2014 წლის 29 ივნისს „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით ცნობილმა დაჯგუფებამ „სახალიფოს“ დაფუძნების შესახებ განაცხადა. ზუსტად ერთი წლის შემდეგ რადიკალური ისლამის მიმდევრებმა სისიხლიანი ტერაქტები ერთდროულად სამ კონტინენტზე მოაწყვეს: საფრანგეთში - ქალაქ ლიონის მახლობლად; ტუნისში - საკურორტო ქალაქ სუსის სანაპიროზე; და ქუვეითში - შიიტთა მეჩეთში. ექსტრემისტების თავდასხმებს ათეულობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მედიის მიერ „შავ პარასკევად“ წოდებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს, რომ, ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“ და მისი მიმდევრები დღეს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენენ.
სირიისა და ერაყის გარდა, სადაც ექსტრემისტები კარგა ხანია აკონტროლებენ მნიშვნელოვან ტერიტორიებს, ერთი წლის განმავლობაში `ისლამურ სახელმწიფოს“ მიმდევრები გამოუჩნდნენ ეგვიპტეში, იემენში, ლიბიაში, საუდის არაბეთში, ალჟირში, ასევე აფრიკის დასავლეთ ნაწილში, ავღანეთსა და კავკასიაშიც. მართალია, სხვადასხვა ქვეყნებში ცნობები „ისლამური სახელმწიფოს“ გააქტიურებასთან დაკავშირებით ხშირად გაზვიადებულია და ამ სახელმწიფოებში მოქმედი ექსტრემისტული ჯგუფების მიერ დადებული „ერთგულების ფიცით“ შემოიფარგლება, თუმცა საგულისხმოა, რომ სხვადასხვა ინფორმაციით, უკვე დღეს ტერორისტულ დაჯგუფებაში 35 ათასზე მეტი მებრძოლია გაერთიანებული, ზოგიერთი წყაროს ცნობით კი მათი რიცხვი გაცილებით მეტია.
სისასტიკით ცნობილი დაჯგუფების გრძელვადიანი გეგმა კონტროლირებადი ტერიტორიების გაფართოებასა და რეალურთან მიახლოებული „სახელმწიფოს“ ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. რადიკალური ისლამის მიმდევრები ყველა ხერხით ცდილობენ ამ იდეის პოპულარიზაციასა და გავრცელებას. ამას მოწმობს დაჯგუფების მიერ გამოცემული ინგლისურენოვანი პროპაგანდისტული ჟურნალის ერთ-ერთი ბოლო ნომრის ყდაზე გამოტანილი სათაურიც - „სახალიფოს დაბრუნება“.
„მმართველობის“ ერთი წელი
„ისლამური სახელმწიფო“ იგივე „დაეში“ დღეს სირიისა და ერაყის ტერიტორიების მესამედს აკონტროლებს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება მეზობელი ისრაელისა და ლიბანის ფართობს. ექსტრემისტების მიერ დაპყრობილ ქალაქებსა და სოფლებში დაახლოებით 4,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს. „სახალიფოს“ იდეის ხორცშესხმა სწორედ აქ იწყება. ბევრ მუსლიმურ სახელმწიფოში პირველი სახალიფო დღემდე მითიურ საბურველში გახვეულ დიად წარსულთან არის გაიგივებული. ამას ნაწილობრივ ხელს სასკოლო პროგრამა და ლიტერატურაც უწყობს, რომელიც მმართველობის ამ ფორმის უარყოფით მხარეებზე ხშირად არაფერს ამბობს. ექსტრემისტები ცდილობენ ამ რომანტიკული ნოსტალგიით ისარგებლონ და უფრო მეტი მუსლიმი „შეიტყუონ“, რათა დაჯგუფების რიგები ახალი მებრძოლებით შეავსონ. ჯერჯერობით ეს მათ კარგად გამოსდით. სირიასა და ერაყში გამგზავრების მსურველთა რიცხვი ყოველდღიურად მატულობს. სხვადასხვა ცნობებით, რადიკალი სუნიტების მხარდამხარ დღეს მსოფლიოს 80 ქვეყნის მოქალაქეებიც იბრძვიან.
