Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"ენკი, ბენკი, სიკლისა, ენკი, ბენკი ..და, კიდევ ერთი გოგო გავიდა"

25 ნოემბერი 2015

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ  16-დღიან საერთშორისო კამპანიას საქართველო ნაადრევი ქორწინების თემით უერთდება. „ქალთა მოძრაობის“ ინიციტივით ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ დაწყებული კამპანია  ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს, 25 ნოემბერს დაიწყო. „ადრეული ქორწინება გოგონებზე ძალადობაა!“ - ამ სლოგანით აქციები თითქმის ყველა დიდ ქალაქში გაიმართა, თბილისში კი  პერფორმანსი მოეწყო.

„სახლი, სადაც ძალადობას განიცდი, სახლი არ არის“, „თანასწორობა იწყება ოჯახიდან“, „ადრეული ქორწინება ტვირთია“ - ეს წარწერები მარნეულის ერთ-ერთ სკოლასთან ახალგაზრდებმა გააკეთეს.  ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ მარნეულის ცენტრში სკოლის მოსწავლეები და ახალგაზრდები შეიკრიბნენ. შემდეგ კი ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს. სოფლის ავტობუსებთან, ჩაიხანებთან და ქალაქის სხვადასხვა თავშეყრის ადგილას მისულები ადამიანებს უხსნიდნენ, რომ ნაადრევი ქორწინება დანაშაულია და ისინი ამის წინააღმდეგ იბრძვიან. 

მარნეულში გამართული აქციის კოორდინატორი ნონა სამხარაძე ამბობს, რომ აქციის მიზნად სკოლის მოსწავლეებისა და ახალგაზრდების ყურადღების მიპყრობა დაისახეს. გარდა ამისა, მოქალაქეებისთვის იმის გაცნობა, რომ 16 წლამდე ქორწინება კანონით ისჯება.

„მოვიძიეთ ბოლო წლის მონაცემები. აღმოჩნდა, რომ მარნეულში 16 წლამდე გოგონას ცოლად შერთვის გამო წინა წელს 33 კაცი დაჯარიმდა.  ასევე,  გვაქვს  მარნეულის ერთ-ერთი სამშობიარო სახლის მონაცემები, რომლის მიხედვით,  გასულ წელს  გოგონების 10%-მა 16 წლამდე ასაკში იმშობიარა, 30%-მა - 18 წლამდე  ასაკში. ის, რომ ეს დასჯადია მოსახლეობამ არ იცის,  ჩვენი აქციის მიზანიც ინფორმაციის მიწოდება იყო.  აზერბაიჯანულ და ქართულ ენაზე გავაკეთეთ მიმართვა, რომ ნაადრევი ქორწინება დანაშაულია“, - ამბობს ნონა სამხარაძე. ის მარნეულის გენდერული კლუბის წევრია, სადაც  თექვსმეტამდე აზერბაიჯანელი და ქართველი ახალგაზრდაა გაწევრიანებული.  როგორც ნონა ამბობს, გენდერული კლუბი სამცხე-ჯავახეთის მედიაცენტრის პროექტია. მარნეულში აქციის ორგანიზებაში ახალგაზრდებთან ერთად „ქალთა მოძრაობა“, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი და მარნეულის მუნიციპალიტეტის ქალთა ოთახიც მონაწილეობდა.

სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში ყოველდღე 4 არასრულწლოვანი გოგონა დედა ხდება.  ნაადრევი ქორწინების გამო გოგონები სკოლაში აღარ დადიან. განათლების სამინისტროს მონაცემებით, 2011 წლიდან 2013 წლის იანვრამდე, მე-7-9 კლასში განათლების მიღება 7367-მა გოგონამ შეწყვიტა. საქართველოს კანონმდებლობით ქორწინების დასაშვები ასაკი 18 წელია.  

„ქალთა მოძრაობის“ წევრი  იდა ბახტურიძე ამბობს, რომ  გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიისთვის ნაადრევი ქორწინების თემა იმიტომ შეირჩა, რომ ეს  პრაქტიკა საქართველოში ფართოდაა გავრცელებული.  სათანადო ყურადღება მას არც საზოგადოებისგან ექცევა და არც სახელმწიფოსგან.

„საზოგადოება და სახელმწიფო  უნდა შეთანხმდეს იმაზე, რომ ეს არის პრობლემა და საჭიროა ამაზე მუშაობა. ასე  მოხდა ძალადობისა და ქალთა მკვლელობების შემთხვევაშიც. თავიდან ძალიან გვიჭირდა საზოგადოებისა და სახელმწიფო უწყებების დარწმუნება, რომ ეს არ არის ერთეული შემთხვევა და რეალური სოციალური პრობლემაა, იმავე  სირთულის წინაშე ვდგავართ ადრეული ქორწინებების შემთხვევაში. ჩვენ გვიწევს ვამტკიცოთ, რომ ნაადრევი ქორწინება საკმაოდ გავრცელებული პრაქტიკაა საქართველოში და არა კონკრეტული რეგიონების პრობლემა“,- ამბობს იდა ბახტურიძე.

