Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„რუსთავი 2-ის“ საქმის სამართლებრივი მხარე

12 ნოემბერი 2015

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თამაზ ურთმელიძის 3 ნოემბრის გადაწყვეტილებით, სასამართლომ მოსარჩელე ქიბარ ხალვაშს ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ წილების 100% მიაკუთვნა.

მოპასუხე მხარე (ლევან ყარამანიშვილი, გიორგი ყარამანიშვილი, შპს „ტელეკომპანია საქართველო”, ნინო ნიჟარაძე, შპს „ჰაიდელბერგცემენტი ჯორჯია”, შპს „გეო-ტრანსი” და შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2”) დავის გაგრძელებას ზემდგომ ინსტანციებში გეგმავს. სწორედ, ზემდგომი ინსტანციების გადაწყვეტილების შემდეგ მოხდება წილების მესაკუთრეზე გაფორმება, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმა (ამ შემთხვევაში წილების გადაფორმება), რაც ხალვაშს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ წილების გადაფორმების საშუალებას აძლევდა, შეჩერებულია.

საქალაქო სასამართლოში „რუსთავი 2-ის“ საქმეზე მიმდინარე პროცესის განხილვისას, მოპასუხეს, ისევე როგორც მოსარჩელე მხარეს საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან დაკავშირებით შენიშვნები და უნდობლობა არ დაუმალავს. საქალაქო სასამართლოში დაწყებული საკითხების განხილვის ჯერი სააპელაციო სასამართლოში დგება, სადაც მხარეებს კიდევ ერთხელ მოუწევთ საკუთარი სიმართლის მტკიცება. 

 

ამორალური გარიგება - მოსარჩელე მხარის მთავარი ხელჩასაჭიდი

ქიბარ ხალვაშის მიერ საქალაქო სასამართლოში წარდგენილი სარჩელი 7 მოთხოვნისგან შედგებოდა. პირველი-ოთხი სასარჩელო მოთხოვნის მიხედვით, ხალვაში „რუსთავი 2“-ის ლოგოსა და გადაცემების - „ბოიარდის სასახლე“, „უკანასკნელი გმირი“, და „ჯეობარზე“ საავტორო უფლებების აღიარებასა და  ზიანის კომპენსირებას (500 000 აშშ დოლარის  ოდენობით) ითხოვდა. ზიანის ანაზღაურებას ეხებოდა ასევე მე-7 სასარჩელო მოთხოვნა, რითაც ხალვაში  18 367 868,8 ლარის ანაზღაურებას მოპასუხეებს მიუღებელი შემოსავლის სახით სთხოვდა.

დავის ყველაზე პრინციპული ნაწილი კი სწორედ, მეხუთე და მეექვსე სასარჩელო მოთხოვნები იყო, რითაც ხალვაში სამაუწყებლო კომპანია „რუსთავის 2-ის” წილის მფლობელების - ლევან ყარამანიშვილის (22%), გიორგი ყარამანიშვილის (18%), შპს „ტელეკომპანია საქართველოსა” (51%) და ნინო ნიჟარაძის  (9%) წილების რეგისტრაციის გაუქმებას ითხოვდა.

სარჩელის მიხედვით, შპს „სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2-ის” წილების მესაკუთრეებად ქიბარ ხალვაში  (60%) და შპს „პანორამა” (40%) (შპს „პანორამას” 100%-ის მფლობელი ქიბარ ხალვაშია) უნდა გამოცხადებულიყვნენ.

ამასთან, მოსარჩელე მხარის მოთხოვნით, ბათილად უნდა გამოცხადებული ნასყიდობის ის ხელშეკრულებები, რის მიხედვითაც ხალვაშმა 2005 წლის 26 დეკემბერსა და 2006 წლის 17 ნოემბერს შპს „საქცემენტსა“ და შპს „გეო-ტრანს“ (სხვადასხვა პერიოდულობით) „რუსთავი 2-ის” 100% გადაუფორმა.

აღნიშნულ ორ ძირითად სასარჩელო მოთხოვნაში მოსარჩელე მხარე სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ ამორალურ და იძულებით დადებული გარიგებების მუხლს ეყრდნობოდა. სარჩელში ხალვაში მიუთითებდა, რომ ტეკელომპანია „რუსთავი-ის” წილები მას იძულებით დაათმობინეს.

როგორც მოსარჩელე მხარე ახსნა-განმარტებაში აღნიშნავდა, 2005 წლის ბოლო პერიოდიდან ქიბარ ხალვაშს თანდათან დაეძაბა ურთიერთობა საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მათი განცხადებით, აღნიშნული გამოწვეული იყო ტელეკომპანიის საინფორმაციო პოლიტიკის მიმართ სახელმწიფოს ხელმძღვანელი პირების უკმაყოფილებით.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ იმ დროისათვის  ხელისუფლებაში მყოფი, უმაღლესი თანამდებობის მქონე პირები, მიხეილ სააკაშვილი, ივანე მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი, გიგი უგულავა უხეშად ცდილობდნენ, ჩართულიყვნენ ტელეკომპანიის საქმიანობაში.

„2006 წლის 16 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაიბარა ქიბარ ხალვაში თავის რეზიდენციაში და გამოხატა აშკარა უკმაყოფილება მის მიმართ შპს „რუსთავი 2-ის“ საინფორმაციო სამსახურის მუშაობის გამო. მან მოსთხოვა ხალვაშს შპს „რუსთავი 2-ის“ წილების დათმობა მის მიერ მითითებული პირებისათვის. პრეზიდენტთან შეხვედრის შემდგომ ქიბარ ხალვაშს ჰქონდა შეხვედრები შსს მინისტრ ივანე მერაბიშვილთან, მთავარ პროკურორ ზურაბ ადეიშვილთან და ეკონომიკის მინისტრ გიორგი არველაძესთან (ამ უკანასკნელთან შეხვედრას ესწრებოდა შპს „მზის“ წილების მფლობელი დავით ბეჟუაშვილი)... ქიბარ ხალვაშმა გააცნობიერა, რომ მუქარა და საშიშროება აშკარა იყო, რის გამოც გადაწყვიტა დაეთმო ტელეკომპანიის წილები. ზურაბ ადეიშვილის მითითებით მას დაუკავშირდა დიმიტრი ქიტოშვილი, რომელიც იმ დროისათვის წარმოადგენდა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარეს. ამ უკანასკნელის მითითებით განხორციელდა გარიგებების გაფორმება შპს „რუსთავი 2-ის“ წილების დათმობასთან დაკავშირებით”, - წერია მოსარჩელე მხარის ახსნა განმარტებაში.

