Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ტოტალური სიჩუმე სახიფათოა

27 ნოემბერი 2015

ეს შთაბეჭდილებები თბილისში საქართველოს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის იუბილეზე ჩამოსულ ფსიქოტრავმატოლოგებთან საუბრის შედეგია.

ქრისტიან პროსი ბერლინის საუნივერსიტეტო სამედიცინო ცენტრის "შარიტეს" ემერიტუს - პროფესორი და ბერლინის წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის დამფუძნებელია. მას არაერთი პუბლიკაცია და წიგნი აქვს დაწერილი ტრავმისა და მედიცინის, ადამიანის უფლებების შესახებ. პროსმა მრავალი ნაშრომი მიუძღვნა ნაცისტურ სამედიცინო დანაშაულებებსა და აღმოსავლეთ გერმანიაში კომუნისტური რეჟიმის რეპრესიათა საკითხებს.

ბორის დროზდეკი,  ფსიქიატრი, წარმოშობით ხორვატი, ნიდერლანდებში არსებული ერთ-ერთი წამყვანი ფსიქოტრავმის ცენტრის სამედიცინო დირექტორია. იგი რეგულარულად აქვეყნებს სტატიებს ფსიქოტრავმატოლოგიისა და ტრანსკულტურალური ფსიქიატრიის სფეროში, ატარებს ლექციებსა და ვორკშოპებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.

ვისაუბრეთ ტრავმაზე, ლტოლვილებზე, ემპათიაზე, ტრავმასთან გამკლავების გზებზე. 

2014 წელს მსოფლიოში ძალდატანებით ადგილნაცვალ პირთა რაოდენობამ უპრეცედენტო რიცხვს მიაღწია -  59,5 მილიონ ადამიანს დაატოვებინეს საკუთარი სახლ-კარი, აქედან 51% ბავშვია. პირველ რიგში ამ ადამიანებს ადარდებთ, სად იცხოვრებენ და რას შეჭამენ. თავიდან  ბევრს არ შეუძლია საუბარი, უპირველესად უნდათ თბილად მიიღონ. ტრავმის სიმპტომები შემდეგ ეტაპებზე უფრო იჩენენ თავს, როცა პირველად საჭიროებებს დაიკმაყოფილებენ: ღამის კოშმარები, ფლეშბექები, როცა მტანჯველი სურათები თვალწინ ცოცხლდება და ყველაფერს თავიდან შეიგრძნობ; ზესიფხიზლე - ამ დროს ადამიანები გაურბიან მოულოდნელობას, აქვთ გამძაფრებული საფრთხის შეგრძნება, სულ დაძაბული არიან, აკვირდებიან ყველაფერს, ეძებენ გასასვლელებს, რომ საფრთხის შემთხვევაში გაიპარონ; ადამიანებს აწუხებთ ძილის დარღვევა -  ამიტომ ადამიანებს დღის განმავლობაში უჭირთ საქმიანობა, უქვეითდებათ კონცენტრაციის უნარი. შესაბამისად ვერ ახერხებენ გარემოსთან ადაპტირებას, ვერ სწავლობენ უცხო ქვეყნის ენას, ახალ ქცევებს. ეს იწვევს დეპრესიას, გაღიზიანებას. აგრესია აისახება ბავშვებთან და ოჯახის სხვა წევრებთან ურთიერთობაზეც. არ ცდილობენ მკურნალობას, რადგან უმეტესწილად მათ კულტურაში ეს მიღებული არ არის. ზოგიერთი ისტორია ძალიან სასტიკია: “როცა ვუსმენ, ვფიქრობ, რომ აზრზე არ ვარ, როგორ მოვიქცეოდი მათ ადგილას: ზოგიერთმა ერთი შვილი გადაარჩინა, მეორის გადარჩენა ვეღარ შეძლო. ამის გამო სირცხვილის და დანაშაულის გრძნობა აქვს. მთავარი, რაც ადამიანებს კურნავს - არის იმედი, ეს მათთვის ფსიქოთერაპიაზე მნიშვნელოვანია. თუ  ადამიანი ხედავს კარს, რომლის ბოლოშიც  სინათლეა, ენერგიის ისეთ მობილიზებას ახდენს, რომ აგრძელებს ცხოვრებას. სახელმწიფოს პასუხისმგებლობა პირველ რიგში ის არის, რომ ადამიანები დააიმედონ”, - ამბობს დროზდეკი.  

საქართველოს ტერიტორიის  მესამედი ოკუპირებულია რუსების მიერ.  2014  წლის მონაცემებით,  საქართველოს ტერიტორიაზე 260 000-ზე მეტი  დევნილი ცხოვრობს.

