Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მიწის გარეშე დარჩენილი სოფლის მოსახლეობა

30 ნოემბერი 2015

"პრივატიზაციის დროს ეთნიკურ აზერბაიჯანელებს მიწა არ მოგვცეს. ახლა ყიდვა გვინდა, მაგრამ ყიდვის საშუალებასაც არ გვაძლევენ. აი, ასე ვიქეცით გლეხებიდან სხვის მუშებად და ქართველებს ვემსახურებით“.

მარნეულის რაიონის სოფელ კიზილ-აჯლოში  მცხოვრები 54 წლის ნაჰიდა აბბასოვა პურის ფულის საშოვნელად ყოველდღიურად გრძელ გზას გადის. დღესაც ის სოფელ ბაილარში მიდის სამუშაოდ, სადაც ქართველი ფერმერის კუთვნილ მიწას სარეველებისგან ასუფთავებს. დღეში მას 15 ლარს უხდიან. ამ ფულით ნაჰიდა საკუთარ ოჯახს არჩენს და ორ შვილსაც ეხმარება:

„ორი შვილი დავაოჯახე, უკვე ოთხი შვილიშვილი მყავს. ყველანი ერთ პატარა სახლში ვცხოვრობთ. საკუთარი მიწა რომ მქონდეს, ყველა ვიმუშავებდით და ჩვენთვის სამყოფ სარჩოს  შევქმნიდით. ახლა იძულებული ვარ, ყოველდღე სამუშაოდ სხვაგან წავიდე. გზის გავლას ერთ საათზე მეტ დროს ვანდომებ და ორ ავტობუსს ვიცვლი. შებინდებამდე სარეველებისგან  5 ჰექტარ მიწის ნაკვეთს  ვასუფთავებ“.

ნაჰიდა აბბასოვა ამბობს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, საქართველოში ჩატარებული მიწის პრივატიზაციის დროს, სხვა ეთნიკური აზერბაიჯანელების მსგავსად, მისი ოჯახიც მიწის გარეშე დარჩა. იმის გამო, რომ მიწის საკუთარი ნაკვეთი არ აქვს, ის თავს ახლა ყმად მიიჩნევს.

სახალხო მოძრაობა -  „ღირსება“ ძირითადად საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელების პრობლემებზე მუშაობს. მოძრაობის მიერ ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის თანახმად, მარნეულის რაიონში სასოფლო-სამეურნეო მიწის მესაკუთრეები ძირითადად  სხვა რაიონებში მცხოვრები  ქართველები არიან:

„1996 წელს ჩატარებული მიწის პრივატიზების დროს პოლიტიკურმა ინტერესმა დიდი როლი ითამაშა და  ეთნიკური აზერბაიჯანელების განსაკუთრებული დისკრიმინაცია მოხდა“, - ამბობს ორგანიზაციის თავმჯდომარე ალიბაბა ასგაროვი და აღნიშნავს, რომ აზერბაიჯანელებით დასახლებული მარნეულისა და ბოლნისის რაიონების  კუთვნილი მიწების უმეტესი ნაწილი დღეს სხვა ქალაქების მკვიდრი ქართველი საჯარო მოხელეების ახლობელ ნათესავებს ეკუთვნის.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის თანახმად, საქართველოში მიწის პრივატიზაცია  ხარვეზებით ჩატარდა: რეფორმების დროს უპასუხისმგებლობისა და უსამართლობის არაერთი ფაქტი გამოვლინდა. ზოგს  ნორმაზე მეტი, ზოგს კი ნორმაზე ნაკლები მიწის ნაკვეთი შეხვდა. 

საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელები ძირითადად სოფლის მეურნეობას მისდევენ. ახლა მათი დიდი ნაწილი იძულებულია, მიწა იჯარით სხვისგან აიღოს ან   ნაჰიდა აბბასოვას მსგავსად დღიურ მუშად იმუშაოს. ასეთ პირობებში კი მიწის ნაკვეთის ყიდვა შეუძლებელია.