მოსარჩელე მხარის განცხადებით, 2005 წლის 26 დეკემბერს ქიბარ ხალვაშსა და შპს „საქცემენტს“ (ამჟამად შპს „ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯია“), შორის გაფორმებულ იქნა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ქიბარ ხალვაშმა შპს „რუსთავი 2-ში“ მისი კუთვნილი 60%-დან შპს „საქცემენტს“ 22% გადაუფორმა (ხელშეკრულებაში მითითებული ნასყიდობის ფასი - 73 330 აშშ დოლარი).  

2006 წლის 17 ნოემბერს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით კი, შპს „რუსთავი 2-ის“ საწესდებო კაპიტალის 38% ხალვაშმა შპს „გეო-ტრანს“ გადაუფორმა (ხელშეკრულებაში მითითებული ნასყიდობის ფასი 126 667 აშშ დოლარი). ასევე 2006 წლის 17 ნოემბერს გაფორმებული ხელშეკრულებით ქიბარ ხალვაშმა, როგორც შპს „პანორამას” დირექტორმა და 100% წილის მფლობელმა, შპს „რუსთავი 2-ის“ 40% ასევე  შპს „გეო-ტრანს“ გადაუფორმა  (ხელშეკრულებაში მითითებული ნასყიდობის ფასი -  112 742 აშშ დოლარი).

მოსარჩელე მხარე ასევე ამბობს, რომ მიუხედავად ხელშეკრულებებში მითითებული დაბალი ფასისა, რომელიც მათივე მტკიცებით, წილების რეალურ საბაზრო ღირებულებაზე ბევრად ნაკლები იყო, ქიბარ ხალვაშს და შპს „პანორამას“ ანაზღაურება საერთოდ არ მიუღიათ.

მოსარჩელე მხარე მიუთითებდა, რომ ხელშეკრულებით მყიდველების მიერ გადასახდელი იყო 312 739 აშშ დოლარი, თუმცა რეალურად გასხვისებული წილის ღირებულება 7 322 686 ლარი იყო.

შედეგად, მოსარჩელე ასკვნიდა, რომ ფასთა შორის მსგავსი სხვაობის გამო, გაფორმებული ხელშეკრულებები გამყიდველისათვის კაბალური იყო და ის მორალურ სტანდარტებს სცილდებოდა. მათი მტკიცებით, ქონების გასხვისება მინიმალურ ფასად გონივრულობას არის მოკლებული.

„ლიბერალი” დაინტერესდა, რა ტიპის მტკიცებულებები წარმოადგინა მოსარჩელე მხარემ იმის დასამტკიცებლად, რომ ქიბარ ხალვაშს, შპს „გეო-ტრანსსა“ და საქცემენტს“ შორის გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებები ამორალური გარიგებები იყო.

„ლიბერალთან” საუბრისას ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია აღნიშნავს, რომ მათ სასამართლოზე მტკიცებულების სახით წარადგინეს ყველა ის გარიგება, რომელიც ამ პერიოდში მოხდა; ასევე ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნა, რომელიც გასხვისების პერიოდში ტელეკომპანიის წილების ღირებულებას განსაზღვრავდა, ქიბარ ხალვაშის ახსნა-განმარტება და სხვა.

საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებისგან განსხვავებით, ყველაზე რეზონანსულად სწორედ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა იქცა. დოკუმენტი, ამორალური გარიგების დასამტკიცებლად მოსარჩელე მხარის ძირითადი, თუ არა ერთადერთი მტკიცებულება იყო.

მოპასუხე მხარე ეჭვქვეშ აყენებდა დოკუმენტის (შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის” აქტივებისა და ვალდებულებების ბუღალტრული საბალანსო ნაშთები”) ავთენტურობას, რომელიც ექსპერტიზის დასკვნის მოსამზადებლად მოსარჩელე მხარემ ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტს გადასცა. 

აღნიშნული დასკვნის ირგვლივ არსებული შენიშვნების განხილვამდე ჯერ სხვა გარემოების შესახებ უნდა აღინიშნოს.

მოპასუხე მხარე, სასამართლო განხილვებისას მიუთითებდა, რომ მიუხედავად იმისა, რამდენად რეალურ მონაცემებს ეყრდნობა ექსპერტიზის დასკვნა და რამდენად შეესაბამება სიმართლეს წილების რეალური ღირებულების შესახებ ინფორმაცია, მოსარჩელის მხრიდან ამორალური გარიგების მტკიცება მხოლოდ და მხოლოდ წილების ფასს შორის (წილების გადაფორმებისას დაფიქსირებული ფასი და წილების რეალური ღირებულება)  დისპროპორციის მონაცემების წარდგენით საკმარისი არაა.

მოპასუხე მხარე ამბობდა, რომ ქიბარ ხალვაშსა და ზემოთ აღნიშნულ ორ შპს-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებების ამორალურობა  მოსარჩელე მხარემ დამატებითი მტკიცებულებებით უნდა დაადასტუროს.

„ფასი, რომელსაც მხარეები ნასყიდობის ხელშეკრულებით აფიქსირებენ, თავისუფალი ნების გამოვლენის შედეგია. მთავარია, რომ დაცული იყოს ნების გამოვლენის თავისუფლება და არ არსებობდეს ხელშემშლელი გარემოებები - იძულება, დაშინება და ა.შ. გარიგების ამორალურობისთვის საჭიროა, მიზანი, მოტივი ან უშუალოდ შინაარსი იყოს ამორალური. აღნიშნულ ნასყიდობაში კი შინაარსი ამორალური არ არის. ასევე ვერ მტკიცდება, რომ ფასი განსხვავებულია. ფასი განსხვავებული რომც ყოფილიყო, არ შეიძლება მხოლოდ ეს გამოდგეს გარიგების ბათილობის საფუძველი. საჭიროა მტკიცება, რომ პირმა ვერ გამოავლინა ნება და ამის შედეგი იყო დაბალი ფასი”, - აცხადებს „ლიბერალთან საუბრისას მოპასუხე მხარის - შპს „ტელეკომპანია საქართველოს” ადვოკატი, დიმიტრი ძაგნიძე.

