ხე დალპა, რკინა დაჟანგდა, საქანელები აჭრიალდა, - ბავშვების სათამაშო მოედანი მოძველდა.
ახლის ყიდვას ბევრი ფული სჭირდებოდა.
ამიტომ „პირველი ნაბიჯი საქართველოს” დღის ცენტრის ხელმძღვანელმა, გიორგი დემეტრაშვილმა გამოსავალზე ფიქრი დაიწყო - როგორ შეიძლებოდა იაფად და მარტივად ახალი და განსხვავებული, ბავშვების საჭიროებებს მორგებული ადაპტირებული სათამაშო მოედნის მოწყობა.
გადაწყდა, რომ სათამაშო მოედანი მეორადი ნივთებისგან უნდა გაკეთებულიყო. იდეა მეტ ენერგიას და მოტივაციას, სამაგიეროდ - ნაკლებ თანხას მოითხოვდა. დემეტრაშვილმა მოხალისეების ძებნა დაიწყო.
პროექტს თავდაპირველად ორმოცამდე ახალგაზრდა გამოეხმაურა, ძირითადად, სტუდენტები. ყველას თავისი იდეა ჰქონდა, ეძებდნენ საერთაშორისო გამოცდილების მაგალითებს ინტერნეტში, ფოტო და ვიდეომასალას, სადაც მარტივად და იაფად, სხვადასხვა სათამაშოს აწყობის ინსტრუქციები იყო მოცემული.
იდეის შემდეგ ფულის შოვნის გზებზე დაიწყეს ფიქრი. თავდაპირველად დღის ცენტრის ბავშვების მიერ გაკეთებულ ხელნაკეთ ნივთებს ყიდდნენ, შემდეგ ერტად.გე - ში შეიტანეს პროექტი, მაგრამ ვერ გაიმარჯვეს. თუმცა წაგების მიუხედავად, მათ შესახებ უფრო მეტმა ადამიანმა გაიგო. საბოლოოდ ერთ-ერთმა ბანკმა პროექტი დააფინანსა.
ძველი საბურავები, ჯართში ჩასაბარებლად გამზადებული სამარშრუტო ტაქსი, ცარიელი წყლის ბოთლები, უფუნქციოდ დარჩენილი რკინის კონსტრუქციები, რკინის მილები, ქვიშა, ხის ყუთები და ათასი წვრილმანი ნივთი - ეს ის საჭირო მასალაა, რომლითაც გიორგიმ და მოხალისეებმა დღის ცენტრის ეზოში საბოლოოდ რვა სათამაშო კონსტრუქცია უნდა ააწყონ. თითოეული მათგანი ბავშვების საჭიროებებზე იქნება მორგებული, რომელიც ბავშვებს სენსორულ, მოტორულ, სმენით და სხვა უნარების განვითარებაში დაეხმარება. მეორად მასალებს, ძირითადად, ელიავას ბაზრობაზე ყიდულობენ:
"ისეთ უცნაურ რაღაცებს ვეძებთ ხოლმე ელიავაზე. უკვე ყველა გვცნობს. არავის სჯეროდა, რომ მაგალითად მანქანების სასაფლაოზე გადასაგდებად გამზადებული სამარშუტო ტაქსის ყიდვა გვინდოდა, ეს რად გინდა, რა უნდა გააკეთო - კითხვები ხშირია, მაგრამ ესაა ყველაზე საინტერესო პროცესი, როცა უხსნი და გარკვეულწილად ცნობიერების ამაღლების კუთხითაც მუშაობ”, - ამბობს გიორგი.
სამარშრუტო ტაქსი, რომელზეც გიორგი საუბრობს, უკვე დღის ცენტრის ეზოში დგას, ძველია და ნაავარიები, წინა ნაწილი მთლიანად გამონგრეული აქვს, საბურავები მოცლილი. შიგნით ნაგავია. გიორგი და ერთ-ერთი მოხალისე, 23 წლის ჯაბა იატაკიდან შავი მასის ახევას ცდილობენ და მიყვებიან, საბოლოოდ რა ფუნქცია ექნება.
