დვალი და აქიმიძე მზად არიან, ქიბარ ხალვაშის კომპრომისულ წინადადებას დასთანხმდნენ და თუკი ზემდგომ ინსტანციებში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება არ გადაიხედება, სამაუწყებლო კომპანიის სარედაქციო პოლიტიკაზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღონ. ზეპირი შეთანხმების თანახმად, ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2-ის“ დამფუძნებლებს კომპანიის 50-პროცენტიან წილს დაუბრუნებს და ჟურნალისტურ კონტენტში არ ჩაერევა.
ტელეკომპანიის დამფუძნებლებისთვის, რომლებიც თავის დროზე „რუსთავი 2-ის“ 60-პროცენტიანი წილის მესაკუთრეები იყვნენ, ეს კატეგორიულ ზღვარს წარმოადგენდა. „რომლის იქითაც, ჩვენ ვიტყოდით, რომ დეკორაცია ვართ“, - განაცხადა დავით დვალმა ხალვაშთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე.
ჯარჯი აქიმიძემ მედიას 3 პუნქტი გააცნო, რომელზეც ისინი ქიბარ ხალვაშთან შეთანხმდნენ:
1) ტელევიზია ემიჯნება ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას და საქმიანობას წარმართავს ჟურნალისტური ეთიკის ნორმების დაცვით;
2) ტელევიზია არასდროს გახდება მხარე პოლიტიკური პროცესების განვითარებისას;
3) არ დაფინანსდება საბიუჯეტო სახსრებით, ან პარტიული შემოწირულობებით. იმუშავებს მხოლოდ კომერციულ შემოსავლებზე.
ასეთ ვითარებაში რჩება შთაბეჭდილება, რომ შეთანხმებისას სახელმძღვანელოდ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მოწოდებები იყო გამოყენებული. დავით დვალი „ლიბერალთან“ საუბრისას ბიძინა ივანიშვილის 2012 წლის საჯარო გამოსვლას იხსენებს, რის შემდეგაც, შეიძლება ითქვას, მან სწორედ ივანიშვილის მოწოდების შესაბამისად იმოქმედა.
„2012 წელს, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა, ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა და თქვა, სანამ სასამართლოში წახვალთ, წადით და თქვენით სცადეთ, იქნებ, მშვიდობიანად მოაგვაროთ. ჩვენც წავედით და იმჟამინდელ დირექტორს შევხვდით, წილის მფლობელსაც, გოგი გეგეშიძეს, რომელსაც ვუთხარით, რომ იქნებ ვილაპარაკოთ, სანამ დავას დავიწყებთ; ვუთხარით, რომ ურყევი გადაწყვეტილება გვაქვს - „რუსთავი 2-სთვის“ უნდა ვიბრძოლოთ და უნდა დავიბრუნოთ. გოგი გაგებით მოეკიდა და აქტიურად ჩაერთო ამ საკითხში, მცდელობა ჰქონდა, დაგვხმარებოდა, მაგრამ, უხეშად რომ ვთქვათ, არ გამოვიდა“, - აღნიშნავს დვალი და განაგრძობს, - „ერთ დეტალსაც ვიტყვი, რომელიც ადრე არც მითქვამს არსად, ამ შუა მოლაპარაკებაში, ჩვენი წინადადების განხილვაში, უცებ ტელევიზორიდან ვიგებთ, რომ კეზერაშვილმა გადაიფორმა „რუსთავი 2-ის“ წილი. სულ რამდენიმე საათში კარებზე ზარია და მოდიან კეზერაშვილი და გოგი გეგეშიძე. კეზერაშვილი გვიცხადებს, მოდი ფინანსებზე ვილაპარაკოთ, კომპენსაციის თვალსაზრისითო. ჩვენ ვუთხარით, რომ არ გვინდა ფინანსები, გვინდა წილის დაბრუნება. მან გვითხრა, რომ ის იყო ახალი მფლობელი და თუ გაგრძელდება, მაშინ ჩემთან გექნებათ საქმე. ჩვენ ვუთხარით, რომ კი, ბატონო“.
ამ პასუხის შემდეგ დვალმა და აქიმიძემ 2012 წლის დეკემბერში პროკურატურას საჩივრით მიმართეს. არაერთი პირის დაკითხვის მიუხედავად, პროკურატურაში გამოძიება ჯერ კიდევ არ დასრულებულა. როგორც დავით დვალი აცხადებს, საქმეში დევს ეროსი კიწმარიშვილის მათ სასარგებლოდ მიცემული ჩვენებაც. იმავეს ამბობდა კიწმარიშვილიც, პირად საუბრებში.