ასევე მოპასუხე მხარის - ძმები ყარამანიშვილების ადვოკატი, ზაზა ბიბილაშვილი „ლიბერალთან” საუბრისას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს,  რომ მარტო ფასით გარიგების ამორალურობა ვერ დგინდება. მისი თქმით, საჭირო იყო, რომ მოსარჩელე მხარეს სასამართლო პროცესზე იძულების შემთხვევების მტკიცებულებები მოეტანა.

მოსარჩელე მხარე საკითხთან დაკავშირებით მოპასუხისგან თვისობრივად განსხვავებულ პოზიციაზე დგას. პაატა სალია ამბობს, რომ ამორალურ გარიგებაზე ფასთა შორის სხვაობის დამტკიცება საკმარისია. ის მსგავს საკითხებზე სასამართლო პრაქტიკის შედეგებსაც იშველიებს.

„ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს საკმარისია და სასამართლო პრაქტიკაც, რომელიც ნელ-ნელა მკვიდრდება, ამას ადასტურებს. სასამართლოს ლოგიკაც ასეთია და თვლიან, რომ შემძენი მოქმედებდა დასაძრახი მოტივებით და რაღაც გარემოებების გამოიყენებით ჩაიგდო ხელში ეს ქონება. იძულება შეიძლება სასამართლოსთვის თვალნათელი არ იყოს, მაგრამ თავისთავად როდესაც ღირებულება ათჯერ და ოცდაათჯერ შეუსაბამოა, მეტყველებს იმაზე, რომ ხელშეკრულება არაკეთილსინდისიერი იყო. ჩვენმა გერმანელმა კოლეგამ გერმანული სასამართლოს გადაწყვეტილებები მოიტანა, რომლის მიხედვითაც, თუ ფასი გასხვისებულ ღირებულებას ორჯერ აღემატება, ამორალურ გარიგებად ითვლება. ეს მიდგომა არსებობს სხვადასხვა ქვეყანაში და საქართველოს სასამართლომაც დაიწყო ასეთი გადაწყვეტილებების გამოტანა”, - აცხადებს სალია.

რაც შეეხება მოპასუხე მხარის პოზიციას, წარედგინათ რამე მტკიცებულება, რაც ქიბარ ხალვაშის მიმართ ზეწოლისა და იძულების ფაქტს დაადასტურებდა, სალია ამბობს, რომ მომხდარიდან 10 წელია გასული და ვიდეოჩანაწერებისა თუ სხვა რაიმე ნივთმტკიცების მოძიება/წარდგენა, პრაქტიკულად შეუძლებელი იყო.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, როგორც მოსარჩელე მხარეს ახსნა-განმარტებაში უწერია, ქიბარ ხალვაშსა და მაშინდელი ხელისუფლების წევრების შეხვედრებთან დაკავშირებით ინფორმირებული იყო საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მაშინდელი თავმჯდომარე დიმიტრი ქიტოშვილი. ხალვაშის ახსნა-განმარტების მიხედვით, ზურაბ ადეიშვილის მითითებით მას დიმიტრი ქიტოშვილი დაუკავშირდა. მოსარჩელის თქმით, სწორედ ამ უკანასკნელის მითითებით განხორციელდა გარიგებების გაფორმება.

„ლიბერალი” დაინტერესდა, სცადა თუ არა მოსარჩელე მხარემ, რომ აღნიშნული პირი სასამართლოზე მოწმის სახით დაკითხულიყო. იქნებ მას დაედასტურებინა ასეთი შინაარსის შეხვედრის ფაქტი?

„შეიძლებოდა, რომ ქიტოშვილი მოგვეთხოვა. იგეგმებოდა კიდეც მოწმეების დაკითხვა სარჩელის მომზადების ეტაპზე, მაგრამ კომუნიკაცია ვერ დავამყარეთ. როგორც წესი, როცა მხარეს მოწმის დაკითხვა სურს, მასთან წინასწარ აქვს კომუნიკაცია. ამ გზით არ წავედით, ჩავთვალეთ, რომ ფასის წარმოდგენა საკმარისი იყო”, - ამბობს სალია.

ამორალური გარიგების დასამტკიცებლად საკმარისია თუ არა მხოლოდ ფასთა შორის დისბალანსის წარდგენა და როგორია ამ კუთხით არსებული სასამართლო პრაქტიკა - „ლიბერალმა” ამ კითხვებით სამოქალაქო სამართლის სპეციალისტს, ადვოკატ პაატა კიკვიძეს მიმართა.   

კიკვიძე ამბობს, რომ ცალსახად იმის თქმა, რომ რეალურ ღირებულებასთან შედარებით დაბალ ფასში ქონების განკარგვა ამორალურობაა, არ შეიძლება. ის ამბობს, რომ ყოველი საქმე ინდივიდუალურია, თითოეულ ფაქტორს შესაძლოა გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს; და რომ ამორალური გარიგების მტკიცების შემთხვევაში ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება პირის მიერ ნების გამოვლენას, რადგან მესაკუთრეს შეუძლია ქონების იმაზე ნაკლებად გაყიდვა, რამდენიც ის ღირს.

თუმცა როგორც ადვოკატი აღნიშნავს, „რუსთავი 2-ის” შემთხვევაში დისბალანსი მაინც ძალიან დიდია.

„ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, შეიძლება ნაკლებად ფასად გაიყიდოს, მაგრამ ამ შემთხვევაში თანხებს შორის დიდი დისბალანსია”, - ამბობს კიკვიძე.

ის ამ კუთხით საერთო სასამართლოების პრაქტიკას იხსენებს, როდესაც მოქალაქეები სახელმწიფოსთვის მათ მიერ ქონების 1 ლარად ან უსასყიდლოდ დათმობის შემთხვევებს ასაჩივრებდნენ.

