად მივიღეთ ის შედეგი, რომლის თავიდან ასაცილებლად საკონსტიტუციო სასამართლომ სხვა მუხლი შეაჩერა. მართალია, წილებზე საკუთრების უფლება არ წარმოეშვათ მოსარჩელეებს და ფინანსურ სარგებელს ვერ მიიღებენ კომპანიიდან, მაგრამ ამჟამინდელი მფლობელები რეალურად ჩამოშორებულნი არიან კომპანიის მართვას და უკვე მენეჯმენტიც მოსარჩელის სურვილისებრ დაინიშნა.
- ვერ მოვიძიე მსგავსი პრეცედენტი ქართული სასამართლო გადაწყვეტილების ისტორიაში, როცა კერძო ხასიათის დავის დროს კომპანიის მენეჯმენტი იცვლება მოსარჩელე მხარის მოთხოვნით. ამგვარ ცვლილებებს ითვალისწინებს „გადახდისუუნარობის შესახებ“ კანონი, რომელზედაც ქვემოთ ვისაუბრებთ, აღნიშნული კანონის მთავარი პრინციპი არის ის, რომ როცა კომპანია გადახდისუუნაროა, მაშინ უნდა დაინიშნოს დროებითი მმართველი [მეურვე, რეაბილიტაციის ან გაკოტრების მმართველი]. ამ მსჯელობას ადასტურებს, სასამართლოს მიერ განჩინებაში მოყვანილი სხვა ქვეყნის პრეცედენტები, საიდანაც სამწუხაროდ სასამართლომ მხოლოდ გარკვეული ფრაზები ამოკრიფა და არ ჩანს თუ რატომ დანიშნა ამერიკაში სასამართლომ დროებითი მმართველი, მაგალითად ერთ-ერთ შემთხვევაში რადიო სადგური ვეღარ ფუნქციონირებდა, ვერ იღებდა შემოსავლებს, იდგა გადახდისუუნარობის რისკის წინაშე და ამიტომ გადაწყვიტა სასამართლომ დროებითი მმართველის დანიშვნა. დროებითი მმართველის დანიშვნა იმ საფუძვლით, რომ კომპანიას ფინანსური პრობლემები ექმნებოდა არალოგიკურია, ამ ვარაუდის საფუძველს იძლევა მოსამართლის ერთ - ერთი განჩინება ამავე საქმეზე, როცა შეაჩერა ტრანზაქცია, რომლის საბოლოო მიზანი იყო პარტნიორის მიერ რუსთავის 2-ში თანხების აკუმულირება ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით.
- კონკრეტული პირების დროებით მმართველებად დანიშვნა
- ეს საკითხი განჩინებაში სამართლის პრინციპების ყველაზე ცალსახა უგულვებელყოფაა. მოსამართლე განჩინებაში არ უთითებს, მაგრამ ფაქტობრივაად მან გამოიყენა სამართლის ანალოგია. როგორც უნდა აღვნიშნე კომპანიის მმართველის მესამე პირების მიერ დანიშვნას ითვალისწინებს საქართველოს კანონი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“. ზოგადად რამდენად სწორი იყო ამ შემთხვევაში ასეთი სახით კანონის ანალოგიის გამოყენება, ამაზე კოლეგა იურისტებმა საკმაოდ კომპეტენტური მოსაზრებები გაავრცელეს და არ შევჩერდები მის განხილვაზე. რომც დავუშვათ, რომ კანონის ანალოგიის გამოყენება შესაძლებელი იყო, განჩინებაში დაირღვა იმ კანონის პრინციპებიც, რომლის ანალოგიაც სცადა მოსამართლემ.
- გარემოებებიდან დგინდება, რომ დროებითი მმართველების კანდიდატურა წარადგინა მოსარჩელემ, მოსამართლეს არ მოუსმენია მოპასუხე მხარის პოზიცია კანდიდატებთან დაკავშირებით და დააკმაყოფილა მოთხოვნა. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად „გაკოტრების მმართველი შესაძლებელია იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი. გაკოტრების მმართველი უნდა იყოს მხარეთაგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი (იურიდიული პირის შემთხვევაში – საქმიანი რეპუტაციის მქონე) პირი. გაკოტრების მმართველად არ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც ახორციელებს იმავე ან მსგავს საქმიანობას, როგორსაც მოვალე“. ხოლო, 44-ე მუხლის მიხედვით: „რეაბილიტაციის მმართველი შესაძლებელია იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი. რეაბილიტაციის მმართველი უნდა იყოს მხარეთაგან დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი (იურიდიული პირის შემთხვევაში – საქმიანი რეპუტაციის მქონე) პირი. რეაბილიტაციის მმართველად არ შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელიც ახორციელებს იმავე ან მსგავს საქმიანობას, როგორსაც მოვალე“. განსახილველ შემთხვევაში კი ერთი დროებითი მმართველი კონკურენტი ტელევიზიის მენეჯმენტის ყოფილი წევრია, რომელმაც თანამდებობა სულ ცოტა ხნის წინ დატოვა, ხოლო მეორე მმართველს თავად აქვს სამართლებრივი პრეტენზიები „რუსთავი 2-თან“ დაკავშირებით. შესაბამისად, დროებითი მმართველები არ შეიძლება ჩაითვალონ როგორც მხარეთაგან მიუკერძოებულ პირებად.
- აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სასარჩელო წარმოების დროს უნდა იყოს დაცული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პრინციპები: დისპოზიციურობა და შეჯიბრებითობა. აღნიშნულ შემთხვევაში კი მოსარჩელემ თავად განსაზღვრა ვინ უნდა იყოს მოპასუხის წარმომადგენელი. მარტივი მაგალითი რომ მოვიყვანოთ, თქვენ გედავებიან ქონებას, ხოლო ადვოკატს, ვინ უნდა დაიცვას თქვენი ინტერესი, ნიშნავს თქვენი მოწინააღმდეგე მხარე ისე, რომ თქვენ არ გაქვთ ადვოკატის შეცვლის უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს წაერთვა უფლებამოსილება თავისი შეხედულებისამებრ განსაზღვროს სამართლებრივ დავის წარმოების სტრატეგია.
- ბოლოს, ყურადღების გარეშე არ უნდა დაგვრჩეს სასამართლოს მსჯელობა, სადაც ის აფასებს მედიის მიუკერძოებლობას და დამოუკიდებლობას, მიუხედავად იმისა, რომ ამ მსჯელობას განსაკუთრებული სამართლებრივი დატვირთვა არ ჰქონია, მაინც მიუღებელია როცა სასამართლო არღვევს კონსტიტუციით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას, და მსჯელობს იმ საკითხებზე, რაც არ შეიძლება იყოს მისი მსჯელობის საგანი.