ლეილა აბბასოვას მიწის თოხნისგან ხელები აქვს დაწყლულებული. ამბობს, რომ მიწის ყიდვა სცადა, მაგრამ უშედეგოდ:

„ჩემს სახლთან ახლოს ერთ ქართველს 20 ჰექტარი მიწა აქვს. მისგან სულ ორი ჰექტარი მიწის ყიდვა მინდოდა. მხოლოდ იმიტომ არ მომყიდეს, რომ აზერბაიჯანელი ვარ“.

მარნეულის რაიონის  სოფელ სარვანლიში მოსახლეობასთან საუბრისას გაირკვა, რომ აქაც სასოფლო-სამეურნეო მიწის დიდი ნაწილი ქართველებს ეკუთვნით. 48 წლის მაჰირ იბრაჰიმოვი ამბობს, რომ ქართველისგან იჯარით აღებულ 6 ჰექტარ მიწაში წელიწადში 3 ათას ლარს იხდის: „წლის განმავლობაში ათასი ლარი მრჩება. ფაქტობრივად, მონა ვარ".

სოფლის მოსახლეობამ მიწის ნაკვეთის შეძენის თხოვნით არაერთხელ მიმართა საქართველოს მთავრობას და ადგილობრივ თვითმმართველობას. სოფელ სარვანლის მკვიდრმა, ჯამილ ჯამალოვმა, წლების განმავლობაში იჯარით აღებული და გამოყენებული მიწის შეძენის თხოვნით არაერთ ორგანოს მიმართა.

„სასამართლოს გადაწყვეტილებაც მაქვს, რომლის თანახმადაც 3 ჰექტარი მიწის ყიდვის უფლება მაქვს. გადაწყვეტილება არის, მაგრამ აღმსრულებელი არავინაა. აღმასრულებელს მივმართეთ, მაგრამ არაფრად გვაგდებენ. ეთნიკური ქართველის საჩივარი რომ იყოს, დაუყოვნებლივ აღასრულებდნენ. ჩვენ კი არაფრად გვაგდებენ“.

მიწის გარეშე დარჩენილი სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი ახლა  ეზოებში პატარა ნაკვეთებს ამუშავებს. ყოველდღიური ხარჯის  დასაფარად მათ მწვანილი და ბოსტნეული მოჰყავთ. საძოვრების არარსებობის გამო  ბევრ ოჯახს საქონელი არ ჰყავს.

საქართველოს პარლამენტის აგრარულ კომიტეტში სახალხო მოძრაობა "ღირსების" მიერ ჩატარებული კვლევის საპასუხოდ აცხადებენ, რომ პრივატიზების დროს, განურჩევლად ეროვნებისა, მიწას საქართველოს ყველა მოქალაქეს აძლევდნენ:

„პარლამენტმა 1996 წელს „სასოფლო-სამეურნეო მიწის ფლობის უფლების“ შესახებ კანონი მიიღო. ამ კანონის თანახმად, საქართველოს მოქალაქეების მიერ იჯარით აღებული მიწის ფართობი პრივატიზაციაში გაატარეს. დღეს სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გაცემის პროცესი სამოქალაქო კოდექსისა და “სახელმწიფო ქონების“ კანონით რეგულირდება. მიწები საქართველოს მოქალაქეებისთვის ზემოთ ხსენებული კანონების მიხედვით ყოველგვარი ეროვნული ნიშნის გათვალისწინების გარეშე გაიცა“.

კომიტეტის პასუხიდან ირკვევა,  რომ საქართველოს კანონმდებლობა ეროვნულ საფუძველზე დისკრიმინაციას და შეზღუდვებს გამორიცხავს.

სახალხო მოძრაობა „ღირსების“ თავმჯდომარე ალიბაბა ასგაროვი კი აცხადებს, რომ მიწის პრივატიზაციის პროცესში დაშვებული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით მიწის რეფორმა თავიდან უნდა ჩატარდეს.

ნაჰიდა აბბასოვა კი ისევ იმედით ცხოვრობს. ამბობს, რომ ოდესმე თავის სოფელში პატარა მიწის ნაკვეთს შეიძენს და  ლუკმა პურის საშოვნელად მის მტანჯველ მოგზაურობასაც ბოლო მოეღება.

 

სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. სტატიის შინაარსზე პასუხისმგებელია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს პოზიციას.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^