ხანდაზმულობის გამო, ტელეკომპანიის დამფუძნებლებმა სამოქალაქო დავის დაწყება ვერ შეძლეს.
ალბათ, მოგვიანებით გამოჩნდება, ქიბარ ხალვაში წარმოადგენს თუ არა საშუალებას იმისათვის, რომ ტელეკომპანია საბოლოოდ დვალისა და აქიმიძის მმართველობაში გადავიდეს. საყურადღებოა ის, რომ ივანიშვილი ხალვაშს, როგორც „რუსთავი 2-ის“ ყოფილ მესაკუთრეს, სერიოზულად არ განიხილავდა. „ქიბარ ხალვაში „რუსთავი 2-ის“ მეპატრონე აბსოლუტურად შემთხვევით და აბსოლუტურად ფორმალურად იყო. მე ეს საკითხები ძალიან კარგად ვიცი და ოდესღაც ამაზე ვისაუბრებთ. მე და ქიბარმა ვიცით. ნაწილი იცის მან და ნაწილი ვიცი მე. ჩვენ გაერთიანებულად ამას ვიტყვით“, - თქვა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს, ჯერ კიდევ ოპოზიციური კოალიციის ლიდერის რანგში, ირმა ინაშვილთან ინტერვიუში.
ივანიშვილის ხელწერის გათვალისწინებით, მისი რჩევების გარეშე ხალვაშსა და დვალი-აქიმიძეს შორის შეთანხმების მიღწევის წარმოდგენა ძნელია.
ბიძინა ივანიშვილმა „რუსთავი 2-ის“ ყოფილი მესაკუთრეების მიმართ დამოკიდებულება მიმდინარე წლის 10 ნოემბერსაც გამოხატა. ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ „დვალი და აქიმიძე „რუსთავი 2-ის“ დამფუძნებლები არიან. მათ დიდი წვლილი აქვთ ამ ტელევიზიაში. „რუსთავი 2-სთვის“ დავაში ერთ მხარეს დგანან დავით დვალი, ჯარჯი აქიმიძე, რომლებსაც ივანიშვილის თქმით, უხეშად მოექცნენ და პრეტენზია აქვთ, რომ წაართვეს ტელევიზია და ქიბარ ხალვაში, რომელსაც, როგორც ივანიშვილი ამბობს, არა მარტო ტელევიზია, არამედ ქონებაც დაუწვეს და საზღვარგარეთ გაასწრო, ხოლო მეორე მხარეს - ნიკა გვარამია, მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე.
არის თუ არა ივანიშვილის საჯაროდ გამოხატული დამოკიდებულება საკმარისი დასტური იმისა, რომ სარჩელის შეტანის დროს ხალვაშის მხარე ყოფილი პრემიერის მითითებით მოქმედებდა?
ხალვაშმა „რუსთავი 2-ის“ პარტნიორების წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი 2015 წლის 4 აგვისტოს შეიტანა. იმ დროს ადვოკატებმა განმარტეს, რომ სასწრაფო ზომების მიღება მას შემდეგ გახდა აუცილებელი, რაც შეიტყვეს, რომ კიდევ ერთხელ იგეგმებოდა „რუსთავის 2-ის“ წილების გადაფორმება, რათა მისი კანონიერი მესაკუთრისთვის დაბრუნება გართულებულიყო. როგორც ადვოკატი პაატა სალია განმარტავდა, „რუსთავის 2-ის“ წილების დაყადაღება მათ პოტენციური თვალთმაქცური გარიგების აღკვეთისა და ქონების დაბრუნების შესაძლებლობის შენარჩუნების საშუალებას მისცემდა.
„დღეს რა ამოძრავებს ქიბარ ხალვაშს და რატომ გაუჩნდა მედიის ფლობის სურვილი, ეს ჩემთვის ისევ გამოცანაა, თუმცა აქაც შეიძლება, ვისაუბროთ, რომ მან ახალი ტიპის პოლიტიკური დაკვეთა მიიღო - ტელეკომპანიის ხელში ჩასაგდებად სამართლებრივი გზებით ებრძოლა. მან ის სამართლებრივი ბერკეტები გამოიყენა, რომელიც მოსამართლე ურთმელიძემ აამოქმედა“, - აცხადებს ჟურნალისტი ზვიად ქორიძე „ლიბერალთან“ საუბარში.