სწორედ სახალიფოს აღდგენის იდეით ცდილობენ „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერები მმართველობის სასტიკი მეთოდების გადაფარვას.
რადიკალის მიერ შემოღებული წესები სუნიტი მუსლიმებისა და სხვა მრწამსის ადამიანებისადმი განსხვავებულ მიდგომას ითვალისწინებს. შიიტებს და იეზიდებს „ისლამურ სახელწმიფოში“ „განდგომილებს“ უწოდებენ, რომელთა დახოცვა ან დამონება კანონით დაშვებულია. ვისაც სიცოცხლის შენარჩუნება სურს, ვალდებულია ხარკი გადაიხადოს.
მკაცრად იზღუდება მამაკაცისა და ქალის ურთიერთობაც. ქალებს ეკრძალებათ მეუღლის თანხმობის გარეშე ქუჩაში გასვლა. აუცილებელია აბაიას (სამოსი, რომელიც ქალს მთლიანად ფარავს) ტარება. წკეპლის 80-ჯერ დარტყმით ისჯება სიგარეტის ან თუთუნის მოწევა ან ალკოჰოლის მიღება. კაცები ვალდებული არიან წვერი ატარონ. ლოცვის დროს ქალაქში ყველა მაღაზია იკეტება. ქუჩებში მუდმივად პატრულირებს, ე.წ. საიდუმლო პოლიცია.
წესების დამრღვევებს აქ მკაცრად სჯიან. გაწკეპვლის გარდა, დაკანონებულია ხელის მოკვეთა. სასიკვდილო განაჩენს კი ქალაქის ხალხმრავალ მოედნებზე წინასწარი გაფრთხილების გარეშე აღასრულებენ ხოლმე.
სახალიფოს დაფუძნებისთანავე ექსტრემისტებმა ცვლილებები შეიტანეს სკოლის პროგრამაში. ისეთი საგნის სწავლება, როგორიცაა, მაგალითისთვის, ფილოსოფია, აქ აკრძალულია, რადგან რადიკალები მიიჩნევენ, რომ ის მათ რწმენას ეწინააღმდეგება.
ეს მხოლოდ ნაწილია იმ მკაცრი წესებისა, რომელთა დაცვაც მოსულის, რაქას და „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ დაპყრობილი სხვა ქალაქების მცხოვრებლებს უწევთ.
მიუხედავად ამისა, ფაქტია, რომ სხვა ექსტრემისტულ დაჯგუფებებთან შედარებით, რომლებიც ასევე ცდილობდნენ „სახელმწიფოს“ შექმნას, „დაეშის“ წევრები ამ მიზანთან ყველაზე ახლოს არიან.
ამის ერთ-ერთი მიზეზი კი ერაყის ხელისუფლების მიერ სუნიტების გამუდმებული შევიწროებაა. სწორედ ამიტომ არჩევნის წინაშე დამდგარი ერაყელების ნაწილმა „დაეშის“ მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე დარჩენა ისურვა და ახლაც იქ ცხოვრობს.
„ისლამური სახელმწიფო“ სხვა ცნობილი ტერორისტული ჯგუფებისგან სხვა ნიშნითაც განსხვავდება. თუ „ალ-ქაედას“ წევრები ორიენტირებული იყვნენ დასავლეთის ქვეყნებში თავდასხმების მოწყობაზე, „დაეში“ უფრო მეტ ძალას და რესურსებს დაპყრობილ ტერიტორიაზე კონტროლის გამყარებასა და სახელმწიფოსათვის დამახასიათებელი ინსტიტუტების შექმნაზე ხარჯავს.
განათლება, ჯანდაცვა, სოციალური მომსახურება - რადიკალური ისლამის მიმდევრებმა ყველა ამ სფეროში საკუთარი „დღის წესრიგი“ დაამკვიდრეს. ახალი კანონები ნაგვის შეგროვებისა და თევზჭერის წესსაც კი ადგენს. დაპყრობილ ტერიტორიაზე „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები მოსახლეობას „სახალიფოს პასპორტებს“ ურიგებენ.
