დავიწყოთ ბოლო მოვლენებიდან. გუშინ თქვით, რომ შეხვდით ზალიკო უდუმაშვილს, მაგრამ მისგან თანხმობა არ მიგიღიათ (გითხრათ რომ მოიფიქრებდა). ამის მიუხედავად, თქვენ მიხვედით სანოტარო ბიუროში და ნოტარიუსს მინდობილობა ცალმხრივად დაამოწმებინეთ. ფაქტის წინაშე დააყენეთ უდუმაშვილი?
ფაქტის წინაშე დაყენება მაშინ იქნებოდა, ეს ამბავი სრულიად მოულოდნელი რომ ყოფილიყო. არ ველოდი ასე სწრაფად და დაუფიქრებლად უარის მიღებას. ჩვენი ამოცანა კონფლიქტური სიტუაციის თავიდან აცილება იყო. როცა გვეუბნებიან, რომ არ გცნობთ და მეორე მხრივ გვეუბნებიან, რომ პასუხისმგებლობა ჩვენზეა, ეს მორიგი გამწვავების მცდელობაა. ამ ხალხს ისევ სურს, რომ მოვლენები კონფორნტაციული სცენარით განვითარდეს. ჩვენ პირველივე დღეს ვთქვით, რომ უნდა გაირკვეს არის თუ არა სწორი ეს გადაწყვეტილება და შევთავაზეთ დაესახელებინათ მათთვის მისაღები პირი. მე ჩავთვალე რომ ზაალ უდუმაშვილი მათთვის მისაღები იქნებოდა.
თქვენ 5 ნოემბრის განჩინებასთან დაკავშირებული შენიშვნების ნაწილი, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან გაჟღერდა, ნაწილობრივ გაიზიარეთ. კერძოდ ის მონაკვეთი, რომელშიც მოსამართლე მედიის ობიექტურობას ეხება. სპეციალისტთა ნაწილი ფიქრობს, რომ მოსამართლე ურთმელიძის განჩინება არაკონსტიტუციურია.
ჩვენი მხარე დარწმუნებულია, რომ არანაირი გადაცდომა არ ყოფილა და მოსამართლემ კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედა. გასაგებია რასაც მიკერძოებული მხარე ამბობს, მაგრამ არსებობს მეტ-ნაკლებად დაუინტერესებელი სპეციალისტები. ჩვენ მათ შევხვდით. ყველა მათგანი ფიქრობს, რომ მედიის ობიექტურობასთან დაკავშირებული ჩანაწერი სარისკოა, რადგან ეს შესაძლოა პრეცენდენტი გახდეს. ჩვენ ვიზიარებთ ამ მოსაზრებებს და იმედია ეს ნაწილი ჩასწორდება.
როდის გითხრათ ქიბარ ხალვაშმა, რომ მოგების შემთხვევაში 50%-ს გადმოგცემდათ?
პირველი ინსტანციის სასამართლო დავის დასრულების შემდეგ შედგა შეხვედრა, პრინციპულად დავაფიქსირეთ პოზიცია - თუ თანახმა ხარ ჩვენ პირობებზე, ხომ კარგი, თუ არადა, მოიგე და მერე ჩვენ ვიდავებთ შენთან.
სანამ წილებზე დავიწყებდით საუბარს, პირველი შეკითხვა იყო, რა უნდოდა ამ ტელევიზიისგან. ძალიან ბევრ თემაზე ვისაუბრეთ. მათ შორის ჟურნალისტურ თავისუფლებაზე. მისი ხედვები გვაინტერესებდა. ჩვენი ურყევი პოზიციაა, რომ ტელევიზია არ უნდა იყოს პარტიული. უნდა იყოს დამოუკიდებელი, კრიტიკული და მაქსიმალურად დისტანცირებული პოლიტიკური ძალებისგან. ამის წინაპირობა კი ფინანსური დამოუკიდებლობაა. კომერციულად წამგებიან არხს კომპრომისებზე წასვლა უწევს. ხედვები აბსოლუტურად დაემთხვევა. ამ საუბრის შემდეგ მნიშვნელოვან ეტაპზე გადავედით. მიხარია და მომწონს, რასაც ამბობს. თუმცა მე ვუთხარი, რომ წილს არ ვეკიდებოდი, ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო გარანტია, რომ ცალმხრივად გადაწყვეტილებები არ მიიღებოდა. გადაწყვეტილებებს მივიღებთ ხმათა უმრავლესობით, რაც ნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ორივე მხარესთან შეთანხმებული უნდა იყოს.