ფოტო: ნიკოლოზ ურუშაძე
„ჰიპოთეტური დასკვნებით შეიძლება, ვიმსჯელოთ, რომ მისი ნება არ იყო, თავის დროზე „რუსთავი 2“ ჰქონოდა და განეკარგა. ეს იყო იძულება, რომ მას „რუსთავი 2-სთვის“ ეპატრონა. თუ თავისი ძირითადი ბიზნესის განკარგვა სურდა, ამისთვის უნდა გაეღო დამატებითი ხარჯი და „რუსთავი 2-სთვის“ ეპატრონა. ეს იყო მაშინ პოლიტიკური ამოცანა, რომელიც ქიბარ ხალვაშმა შეასრულა. ეს ამოცანა წაართვეს იმთავითვე, როგორც კი მისმა პოლიტიკურმა პარტნიორმა ირაკლი ოქრუაშვილმა „პირველი მინისტრის“ პორტფელი დაკარგა“, - თქვა ქორიძემ.
განსხვავებული წარსული აქვს დავით დვალს, რომელიც ხალვაშის მოთხოვნით, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის განჩინების საფუძველზე, „რუსთავი 2-ის“ ერთ-ერთ დროებით მმართველად დაინიშნა.
ჟურნალისტი ნინო ჯაფიაშვილი, რომელიც „რუსთავი 2-ზე“ დავით დვალის დროს მუშაობდა, „ლიბერალთან“ საუბრისას აღნიშნულ პერიოდს იხსენებს. ჯაფიაშვილის თქმით, ამ ტელეკომპანიაში არასდროს არავინ იყო პრივილეგირებული; ნებისმიერ ადამიანს შეეძლო, ნულიდან დაეწყო და თავისი კარიერის დიდი მწვერვალებისთვის მიეღწია; საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ვინ იყავი, წარმატება დამოკიდებული იყო იმაზე, როგორ მუშაობდი.
„მართლა მნიშვნელოვან ღირებულებებზე იყო დამყარებული ჩვენი კომუნიკაცია: უნდა ვყოფილიყავით მიუკერძოებლები, ობიექტურები, სიმართლე გვეძებნა და გადაგვეცა“, - ამბობს ჯაფიაშვილი, - „ამასთან, არასდროს არ მიმიღია არანაირი მითითება, რომ ვიღაცის სასარგებლოდ ისეთი რამ გამეკეთებინა, რაც მოძიების პროცესში არ აღმომიჩენია და არ ვეთანხმებოდი“.
ჯაფიაშვილი იხსენებს, რომ დავით დვალთან ყველა თანამშრომელს ახლო კომუნიკაცია ჰქონდა; იქ ყველა შეცდომა და წარმატება ღიად განიხილებოდა.
„კიდევ ერთი, რაც ამ ტელეკომპანიაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო - მარტო არასდროს იყავი. იცოდი, რომ შენს უფლებებსა და ინტერესებს ტელეკომპანია ყოველთვის დაიცავდა და შენს შეცდომებზე პასუხისმგებლობასაც ტელეკომპანია გაიზიარებდა. შენც გქონდა შეცდომებზე პასუხისმგებლობა, მაგრამ ტელეკომპანია ჟურნალისტს არასდროს არ ტოვებდა“, - აღნიშნავს ჯაფიაშვილი.
იმის სათქმელად, თუ როგორი იქნება ტელეკომპანია დვალის პირობებში დღეს, ჯაფიაშვილი ფიქრობს, რომ უფრო მეტი ხელშესახები გარანტიაა საჭირო. ნინო ჯაფიაშვილი პროგნოზისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ დავით დვალს არათუ ენდობა, მასთან მუშაობაც გამოუცდია, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს.
დღევანდელ „რუსთავი 2-ს“ კი მედიაპლურალიზმის თვალსაზრისით, ქვეყანაში მკაფიოდ განსაზღვრული როლი აქვს.
„ზოგადად, მედიის ხარისხი რამდენიმე ინდიკატორით ფასდება. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლურალისტური მედიაგარემოა“, - გვეუბნება ზვიად ქორიძე. მისი თქმით, ეს ნიშნავს იმას, რომ არის სხვადასხვა ტიპის მედიაპლატფორმა, სადაც სხვადასხვა ტიპის დამოკიდებულებები, შეფასებები იჩენს თავს.
როგორც ზვიად ქორიძემ თქვა, პლურალისტური მედიაგარემო, რა თქმა უნდა, საბოლოო წერტილი არ არის, არამედ ერთ-ერთი ინდიკატორია, რომლითაც მედიის თავისუფლების ხარისხის შეფასება შეიძლება: არის სხვა საკითხები - რამდენად მიუკერძოებელია, ეთიკურ სტანდარტებს რამდენად იზიარებს და სხვ. „მიუკერძოებლობის თვალსაზრისით, „რუსთავი 2-ს“ პრობლემა ჰქონდა, მაგრამ პლურალისტური გარემოს ერთ-ერთი აქტორის თვალსაზრისით - არა. მიმაჩნია, რომ აუცილებელია, ასეთი სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელევიზია ეთერში იყოს“, - ამბობს ქორიძე.