სრულფასოვან სახელმწიფოდ გარდაქმნის მცდელობის ერთ-ერთი ბოლო მაგალითია ვალუტა, რომლის შემოღებასაც „დაეშის“ წევრები ჯერ კიდევ შარშან ნოემბერში აპირებდნენ. 2015 წლის ივნისის ბოლოს მათ მიერ მოჭრილი პირველი მონეტის - „ისლამური დინარის“ ფოტოებიც კი გავრცელდა.
თუმცა ექსტრემისტების ძლიერი „პროპაგანდისტული მანქანის“ გამო, რომელსაც ისინი ეფექტურად იყენებენ, დღეს საკმაოდ რთულია იმის გარჩევა, რა არის მართალი და რა ტყუილი. როგორც ყველა დიქტატორული რეჟიმი „ისლამური სახელწმიფოც“ გულდასმით მალავს არასასურველ ინფორმაციას, დანაშაულს თუ შეცდომას.
რადიკალი სუნიტები ამტკიცებენ, რომ ჩამოაყალიბეს ეფექტური „სახელმწიფო“, თუმცა ფაქტია, რომ ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი შიმშილის, დევნისა და ძალადობის მსხვერპლი ყოველდღიურად ხდება.
სუნიტი „ხალიფა“ და მისი თანამებრძოლები
შარშან, ზაფხულში, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების მიერ ერაყის არმიაზე განხორციელებული პირველი შეტევის დროს ყველას ეგონა, რომ ეს იყო რადიკალების მცირე ჯგუფი, რომლებსაც უბრალოდ გაუმართლათ, როდესაც აშშ-ის მიერ წლების განმავლობაში გაწვრთნილ ჯარისკაცებს უკან დახევა აიძულეს. ერთი წლის შემდეგ უკვე ნათელია, რომ ერაყის არმიის „წვრთნისა და აღჭურვის“ პროგრამაზე დახარჯული დაახლოებით 25 მილიარდი დოლარი რადიკალი სუნიტების შესაჩერებლად საკმარისი არ აღმოჩნდა. ერაყელი ჯარისკაცების ასეთი წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი ყოფილი პრეზიდენტის სადამ ჰუსეინის თანამებრძოლები არიან. ცნობილია რომ „დაეშის" 40 სამხედრო მაღალჩინოსნიდან 25 მაინც თავის დროზე ერაყის ყოფილი ლიდერის ბრძანებებს ასრულებდა.
ეს კი ნიშნავს, რომ „ისლამურ სახელმწიფოს“ სამხედრო სტრატეგიას გამოცდილი ოფიცრები განსაზღვრავენ.
2003 წელს აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშ უმცროსის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით უსამსახუროდ დარჩენილმა ერაყის ყოფილი მმართველი პარტია „ბაასის“ წევრებმა კი სავარაუდოდ ყველაზე უკეთ იციან, რისთვის არის მზად ერაყის არმია და როგორ ებრძვის ის მოწინააღმდეგეს.
მართალია, ბოლო ექვსი თვის განმავლობაში საერთაშორისო კოალიციამ ერაყსა და სირიაში ბრძოლის ველზე „დაეშის“ წინსვლის შეჩერება და რადიკალებისაგან რამდენიმე ქალაქის გათავისუფლება შეძლო, თუმცა ივნისის ბოლოს თურქეთ-სირიის საზღვარზე ექსტრემისტების ხელახალმა გააქტიურებამ დასავლეთში „ისლამურ სახელმწიფოს“ სწრაფად დამარცხების იმედის ბოლო ნაპერწკალიც კი ჩააქრო.
სტატისტიკა ასეთია, დამოუკიდებელი დამკვირვებლების ცნობით, გასული წლის ივნისიდან „ისლამურმა სახელმწიფომ~ 3095 თავდასხმა მოაწყო. დაღუპულია ათასობით ადამიანი. მილიონობით მოქალაქეს სახლის მიტოვება მოუხდა.