კამპანიის ფარგლებში ორგანიზაციამ „ჩაი ხანა“  არასრულწლოვანი  გოგონების ქორწინების თემაზე ვიდეო მოამზადა, რომელიც ნაადრევი ქორწინების თემაზე ვიზუალიზებულ სტატისტიკას ასახავს.

აქციები საქართველოს თითქმის ყველა დიდ ქალაქში  გაიმართა. მოქალაქეები ორ საათზე ნაადრევი ქორწინების საწინააღმდეგო აქციაზე ქუთაისში, გორში, ბათუმში, ახალციხეში, ახალქალაქში, ქობულეთში, ზუგდიდში, თელავში, ოზურგეთში, ბორჯომში შეიკრიბნენ. ასევე, სოფელ დუისში - პანკისის ხეობა.

ზუგდიდში აქციის კორდინატორი, ასოციაცია „ათინათის“ წევრი სალომე ჟვანია იყო. მისი თქმით, ნაადრევი ქორწინების წინააღმდეგ აქციას წინ უსწრებდა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებული ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართული შეკრება, რომლის მონაწილეებიც შემდეგ მათ აქციაზე გადმოინაცვლეს.  ზუგდიდის აქციას, სხვა ქალაქების მსგავსად, ძირითადად ახალგაზრდები ესწრებოდნენ. სალომე ჟვანია ამბობს, რომ აქცია მაინც მასშტაბური იყო, მოქალაქეებიც შეუერთდნენ და ადგილობრივმა მედიამაც  გააშუქა.

აქციის ნაცვლად თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან, პერფორმანსი მოეწყო. სკოლის მოსწავლეებმა იმიტირებული გაკვეთილი წარმოადგინეს.

„ენკი ბენკი სიკლისა, ენკი ბენკი .. და, კიდევ ერთი გოგო გა-ვი-და - ქეთა14 წლის ოცნებობდა გამხდარიყო მწერალი„

„ენკი ბენკი სიკლისა, ენკი ბენკი ..და , კიდევ ერთი გოგო გა-ვი-და „- მარი 13 წლის ოცნებობდა გამხრადრიყო ექიმი“ - მერხებიდან  გოგონები საქორწინო თავსაბურავით და ბავშვით ხელში ხალხში უჩინარდებიან, წიგნებს და ოცნებებს კი საკლასო ოთახში ტოვებენ.

პერფორმანსის იდეა „ქალთა მოძრაობას“ ეკუთვნის. მათივე ინიციატივით კამპანიის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებები ჩატარდება. უკვე დაგეგმილია ადრეულ ქორწინების თემაზე ფოტოგამოფენის გახსნა.

ქალთა მიმართ ძალადობის საერთაშორისო დღეს სახალხო დამცველიც გამოეხმაურა. მისი თქმით, მძიმეა არსებული რეალობა, განსაკუთრებულ შეშფოთებას კი  ქალთა მკვლელობების შემთხვევები იწვევს. საქართველოს მთავარი პროკურატურის მონაცემებით, 2015 წლის პირველ ნახევარში, ქალთა მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე გამოძიება 17 სისხლის სამართლის საქმეზე დაიწყო. საიდანაც 9 შემთხვევა ოჯახში ძალადობის პირობებში ჩაიდინეს. ხოლო სამი შემთხვევაში, გენდერული ნიშნით ძალადობას ჰქონდა ადგილი.

„ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საუბრისას, არ შემიძლია არ აღვნიშნო გოგონათა მიმართ ძალადობის ისეთი ფორმა, როგორიცაა ადრეულ ასაკში ქორწინება. ძალიან მაღალია ადრეული ქორწინების შემთხვევები, რაც, სამწუხაროდ, სტატისტიკის გარეთ დარჩენილი ციფრებია. 2015 წლის პირველ ნახევარში, 16-დან 18 წლამდე პირთა (როდესაც ერთი პირი მაინც იყო არასრულწლოვანი) 265 ქორწინება დარეგისტრირდა. თუმცა, გაცილებით მაღალია ადრეულ ასაკში არაფორმალური ქორწინებები. ამაზე მეტყველებს იმ გოგონათა რიცხვი, რომლებიც შვილის გაჩენის მომენტში არასრულწლოვნები იყვნენ. 2014 წელს, ასეთი 1527 არასრულწლოვანი დედა დარეგისტრირდა. სამწუხაროა, რომ სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციისა და მოწოდების მიუხედავად, საქართველოში დღემდე არ არსებობს ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციის მიზნით შემუშავებული ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკა და ამ მიმართულებით სხვადასხვა უწყებებს შორის საქმიანობის კოორდინირებაც საკმაოდ სუსტია, „-ამბობს სახალხო დამცველი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^