Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

როდემდე, ღმერთMONEY?

21 ნოემბერი 2015

2002 წლის 14 ოქტომბერი - მცხეთაში, სვეტიცხოვლის კომპლექსში საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური ეკლესიის კათალიკოს-პატრიარქი, 1977 წლის 25 დეკემბერს ილია II-ედ აღსაყდრებული ირაკლი შიოლაშვილი ხელს აწერენ კონსტიტუციურ შეთანხმებას, 12 მუხლისაგან შემდგარ კონკორდატს, რომელიც საქართველოს სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის მას შემდეგ ჩამოყალიბებული ურთიერთობის საფუძველი ხდება. 

შეთანხმების 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილით დოკუმენტის სეკულარულობასა და სოციალურ მიზანს გაესვა ხაზი და განისაზღვრა, რომ: „სახელმწიფო და ეკლესია ადასტურებენ მზადყოფნას, ითანამშრომლონ ურთიერთდამოუკიდებლობის პრინციპის დაცვით, ქვეყნის მოსახლეობის საკეთილდღეოდ“.  მე-11 მუხლით კი, საქართველოს სახელწიფომ, როგორც საქართველოს სოციალისტური რესპუბლიკის სამართალმემკვიდრემ, იტვირთა ვალდებულება ნაწილობრივ აენაზღაურებინა დადასტურებული მეტერიალური ზიანი, რომელიც ეკლესიას XIX-XX საუკუნეებში მიადგა:„სახელმწიფო ადასტურებს XIX-XX საუკუნეებში (განსაკუთრებით 1921-90 წლებში), სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დაკარგვის პერიოდში, ეკლესიისათვის მატერიალური და მორალური ზიანის მიყენების ფაქტს. როგორც ჩამორთმეული ქონების ნაწილის ფაქტობრივი მფლობელი, იღებს ვალდებულებას მატერიალური ზიანის ნაწილობრივ კომპენსაციაზე”.

ამ აქტის, კონსტიტუციური შეთანხმების კონსტიტუციურობა დღემდე მრავალჯერ გახდა დავის საგანი; ბოლოს, 2015 წლის 15 ოქტომბერს, რვა რელიგიურმა ორგანიზაციამ მის წინააღმდეგ სარჩელითაც მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს. ეს შეთანხმება, კონკორდატი შეიქნა 2002-2015 წლებში სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოსთვის კოლოსალური ოდენობის უძრავი თუ მოძრავი ქონების გადაცემის ლეგალური ფუნდამენტი. გადაცემული ქონება მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში მართლმადიდებლური ეკლესიის მიერ განცდილი იმ ზიანის ნაწილობრივ კომპენსაციად უნდა ჩათვლილიყო, რომელიც არასდროს დაანგარიშებულა, არავის დაუთვლია.

დიახ,  სახელმწიფო ბიუჯეტიდან ყოველწლიურად გადარიცხული 25 მილიონი ლარით იმ ინსტიტუციის ძირგავარდნილი ქვევრი ივსება, რომელიც კონკორდატის მე-6 მუხლით გადასახადებისგანაც თავისუფალია და თავადვე განსაზღვრავს მის ბალანსზე ჩარიცხული თანხების მიზნობრიობას.

რა თანხით განისაზღვრება ეს ზიანი და როდემდე უნდა იხადოს მის დასაფარად საქართველოს სეკულარულმა სახელმწიფომ კომპენსაცია მოსახლეობის ჯიბიდან, დღემდე უცნობია. ამ ყველაფრის ფონზე კი კონკორდატი ემსგავსება სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულებას (საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, მუხლი 413), რომელიც მხოლოდ ფიზიკურ პირთან შეიძლება დაიდოს და რომლის ეკლესიასთან გაფორმება სამართლებრივი ნონსენსია. „არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, არცა საიდუმლოჲ, რომელი არა საცნაურ იყოს და ცხადად მოვიდეს” (ლუკა 8:17) -ვკითხულობთ სახარებაში ქრისტეს სიტყვებს, რომლებითაც დღეს მივმართავთ საპატრიარქოს, აურაცხელი ქონების მფლობელს. ეს ქონება ყოველწლიური საბიუჯეტო შენატანების, მუნიციპალური, პრეზიდენტის სარეზერვო თუ სხვა ფონდებიდან გადარიცხული თანხების, სიმბოლურ თანხად გადაცემული ათასობით ჰექტარი უძრავი ქონების, 27 ბიზნესკომპანიაში კუთვნილი წილებისა და მრევლის შესაწირის აკუმულირების შედეგია. საპატრიარქო დღემდე იღებს სუბსიდიებს, რომელთა გამოყენების თვალსაჩინო ნაყოფი უფრო მღვდელმსახურთა გასქელებული ჯიბეებია, ვიდრე საყოველთაო სოციალური კეთილდღეობისათვის გაღებული ღვაწლი.

საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულაში წერია, რომ საქართველოს მოქალაქეთა ნებაა დემოკრატიული საზოგადოებრივი წესწყობილების, ეკონომიკური თავისუფლების, სოციალური და სამართლებრივი სახელმწიფოს დამკვიდრება და რომ ეს კონსტიტუცია 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივ მემკვიდრეობაზე დაყრდნობით ცხადდება. მაგრამ 1921 წლის კონსტიტუციის 144-ე მუხლის თანახმად: ხარჯის გაღება სახელმწიფოს და ადგილობრივ თვითმართველობათა თანხიდან სარწმუნოებრივ საქმეთა საჭიროებისთვის აკრძალულია. თუ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო სამართლებრივ პრაქტიკას გადავხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ თანამედროვე კონსტიტუციურ სტანდარტებს 1921 წლის კონსტიტუცია მეტად შეესაბამება, ვიდრე კონსტიტუციის მოქმედი რედაქცია, რომლის განუყოფელი ნაწილიცაა 2002 წლის კონკორდატი.მაგალითისთვის, მოვიტან ამერიკის კონსტიტუციის პირველი შესწორების განმარტებას - „არც ერთი შტატი თუ ფედერალური მთავრობა არ არის უფლებამოსილი დაარსოს ეკლესია. აკრძალულია ასევე ერთი რომელიმე რელიგიის ან ყველა რელიგიის მხარდამჭერ კანონთა მიღება, ან კანონთა რომლებიც ერთ რელიგიას მეორეზე უპირატესს ხდის. ამასთანავე, არც ერთ შტატი თუ ფედერალური მთავრობა არ არის უფლებამოსილი იძულებით ან ზეწოლით გახადოს პიროვნება რომელიმე რელიგიის აღმსარებელი ან განარიდოს მას ან აიძულოს პირი აღიაროს თავისი რწმენა ან ურწმუნობა რომელიმე რელიგიისა. არავინ შეიძლება დაისაჯოს რელიგიური რწმენისა თუ ურწმუნობის მიმდევრობისა თუ მოძღვრებისათვის, ტაძარში სიარულისა თუ სიარულისთვის თავის არიდებისათვის. არავითარი გადასახადი, რა ოდენობითაც უნდა იყოს იგი, მცირე თუ დიდი, შეიძლება დაწესდეს რაიმე რელიგიური ქმედების ან რელიგიური დაწესებულების მხარდასაჭერად, განურჩევლად დასახელებისა, რელიგიური სწავლების თუ მსახურების ფორმისა. არც ერთი შტატი ან ფედერალური მთავრობა არ არის უფლებამოსილი ღიად თუ ფარულად ჩაერთოს რომელიმე რელიგიური ორგანიზაციის ან ჯგუფის საქმიანობაში და პირუკუ“.

თანამედროვე საერთაშორისო სამართლებრივი პრაქტიკით ერთადერთი მიზანი, რისთვისაც ეკლესიამ სახელმწიფო დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს, არის სოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფა, მაგალითად საავადმყოფოს ან სამკურნალო ცენტრის აშენება. აღნიშნულის შესასრულებლად ბიუჯეტიდან რელიგიური დაწესებულებისთვის ბალანსზე გადარიცხულ თანხას განსაზღვრული მიზნობრიობა ახასიათებს და მკაცრად კონტროლდება  სახელმწიფოს მიერ, საქართველოში კი ეკლესიის მიერ თანხების განკარგვა საკმევლის გაუმჭვირვალე, სქელ ბოლშია გახვეული.

ქრისტიანული მოძღვრების ურყევი პრინციპია სხეულის გვემით სულის ამაღლება და მატერიალურ სიკეთეებზე უარის თქმით იდეალურ ღირებულებათა წვდომა, - გავიხსენოთ თუნდაც მარკოზის სახარებაში ქვრივის მიერ ტაძრისთვის გაღებული ორი ლეპტა, რომელიც მთელ მის საბადებელს შეადგენდა. მაგრამ მშვიდობიანი ფორმის მქონე რელიგიური ფანატიზმი კონსტიტუციით აღიარებული მხოლოდ ინდივიდუალური უფლებაა და არ შეიძლება სეკულარული სახელმწიფოს პრინციპად იქცეს.

სოციალური სახელმწიფო ხალხის მიერ ხალხისთვის შექმნილი სახელმწიფოა, რომლის მატერიალური დოვლათი მთელი სოციუმის საერთო კეთილდღეობას უნდა მოხმარდეს. ამ შემთხვევაში აშკარად რელევანტურია მასლოუს მოთხოვნილებათა თეორია , რომლის თანახმადაც ადამიანს მხოლოდ პირველად მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების შემდეგ ძალუძს შეძენილ, ასე ვთქვათ აბსტრაქტულ სიკეთეთა შეცნობა. ჩვენს სახელმწიფოში სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა მაჩვენებელი მაღალია, ბიუჯეტში კი სოციალური დახმარების უზრუნველყოფისათვის განკუთვნილი თანხები საკმარისი არაა. ასეთ ვითარებაში სახელმწიფოს მიერ გატარებული პოლიტიკა, რომლის შედეგად უზარმაზარი თანხები ერთი და თანაც გაუკონტროლებელი ინსტიტუციის მფლობელობაში აკუმულირდება სოციალური დანაშაულია.

