იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა დღეს ჯანდაცვის კომიტეტის მიერ ინიცირებული „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ კანონპროექტი განიხილა.
პროექტის მიხედვით, მსურველმა ლიცენზიის მისაღებად უნდა წარადგინოს სააღმზრდელო პროგრამა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს სალიცენზიო პირობებს, ასევე - ინფორმაცია პედაგოგიური პერსონალის რაოდენობის; მათი კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის; მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობისა და შენობა-ნაგებობების გეგმის შესახებ.
ლიცენზიის მსურველს უნდა ჰქონდეს ფართობი, რომლის არანაკლებ 6 წლის ვადით ფლობისა და სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. იჯარის/ქირავნობის შემთხვევაში კი ფლობისა და სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს საჯარო რეესტრიდან ამონაწერით.
პროექტის მიხედვით, ფართობი აღსაზრდელთა რაოდენობის შესაბამისად უნდა მოიცავდეს:
საძინებელ ოთახს (ოთახებს); სამზარეულოს/სასადილოს; ტუალეტს (ტუალეტებს), საშხაპეს (საშხაპეებს), პირსაბანს (პირსაბნებს);
ბ) უნდა ჰქონდეს აღსაზრდელთა ასაკის შესაბამისი სააღმზრდელო, საგანმანათლებლო, საინფორმაციო და შემეცნებითი დანიშნულების ნივთები;
გ) უნდა ჰქონდეს აღსაზრდელთა საჭიროებაზე გათვლილი საძინებელი ინვენტარი;
დ) უნდა ჰქონდეს აღსაზრდელთა ერთდროული კვებისათვის საკმარისი სასადილო ფართობი და შესაბამისი ინდივიდუალური ინვენტარი;
ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აღსაზრდელთათვის უნდა ჰქონდეს თავისუფალი ორიენტაციისა და გადაადგილების პირობები;
ვ) უნდა აკმაყოფილებდეს ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებს.
ის შენობა-ნაგებობანი, რომელიც სააღმზრდელო საქმიანობისთვისაა განკუთვნილი, უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ მოთხოვნებს.
პროქტში აღნიშნულია, რომ სააღმზრდელო საქმიანობის სალიცენზიო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯირიმებას 300 ლარის ოდენობით.
ამასთან, პროექტი გარკვეულ შემთხვევებში სანქციის სახით თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს. კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ სააღმზრდელო საქმიანობა კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაცვის გარეშე წარიმართა, ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ თავისუფლების ორი წლის ვადით აღკვეთაა გათვალისწინებული.
აღნიშნულთან დაკავშირებით, ჯანდაცვის კომიტეტმა გაიზიარა იურიდიული კომიტეტის შენიშვნა და კანონპროექტს სისხლის სამართლის სანციების ნაწილში ალტერნატიული სახის სასჯელი დაემატება.
ამასთან, ლიცენზიის გამცემი უფლებამოსილია, შეამოწმოს ლიცენზიის მფლობელი, თუ არსებობს დასაბუთებული ინფორმაცია ლიცენზიის მფლობელის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და ამ კანონით გათვალისწინებული სალიცენზიო პირობების დარღვევის თაობაზე.
აღსანიშნავია, რომ პროექტის მიხედვით, კანონის მოქმედება გავრცელდება სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა. იგი არ გავრცელდება მინდობით აღზრდის, სამედიცინო სტაციონარული დაწესებულების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სკოლა-პანსიონის, ასევე ისეთ მომსახურებაზე, რომელშიც თითოეული ბავშვი იმყოფება წელიწადში არაუმეტეს 3 თვისა.
ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის მირიან წიკლაურის განმარტებით, აღნიშნული კანონი შეეხება ისეთ სააღმზდელო დაწესებულებებს, სადაც ბავშვი 24 საათის განმავლობაში იმყოფება, გარდა ზემოთ ჩამოთვლილი გამონაკლისებისა.
„ახალი კანონის მიღებით, ისეთი დეფინიცია განისაზღვრება, რომ გარკვეული დაწესებულებები, რომელიც კანონის ძველ რეგულაციებში არ ექცეოდა, ახლა მოექცევა. დღეს გვაქვს ასეთი მოცემულობა, რომ გარკვეული ტიპის დაწესებეულებები იღებენ ლიცენზიას, არიან ისეთებიც, რომლებიც არ იღებენ. ახლა კი ყველა იმ დაწესებულებამ, რომელშიც 24-საათიანი ზრუნვაა, ლიცენზია უნდა აიღოს“, - აღნიშნა წიკლაურმა.
როგორც კომიტეტის სხდომაზე მირიან წიკლაურმა განმარტა, სახელმწიფო ვალდებულებას მხოლოდ იმ შემთხვევაში იღებს, როდესაც ბავშვი მზრუნველობას მოკლებულია, სახელმწიფო მას შესაბამისს სტატუს განუსაზღვრავს და შემდეგ ათავსებს რომელიმე ინსტიტუციაში.
„ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, თუ ბავშვი სახელმწიფო მზრუნველობაში არაა, მათზე სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას. არის შემთხვევები, როდესაც ბიოლოგიური ოჯახიდან გამოყვანილი ბავშვები არალიცენზირებულ სახლებში ხვდებიან, შესაძლოა, ოჯახის თანხმობითაც“, - ამბობს წიკლაური.
შეკითხვაზე - ასეთი დაწესებულებები საიდან ფინანსდებიან, წიკლაური პასუხობს, რომ ისინი, ძირითადად, შემოწირულობებით არსებობენ.
„თუ რა შემოწირულობებით, ამაზე მერე ვისაუბროთ“, - განაცხადა მან.
„ხშირ შემთხვევაში ასეთი სახლები იხსნება ისე, რომ ამის არანაირი საჭიროება არ არსებობს, ისინი ახორციელებენ ისეთ საქმიანობას, რომლებიც აშკარად არღვევს ბავშვის უფლებებს“, - აღნიშნა წიკლაურმა.
დეპუტატმა პრაქტიკიკაში არსებული მაგალითების დასახელებისგან, როგორც კომიტეტის სხდომაზე, ასევე „ლიბერათან“ საუბრისას, თავი შეიკავა.