თუკი ვაღიარებთ, რომ ქვეყანაში პლურალისტური მედიაგარემოს შესანარჩუნებლად „რუსთავი 2-ის“ დღევანდელი სახით არსებობა, აუცილებელია და ამავე დროს, დავუშვებთ, რომ სამაუწყებლო კომპანიის მესაკუთრის შეცვლის საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილება სამართლებრივად გამართულია, როგორ უნდა მოქცეულიყო მოსამართლე, რათა მის გადაწყვეტილებას დემოკრატიული პროცესისთვის ზიანი არ მოეტანა. რამდენად ფართოდ ხედავენ მოსამართლეები თავიანთ როლს? იღებენ თუ არა ისეთ გადაწყვეტილებებს, რითაც დემოკრატიის დაცვაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ? - ამ შეკითხვებით „ლიბერალმა“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ვახტანგ მჭედლიშვილს მიმართა. იგი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთადერთი წევრია, რომელიც პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დანიშნა.
ფოტო: დათო ფარულავა
„დემოკრატიული პროცესების განვითარება უმნიშვნელოვანესია ყველა ქვეყნისათვის და მით უმეტეს, საქართველოსთვის. დემოკრატიული სახელმწიფოს უმთავრესი წინაპირობაა ხელისუფლების დანაწილების პრინციპის განუხრელად დაცვა, რაც გულისხმობს იმას, რომ სასამართლო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება არ ერევა ერთმანეთის საქმიანობაში. დემოკრატიული პროცესის განვითარებაში სასამართლო ხელისუფლებას განსაკუთრებული როლი აკისრია. სასამართლომ სწორედ კანონიერი და სამართლებრივად დასაბუთებული გადაწყვეტილებებით უნდა განამტკიცოს კანონის უზენაესობა.
ვინაიდან კანონის უზენაესობა დემოკრატიის უმთავრესი ელემენტია, შეუძლებელია, სამართლებრივად დასაბუთებულმა გადაწყვეტილებამ შეაფერხოს დემოკრატიის განვითარების პროცესი, ხოლო მოცემულ შემთხვევაში გადაწყვეტილება რამდენად სამართლიანია, უნდა შეაფასოს მხოლოდ ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ“, - პასუხობს „ლიბერალს“ ვახტანგ მჭედლიშვილი.
„რუსთავი 2-ის“ საქმეზე სამართლებრივ დავაში ყველაზე მეტი კითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამაზ ურთმელიძის დედის (მდინარა გიორგობიანის) მიერ სიძის (ვალერიან სილაქაძის) ნაჯახით შესაძლო დაჭრასთან დაკავშირებულმა გამოძიებამ გამოიწვია. მიუხედავად იმისა, რომ სილაქაძის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე გამოძიება 2014 წლის 7 იანვარს დაიწყო, იგი დაზარალებულად 2015 წლის 24 სექტემბერს ცნეს. მდინარა გიორგობიანი კი მხოლოდ მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს მისცეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში. სწორედ ამ მოტივით, მოპასუხე მხარე პროცესზე მოსამართლე ურთმელიძის აცილების შუამდგომლობას აყენებდა, რაც მას არ დაუკმაყოფილეს.
„საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, იმისათვის რომ მოსამართლე აცილებული იქნეს კონკრეტული საქმიდან, საკმარისია თუნდაც ერთი გარემოების არსებობა, რომელმაც შესაძლოა, გონივრული ეჭვის საფუძველი შექმნას იმის თაობაზე, რომ მოსამართლე არ იქნება მიუკერძოებელი და ობიექტური“, - აცხადებდნენ მოპასუხე მხარის ადვოკატები.
იმ შემთხვევაში, თუ მოსამართლე აცილების შუამდგომლობას დააკმაყოფილებდა და საქმეს ჩამოშორდებოდა, ამით, სასამართლო პროცესის მიმართ სანდოობას გაზრდიდა და მრავალი კითხვა მოიხსნებოდა. შეკითხვაზე - შექმნილ ვითარებაში მოსამართლეს რა პრინციპით უნდა ემოქმედა? ვახტანგ მჭედლიშვილი პასუხობს, რომ მსგავსი საკითხის გადაწყვეტისას მოსამართლეს ორ ღირებულებას, ორ ძირითად პრინციპს შორის ევალება ბალანსის დაცვა. მჭედლიშვილის თქმით, რომელიმე პრინციპის უზრუნველსაყოფად მეორე პრინციპის უგულებელყოფა დაუშვებელია.