„სასამართლომ იქ ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე თქვა, რომ ადგილი ჰქონდა ამორალურ გარიგებას, ანუ მაიძულებელი ფაქტორის არსებობის დამადასტურებელი საქმეში არაფერი იყო. ამ შემთხვევაში ვერ ვიტყვით, რომ ეს სწორი არ იყო, რადგან  ადამიანი რატომ მოისურვებს თავისი საკუთრების სახელმწიფოსთვის გადაცემას?!”, - ამბობს კიკვიძე.

 

ექსპერტიზის დასკვნა - მთავარი მტკიცებულება და კრიტიკის მთავარი ობიექტი

როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, მოსარჩელე მხარემ ამორალური გარიგების მტკიცება ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებულ იმ დასკვნაზე დააფუძნა, რომელსაც „რუსთავი 2-ის” წილების ღირებულება უნდა განესაზღვა.

მოპასუხე მხარის კრიტიკა ძირითადად მიმართული იყო დოკუმენტზე, რასაც ექსპერტი შოთა ივანაშვილი დასკვნის მომზადებისას დაეყრდნო.

მოპასუხე მხარის შენიშვნებით, დოკუმენტის სიყალბეზე მეტყველებდა ის, რომ დოკუმენტს 2004-2006 წლებში ხელს  „რუსთავი 2-ის“ ფინანსური დირექტორი რევაზ ბერიაშვილი აწერდა, რომელიც მათივე მტკიცებით „რუსთავი 2-ის” ფინანსური დირექტორი არასდროს ყოფილა. ეს იყო ერთ-ერთი ფაქტორი, რის გამოც მოპასუხე მხარე ხელმოწერილი დოკუმენტის  ავთენტურობას ეჭვქვეშ აყენებდა.

„ის არ არის გაცემული ბლანკზე, მას არ არტყია ბეჭედი, ხელს აწერს ვინმე რეზო ბერიაშვილი, რომელიც არასდროს ყოფილა „რუსთავი 2-ის” ფინანსური დირექტორი. თქვენ მონახავთ მეორე დოკუმენტს, რომელსაც ადამიანი ხელს აწერს იმის მიხედვით, თუ რომელ წელს იყო ფინანსური დირექტორი. ეს იმთავითვე ნიშნავს, რომ პოსტფაქტუმ არის ხელმოწერილი. თავიდანვე ვამბობდით, რომ ხელმოწერილი იყო ამა წლის სექტემბერში სპეციალურად ექსპერტიზისთვის“, - აცხადებს „ლიბერალთან“ საუბრისას მოპასუხე მხარის ადვოკატი ზაზა ბიბილაშვილი.

მოსარჩელე მხარე ბიბილაშვილის განცხადებას არ იზიარებს. როგორც ქიბარ ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია ამბობს, აღნიშნული დოკუმენტი ბერიაშვილმა ხალვაშს თავის დროზე გადასცა.

„მე მოპასუხე მხარეს პროცესზე ვუთხარი, რომ დოკუმენტის შედგენის თარიღი ზუსტად არ მახსოვდა და ამას ხალვაშთან დავაზუსტებდი. შემდეგ დავაზუსტე. ხალვაშმა მითხრა, რომ დოკუმენტი ზუსტად იმ პერიოდში იყო შედგენილი, რა დროიდანაც მასზე ზეწოლა დაიწყო და იმდროინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბრები შედგა. ხალვაშმა თქმით, მან ბერიაშვილს დაავალა, რომ ჰქონოდა დოკუმენტი, თუ რა მდგომარეობაში დატოვა კომპანია“, - აცხადებს სალია.

მოპასუხე მხარეს სასამართლო პროცესზე კითხვები ექსპერტის მიერ გამოყენებულ მეთოდოლოგიაზეც ჰქონდა. მხარე ხაზს უსვამდა, რომ ექსპერტის მიერ მოსარჩელე მხარისთვის მოთხოვნილი დოკუმენტებიდან (რომელიც მან დასკვნის მოსამზადებლად მოითხოვა) მოსარჩელე მხარემ მას მხოლოდ ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის” წესდება და უკვე ნახსენები დოკუმენტი გადასცა. მოპასუხე მხარე ამტკიცებდა, რომ აღნიშნული დოკუმენტები წილების რეალური ღირებულების განსაზღვრისთვის (რაც ექსპერტს დაევალა) საკმარისი არ იყო.

როგორც ირკვევა, ექსპერტი მოსარჩელე მხარისგან შემდეგი სახის ინფორმაციის მიწოდებას ითხოვდა: წესდება და ინფორმაცია კომპანიის საქმიანობის შესახებ, კომპანიის ბალანსი, მოგება/ზარალის და ფულადი ნაკადების მოძრაობის შესახებ ანგარიშგება, დებიტორების და კრედიტორების დეტალური ჩამონათვალი, ბალანსზე რიცხული უძრავი და მოძრავი ქონების ჩამონათვალი, ფინანასური მაჩვენებლების მომავალი 5 წლის საპროგნოზო მონაცემები, სხვა კომპანიებში წილის ფლობის შესახებ ინფორმაცია, 2004-2006 წლებში აღნიშნული კომპანიის წილების რეალიზაციის შესახებ ინფორმაცია და ბალანსები კონკრეტული თარიღის მდგომარეობით.

მოპასუხე ამბობს, რომ იმ პირობებში, როდესაც ექსპერტს მოსარჩელე მხარემ მოთხოვნილი დოკუმენტები სრულად არ მიაწოდა, თავად ექსპერტი იყო ვალდებული, რომ მას ეს დოკუმენტები ხელმეორედ მოეთხოვა, რაც არ გააკეთა.

„რომ მომეთხოვა მომიტანდნენ?" - ასე უპასუხა ექსპერტმა სასამართლო პროცესზე მოპასუხე მხარის შეკითხვას, თუ რატომ არ მოითხოვა სრული დოკუმენტების წარდგენა მოსარჩელისგან.

„ლიბერალმა” აღნიშნული კითხვით მოსარჩელესაც მიმართა, თუ რატომ არ ეცადა მხარე ექსპერტის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტების ტელეკომპანიიდან სასამართლოს ძალით გამოთხოვას და ექსპერტისთვის მიწოდებას.