საერთაშორისო კოალიციის, ირანელი და ქურთი მებრძოლებისა და ერაყის არმიის საპასუხო იერიშების მიუხედავად, დღემდე ვერ მოხერხდა დაჯგუფების ლიდერის და თვითგამოცხადებული „ხალიფას“ 44 წლის აბუ ბაქრ ალ ბაღდადის ლიკვიდაცია.
„ისლამური სახელმწიფოს“ სხვა ლიდერების შესახებ, რომლებიც დაპყრობილ ტერიტორიებს მართავენ, მწირი ინფორმაცია ვრცელდება. ცნობილია, რომ ალ ბაღდადის ორი მოადგილე ჰყავს - ერთი ერაყში და მეორე სირიაში. ამ ორ სახელმწიფოში „დაეშის“ წევრების მიერ დაპყრობილ რეგიონებს - „ვილაეთებს“ - 12 მმართველი - „ვალი“ ჰყავს.
ისევე როგორც ხალიფას, „ვილაეთების“ ხელმძღვანელების დაქვემდებარებაშია ოთხი საბჭო: შარია - რელიგიურ საკითხებს განაგებს; შურა, ანუ მრჩეველთა საბჭო; ასევე სამხედრო და უშიშროების საბჭო.
მსოფლიოში ყველაზე მდიდარი ტერორისტული დაჯგუფების ბიუჯეტის შევსების ერთ-ერთ წყაროდ ნავთობი რჩება, რომელსაც სხვადასხვა ცნობებით თურქეთში „შავ ბაზარზე“ ჰყიდიან.
თუმცა „დაეშის“ კონტროლირებად საბადოებზე განხორცილებული შეტევების შემდეგ დაჯგუფების ხელმძღვანელებმა სტრატეგია შეცვალეს და ამჯერად ფსონი „გადასახადებზე“ გააკეთეს. „ნიუ-იორკ თაიმსის“ ცნობით, გამოძალვისა და „გადასახადების“ გაზრდის შედეგად ექსტრემისტებმა 2014 წელს 600 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღეს. ის მოქალაქეები, რომლებსაც ხელფასებს დღემდე ერაყის ან სირიის მთავრობა ურიცხავს, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლებს შემოსავლის 50 პროცენტს უხდიან. იბეგრებიან კომპანიებიც და საწარმოებიც. ამას ემატება "დაეშის" მიერ ერაყის ბანკებიდან მითვისებული 500 მილიონი დოლარი, ნავთობის ვაჭრობით ამოღებული 100 მილიონი და მძევლების სანაცვლოდ გამოსასყიდის სახით მიღებული 20 მილიონი დოლარი. ასევე, რადიკალი სუნიტები საკმაოდ სარფიანად ვაჭრობენ სირიისა და ერაყის მუზეუმებიდან მოპარული არტეფაქტებითაც.
შემოსავლების დიდი ნაწილი „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ შექმნილ „ინსტიტუტებში“ მომუშავე მებრძოლების ხელფასებზე იხარჯება. ეს თანხა თვეში 3-დან 10 მილიონ დოლარამდე მერყეობს. ექსტრემისტები არ აბანდებენ ფულს ინფრასტრუქტურაში, რადგან მიიჩნევენ, რომ მათ მიერ კონტროლირებად ობიექტებზე თავდასხმის ალბათობა დიდია.
„ისლამური სახელმწიფოს“ ექსპანსია
ერაყსა და სირიაში მოქმედი ექსტრემისტების გაცხადებული მიზანი ახალი ტერიტორიების დაპყრობაა. თუმცა ამის მისაღწევად ტერორისტული დაჯგუფების წევრებს თავდაპირველად უკვე დაკავებული ტერიტორიის შენარჩუნება და საკუთარი მმართველობის გაძლიერება სჭირდებათ. ასევე მათ უნდა შეძლონ მოწინააღმდეგე დაჯგუფებებთან ბრძოლაში გამარჯვებაც.
