დღეს, ალბათ, გულწრფელი მხარდამჭერებიც კი აღიარებენ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაშვებულ შეცდომებს; იმას, რომ ამ შეცდომებმა ის ზღვარი გადალახა, რომელსაც ადამიანის ღირსების კონცეფცია განსაზღვრავს.
ამავდროულად არსებობს მოსაზრება, რომ ცხრაწლიანი „ინციდენტი“ ამოწურულია; რომ პოლიტიკური ცხოვრება - ისე, თითქოს არაფერი მომხდარა - ახალი ფურცლიდან უნდა დავიწყოთ; რომ ყოფილმა მმართველმა ელიტამ 2012 წლის ოქტომბერში უკვე არჩევნების შედეგებით მიიღო პასუხი თავის შეცდომებზე; ამომრჩევლის განწყობა იყო ის, რამაც წერტილი დაუსვა მოვლენებს.
ეს პოზიცია ბუნებრივად აჩენს კითხვებს: მიიჩნევა თუ არა საკმარისად და ადეკვატურად ამომრჩევლის მხარდაჭერის დაკარგვა, როგორც პასუხი რეჟიმზე, იმაზე, რაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მმართველობის პერიოდში გააკეთა? იმსახურებს თუ არა ჩვენგან რეჟიმის ქმედებები უფრო მკვეთრ რეაქციას, ვიდრე არჩევნებში პოზიციის მათ საწინააღმდეგოდ დაფიქსირებაა?
თუ ამ კითხვებზე პასუხი დადებითია, და ეს უეჭველად ასეა, მაშინ როგორ უნდა მოვიქცეთ? უნდა აღვადგინოთ თუ არა სამართლიანობა, სადაც სამართლიანობის აღდგენა მკაცრი სამართლებრივი შედეგების დადგომას ნიშნავს? მინდა, მკაფიო იყოს ის, რომ ვსაუბრობ უფლებადამრღვევი რეჟიმის მიმართ გასატარებელ ღონისძიებებზე და არა უფლებადარღვეულის უფლებებში აღდგენის მექანიზმებზე, რაც პირველისგან პირდაპირ არ გამომდინარეობს. სასჯელი, უმთავრესად, სოციალური ერთობის პასუხია დამნაშავის მიმართ და არა მსხვერპლის დაკმაყოფილება. ამ უკანასკნელის ინტერესის დაკმაყოფილება, მცირე გამონაკლისის გარდა, უმთავრესად დამნაშავის იდენტიფიცირებასა და კომპენსირებაში გამოიხატება.
უნდა გავაცნობიეროთ, რომ ლაპარაკია რეჟიმის შეცვლასა და პოსტრევოლუციურ სტრატეგიაზე და არა სახელმწიფო მოხელეების მიერ ჩადენილი კანონდარღვევების რუტინულ შემთხვევებზე. ეს ორი რამ ერთმანეთისგან განსხვავდება. პირველ შემთხვევაში რეჟიმის ლოგიკა მეტ-ნაკლები ინტენსივობით ადამიანის ინსტუმენტალიზაციაა, მეორე შემთხვევაში იგივე ქმედება _ დევიაცია.
სწორედ ამ მეორე შემთხვევაში ერთმნიშვნელოვანია, რომ ამგვარი დევიანტების მიმართ უნდა გატარდეს ჩვეულებრივი სამართლებრივი ღონისძიებები. ეს კანონიერ ჩარჩოში დააბრუნებს გადახვევას, რითაც ნორმალური სოციალური ცხოვრება აღდგება. რეჟიმის შემთხვევაში ჩვენ რაღაც სპეციფიკურთან გვაქვს შეხება, ისეთთან, რასაც ორდინარულ პასუხებს ვერ გავცემთ. აქ პირიქით არის საქმე, ადამიანის ღირსების შელახვა წესია, მისი აღიარება - შემთხვევითობა. რეჟიმი საკუთარ მსახურებს არ უტოვებს სხვა შანსს, აქ ბოროტება ბანალურდება. ასეთ დროს რთულია, იპოვო დამნაშავე, რომელსაც გონივრულად დაუსაბუთებდი, რომ ექსკლუზიურად მიუძღვის ბრალი მომხდარში. რეჟიმი პოლიტიკური ინციდენტია და არა სამართლებრივი. ამდენად, არასწორ გზაზე დგება ყველა, ვინც ცდილობს, ლეგალისტური ამოხსნა მოუძებნოს არსებულ შემთხვევას. ეს მცდელობები ორ შედეგს მოიტანს: ან დისკრიმინაციას, ან პოლიტიკურ დევნას. ამის მიზეზი ერთია, პოლიტიკურ შემთხვევას მხოლოდ იურიდიული საზომებითა და მექანიზმებით ვერ მივუდგებით.