სამარშრუტო ტაქსი გამოსუფთავდება, იატაკსა და კედლებზე მწვანე საფარი გადაეკვრება, ცალკე ექნება მძღოლის ნაწილი, სადაც ბავშვებს მანქანის ტარების ასოციაცია შეექმნებათ, ზემოდანაც მყარი საფარი გადაფარება და მანქანა გვერდზე მდგარ კონსტრუქციას თოკის ხიდით დაუკავშირდება. აქვე იქნება სასრიალოც. გიორგიმ მისი ანალოგი ინტერნეტში ნახა, ზიმბაბვეში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სასწრაფო დახმარების მანქანით მრავალფუნქციური სათამაშო კონსტრუქცია გააკეთეს.
მანქანის გვერდით სენსორული ოთახი მოეწყობა. ისევ ელიავადან წამოღებული ძველი საბურავებით. საბურავები ერთმანეთზეა დაწყობილი, ქვემოთ ქვიშა იქნება, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებს წამოწოლის და მოძრაობის საშუალება ექნებათ:
`ეტლით მოსარგებლე ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია წამოწოლა და მოძრაობა, ასეთი საშუალება სათამაშო მოედნებზე თითქმის არ აქვთ”, - ამბობს გიორგი დემეტრაშვილი.
მოხალისე ჯაბა ჩხეტიანი ილიას უნივერსიტეტში სწავლობს, თავისუფალ დროს დღის ცენტრშია. სენსორული ოთახის გადახურვა მას ევალება. პლასტმასის ცარიელ ბოთლებს აგროვებს, რომლებსაც ერთმანეთზე მჭიდროდ დააწყობს, რომ წვიმა არ ჩავიდეს. სულ ბოლო საბურავზე კი ყვავილებს დარგავენ.
სენსორული ოთახის წინ მუსიკალური ყუთი დევს. ჯერ მუსიკასთან კავშირი არ აქვს, მაგრამ მალე შიგნით პიანინოდან ამოღებულ გულს ჩაუდებენ, წინ ზანზალაკებს და რკინის ნივთებს დაკიდებენ, რომ ბავშვებმა რაც შეიძლება მეტი ხმაური გამოიწვიონ.
"ეს ნოდარმა გაგვიკეთა”, - მეუბნება გიორგი და ერთ-ერთ საქანელასთან მივყავარ. ხის ძელებზე ჩამოკიდებული მრგვალი რკინის გულში, სქლად დაწნული სხვადასხვა ფერის თოკებია გაბმული. გიორგი ამბობს, რომ ასეთი ახალი სათამაშო 300 ლარად ნახეს, მეორადი ნივთებით კი 80 ლარი დაუჯდათ:
"ზოგადად, რკინის გადაღუნვა რთული პროცესია. ელიავაზე ნოდართან გაგვაგზავნეს, მაგრამ სქელი რკინა რომ დაინახა, უარი გვითხრა. მერე მკითხა, რად გინდაო. გაოცდა, ბავშვები ამაზე როგორ უნდა აქანაოო. რამდენიმე დღეში მივედი და რკინა გადაღუნული დამახვედრა, თან მომაძახა - მარტივი იყო, ფული არ მინდაო”, - იხსენებს გიორგი.
მეორადი ნივთებისგან სათამაშო მოედნის იდეა საქართველოში პირველია. აქამდე არსად გამოუყენებიათ იგივე პრინციპი, ამიტომ პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, რომ თითოეული სათამაშოს აწყობის შესახებ პატარა მასალაც დაწერონ, რომელიც დღის ცენტრის ვებგვერდზე აიტვირთება და ნებისმიერ მსურველს მისი გამოყენების შესაძლებლობა ექნება:
"მაგალითად, ზუგდიდში ვინმეს იმავე სახის მოედნის გაკეთება რომ მოუნდეს, შეუძლია, ჩვენი სახელმძღვანელოთი ისარგებლოს და მარტივად და იაფად ბავშვებს განსხვავებული მომსახურება მიაწოდოს”.
მოედანი სავარაუდოდ გაზაფხულისთვის დასრულდება. მანამდე კი, მოხალისეები დღის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად აქტიურად ღებავენ, ალაგებენ და ახალ-ახალ სათამაშო კონსტრუქციებზე ფიქრობენ. რამდენიმე თვეში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის ამ ეზოში ძველი, ბევრისთვის გამოუსადეგარი და ხანდახან გადასაგდებად გამზადებული ნივთებისგან პირველი მოედანი მოეწყობა.
დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის მიერ.