ლონდონის ჰიგიენისა და ტროფიკული მედიცინის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, დევნილთაგან ყოველ მეოთხეს აღნიშნება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები.   ამასთან მათ არ იციან  ამის შესახებ და ნორმად მიაჩნიათ შფოთვა, დეპრესია, აღგზნებადობა, დანაშაულის შეგრძნება. შესაბამისად არ მიმართავენ შესაბამის დახმარებას. 

პროსის თქმით, ფსიქოთერაპევტი, პირველ რიგში, ჰუმანისტი უნდა იყოს. ის საჭიროებს ხანგრძლივ  ტრენინგს ისეთი ჰუმანისტური მეთოდებით, როგორც არის გეშტალტ თერაპია, მეტყველებითი თერაპია ან ბეჰევიორისტული თერაპია. ასევე აუცილებელია, რომ თერაპევტმა გაიაროს საკუთარი თავის გაცნობიერების პროცესი, რომ პაციენტებზე საკუთარი პრობლემების/ტრავმის პროექცია არ მოახდინოს.

“შეიძლება ვეღარ შეძლო ამ ისტორიების მოსმენა ან ზედმეტად ჩაერთო: ამ დროს საჭიროა პაციენტის გადარჩენა, რაც მისთვის დამაზიანებელია, რადგან  დამოკიდებული ხდება  ფსიქოთერაპევტზე. ხდები გულგრილი. თუ ვინმე გეუბნება, რომ ერთხელ გააუპატიურეს, “მარტო ერთხელ? რა პრობლემაა?”- ამ ფიქრზე იჭერ შენს თავს. ამ დროს ან სფერო უნდა დატოვო ან კარგი გუნდი უნდა გყავდეს, რომ  ეს პრობლემები დაძლიო”, - მიხსნის დროზდეკი.

 “თითქოს  გულგრილობას ვეჩვევით:  სისასტიკის ზედოზირებულ ულუფებს ვიღებთ  მედიისგან და ადამიანები უფრო ინდიფერენტულები ვხდებით. სისასტიკის ვიზუალურად ჩვენება, ერთი მხრივ, ძალიან მნიშვნელოვანია - საჭიროა, ხალხმა დაინახოს, რასთან გვაქვს საქმე. მეორე მხრივ კი, სენსაციური ფოკუსი ბუნებრივი გრძნობების დაჩლუნგებას იწვევს”, - ამბობს პროსი.

 

 დროზდეკის აზრითაც მედიაში სენსაციის კულტურა ჭარბობს, იყიდება შოკი, ნეგატიური შიშველი ინფორმაციით ვიბომბებით. ამავე დროს არ ჩანს პრობლემის სიღრმისეული ანალიზი, არ  შუქდება იმედისმომცემი ისტორიები.  გარშემო კარგი ამბებიც ხდება, მაგრამ მედია მათზე ნაკლებად ამახვილებს ყურადღებას. დროზდეკი იხსენებს თავის თავს ომის დროს, როგორ იმალებოდნენ სარდაფებში. ის ამბობს, რომ  ამ დროს ხალხი ძალიან დაუახლოვდა ერთმანეთს.  ახლა გრძნობს ერთად ყოფნის ამ ნოსტალგიას. 

ბორის დროზდეკი

საუბრსისას მეც მახსენდება 90-იანი წლები; ჩემი ბინა, სადაც მეზობლები ლამფის შუქზე თბებიან... დროზდეკს ვთხოვ პარალელი გაავლოს საქართველოსა და ხორვატიას შორის. ის მპასუხობს, რომ ჩვენი გამოცდილებები თითქოს იმით ჰგავს ერთმანეთს, რომ  ორივე ტრავმის აღიარებას გავურბივართ. ამიტომ პრობლემები წრეზე გვიბრუნდებიან და თავს გვახსენებენ.  მეც ვეთანხმები, რომ ჩვენთან საქართველოში თითქოს დრო გაჩერებულია, შეცდომებზე ვერ ვსწავლობთ.

  განსხვავებულია გერმანიის გამოცდილება. გერმანიამ მოძალადის ბრალეულობის სინდრომი დაძლია. ქვეყანა წინ მიდის. საზოგადოება გახსნილია, სხვებს ეხმარება...    გერმანიამ 1994-1995 წლებში  12 მილიონი ლტოლვილი შეიფარა. ახლა  2 მილიონი ლტოლვილის შეფარება გადაწყვიტა. საზოგადოება აქტიურად არის ჩართული,  სირიელი ლტოლვილების საკითხის  განხილვაში.  საქართველომ  ჯერჯერობით 80 სირიელ ლტოლვილს მისცა თავშესაფარი. მედია ნაკლებად ინტერესდება მათი ბედით. შესაბამისად ნაკლებადაა ინფორმირებული საზოგადოებაც. ისინი 45 ლარ შემწეობას იღებენ, ასევე სარგებლობენ საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით, მარტყოფის ბანაკში ცხოვრობენ და მათი ყოფა და მდგომარეობა გასაიდუმლოებულია.  ამას წინათ იქ მისულმა ჯიპას ჟურნალისტიკის სტუდენტებმა ვერ შეძლეს ლტოლვილებთან გასაუბრება, რადგან საცხოვრისში არ შეუშვეს: ასე უთხრეს, რომ  ლტოლვილებს ჟურნალისტებთან საუბარი არ სურთ!