პაატა სალია ადასტურებს, რომ მას სასამართლოს ძალით ამ დოკუმენტების გამოთხოვის შესაძლებლობა ჰქონდა, თუმცა ეს არ გააკეთეს, რადგან როგორც ის ამბობს, მოსარჩელე მხარისთვის ეს გარკვეულ რისკს წარმოადგენდა.

„ექსპერტმა თქვა, რომ ის პასუხისმგებლობას იხსნის, ის წერს, იმ მონაცემების მიხედვით რაც ხელთ აქვს, დანარჩენი იკითხოს მხარემ. მან დამიკვეთა. დაწერილ დასკვნას სად წაიღებს და როგორ გამოიყენებს, ეს უკვე მისი თავისტკივილია. თუ მოპასუხეს უნდოდა გაექარწყლებინა დასკვნა, წარმოედგინათ კომპანიის ბლანკზე დამოწმებული პირის ხელმოწერილი დოკუმენტი. თუმცა, ასეთი დოკუმენტის წარმოდგენა სასამართლოში ადრე თუ გვიან ვიღაცის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი გახდებოდა, და, როგროც ჩანს, ყალბი მონაცემების წარდგენა თავის თავზე არავინ აიღო. ჩვენი დოკუმენტი რომ ყალბი არ იყო, ნებისმიერ პროკურატურას შეუძლია ამის შემოწმება“, - ამბობს სალია.

სალია აცხადებს, რომ მას პროცესუალურად ყველა საჭირო დოკუმენტის გამოთხოვა ნამდვილად შეეძლო, თუმცა აღნიშნული შედეგის მომცემი არ იქნებოდა.

„გვარამია გამოვიდა და თქვა, რომ რევაზ ბერიაშვილი საერთოდ არ მუშაობდა „რუსთავი 2-ში”, ასეთივე წარმატებით იტყოდა და რომ 6-წლიანი ხანდაზმულობის ვადა გასულია და ძველი მონაცემები შენახული არ აქვთ. მართალი ხართ, შეიძლება მეცადა, მაგრამ არ ვცადე, რადგან წინასწარ ვიყავი დარწმუნებული, რომ არაფერი მოხდებოდა. ამით რა შეიცვლებოდა? რომ მეცადა და კომპანიას ოფიციალურ ბლანკზე მოეწერა ჩემთვის, რომ ჩვენ მონაცემები შენახული არ გვაქვს, ამით ჩემი პოზიცია უფრო მეტად დაზარალდებოდა. შეეძლოთ ეთქვათ, რომ კომპანიას მონაცემები შენახული არ აქვს და თქვენ საიდან მოგაქვთ ისინიო. ეს ჩემი სტრატეგია იყო, ყველა მხარე თავის სტრატეგიას აგებს, ჩვენ ვეჯიბრებით ერთმანეთს”, - ამბობს სალია.

პაატა სალია დოკუმენტთან დაკავშირებით კიდევ ერთ გარემოებას უსვამს ხაზს. მისი თქმით, როდესაც მხარე დღის წესრიგში დოკუმენტის სიყალბეს აყენებს, თავად ისაა ვალდებული,  ამტკიცოს მისი სიყალბე, თავად მას ეკისრება მტკიცების ტვირთი.

სალია აღნიშნავს, რომ მოპასუხე მხარემ შეგნებულად არ გამოიყენა პროცესუალურად მათთვის არსებული უფლებები, რომ დაემტკიცებინა როგორც ექსპერტიზის დასკვნით განსაზღვრული მონაცემების რეალურ ღირებულებასთან შეუსაბამობა, ასევე იმ დოკუმენტის სიყალბე, რომელიც ექსპერტიზის დასკვნას დაედო საფუძვლად.

მოპასუხე მხარე კი აცხადებს, მათ 19 ოქტომბრის სასამართლო პროცესზე დააყენეს შუამდგომლობა, რომ სასამართლოს მათთვის მიეცა დრო, წარმოედგინა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მომზადებული დასკვნა, თუ რამდენად საკმარისი იყო წილების შეფასების განსაზღვრისთვის ის დოკუმენტი, რაც მოსარჩელემ წარმოადგინა.

მოპასუხე მხარე ამბობს, რომ მოსამართლემ მათ ეს შუამდგომლობა არ დაუკმაყოფილა.

პაატა სალია აღნიშნულთან დაკავშირებით აცხადებს, რომ მოპასუხე მხარემ ეს შუამდგომლობა პროცედურული წესების დარღვევით წარადგინა. მისი თქმით, აღნიშნული შუამდგომლობა, „რუსთავი 2-ის“ მხარემ დააყენა, რომელიც დავის ამ ნაწილში (წილების ღირებულება) მოპასუხე მხარე არ იყო. მოსამართლის უარის მიზეზიც სწორედ ეს გახდა.

„მთავარ სხდომაზე - 19 ოქტომბერს მოდის „რუსთავი 2“ და აყენებს შუამდგომლობას დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენის თაობაზე. მოპასუხე მხარე აცხადებდა, რომ მათ დასკვნა Grant Thornton-ს დაუკვეთეს და გთხოვთ, მოგვცეთ დამატებითი ვადა, ასევე გავუგზავნეთ შეკითხვები სხვადასხვა კომპანიას, რომლებმაც წილების შესაფასებლად მოითხოვეს დრო.   

ჩვენ ვთქვით, რომ „რუსთავი 2” არ არის სუბიექტი, რომელსაც შეუძლია იდავოს წილების ღირებულების ნაწილში, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში „რუსთავი 2” ობიექტი გამოდის, დანარჩენმა მხარემ კი ხელიდან გაუშვა ეს შესაძლებლობა, რადგან არ გამოიყენეს ის 7-დღიანი ვადა, რომელიც მოსამართლემ მათ დამატებითი მტკიცებულების წარსადგენად მისცა.