აქვე ხაზგასმით მინდა აღვნიშნო მათთვის, ვინც ამბობს, რომ ეს გარიგებაა: მე ამ შეთანხმებას არ ვუყურებ როგორც გარიგებას, ან საჩუქარს ქიბარისგან. მე ამას ვუყურებ ქიბარის მხრიდან როგორც აღიარებას იმისას, რომ ჩვენ 2004 წელს უსამართლოდ მოგვექცნენ. არცერთი მხარეს მსგავსი რამ არ გაუკეთებია. არცერთისგან არ მომისმენია სინანული. დავაკვირდეთ სასამართლო პროცესს. მეორე მხარის ადვოკატებს, თავისუფლად შეეძლო ეთქვათ ქიბარისთვის - როგორ მიიღე ტელევიზიაო. ყველაზე სუსტი წერტილი ქიბარისთვის შეიძლება ეგ აღმოჩენილიყო. მაგრამ არ ჩავიდნენ იმიტომ, რომ ამ ქექვის ბოლოს დავხვდებოდით ჩვენ. მათ არ აწყობთ სიმართლის თქმა.
ყველაზე მეტად ის მწყინს რომ „რუსთავი 2-ის“ ძალიან ბევრი მხარდამჭერი იმავე ლაპარაკობს. საიდანღაც ჭრიან ისტორიას და იმავეს ამბობენ. რაზე ვლაპარაკობთ, მეგობრებო? ვისია ეს ტელევიზია? არც ერთს არ უნდა ქვევით ჩასვლა. ვხედავ, რომ თვალთმაქცობენ და არ ამბობენ სრულ სიმართლეს; რომ ეს ყველაფერი ეკუთვნოდა იმ ხალხს, ვინც ეს ტელევიზია 20 წლის წინ შექმნა და მასში 10 წლის შრომა ჩაღვარა. მხარეებს თავი დავანებოთ. არცერთს არ დასცდენია სიმართლე. რეალობა კი ასეთია ქიბარი ერთადერთია, რომელმაც სიტყვით კი არა საქმით დამიმტკიცა, რომ ჩვენ მიმართ ჩაიდინეს უსამართლობა.
თავიდან პაატა სალიამ მხოლოდ რევაზ საყევარიშვილზე წარადგინა განცხადება. მეორე დღეს კი შეიტანა მეორე განცხადება, სადაც დროებით მმართველად თქვენს დანიშვნასაც ითხოვდა. რატომ გამოჩნდით პირველი ინსტანციის სასამართლოს დასრულების შემდეგ? რატომ არ დაელოდეთ დავის დასრულებას?
თავიდან, როცა წილებზე ვისაუბრეთ, ვუთხარით - ჯერ მოიგე და ამ თემაზე მერე ვილაპარკოთ. სიტუაცია შეცვალა მოვლენებმა, რომელიც განვითარდა; მცდელობებმა, რომ თითქოს არეულობა უნდა მოხდეს - ბარიკადები უნდა მოაწყონ. სურათი მარტივია. ნაციონალური მოძრაობის ექსტრემისტულ ფრთას ამოცანა აქვს, რომ რადაც არ უნდა დაუჯდეთ, „რუსთავი 2“ უნდა შეინარჩუნონ. პატარა ექსკურსს გავაკეთებ. 2012 წელს, როცა არჩევნების გზით ხელისუფლება შეიცვალა, ბიძინამ ყველას მოუწოდა, სასამართლოში წასვლამდე მოლაპარაკებები სცადეთო. მე ვიცნობდი გოგი გეგეშიძეს, რომელიც „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთი მეწილე იყო. მივედი გოგისთან. ის ენთუზიაზმით მოეკიდა ამ ამბავს და შემპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა. ორ დღეში მითხრა პასუხი, ანუ გადმომცა სხვა მფლობელების მესიჯი - რომ ჩვენ „ტელეიმედი“ დავთმეთ, მაგრამ აქ ვართ გამაგრებული; რომ ჩვენთვის „რუსთავი 2“ ბასტიონია; აქ გავმაგრდებით და კბილებით დავიცავთო.