შესაძლოა, ეს არაინფორმირებულობა, პრობლემისთვის თვალის არიდება ან სულაც გააზრებული გასაიდუმლოებაა ჩვენი ერთ წრეზე სიარულის მიზეზი. ჩვენი საბჭოთა  ისტორია ხომ ისევ  სხვების მიერ შედგენილი და გასაიდუმლოებულია. 1937-1938 წლებში დახვრეტილების საქმეებიც ხომ ასე მკაცრადაა გასაიდუმლოებული. დიდი მცდელობა არც გვქონია, რომ ნათელი მოგვეფინა და სიმართლე გაგვეგო.

პროსი მიხსნის, რომ აღმოსავლეთ და დასავლეთ გერმანიის ტრავმა განსხვავებულია. ფიქრობს, რომ აღმოსავლეთ გერმანიის გამოცდილება უფრო მეტად შეესაბამება საქართველოში არსებულ გამოწვევას. აღმოსავლეთ გერმანიის საიდუმლო სამსახურის მხრიდან წამების მსხვერპლ პაციენტთათვის დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია ბერლინის კედლის დანგრევის დღის აღნიშვნა. კომუნისტური პარტიის წევრებს - მათ ჯალათებს - არ სურთ ბრალის აღიარება. ისინი დუმილს ამჯობინებენ. ისინი არც არასდროს გაუსამართლებიათ. ბევრმა პოლიტიკური კარიერა აიწყო და ახლაც თბილადაა მოკალათებული. მაგრამ საქართველოსგან განსხვავებით, გერმანიაში   სტაზის მსხვერპლები ყოველთვის ხმამაღლა საუბრობენ, არ ჩუმდებიან და მედიის მხარდაჭერაც აქვთ.  პროსი იხსენებს 2014 წელს ბერლინის კედლის დაშლასთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე როგორ გააშავა დისიდენტმა ვოლფ დიერმანმა ყოფილი სტაზის თანამშრომლები. დიერმანი 1980-იან წლებში მოღვაწეობდა, გიტარაზე დაკვრა უყვარდა და პოლიტიკასა და სიყვარულზე მღეროდა. ამ წლებში აკრძალული იყო მისი სიმღერების მოსმენა. ის აღმოსავლეთ გერმანიაში წამების პრაქტიკის ცოცხალი მოწმეა.

ქრისტიან პროსი

ბერლინის კედლის დაშლის 25 წლისთავთან დაკავშირებით, პარლამენტის თავმჯდომარემ  დიერმანი სიმღერის შესასრულებლად დაპატიჟა. თუმცა მან მხოლოდ სიმღერა არ იკმარა. თითი კომუნისტური პარტიის წარმომადგენლებისკენ გაიშვირა, რომლებიც კომფორტულად მოკალათებულიყვნენ  პარლამენტის დარბაზში და უხეშად შეახსენა, რომ ჯალათები იყვნენ.   “დარწმუნებული ვარ,  ყველა მსხვერპლი, ვინც ეს ამბავი ტელევიზიით იხილა, კმაყოფილი იყო”, - ამბობს პროსი.

მსხვერპლს უნდა ჰქონდეს საშუალება, ამხილოს ჯალათი. ტოტალური სიჩუმე ძალიან სახიფათოა!

 

დისიდენტი მომღერალი ვოლფ ბიერმანი   აღმოსავლეთ ევროპიდან 1976 წელს გააძევეს. მან თავისი ცნობილი სიმღერა “Ermutigung” (წახალისება) 2014 წლის 7 ნოემბერს ბუნდესტაგში შეასრულა, რათა პატივი მიეგო მათთვის, ვინც რეჟიმს გაუწია წინააღმდეგობა. 

თუმცა ტრიბუნა მემარცხენე ყოფილი სტაზის ოფიცრების გასალანძღადაც გამოიყენა. მომღერალმა თითი გაიშვირა დეპუტატებისკენ და შესძახა: თქვენ ხართ საზიზღარი ნარჩენები იმის, რაც საბედნიეროდ ამოიძირკვა. თქვენი სასჯელი ის არის, რომ ახლა მომისმენთ - ისიამოვნეთ”... აი, სიმღერის ტექსტიც:

 

თქვენ ვერ ჩაგვძირავთ

ამ სასტიკ დროში.

 თქვენ ვერ დაიმალებით.

 

ჩვენ არ დავდუმდებით

 გაზაფხული მოდის..

ყველას უნდა მოვუყვეთ,

რომ ყველამ იცოდეს.

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^