ამასთან, მათ წილების შესახებ ალტერნატიული დასკვნის შედეგების წარმოდგენაზე შუამდგომლობა არ ჰქონიათ. მათ რევაზ ბერიაშვილის დაკითხვაზეც არ დააყენეს შუამდგომლობა. არ გეჩვენებათ ეს საეჭვოდ?  მე რომ ვიყო მხარე, რომელიც ვამბობ, რომ ეს დოკუმენტი არის ყალბი, და მოდით დავკითხოთ ეს ადამიანი, საიდან მოიტანა ეს ციფრები,  რა ვითარებაში, როგორ გადასცა ხალვაშს და ა.შ. ეს მოთხოვნები მათ თავად არ დაუყენებიათ.

საპროცესო კოდექსი ასევე ითვალისწინებს, დოკუმენტის სიყალბის შესახებ განცხადების დაყენებას და ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნას. მათ შეეძლოთ დაეყენებინათ ეს შუამდგომლობა, რომ დასკვნა არის ყალბი და სასამართლო წესით, ექპერტიზის მეშვეობით ეცადათ ამის დადგენა. ეს შუამდგომლობაც არ გამოიყენეს”, - აცხადებს სალია.

ქიბარ ხალვაშის ადვოკატი ამბობს, რომ სწორედ იმიტომ არ წარმოადგინეს შუამდგომლობა სათანადო პირებმა, შემდეგ ეთქვათ, რომ პროცესი მიკერძოებულად მიდის და მხარეს არ ეძლევა საშუალება, წარმოადგინოს მტკიცებულება.

„მათ, ჩემი აზრით, ჰქონდათ ასეთი ამოცანა - ყველანაირად ყოფილიყო მცდელობა ამ დოკუმენტის ეჭვქვეშ დაყენების, ოღონდ სასამართლოს არ მისცემოდა შესაძლებლობა, რომ ჩაეხედა იმ რეალურ მონაცემებში,  რომელიც „რუსთავი 2“ ჰქონდა იმ პერიოდში“, - აცხადებს სალია.

მიუხედავად იმისა, რომ საკითხი პროცედურულ ნიუანსებს ეხება, მხარეები ამ კუთხითაც სხვადასხვა აზრზე არიან.

ზაზა ბიბილაშვილი აცხადებს, რომ მოპასუხეებიდან „რუსთავი 2-ის” მხარესაც ჰქონდა უფლება, რომ წილების შესახებ დამატებითი მტკიცებულების წარმოდგენაზე დაეყენებინა შუამდგომლობა.

„მესამე მხარედაც რომ იყოს პირი საქმეში ჩართული, რომელსაც არ აქვს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა, იმ მხარესაც კი აქვს შეუზღუდავი უფლება, რომ საქმის წარმოებისას წარადგინოს ყველა ტიპის მტკიცებულება.  ამ შემთხვევაში მოსამართლემ თქვა, რომ „რუსთავი 2-ს”, რომელიც რეალურად ცენტრალური მხარეა, არ ჰქონია, მტკიცებულების წარდგენის უფლება, რადგან ესა თუ ის მოთხოვნა მას არ ეხებოდა”, - აცხადებს ბიბილაშვილი.

ზემოთ წამოჭრილ სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით პაატა კიკვიძე განმარტავს:

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2" მისი მფლობელების (პარტნიორების) წილებთან დაკავშირებული დავის ნაწილში არასათანადო მხარეა, რადგან საკუთრივ წილები კომპანიის მფლობელების კუთვნილებაა და მხოლოდ მათი უფლებაა, იდავონ ამ საკითხთან დაკავშირებით.

რაც შეეხება კითხვას, არის თუ არა საჭირო დოკუმენტის ავთენტურობისთვის კომპანიის ბეჭედი და ბლანკი? კიკვიძე ამბობს, რომ „მეწარმეთა შესახებ“ საქართელოს კანონი პირდაპირ ადგენს, რომ კერძო კომპანიას არ ევალება ბეჭდის გამოყენება. კომპანიის სახელით გაცემული დოკუმენტის ნამდვილობისთის აუცილებელია უფლებამოსილი პირის ხელმოწერა. იგივე შეიძება ითქვას ბლანკზე, კანონი კომპანიის სახელით გაცემული დოკუმენტის ნამდვილობისთვის არ ითვალისწინებს, რომ იგი მაინცდამაინც ბლანკზე უნდა იყოს განთავსებული. შესაბამისად, მარტოოდენ ბეჭდის და ბლანკის არარსებობა დოკუმენტის სისწორესა და ნამდვილობაში ეჭვის შეტანის საფუძველს არ ქმნის”, - ამბობს კიკვიძე.

რაც შეეხება მტკიცების ტვირთს, იურისტი ამბობს, რომ თუ მოპასუხე სადავოდ ხდის  ამ თუ იმ მტკიცებულებას, მაშინ საჭიროებს ის სიღრმისეულ კვლევას და მოპასუხისგან დამატებით სხვა მტკიცებულებებით დადასტურების აუცილებლობას.

ადვოკატი საუბრისას ასევე ხაზს უსვამს, რომ როდესაც მხარეს აქვს შესაძლებლობა მის მიმართ წარმოდგენილ მტკიცებულებას საწინააღმდეგო დაუპირისპიროს და ის ამ საშუალებას არ იყენებს, აღნიშნული მისი პოზიციის სიმტკიცის თვალსაზრისით სერიოზულ ეჭვებს ბადებს, რაც საბოლოო ჯამში მოსამართლის შინაგანი რწმენაზე ახდენს გავლენას.  

„თუ პროცესის მონაწილე მხარეს აქვს ისეთი მტკიცებულება, რომელიც აქარწყლებს მოწინააღმდეგის მიერ წარმოდგენიულ დოკუმენტს, რატომ არ უნდა წარადგინოს იგი სასამართლოში?“, - აცხადებს კიკვიძე.

რაც შეეხება უშუალოდ ექსპერტთან დაკავშირებულ შენიშვნებს, კიკვიძე ამბობს, რომ ექპერტი არ იყო ვალდებული, შეემოწმებინა დოკუმენტის სისწორე.