პასუხი სრულიად ნათელი იყო. მერე რამდენიმე დღეში ტელევიზორით ვიგებთ, რომ მფლობელი კეზერაშვილი გახდა. 2 საათში მირეკავს გოგი, კეზერაშვილს შეხვედრა უნდაო. მოვიდა კეზერაშვილი და დაგვიწყო ფულად კომპენსაციაზე საუბარი. ჩვენ ვუთხარით რომ ჩვენ დაბრუნება გვინდოდა. ბოლოს მან გვითხრა, რომ მაშინ მასთან გვექნებოდა საქმე. ამ შეხვედრიდან 2 დღეში ისევ გამოვიდა თამაშიდან. ამას იმიტომ ვყვები, რომ ახლა „რუსთავი 2-ი“ მათთვის უფრო მნიშვნელოვანი გახდა. ეს არის ის, რასაც ებღაუჭებიან, რომ პოლიტიკურ სცენაზე გავლენის ბერკეტი ჰქონდეთ. სცენარი, რომელიც ფარული ჩანაწერებით მოვისმინეთ, მათი ერთადერთი შანსი იყო, არეულობის გამოსაწვევად. ახლა მეკითხებით, რა ხიფათს ხედავო. დავანებოთ ტექნიკას თავი - ტექნიკა იმდენად მოძველებულია, რომ ყელაფერი განსაახლებელია. სხვათაშორის ქიბარს მის განსაახლებლად ინვესტიციაზეც ვესაუბრე.
მე ვხვდები „რუსთავი 2-ის“ თანამშრომლებს და ყველაზე მეტად მათი ბედი მადარდებს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე დროზე ადრე გამოჩენა და თამაშში შემოსვლა. გული მიგრძნობს, რომ ბევრი აფათურებს ხელს ამ პროცესში. მგონია, რომ ამ არეულ წყალში ვიღაცები ცდილობენ რაღაც დაიჭირონ და სარგებელი ნახონ. თუ ვინმე პოლიციის ძალით იქ შესვლას გადაწყვეტს, პირველი მივდივარ და ვდგები იმ ბავშვების მხარეს.
ფიქრობთ რომ დვალის “ფაქტორი” ბევრს შეაცვლევინებდა პოზიციას მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით?
თუ იმაზე ვსაუბრობთ, რომ დვალის გამოჩენით ვიღაცებისთვის ეს სიტუაცია მისაღები გახდა - არ ვიცი. დვალისთვის პროცენტის დათმობა ზოგიერთის თვალში არის გარანტია, რომ ტელევიზია ერთი პარტიიდან მეორე პარტიის ხელში არ გადავა. მიხარია, რომ სჯერათ ჩემი. ამიტომ ჩემთვის პრინციპული იყო, ქიბარს გაეჟღერებინა ეს შეთანხმება და ეთქვა, რომ მე მისი სრულუფლებიანი პარტნიორი ვარ. ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეს იყო. ძალიან ბევრი „რუსთავი 2-ის“ თანამშრომლის პოზიცია ვიცი, რომ ყელში აქვთ ამოსული პარტიული დიქტატი მაგრამ ეშინიათ, რომ ტელევიზია ერთი ხელიდან მეორეში გადავა. ბევრი იძახის, რომ მიეჩვივნენ, აევწყვნენ და თავიდან ამ ყველაფრის გავლა აღარ უნდათ.
„რუსთავი -2“ მთავრობის საქმიანობის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიაა და შესაბამისად ეჭვები იმის შესახებ, რომ მთავრობა ქიბარ ხალვაშს „რუსთავი 2-ის“ დაბრუნებაში ეხმარება, გამოთქვეს როგროც ადგილობრივმა, ისე საერთაშორისო ორგანიზაციებმა. თქვენ ხელისუფლების “დახმარების ხელს” ამ პროცესში ვერ ხედავთ?
ხელისუფლებისთვის „რუსთავი 2“ ნომერ პირველ მტრად გადაიქცა. დავანებოთ თავი რატომ - ეს თავიანთი მიზეზით მოხდა თუ იმიტომ, რომ უნიათოები არიან და ძალიან ბევრს „რუსთავი2“ სუსტს წერტილში ურტყამს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი პროცესში მონაწილეობენ. მე მომდის ხმები, რომ ვიღაცები საქმეში ხელს აფათურებენ. ეს ჩვენი მხარის ინტერესი არ არის. რა თქმა უნდა, ხელისუფლების ინტერესია, რომ „რუსთავი 2“ არ დარჩეს მფლობელს. თუმცა სხვა საკითხია,, რას აკეთებენ ამისთვის. მაშინ კონკრეტიკაზე გადავიდეთ.
გადავიდეთ. მოსამართლე ურთმელიძის დედის ფაქტორი, ფარული ჩანაწერები, რომელიც უკრაინულ საიტზე გავრცელდა, სადაც მოისმინეთ, ე.წ. ბარიკადების თემა და შემდეგ ამაზე დაყრდნობით არაერთი განცხადება გააკეთეთ და შესაძლო საფრთხეებზე საუბრისას სწორედ ამ ჩანაწერებს იშველიებთ...