ეკონომიკურ ფაქტორებს თავი რომ დავანებოთ, კონკორდატი რელიგიურ თანასწორობასაც არღვევს - ზიანი XIX-XX საუკუნეში ყველა კონფესიას მიადგა, საქართველო კი მხოლოდ 2014 წლიდან გასცემს 4.5 მილიონ ლარს, რომელიც სხვა ოთხ რელიგიურ გაერთიანებაზე ნაწილდება; ესენია: სომეხთა სამოციქულო მართლმადიდებელი წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქია; ისლამური და იუდეური თემები, ასევე კათოლიკური ეკლესია. სხვა დანარჩენი რელიგიური უმცირესობები დისკრიმინირებული არიან, ხოლო აღნიშნული კონფესიები მოცემული სუბსიდიის გათვალისწინებითაც კი უთანასწორო მდგომარეობაში არიან მართლმადიდებლურ ეკლესიასთან შედარებით, რადგან მათზე განსხვავებული ეკონომიკური რეგულაციები ვრცელდება.

საკონსტიტუციო სასამართლოს სწორედ ამიტომ მიმართა სარჩელით რვა რელიგიურმა ორგანიზაციამ: ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაციამ, საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტურმა ეკლესიამ, ქართველ მუსლიმთა კავშირმა, საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიამ, მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონმა, საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესიამ, წმიდა სამების ეკლესიამ და ქრისტეს ეკლესიამ. ამ ორგანიზაციებმა კონსტიტუციის მე-14 მუხლით აღიარებულ თანასწორობის პრინციპთან კონკორდატის შესაბამისობა გახადეს სადავო. 
მათი მოთხოვნის არსი იმ ეკონომიკური შეღავათების თანასწორად გავრცელებაა, რომლებითაც მართლმადიდებლური ეკლესია ექსკლუზიურად სარგებლობს. ესენია დამატებითი ღირებულების, ასევე მოგებისა და ქონების გადასახადებისგან თავისუფლება.

2002 წლის კონსტიტუციური შეთანხმება ქართული სახემწიფოებრივი სეკულარიზმის სამართლებრივი ნეკროზია, რადგან სწორედ მისგან დაიწყო სახელმწიფოს რელიგიურმა ნეიტრალიტეტმა კვდომა, და მძიმე ეკონომიკურ შედეგებამდეც მასვე მივყავართ. იგი უნდა გაუქმდეს და აღდგეს რელიგიური თანასწორობა არა ანალოგიური რეგულირების თანაბარწილად გავრცელებით, არამედ ყველა რელიგიური ორგანიზაციის ჩვეულებრივი ფისკალური პოლიტიკისათვის დაქვემდებარებით. რაც შეეხება ყბადაღებულ ისტორიულ ზიანს, იგი საბოლოოდ უნდა დაანგარიშდეს და შეედაროს ეკლესიის მიერ უკვე მიღებულ მატერიალურ სიკეთეს, რათა ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს, როდის გათავისუფლდება ქართველი ერი მომხვეჭელი რელიგიური ინსტიტუციის ეკონომიკური უღელისაგან.

P.S. ამ ტექსტის წერის პროცესში ვარ, როცა თბილისის მერიის ბიუჯეტიდან მახათას მთაზე მონასტრის მშენებლობისთვის 1 მილიონი ლარისგადარიცხვის შესახებ ვრცელდება ცნობა. შეგახსენებთ, ეს მონასტერი 2012 წლის 17 აპრილიდან შენდება და 2017 წლის 25 დეკემბერს სწორედ ამ კომპლექსში უნდა ჩატარდეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის აღსაყდრების 40 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომლის „სრულფასოვნად და მაღალი სტანდარტებით“ ჩატარების უზრუნველსაყოფად მთავრობის 2015 წლის 9 ნოემბრის №2386 განკარგულებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ – თბილისის განვითარების ფონდს  გამარტივებული შესყიდვის საშუალებით  სამონასტრო კომპლექსის მშენებლობისა და შესაბამისი ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებული საქონლის, მომსახურებისა და სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების უფლება მიენიჭა. ამ დროს კი ქალებზე ძალადობის კატასტროფულად მაღალი მაჩვენებლის მქონე ჩვენს ქვეყანაში ერთადერთი კრიზისული ცენტრი არსებობს, რომელიც ერთდროულად მხოლოდ 10 ადამიანს იტევს.

როდემდე ასე, ღმერთmoney?!

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^