„კერძოდ, პირველი - მოსამართლე ვალდებულია, განახორციელოს მართლმსაჯულება. არც ერთ მოსამართლეს არ აქვს უფლება, უარი თქვას მართლმსაჯულების განხორციელებაზე.
მეორე - მოსამართლე ვალდებულია, მართლმსაჯულების განხორციელებისას იყოს მიუკერძოებელი. არ უნდა არსებობდეს კანონით გათვალისწინებული ისეთი საფუძველი, რომელიც მისი აცილების ვალდებულებას წარმოშობს. ასეთი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, მოსამართლე დაუყოვნებლივ უნდა ჩამოსცილდეს საქმის განხილვას. ეს მოსამართლის ვალდებულებაა.
თუ შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს და მოსამართლე მაინც აიცილებს საქმეს, მაშინ დაარღვევს მეორე ღირებულებას და ძირითად პრინციპს - უარს იტყვის მართლმსაჯულების განხორციელებაზე, რისი უფლებაც მას არ გააჩნია. მოცემულ საქმეში რამდენად სწორად მოხდა ამ ღირებულებათა შორის ბალანსის დაცვა, უნდა შეაფასოს მხოლოდ ზემდგომი ინსტანციის სასამართლომ.
მე, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, განხილვაში მყოფ საქმეზე არ მაქვს წინასწარ შეფასების გამოთქმის უფლება. შესაძლოა, ვინმემ ამ საკითხზე აზრის გამოთქმისაგან თავშეკავება დემოკრატიული პროცესის ხელშეწყობად არ ჩამითვალოს, მაგრამ სწორედ დემოკრატიის არსი მავალდებულებს, არ გავცდე ვალდებულებების ფარგლებს და არ დავარღვიო კანონი. დემოკრატიის ერთ-ერთი ელემენტი კანონის უზენაესობაა!“ - ამბობს ვახტანგ მჭედლიშვილი.
მთავარი მტკიცებულება სასამართლო პროცესზე
„რუსთავი 2-ის“ საქმეზე არსებით განხილვაში მოსარჩელე მხარის, ქიბარ ხალვაშისა (რომელიც 2005 წელს „რუსთავი 2-ის“ 60-პროცენტიან წილს ფლობდა) და მისი კომპანიის „პანორამის“ (2006 წლის ნოემბრამდე „რუსთავი 2-ის“ 40-პროცენტიანი წილის მფლობელი) სამართლებრივი საფუძველი, ძირითადად, სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლზე (მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებანი) არის დაფუძნებული.
ადვოკატი ირაკლი ყანდაშვილი, რომელიც ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრია, „ლიბერალთან“ საუბრისას განმარტავს, რომ წლებია, ქართულ სასამართლო სისტემაში გარიგების ბათილობის ერთ-ერთ წინაპირობად აღნიშნულ მუხლსაც იყენებენ. მისი თქმით, ამ კუთხით, როგორც ქვედა რგოლის ინსტანციების, ასევე უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილი პრაქტიკა, რა თქმა უნდა, არსებობს, როდესაც გარიგება 54-ე მუხლზე დაყრდნობით ბათილად უცვნიათ.
„მნიშვნელოვანია, რომ, თუ გარიგების მართლსაწინააღმდეგობა და ამორალურობა დადგინდება, მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, იგი კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს რამდენად არღვევს ან ეწინააღმდეგება თუ არა საჯარო წესრიგსა და ზნეობის ნორმებს. ეს მხარეთა მტკიცების ტვირთზეა დამოკიდებული“, - ამბობს ყანდაშვილი.
ქიბარ ხალვაშის მიერ სასამართლოში წარდგენილ ახსნა-განმარტებაში აღნიშნულია, რომ 2005 წელს ხელისუფლებაში მყოფი, უმაღლესი თანამდებობის მქონე პირები, მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ზურაბ ადეიშვილი და გიგი უგულავა უხეშად ცდილობდნენ, ჩარეულიყვნენ ტელეკომპანიის საქმიანობაში.
როგორც ახსნა-განმარტებაშია ნათქვამი, ზემოაღნიშნულ პირებთან შეხვედრებმა ცხადყო, რომ ქიბარ ხალვაში რეალური საფრთხის წინაშე იდგა, თუ „რუსთავი 2-ის“ წილს ხელისუფლების მიერ მითითებულ პირებზე არ გაასხვისებდა.
