გარდა აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის ხშირი გამოყენებისა, პრობლემაა ვადის ხანგრძლივობაც. ხშირია შემთხვევები, როდესაც პროკურატურა წინასწარი პატიმრობის დროს მაქსიმალურად იყენებს. ეს განსაკუთრებით ე.წ. გახმაურებულ საქმეებს ეხება, სადაც ხელისუფლების შესაძლო ინტერესის შესახებ ეჭვები არსებობს. თითქმის ყველა ასეთ საქმეში ბრალდების მხარე წინასწარ პატიმრობას მოითხოვს. სასამართლო მის შუამდგომლობას აკმაყოფილებს. თუკი ბრალი დროულად ვერ დამტკიცდა, როგორც წესი, პროკურატურა პირს ახალ ბრალდებას უყენებს და აღკვეთის ღონისძიებად კვლავ პატიმრობას მოითხოვს. პროკურატურის ამგვარი ქმედება კი საზოგადოებას ამ ეჭვს კიდევ უფრო უმძაფრებს. მით უფრო სასამართლოს დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებების ფონზე.
მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-6 პუნქტით წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური ვადა 9 თვეა, კანონმდებლობა უშვებდა, რომ სხვა ბრალის წარდგენისა და აღკვეთად კვლავ პატიმრობის მისჯის შემთხვევაში, ის კიდევ ერთი 9 თვე ყოფილიყო წინასწარ პატიმრობაში, ეს კი კანონმდებლობისა და წინასწარი პატიმრობის პოლიტიკურ იარაღად გამოყენების შესაძლებლობას იძლეოდა.
წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადის გადაჭარბების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო შემთხვევა ბაჩო ახალაიას საქმეა. 2012 წლის 6 ნოემბერს დაკავებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს პირველი გამამტყუნებელი განაჩენი სასამართლომ 2013 წლის 28 ოქტომბერს გამოუტანა, ანუ მან წინასწარ პატიმრობაში თითქმის ერთი წელი გაატარა.
სახალხო დამცველისა და არასამთავრობო სექტორის კრიტიკა დაიმსახურა მოსამართლე ნათია ბარბაქაძის გადაწყვეტილებამაც, რომელმაც 5 ოქტომბერს „რუსთავი 2-ის” მხარდამჭერი აქციის მონაწილეებს: ნიკა ნარსიას, მირიან დეისაძესა და კახა გაბუნიას აღკვეთის ღონისძიებად 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
სახალხო დამცველის შეფასებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება დაუსაბუთებელია და შერჩევითი მართლმსაჯულების შესახებ ეჭვს აჩენს.
უჩა ნანუაშვილი პასუხისმგებლობას პროკურატურასთან ერთად საერთო სასამართლოებსაც აკისრებს და მოუწოდებს, პირთა მიმართ პასუხისმგებლობები ინდივიდუალურად და დასაბუთებულად განსაზღვროს.
ბაჩო ახალაიას მსგავსია გიგი უგულავას საქმეც. მისი წინასწარი პატიმრობის ვადა 2015 წლის 2 აპრილს იწურებოდა, თუმცა 14 მარტს პროკურატურამ თბილისის ყოფილ მერს ბრალი დაუმძიმა, სასამართლომ კი აღკვეთის ღონისძიებად კვალავ პატიმრობა შეუფარდა.
სწორედ ამიტომ, გიგი უგულავამ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რიგი ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა მოითხოვა. სასამართლომ მისი სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და არაკონსტიტუციურად გამოაცხადა ნორმატიული შინაარსი, რომლის მიხედვითაც, 9-თვიანი წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური ვადის ათვლა ყოველი ახალი ბრალის წარდგენიდან იწყებოდა. ახლა კი, თუ პირს ერთ საქმეზე წარდგენილი აქვს ბრალი და აღკვეთად პატიმრობა აქვს მისჯილი, მეორე ბრალის წარდგენის შემთხვევაში, 9-თვიანი ვადის ათვლის წერტილი მაინც პირველი აღკვეთის მისჯის თარიღი იქნება.
თუმცა „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” გამგეობის წევრი გიორგი მშვენიერაძე მიიჩნევს, რომ ნების ქონის შემთხვევაში, პროკურატურას ამ ნორმის პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოყენება მაინც შეეძლება. ბრალდების მხარე წინასწარი პატიმრობის 9 თვეს ვეღარ გადააჭარბებს, მაგრამ ახალ-ახალი ბრალის წაყენებით ვადის ბოლომდე ამოწურვის შესაძლებლობა კვლავ რჩება.
„თუ პროკურატურას ამის სურვილი ექნება, მას ყოველთვის შეეძლება, მართლმსაჯულება ბოროტად გამოიყენოს”.
გიორგი მშვენიერაძე მიიჩნევს, რომ გახმაურებული საქმეები თვალსაჩინო მაგალითია, თუ როგორ იყენებს პროკურატურა წინასწარ პატიმრობას არამიზნობრივად.
„თუკი შევხედავთ რამდენიმე გახმაურებულ საქმეს, თვალნათლივ დავინახავთ, რომ პროკურატურა სწორედ პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ცდილობს, ამ პირების პატიმრობა შეინარჩუნოს. ეს კარგად გამოჩნდა არა მხოლოდ პროკურატურის, არამედ სასამართლოს ქმედებებში, როცა სასამართლოს გადაწყვეტილებით, უგულავას აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შემდეგ მას გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანეს და დააბრუნეს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ბუნებრივია, ეს საფუძვლიან ეჭვს აჩენს იმასთან დაკავშირებით, რომ ამ თამაშში ჩართულია არა მხოლოდ პროკურატურა, არამედ სასამართლო ხელისუფლებაც”.