“ბარიკადების” სცენარის შესახებ მანამდეც ვიცოდი
სხვა რამეა როცა ეს საზოგადოდ ცნობილი ხდება და სხვა რამეა როცა ყურმოკვრით იცით.
გეთანხმებით. მე როგორც ვხედავ ორივე მხარე ყველა ბერკეტს იყენებს. რაც გამოუვათ ყველაფერს აკეთებენ. საკონსტიტუციოში რასაც აკეთებს მეორე მხარე? ბერკეტებს ყველა იყენებს. რაც შეეხება ამ ჩანაწერებს ის, რომ ვიღაცის ინტერესში შედის „რუსთავი 2-ის“ დღევანდელი ფორმით არყოფნა, არ ნიშნავს იმას, რომ მე ვიღაცასთან გარიგება მაქვს ამ თემაზე და ვინმეს ინტერესშია, „რუსთავი 2-ის“ მის მფლობელობაში გადასვლა. მე პროცესში ამ შიშების თავიდან აცილებისთვის გამოვჩნდი. მაგრამ შესაძლოა ვინმემ მეც მითხრას, რომ მოსყიდული ვარ.
არ ვიცი, ვინ გაავრცელა. მაგრამ მოდი ყველამ ეჭვი გამოვთქვათ, რომ გასაგებია ეს ჩანაწერები რატომ გავრცელდა ახლა და არა მერე, და რატომ უკრაინულ საიტზე. ადამიანურად კითხვა ყველას გვიჩნდება. თამაშია რაა. ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ ვინმე მოსამართლეს ეუბნებოდეს, რომ შენ ამ გადაწყვეტილებას დაწერ. ეს ზოგად პროცესში ჩარევაა. განა ის ქალბატონები არ ერევიან, რომლებიც იძახიან, რომ დვალი აქ არ მოვიდესო?
ნებისმიერი მთავრობის ოცნებაა გააკონტროლს მასმედია. ჩემი ამოცანაა, რომ სწორედ ეს არ მოხდეს. ჩემთვის სულერთია ის ერთი პარტიული დიქტატის ქვეშ იქნება თუ მეორესი. რისკი არსებობს. გეთანხმები - ყველას უნდა, რომ კონტროლი ჰქონდეს. მე იმის განცდა არ მაქვს, რომ დღეს საქართველოში თავისუფალი სიტყვა იხშობა. წინა ხელისუფლების დროს ჩემი მეგობრები ჩურჩულით მელაპარაკებოდნენ, ახლა შიში დაძლეულია.
საარჩევნო პერიოდი ახლოვდება და ეს კიდე უფრო ამძაფრებს მთავრობის ინტერესთან დაკავშირებული ეჭვებს ?
ახლა რომ მოგვარებულიყო სწრაფად, მაშინ ვერავინ იტყოდა, რომ საარჩევნო პერიოდს დაემთხვა. მაგრამ მე მეშინია რომ ეს გაიწელება და მართლა დაემთხვევა საარჩევნო პერიოდს. მერე მართლა შეიძლება ეს იმის მიზეზად შეიქნეს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა გვითხრან - რა დროს ეს იყოო.
რაზე ისაუბრეთ ანა ნაცვლიშვილთან შეხვედრაზე?
რეალურად მოხდა ასეთი რამ - რომ საკმარისად არ გავშალეთ ეს თემა. ჩვენი თხოვნით შევხვდით, გავუზიარეთ ჩვენი ხედვა და იყო საუბარი იმაზე, რომ იქნებ უფრო ფართო წრეს შევხვედროდით. არც რჩევა გვიკითხავს, არც კონსულტაცია გაგვივლია. პრესკონფერენციაზე ეს თემა არასათანადოდ გავშალეთ და ამიტომ მოხდა გაუგებრობა.
ვგეგმავთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრას. გავაცნოთ ჩვენი ხედვა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო სტატუსის მიღება, რათა მომცემოდა უფლება, მელაპარაკა მომავალი მფლობელის სახელით. ძალისხმევას არ დავიშურებთ, რომ დაინტერესებულ საზოგადოებამდე ჩვენი პოზიციები მივიტანოთ.
პ.ს. დავით დვალთან ინტერვიუ გუშინ საქალაქო სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილების გამოცხადებამდე ჩაიწერა. საქალაქო სასამართლომ გააუქმა 2015 წლის 5 ნოემბრის განჩინების ნაწილი დავით დვალის დროებით მმართველად დანიშვნის თაობაზე.