„გააჩნია ექსპერტს შეკითხვას როგორ დაუსვამენ. თუ დამკვეთმა კითხვა ასე დაუსვა, რომ ჩემ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტებით განსაზღვრე ფასი, ექსპერტი აღარ ასწორებს ამ დოკუმენტების სისწორეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ექსპერტიზის ეს დასკვნა უტყუარი და უდავოა. ეს უკვე მოსარჩელის პრობლემაა.  თუ მოპასუხე ცდილობს, რომ გააქარწყლოს ეს დასკვნა, მაშინ უნდა მოიტანოს ალტერნატიული მონაცემები ან მოითხოვოს ექსპერტიზის  ჩატარება. როცა ამას არ აკეთებს, ეს უკვე დამაფიქრებელია”, - აცხადებს კიკვიძე.

რაც შეეხება მოსარჩელე მხარის პოზიციას, რომ მათ რისკის არსებობის გამო არ გამოითხოვეს ექსპერტიზის დასკვნისთვის ყველა მოთხოვნილი დოკუმენტი, პაატა კიკვიძე აღნიშნული რისკის არსებობას ადასტურებს. მისი თქმით, მხარეს შესაძლოა გაენადგურებინა ეს დოკუმენტი.

„საკუთარი ინტერესების დაცვის სტრატეგიის ნაწილია ის, რომ მოპასუხე მხარემ შესაძლოა გაანადგუროს ესა თუ ის მტკიცებულება და ამით მოსარჩელე მხარეს მოუსპოს ამ დოკუმენტებში ასახული მონაცემების ხელმისაწვდომობა. ასეთ შემთხვევაში კი, მოსარჩელე ამ მტკიცებულებების მოპოვებისა და სასამართლოში წარდეგნის სურვილის დაფიქსირებით პრაქტიკულად იმძიმებს მტკიცების ტვირთს. ის ერთგვარად ეჭვქვეშ აყენებს მის ხელთ არსებულ დოკუმენტს. კერძო კომპანიაში დოკუმენტბრუნვა და შიდა საქმისწარმოება უფრო არაკონტროლირებადია, ვიდრე საჯარო დაწესებულებებში, რაც ზრდის ასეთი დოკუმენტის განადგურების, გადამალვისა თუ არგამოჩენის ალბათობას“, - ამბობს კიკვიძე.

 

არაკეთილსინდისიერება - ვისზეა მტკიცების ტვირთი

მოსარჩელე მხარე მე-6 სასარჩელო მოთხოვნას, რომ მომხდარიყო „რუსთავი 2-ის” პარტნიორების წილების რეგისტრაციის გაუქმება და „რუსთავი 2"-ის წილების მესაკუთრეებად ქიბარ ხალვაშის 60%-ის და შპს "პანორამას" 40%-ის ცნობა, შემძენების არაკეთილსინდისიერების მტკიცებით ითხოვდა.

უფრო ცალსახად რომ ვთქვათ, მოსარჩელე მხარე აცხადებდა, რომ „რუსთავი 2-ის” დღევანდელი მეწილეები არაკეთილსინდისიერი შემძენები არიან, რადგან კანონის მიხედვით, კეთილსინდისიერად არ ჩაითვლება შემძენი, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა, რომ გამსხვისებელი არ იყო მესაკუთრე.

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ ლევან ყარამანაშვილს წილების შესყიდვის მომენტში უნდა სცოდნოდა რომ რაღაც პრობლემები შეიძლებოდა ყოფილიყო. სააპელაციო სასამართლო მიუთითებს - გონივრული წინდახედულების ფარგლებში, მოიკვლია თუ არა შემძენმა ამ უფლების ნამდვილობა”, - ამბობს სალია.

მოსარჩელე მხარე ახსნა-განმარტებაში მიუთითებდა, რომ კეთილსინდისიერი შემძენი ვერ გახდება ნივთის მესაკუთრე, თუ ეს ნივთი მესაკუთრემ დაკარგა, მას მოჰპარეს, ან მისი ნების წინააღმდეგ სხვაგვარად გავიდა მისი მფლობელობიდან, ანდა შემძენმა ის უსასყიდლოდ მიიღო.

„რუსთავი 2-ის” დღევანდელი მესაკუთრეების არაკეთილსინდისიერების დასამტკიცებლად კი მოსარჩელე მხარემ „რუსთავი 2-ის წილების გასხვისების ქრონოლოგია წარადგინა.

მოსარჩელე მხარე ამბობდა - ქრონოლოგიიდან ჩანს, რომ ერთი და იგივე პირები წილებს  სხვადასხვა დროს ფლობდნენ.

„ჩვენ გვქონდა წარდგენილი ხელშეკრულებები, რომლებიც ეჭვს აჩენს. თუ წაიკითხავთ ამ ხელშეკრულებებს ნახავთ, რომ იურიდიულ და ფიზიკურ პირს შორის, ყოველთვის წერია, რომ თანხა გადახდილია წინასწარ.

„მაგალითად ბოლო ტრანზაქციებს მოვიტან. ლევან ყარამანშვილს აქვს 90% წილი კომპანიის, რომელმაც 2012 წლის 4 ოქტომბერს 40% კომპანია “კეზერონს” მიჰყიდა, რომლის 100% მფლობელია კეზერაშვილი და რომელიც 2 დღით ადრე დააფუძნეს. ხელშეკრულებაში წერია, რომ ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტისთვის თანხა გადახდილია ნაღდი ანგარიშსწორებით. ყიდულობს კეზერაშვილი. ზუსტად 5 დღეში კი მას მისგან გიორგი ყარამანშვილი (ლევან ყარამანაშვილის ძმა) ყიდულობს ზუსტად იმავე ფასად, რა ფასადაც ლევან ყარამანაშვილმა მიჰყიდა “კეზერონას”. ვსვამ შეკითხვას - ერთი ძმა თუ დაინტერესებულია ტელეკომპანიის წილების ყიდვით, რაღა იმას ელოდება მისი ძმა კეზერაშვილზე როდის გაყიდის, რომ მერე 5 დღის შემდეგ ისე კეზერაშვილისგან იყიდოს.

ეს ხელშეკრულებები იმასაც ადასტურებს, რომ არსად ჩანს რა გადაიხადეს და როგორ. ბევრ ხელშეკრულებაში ფასი საერთოდ მითითებული არაა”, - ამბობს სალია.

მოპასუხე მხარე კი აცხადებს, რომ მათ კეთილსინდისიერებას საჯარო რეესტრის პრეზუმფცია ადასტურებს.