მშვენიერაძის განმარტებით, ამ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტლებას უკუძალა აქვს და ის აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საფუძველი ყველა იმ პირის შემთხვევაში შეიძლება იყოს, ვისაც წინასწარი პატიმრობა აქვს შეფარდებული.
საქართველოში წინასწარი პატიმრობის გამოყენების არასწორ პრაქტიკაზე საუბარია ეუთოს 2014 წლის სასამართლო მონიტორინგის ანგარიშშიც.
მასში ნათქვამია, რომ თავისუფლება ჯეროვანი დასაბუთების გარეშე არავის არ უნდა წაერთვას და 9-თვიანი ვადის ბოლომდე გამოყენება თავისუფლების პრეზუმცფიის დარღვევაა. ორგანიზაცია სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში უფრო მაღალი სტანდარტის დაწესებისკენ მოუწოდებს. ამასთან, ეუთო საქართველოს პარლამენტს მოუწოდებს, წინასწარი პატიმრობის პერიოდული გადახედვის მექანიზმები კანონმდებლობაში ასახოს. ამგვარად თავიდან იქნება აცილებული იმგვარი პრაქტიკა, როცა პატიმრობა ავტომატურად გრძელდება მაქსიმალურ ვადამდე.
წინასწარი პატიმრობის ხანგრძლივობასა და ხშირად გამოყენების თაობაზე შეშფოთებას გამოთქვამს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაც (PAჩE). PAჩE მიუთითებს იმაზე, რომ პატიმრობა უკიდურესი ღონისძიება უნდა იყოს და მისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება დაუშვებელია.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა უფლებამოსილ პირებს ურჩევს, წინასწარი პატიმრობის გამოყენების თაობაზე პროკურატურისა და სასამართლოსთვის მკაფიოდ გაწერილი სახელმძღვანელო პრინციპები შექმნას.
ადვოკატ ზვიად კორძაძის აზრით, საერთაშორისო ორგანიზაციების კრიტიკა ამ თემაზე დისკუსიის დასაწყებად საკმარისი საფუძველია. მისი შეფასებით, ეს არა ცალკე პროკურატურის ან ადვოკატების, არამედ მთლიანად სამართლებრივი სივრცის პრობლემაა.
„სასამართლოებმა თავიანთ თავზე უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და დაამკვიდრონ სხვა სტანდარტი, ანუ გამოიყენონ აღკვეთის ღონისძიების სხვა სახეები. რაღაც ტენდენცია უნდა ჩამოყალიბდეს და ამის პასუხისმგებლობა საბოლოო ჯამში სასამართლოს პრეროგატივაა, რადგან პროკურატურაც და ადვოკატურაც მაინც მხარეებია”.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანი მიმალვის, სასამართლოში გამოუცხადებლობის, გამოძიებისთვის ხელის შეშლის, მოწმეებზე ზეწოლისა და მტკიცებულებების განადგურების შესაძლებლობის პრევენციაა. სასამართლო გადაწყვეტილებას ბრალის წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში იღებს. ქართული კანონმდებლობით, აღკვეთის ღონისძიებად შეიძლება გამოიყენებოდეს გირაო, შინაპატიმრობა, შეთანხმება გაუსვლელობისა და სათანადო ქცევის შესახებ, პირადი თავდებობდა და პატიმრობა.
ადვოკატ ზვიად კორძაძის შეფასებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექში კარგადაა გაწერილი, რა დროს უნდა გამოიყენოს მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა. თუმცა ადვოკატი აღნიშნავს, რომ, როგორც წესი, მოსამართლეები გადაწყვეტილებაში მშრალ ფაქტებს წერენ და არ ასაბუთებენ, რა მტკიცებულებების საფუძველზე ასკვნიან ამას.
კორძაძის თქმით, წინასწარი პატიმრობის იმაზე ხშირად გამოყენებას, ვიდრე რეალურად საჭიროა, პროკურატურაც და სასამართლოც კომფორტულად მიიჩნევს. ადვოკატის განცხადებით, ისინი ინერციით მიდიან.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის გამოყენების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2009-2010 წლებში ფიქსირდება, 16 043 და 14 959 საქმიდან სასამართლომ პატიმრობა, შესაბამისად, 51,1% და 54,2%-ზე გამოიყენა.
ბოლო რამდენიმე წლის მონაცემებით კი, მეტ-ნაკლები კლების ტენდენცია შეინიშნება. 2011 წელს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა საქმეთა 49,3%-ზე გამოიყენა. 2012 წელს ეს მაჩვენებელი 41,9%-მდე შემცირდა, 2013 - 26,8%-მდე, 2014 წელს - 32%-მდე, ხოლო 2015 წლის 8 თვის მონაცემებით, 31% იყო.
თუკი კლების ტენდენცია გაგრძელდება და პატიმრობის ნაცვლად სასამართლო ალტერნატიულ ღონისძიებებს გამოიყენებს, თუკი წინასწარ პატიმრობასთან დაკავშირებით მოსამართლის გადაწყვეტილება უფრო დასაბუთებული იქნება, შესაძლოა, აღკვეთის ღონისძიების ირგვლივ წლების განმავლობაში არსებული კრიტიკა და კითხვის ნიშნები ნელ-ნელა გაქრეს, თავისუფლების კონსტიტუციით გარანტირებული უფლება კი უფრო მეტად იყოს დაცული.