სარჩელის თანახმად, 2005 წლის 26 დეკემბერიდან 2006 წლის 17 ნოემბერის ჩათვლით ქიბარ ხალვაში იძულებული გახდა, თავისი წილი ნაწილ-ნაწილ გაეყიდა.
მოსარჩელე მხარე აცხადებს, რომ მყიდველებმა ისარგებლეს იმ ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორებით, რომლებითაც შეზღუდული იყო გამყიდველთა ნება, ამიტომ მათ ხელშეკრულებების ბათილად ცნობა მოითხოვეს.
სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის (მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგებანი) თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მოსარჩლეებსა და მოპასუხეებს შორის დადებული ხელშეკრულებები წილების დათმობის შესახებ არღვევს მორალურ სტანდარტებს, ვინაიდან აშკარაა თვალშისაცემი შეუსაბამობა შესრულებასა და საპასუხო შესრულებას შორის. სარჩელის თანახმად, ამ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობები მიუთითებს, რომ სარგებლის მიმღები დასაძრახი მოტივებით მოქმედებდა და მყიდველებმა, შეგნებულად თუ შეუგნებლად, გამოიყენეს გამყიდველის ისეთი მდგომარეობა, რამაც აიძულა იგი, დაედო მისთვის არახელსაყრელი გარიგება.
იმის დასადასტურებლად, რომ წილების გასხვისების შესახებ გარიგებები მართლსაწინააღმდეგო და ამორალური ხასიათის იყო, მოსარჩელემ წილების რეალურ ღირებულებასა და ხელშეკრულებებში აღნიშნულ თანხას შორის თვალშისაცემი დისპროპორციის წარმოჩენაზე გააკეთა აქცენტი.
საქმეში არსებულ ძირითად მტკიცებულებას წარმოადგენს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მონაცემებით, მოსარჩელემ „რუსთავი 2-ის“ წილების რეალური ღირებულების შესახებ თავისი პოზიცია წარმოადგინა.
დასკვნის თანახმად, „რუსთავი 2-ის“ 22-პროცენტიანი წილის ღირებულება 2005 წლის 26 დეკემბრის მდგომარეობით საორიენტაციოდ განისაზღვრება 574 756 [ნაცვლად ხელშეკრულებაში აღნიშნული 131 994 ლარისა] ლარით;
„რუსთავი 2-ის“ 38-პროცენტიანი წილის ღირებულება 2006 წლის 17 ნოემბრის მდგომარეობით საორიენტაციოდ განისაზღვრება 3 287 453 [ნაცვლად ხელშეკრულებაში აღნიშნული 219 703 ლარისა] ლარით;
„რუსთავი 2-ის“ 40-პროცენტიანი წილის ღირებულება 2006 წლის 17 ნოემბრის მდგომარეობით საორიენტაციოდ განისაზღვრება 3 460 477 [ნაცვლად ხელშეკრულებაში აღნიშნული 112 742 ლარისა] ლარით.
თუმცა მოპასუხე მხარეს ექსპერტიზის დასკვნის შესახებ არაერთი კითხვა აქვს. კომპანიის წილების შეფასების მიზნით დანიშნული ექსპერტიზის სრულყოფილად ჩასატარებლად, ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ მოსარჩელე მხარისგან რვა დოკუმენტის მიწოდება მოითხოვა, მოსარჩელე მხარემ კი ექსპერტს წესდების გარდა, მიაწოდა დოკუმენტი, რომელშიც შპს „სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის“ აქტივებისა და ვალდებულებების ბუღალტრული საბალანსო ნაშთებია მოცემული, 2006 წლის 17 ნოემბრის მდგომარეობით. დოკუმენტის ხელმომწერია, ასევე დოკუმენტის მიხედვით, „რუსთავი 2-ის“ ფინანსური დირექტორი 2004-2006 წლებში, რევაზ ბერიაშვილი.
მოპასუხე მხარე მოსარჩელეს არასრულყოფილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით მომზადებული დასკვნის გამო აკრიტიკებს.
„როცა მოსარჩელეს ვკითხეთ, „რუსთავი 2-დან“ რატომ არ გამოითხოვა დოკუმენტები, გვიპასუხა, რომ ტელეკომპანია მაინც არ მიაწვდიდა. რატომ არ დააყენეს სასამართლოს წინაშე შუამდგომლობა, რომ ეს მტკიცებულებები გამოეთხოვათ?“ - აცხადებს „ლიბერალთან“ საუბარში მოპასუხე მხარის ადვოკატი ზაზა ბიბილაშვილი.