ძალადობრივ აქტში, ხოლო სამართლიანობის აღდგენა ნებისმიერ შემთხვევაში ძალადობრივი აქტია, მოძალადე უნდა გამოვკვეთოთ. ნებისმიერ ჩვენგანს ძალადობრივი აქტი ძრწოლას გვგვრის, მაგრამ ფუნდამენტურ შეცდომას ვუშვებთ, როდესაც მოვლენების აღქმისას საყოველთაოდ გავრცელებულ შაბლონს ვიყენებთ და გვგონია, რომ ჩვენი ემოციები მაინცდამაინც მსხვერპლისკენ არის მიმართული. თუმცა ძირისძირში თუ ჩავყვებით, დავინახავთ, რომ ძალადობის აქტში შემჩნევას იმსახურებს არა მხოლოდ ის, თუ რას უშვრება მოძალადე მსხვერპლს, ანაც რას უშვრება ძალადობა მას, ვის მიმართაც არის ეს ძალადობა მიმართული, არამედ: რას უშვრება თავს მოძალადე; უპირველეს ყოვლისა, რას უშვრება ძალადობა მოძალადეს.
ამგვარად, როდესაც რეჟიმის გასამართლებასა და სამართლიანობის აღდგენაზე ვსაუბრობთ, უნდა ვაღიაროთ, რომ თუ გვინდა თანაზომიერი პასუხი გავცეთ წარსულის ქმედებებს, თუ გვინდა, ჩვენი რეაქცია გასაგები იყოს მოძალადისთვის, მოგვიწევს, ვილაპარაკოთ მისსავე ენაზე, ვილაპარაკოთ მისივე მეთოდებით, თუმცა ამით ვკარგავთ საკუთარი თავის დანახვის შანსს და ვერ ვემიჯნებით რეჟიმს. ამ დროს წრეზე ვიწყებთ სიარულს.
ამ წრის გარღვევა მხოლოდ დრამატული არჩევანით არის შესაძლებელი, არჩევანით შეფასებასა და სამაგიეროს მიზღვას შორის.
თეოდორ ადორნო, რომელმაც თავის თავზე განიცადა ჰიტლერის რეჟიმი, მეორე მსოფლიო ომში დამარცხებული ნაცისტური გერმანიის სამომავლო ბედის საკითხს ასე უყურებდა: „ორგვარი პასუხის გაცემა შემიძლია. ერთი: არაფრის ფასად არავითარ შემთხვევაში არ მინდა, ვიყო ჯალათი, ან კანონიერი უფლება მივანიჭო ჯალათებს და მეორე: არავის, მით უმეტეს, კანონის აპარატით არ მსურს, შევუშალო ხელი, ვინც კი მომხდარზე შურს იძიებს.“
შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ადორნოს არჩევანის გაკეთება არ უნდა. თითქოს, არ უნდა, იცოდეს, რა ხედვა აქვს საკითხის მიმართ, პოზიციის დაფიქსირებას გაურბის. თითქოს, არ სურს საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა, ან უარესი, იცის თავისი სურვილები, აცხადებს მას, მაგრამ სხვისი ხელით უნდა ნარის მოგლეჯა. სინამდვილეში კარგად ესმის, რომ მისი ეს პოზიცია წინააღმდეგობრივი და არადამაკმაყოფილებელია. თუ კანონით ხელს არ შეუშლი შურისგებას, განა ეს ჯალათებისთვის დასჯის კანონიერი უფლების მინიჭებას არ ნიშნავს? ან თუ შურისძიებას წინ არ აღუდგები, მაშინ, თავადაც ხომ მიგიძღვის წვლილი ამ შურისძიებაში?