„მხარემ თქვა, რომ სადავოდ ხდიდნენ ჩვენს კეთილსინდისიერებას. ოღონდ სადავოდ ხდიდნენ ზეპირად. ისინი ამბობენ, რომ არ ვართ კეთილსინდისიერნი. ამიტომ ჩვენ უნდა ვამტკიცოთ ჩვენი კეთილსინდისიერება. ეს იმთავითვე შეუძლებელია”, - ამბობს ბიბილაშვილი.

მისი თქმით, სტანდარტის მიხედვით, უნდა იყოს გასაჩივრებული საჯარო რეესტრის ჩანაწერი, რომლის საფუძველზეც ყარამანიშვილებმა წილი შეიძინეს. ბიბილაშვილის თქმით, მოსარჩელე მხარემ არცერთი ასეთი ჩანაწერი არ გასაჩივრა.

„ამასთან, მხარე ამბობს, რომ ყარამანიშვილებს უნდა სცოდნოდათ, რომ ჩანაწერი არაზუსტი იყო. ყარამანიშვილებმა ეს არ იცოდნენ. საქმიდან გამომდინარე არც დასტურდება, რადგან არ იცოდნენ. რა უნდა სცოდნოდათ? სიყალბე და უზუსტობა ჩანაწერის პროცესზე არ დადასტურებულა. მხარემ ვერანაირად ვერ დაადასტურა, რომ რაღაც ეტაპზე საჯარო რეესტრის ჩანაწერი არასწორი იყო”, - აცხადებს ბიბილაშვილი.

სალია მის არგუმენტზე კი ამბობს, რომ როდესაც მხარე სადავოდ ხდის შემძენის კეთილსინდისიერებას, მტკიცების ტვირთი მხოლოდ მასზე არაა და ორივე მხარემ უნდა ამტკიცოს.

მისი თქმით, არცერთი მტკიცებულება მოპასუხის მხრიდან თუნდაც გადახდის ერთი ქვითარი, რომელიც დაადასტურებდა, რომ რომელიმე მესაკუთრემ ეს წილი შეიძინა და ნამდვილად გადაიხადა თანხა, საქმეში წარმოდგენილი არ იყო.

აღნიშნულთან დაკავშირებით, აღსანიშნავია ისიც, რომ საგაზეთო პუბლიკაციები სასამართლომ საქმის მტკიცებულებიდან ამორიცხა. მიზეზად კი მოსარჩელე მხარის მიერ პუბლიკაციების დედნების წარდგენის პროცედურების დარღვევა იყო.

პუბლიკაციებით მოსარჩელე მხარეს სურდა დაემტკიცებინა, რომ ქიბარ ხალვაშისთვის წილების იძულებით დათმობის შესახებ ინფორმაცია საჯაროდ იყო გავრცელებული.

პაატა კიკვიძის თქმით, სამოქალაქო დავაში მოსარჩელეს ყველა შემთხვევაში აკისრია მტკიცების მოვალეობა, რადგან დავის ინიციატორი ის არის, ყველა შემთხვევაში მოსარჩელე ვალდებულია ამტკიცოს ის, რასაც უთითებს.

რაც შეეხება საკითხს, თუ როდის ერთვება მოპასუხე მტკიცებაში - კიკვიძე ამბობს, რომ ეს ხდება მაშინ, როდესაც მოსარჩელე მხარე რაღაცა დოზით მაინც ამტკიცებს/ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნას.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში თუ მოსარჩელის მტკიცება რაღაცა დოზით ეჭვებს მაინც იწვევს, ამ შემთხვევაში მოპასუხეს უკვე ერთვება მტკიცების ტვირთი.

არის თუ არა შემძენი ვალდებული ქონების შეძენისას მოიკვლიოს წინა შესყიდვები  - კიკვიძე ამბობს, რომ ვალდებულება როგორც ასეთი შემძენს არ აქვს, რომ წილების, საკუთრების შეძენისას წინარე გადაყიდვები ასე სიღრმისეულად შეისწავლოს, თან იმ პირობებში, როდესაც საჯარო რეესტრის ინსტიტუტი არსებობს.

„წილების შემთხვევაში არსებობს რეესტრის პრეზუმფცია. ხოლო თუ არსებობს რაიმე ობიექტური გარემოება, რომელიც მიქმნის ვიღაცის არაკეთილსინდისიერების ფაქტის ცოდნის საშუალებას, მაშინ მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს, რომ ამ ობიექტური საშუალებებით მოპასუხეს შეეძლო ამის ცოდნა.

ცოტა რთულია, მოპასუხეს დაავალო ამტკიცოს, რომ კეთილსინდისიერი შემძენია. მოპასუხეს არ ევალება, შემძენის საკუთრების შეძენის დოკუმენტის შემოწმება, მაგალითად იმ ნასყიდობის ხელშეკრულების შემოწმება, ვისგანაც იყიდა. მტკიცების თემა მაინც რთულია. მაშინ ეს საყოველთაოდ ცნობილი ფაქტი უნდა იყოს, რაც სასამართლომაც უნდა დაადასტუროს”, - ამბობს კიკვიძე.

კიკვიძე ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ყველა საქმე ინდივიდუალურია და კონკრეტული შეფასებების გაკეთება, მაშინ როდესაც საქმის მასალებს არ იცნობ, რთულია.

აღნიშნულიდან გამომდინარე ადვოკატი ამბობს, რომ როდესაც არის გადაყიდვები, თან საეჭვო მონაცემებით, ქრონოლოგიაა მოკლე ვადებში, ფასი, გარიგების ფორმალური მხარე, - მოვლენათა ეს ერთობლიობა უნდა შეფასდეს ერთად, შეჯერებულად და მხარეებს უნდა „ვამტკიცებინოთ მათი კეთილსინდისიერება”.

„თუ ბევრი ფაქტორი ემთხვევა ერთმანეთს - ფასი, გადაყიდვები, ეს ნამდვილად არის საფუძველი ეჭვი შევიტანოთ კეთილსინდისიერებაში. უკან გამოყიდვის თემა კი ძალიან მნიშვნელოვანი თემაა, თან დროის მოკლე პერიოდში”, - ამბობს კიკვიძე.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^