„სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ კანონპროექტით, სააღმზრდელო საქმიანობა ახლებურად განისაზღვრება და მოიცავს ისეთ საქმიანობას, რომელიც „საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაკავშირებულია ბავშვის შემეცნებით, ემოციურ, ფიზიკურ და ინტელექტუალურ განვითარებაზე სისტემურ ზრუნვასა და სადღეღამისო მომსახურების განხორციელებასთან და რომლის მიზანია ბავშვის პიროვნული, ზნეობრივი, ინტელექტუალური, უნარ-ჩვევებისა და ადაპტაციური ქცევის ჩამოყალიბება“.
ამოქმედების შემთხვევაში, კანონის მოქმედება გავრცელდება სააღმზრდელო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე, მიუხედავად მათი ორგანიზაციულ-სამართლებრივი და საკუთრების ფორმისა, გარდა მინდობით აღზრდის, სამედიცინო სტაციონარული დაწესებულების, განათლების სამინისტროს მიერ რეგისტრირებული სკოლა-პანსიონისა და ისეთი მომსახურებისა, რომელშიც თითოეული ბავშვი იმყოფება, წელიწადში არაუმეტეს 3 თვისა.
კანონპროექტის თანახმად, სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიას სამინისტროს შესაბამისი სამსახური გასცემს შემდგომი დოკუმენტების წარდგენის საფუძველზე:
„ლიცენზიის მაძიებელმა ლიცენზიის მისაღებად „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტაციასთან ერთად ლიცენზიის გამცემს უნდა წარუდგინოს:
- სააღმზრდელო პროგრამა, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონის მე-6 მუხლით და ამავე კანონით დადგენილ დამატებით სალიცენზიო პირობებს;
- ინფორმაცია პედაგოგიური პერსონალის რაოდენობის, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის, აგრეთვე, ძირითადი და დამატებითი სამუშაო ადგილების შესახებ. ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილ მონაცემებს პედაგოგიური პერსონალის თაობაზე უნდა ერთოდეს ლიცენზიის მაძიებლის მიერ შესაბამისი საქმიანობისათვის ლიცენზიის მიღების პირობით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაფორმებული ხელშეკრულებები. ლიცენზიის მაძიებლის მიერ წარდგენილი ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონის მე-6 მუხლით დადგენილ დამატებით სალიცენზიო პირობებს;
- ინფორმაცია მატერიალურ-ტექნიკური მდგომარეობის შესახებ, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ მუხლის მე-3 პუნქტითა და ამ კანონის მე-6 მუხლით დადგენილ დამატებით სალიცენზიო პირობებს;
- შენობა-ნაგებობების გეგმა სართულების მიხედვით“.
კანონპროექტით, ლიცენზიის მაძიებელი/მფლობელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სალიცენზიო პირობებს:
ა) „უნდა ჰქონდეს ფართობი, რომლის არანაკლებ 6 წლის ვადით ფლობისა და სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. იჯარის/ქირავნობის შემთხვევაში ფლობისა და სარგებლობის უფლება დადასტურებული უნდა იყოს საჯარო რეესტრიდან ამონაწერით. ფართობი აღსაზრდელთა რაოდენობის შესაბამისად უნდა მოიცავდეს:
ა.ა) საძინებელ ოთახს (ოთახებს); ა.ბ) სამზარეულოს/სასადილოს; ა.გ) ტუალეტს (ტუალეტებს), საშხაპეს (საშხაპეებს), პირსაბანს (პირსაბნებს);
ბ) უნდა ჰქონდეს აღსაზრდელთა ასაკის შესაბამისი სააღმზრდელო, საგანმანათლებლო, საინფორმაციო და შემეცნებითი დანიშნულების ნივთები;
გ) უნდა ჰქონდეს აღსაზრდელთა საჭიროებაზე გათვლილი საძინებელი ინვენტარი;
დ) უნდა ჰქონდეს აღსაზრდელთა ერთდროული კვებისათვის საკმარისი სასადილო ფართობი და შესაბამისი ინდივიდუალური ინვენტარი;
ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აღსაზრდელთათვის უნდა ჰქონდეს თავისუფალი ორიენტაციისა და გადაადგილების პირობები;
ვ) უნდა აკმაყოფილებდეს ბავშვზე ზრუნვის სტანდარტებს.
2. ის შენობა-ნაგებობანი, სადაც უნდა განხორციელდეს სააღმზრდელო საქმიანობა, უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ მოთხოვნებს.
3. ლიცენზიის მფლობელი ვალდებულია, სააღმზრდელო საქმიანობის სტატისტიკური მონაცემები ლიცენზიის გამცემს წარუდგინოს ლიცენზიის გამცემის მიერ დადგენილი წესით".