აქ ადორნოს სურს, სასაცილოდ აიგდოს, როგორც სამართლიანობის აღდგენის თეორია, ისე მისი განხორციელების შესაძლებლობა. ადორნო ჭვრეტს ამის შეუძლებლობას და ამბობს, რომ შეცდომა შესაძლოა არა ამგვარ პასუხში, არამედ თავად დასმულ კითხვაში იყოს. რადგან „სამართლიანობის აღდგენა“, ყოველ შემთხევაში იმ აზრით, რა აზრითაც ის ხურდის დაბრუნებას გულისხმობს, დანაშაულებრივი ქმედებების დაუსრულებელი აქტების ერთობლიობაა. ყოველი „სამართლიანობის აღდგენა“ წარმოშობს რეალობას, რომელიც, თავის მხრივ, მოითხოვს „სამართლიანობის აღდგენას“, ის _ ხელახლა და ასე დაუსრულებლად.
ამ პირობებში ერთადერთი ადეკვატური ნაბიჯია, გავემიჯნოთ ტრადიციულ და ნაცად გზებს. შევაფასოთ რეჟიმის, როგორც იურიდიული, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით დანაშაულებრივი ქმედებები, მაგრამ ისე, რომ უარი ვთქვათ ცალკეული სუბიექტებისთვის სამართლებრივ შედეგებზე. ეს არ ნიშნავს რეჟიმის მიმართ რადიკალური პოზიციების დემონიზებასა და უარყოფას, დამოკიდებულებისა და ცნობიერი მიმართების სიმკვეთრეზე უარის თქმას. ეს ნიშნავს ქმედების იმგვარი მექანიზმების გამოყენებას, რაც არ იქნება გაგებული, როგორც სამაგიეროს მიზღვა. ეს არის სისხლის აღების ჯაჭვის არაბუნებრივი წყვეტა. ბოლოს და ბოლოს რომელიმე მხარემ ხელი უნდა აიღოს იმ ხერხზე, რისი შედეგიც, საბოლოო ჯამში, ნულოვანია და რამე სხვა მოიფიქროს, მაგრამ ეს ყოველთვის დატოვებს მასში დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას. თუმცა ეს მსხვერპლია, მომავალ ჯანსაღ სოციალურ მიმართებებს რომ ეწირება.
ამგვარი ხედვა მოითხოვს როგორც რევანშისტულ, ისე იგნორანტულად შემწყნარებლურ პოზიციებზე უარის თქმას. ჩვენ ერთმნიშვნელოვნად უნდა განვაცხადოთ, რომ მცდარია მოსაზრება, თითქოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ კათარზისისთვის საკმარისი წინაპირობაა არჩევნებში დამარცხება. ამავდროულად, მცდარია მოსაზრებაც, რომელიც ყოფილი ხელისუფლების წინააღმდეგ იმავე მიზნით ახალი რეჟიმის რეპრესიული მექანიზმის მიმართვას გვისახავს. წინა მმართველმა გუნდმა უნდა იცოდეს, რომ მათი პოლიტიკაში არსებობა მოქალაქეების არჩევანია და არა მათი დამსახურებული ადგილი, რომ მათ ნებით თქვეს უარი ამ გზაზე და არა სამართლიანობის იძულებით, რომ ჩვენი ამგვარი პასუხის მიზეზი ჩვენივე თავია, მოქალაქეები ამას საზოგადოებრივი განვითარების მომავლისთვის ვაკეთებთ.