ამიტომ, როგორც ჩანს, დაჯგუფების მოკლევადიანი სტრატეგია სხვადასხვა ქვეყანაში შეჭრის ნაცვლად მარტო მოქმედი მებრძოლების მიერ ტერაქტების მოწყობითა და ამ სახელმწიფოებში ერთგულ თანამებრძოლთა რიცხვის გაზრდით შემოიფარგლება.
ამის მაგალითია 26 ივნისს ტუნისის სანაპიროზე განხორციელებული ტერაქტი. „ისლამური სახელმწიფო“ აქტიურად ცდილობს ამ ქვეყანაში ფეხის მოკიდებას. ჩრდილოეთ აფრიკის არასტაბილურ რეგიონში მდებარე ქვეყნიდან ერაყსა და სირიაში ექსტრემისტებთან ერთად საბრძოლველად 3 ათასზე მეტი ადამიანია წასული. თუმცა თავად ტუნსში „დაეში“ ჯერ მყარ პოზიციებს ვერ ფლობს. ტურისტულ ობიექტებზე თავდასხმები მიუთითებს, რომ რადიკალების მიზანი ქვეყნის ეკონომიკის დასუსტება და ამ ფონზე ექსტრემისტული იდეების გამტარებელ „ამბოხებულთა“ კერების გაღვივებაა.
კიდევ ერთი რეგიონი, სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ ერთგულება შეჰფიცეს ჩრდილოეთ კავკასიაა. საუბარია „იმარატ კავკაზას“ დროშის ქვეშ გაერთიანებულ მებრძოლებზე. მოგვიანებით, „დაეშის“ ლიდერებმა განაცხადეს, რომ ჩრდილოეთ კავკასიაში ახალი „ვილაეთი“ დაფუძნდა. როგორ განვითარდება მოვლენები ამ რეგიონში, ამის თქმა ჯერ ძნელია, თუმცა ფაქტია, რომ ჩრდილოეთ კავკასიელები სირიასა და ერაყში იბრძვიან, ხოლო მათი სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში უსაფრთხოების კუთხით სიტუაცია კიდევ უფრო გართულდება.
ისლამური სახელწმიფოს სტრატეგიის თანახმად, ლოგიკურია, რომ პირველ ეტაპზე ექსტრემისტები სავარაუდოდ ახლო აღმოსავლეთში რაც შეიძლება მეტი ტერიტორიის დაპყრობას შეეცდებიან. ეს მათ მიმართ მოსახლეობის ნდობას მნიშვნელოვნად გაზრდის. მომდევნო ნაბიჯი კი შესაძლოა დასავლეთის ქვეყნებში მასშტაბური ტერაქტის მოწყობა იყოს, რაზეც უკვე საუბრობენ დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში. წარმატების შემთხვევაში „ისლამური სახელმწიფო“ ფაქტობრივად დაასამარებს „ალ ქაედას“ და მსოფლიოში ყველაზე გავლენიან ტერორისტულ დაჯგუფებად იქცევა.
დღეს „დაეშის“ იოლად დამარცხება შეუძლებელია. ამას ბევრი მიზეზი აქვს, თუმცა მთავარი ალბათ მაინც ის გარემოა, სადაც დაჯგუფება ჩამოყალიბდა. სწორედ ის ქმნის ექსტრემიზმის გაღვივებისათვის საჭირო მყარ ნიადაგს.
ახლო აღმოსავლეთში ავტორიტარი მმართველების თავნებობისა და მათ მიერ წარმოებული ომების გამო მრავალი თაობა მუდმივ შიშსა და სიღარიბეში გაიზარდა. ისინი მზად არიან ძალადობისთვის. დასჯის ის სასტიკი მეთოდები კი, რომლებსაც დღეს „ისლამური სახელმწიფო“ მიმართავს, უცხო არ არის როგორც ირანში, ისე საუდის არაბეთსა და სადამ ჰუსიენისდროინდელ ერაყში.