მოსარჩელის ადვოკატმა პაატა სალიამ „ლიბერალს“ თავისი სტრატეგია გაანდო: „გამოთხოვა რომ მეცადა და კომპანიას ოფიციალურ ბლანკზე მოეწერა ჩემთვის, რომ მონაცემები შენახული არ აქვს, ეს შესაძლოა, საწინააღმდეგო მტკიცებულება ყოფილიყო და ეთქვათ, რომ კომპანიას შენახული არ აქვს და თქვენ საიდან მოგაქვთ ეს მონაცემები?! ეს ჩემი სტრატეგია იყო; ყველა მხარე თავის სტრატეგიას აგებს; ჩვენ ვეჯიბრებით ერთმანეთს. მომიგია პროცესი, მინიმალური მტკიცებულებით, აგრეთვე, წამიგია ანალოგიურ ვითარებაში, როცა ბევრი მტკიცებულება მქონია“.
ფოტო: ნიკოლოზ ურუშაძე
პაატა სალიას თქმით, მოსამართლემ მოპასუხე მხარეს განუმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნით მომზადებული ექსპერტიზის დასკვნის ჩაბარების შემდეგ მათ 7-დღიანი ვადა ჰქონდათ იმისათვის, რომ მტკიცებულებების შესახებ შუამდგომლობა წარედგინათ, თუმცა ამ ხნის განმავლობაში არაფერი მოუთხოვიათ და მხოლოდ ვადის გასვლის შემდეგ მთავარ სხდომაზე „რუსთავი 2-ის“ ადვოკატმა დამატებითი მტკიცებულებების წარდგენის შესახებ შუამდგომლობის დაყენება მოითხოვა. მან ექსპერტის მიერ გაცემული საექსპერტო დასკვნის შესაფასებლად სასამართლოს საერთაშორისო ფირმა Gრანტ თჰორნტონ-თან დადებული ხელშეკრულება წარუდგინა.
„ჩვენ ვთქვით, რომ „რუსთავი 2“ ამ ნაწილში მოპასუხე მხარე არაა, დანარჩენმა მხარემ კი ხელიდან გაუშვა ეს შესაძლებლობა, რადგან არ გამოიყენეს ის 7-დღიანი ვადა, რომელიც მოსამართლემ დამატებითი მტკიცებულების წარსადგენად მისცა“, - თქვა სალიამ. მოსამართლემ მოპასუხე მხარეს დამატებითი მტკიცებულების წარდგენის საშუალება არ მისცა.
მოპასუხე მხარის ადვოკატმა, ზაზა ბიბილაშვილმა, „ლიბერალს“ უთხრა, რომ პირი პროცესში მესამე მხარედაც რომ იყოს ჩართული, რომელსაც არ აქვს დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნა, მასაც კი აქვს შეუზღუდავი უფლება, საქმის წარმოებისას წარადგინოს ყველა ტიპის მტკიცებულება.
ადვოკატი როინ მიგრიაული „ლიბერალთან“ საუბრისას განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესზე მესამე მხარეს ისეთივე უფლებები აქვს, როგორც მოპასუხეს და მოსარჩელეს; მასაც აქვს შუამდგომლობების დაყენების, მტკიცებულებების წარმოდგენის უფლება, ოღონდ, თავის მტკიცების ტვირთის ნაწილში. თუმცა, როგორც მიგრიაული ამბობს, ამ შემთხვევაში „რუსთავი 2-ს“ ამ ნაწილში მტკიცების ტვირთი არ გადმოსცემია, რადგან ეს მისი სამტკიცებელი არ იყო. ადვოკატის თქმით, პროცესუალურად სასამართლომ მოპასუხე მხარის შუამდგომლობა ახალი დასკვნის წარმოდგენაზე იმიტომ არ დააკმაყოფილა, რომ მათ ამ ნაწილში ამის უფლება არ ჰქონდათ, ხოლო „რუსთავი 2-ის“ პარტნიორებს ვადა ჰქონდათ გაშვებული.
„არ მინდა, კატეგორიული ვიყო; მატერიალურ ნაწილში არ ვიცი, მაგრამ მოპასუხე მხარემ პროცესუალურად წააგო“, - აცხადებს მიგრიაული. მისი თქმით, მოპასუხე მხარეს უნდა ჰქონოდა მტკიცებულება, რომ წილების რეალური საბაზრო ღირებულება იმდენი არ იყო, რაც ექსპერტიზის დასკვნაში იყო მოცემული.
„ვალდებულებით სამართალში მტკიცების ტვირთს შემდეგნაირად ანაწილებენ - მე თუ ვთქვი, რომ მილიონი ღირს და შენ ამბობს, რომ არ ღირს, მტკიცების ტვირთი შენზე გადმოდის და ამტკიცებ, რომ არ ღირს“, - ამბობს მიგრიაული.
ხალვაშის ახსნა-განმარტებისა და ექსპერტიზის დასკვნასთან ერთად, მოსარჩელემ მართლსაწინააღმდეგო და ამორალური გარიგების დასადასტურებლად სასამართლო პროცესზე წარადგინა „რუსთავი 2-ის“ გასხვისების ქრონოლოგია, რომელიც 20-მდე პუნქტისგან შედგება. აღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სასამართლომ ქიბარ ხალვაშთან დადებული ხელშეკრულებები ბათილად ცნო.
როინ მიგრიაულის თქმით, საქართველოში არ არის დადგენილი პრაქტიკა, რომ პირდაპირ ითქვას - რადგან საბაზრო ღირებულება ხელშეკრულებაში დადგენილ ფაქტს არ შეესაბამება, ამის გამო ხელშეკრულება ბათილად იყოს ცნობილი. უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაში ეს თემა გავრცობილი არ არის. „ამიტომ შეიძლება, გარემო პირობები შევაფასოთ. სასამართლომ საბაზრო ღირებულებასთან ერთად, შეიძლება, ყურადღება მიაქციოს ფორმალურ გადაყიდვებს და ერთობლიობაში გამოიტანოს გადაწყვეტილება. საქართველოსგან განსხვავებით გერმანულ სასამართლო პრაქტიკაში ამორალურ გარიგებად მიიჩნევენ, თუ, დავუშვათ, მილიონიან ნივთს 100 ევროდ ყიდი“, - განმარტავს მიგრიაული.
ადვოკატ ირაკლი ყანდაშვილის თქმით, თუ ვიტყვით, რომ კანონით დადგენილი წესია, რომ წილების შეფასება უნდა იყოს კანონით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად და ამ შემთხვევაში „ცა და დედამიწა“ სხვაობაა, ამ კუთხით მართლსაწინააღმდეგობა, რა თქმა უნდა, დგინდება, ხოლო ეს რამდენად ამორალურია, უკვე სასამართლომ უნდა შეაფასოს. ადვოკატის თქმით, სასამართლო გადაწყვეტილებას იღებს კანონზე დაყრდნობით, საქმეში არსებული მტკიცებულებებით და შინაგანი რწმენით (პროცესზე, რაც გამოვლინდა: მხარეების მოსმენის, საქმეში არსებული მასალების წაკითხვის შემდეგ შინაგანი განცდა უნდა შეექმნას).
სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული მეორე სასარჩელო მოთხოვნა „რუსთავი 2-ის“ 100-პროცენტიანი წილის ქიბარ ხალვაშსა და მის კომპანიაზე გადაფორმებას ითვალისწინებს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოპასუხე მხარე კატეგორიულად არ იზიარებს. ადვოკატი ზაზა ბიბილაშვილი „ლიბერალთან“ საუბრისას საჯარო და სამეწარმეო რეესტრების ჩანაწერების სისრულისა და უტყუარობის პრეზუმფციაზე აკეთებს აქცენტს.
როგორც ბიბილაშვილი ამბობს, კეთილსინდისიერების დასადასტურებლად შემდეგი სტანდარტი გამოიყენება: უნდა იყოს გასაჩივრებული საჯარო რეესტრის ჩანაწერი, რომლის საფუძველზეც ყარამანიშვილებმა წილი შეიძინეს. „არც ერთი ჩანაწერი არ ყოფილა გასაჩივრებული დროის არც ერთ მონაკვეთში. მეორეც, ყარამანიშვილებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩანაწერი არაზუსტი იყო. მაგრამ, მათ ეს არ იცოდნენ, საქმიდან გამომდინარე, არც დასტურდება, რადგან არ იცოდნენ“, - აცხადებს ბიბილაშვილი.
როინ მიგრიაულის განმარტებით, კეთილსინდისიერმა შემძენმა ნამდვილად არ უნდა იცოდეს, წინათ რა ხდებოდა და რეესტრის ამონაწერს უნდა ეყრდნობოდეს. მაგრამ, როგორც მიგრიაული აცხადებს, აღნიშნულ საქმეში ურთიერთდაკავშირებულობა იკვეთება. „ვიცით, რომ ეს ყველაფერი ერთიანი გარიგების ნაწილი იყო. ესენი ერთმანეთთან დაკავშირებული, აფილირებული კომპანიები, იყვნენ და აქ კეთილსინდისიერება გამორიცხულია“, - თქვა მიგრიაულმა.