20-21 ოქტომბერს აქციები გაიმართა რადიკალური მოთხოვნით - რექტორის გადადგომა, რისთვისაც თვითმმართველობის ოცდახუთმა წევრმა შიმშილობა დაიწყო. თითქმის ერთდღიანი შიმშილობა განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან შეხვედრის შემდგომ შეწყდა. მხარეები სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმდნენ -თვითმმართველობის წევრები, უნივერსიტეტის ადმინისტრაცია და სამინისტროს წარმომადგენლები სამინისტროში რეგულარულ შეხვედრებს გამართავენ და უნივერსიტეტის პრობლემებს ეტაპობრივად მოაგვარებენ.
უნივერსიტეტს ორ წელზე მეტია, ახალი რექტორი ჰყავს. 2013 წლის 16 აგვისტოდან ამ თანამდებობას აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა იკავებს. ახალი ადმინისტრაციის პირობებში სტუდენტები პოზიტიურად აფასებენ იმ ფაქტს, რომ განსხვავებული აზრის გამო უნივერსიტეტში სტუდენტები არ იდევნებიან, არ აღინიშნება მათზე მუქარა და ძალადობის ფაქტები. საპირწონედ 2011-2012 წლებში უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენები მოაქვთ, როცა უნივერსიტეტის თვითმმართველობასა და სტუდენტთა ნაწილს შორის, განსხვავებული აზრის გამო, დაპირისპირება მოხდა, როგორც სტუდენტები იხსენებენ, იყო დაშინების, მუქარისა და ფიზიკური ძალადობის შემთხვევებიც.
სტუდენტები დადებითად აფასებენ რექტორის მოთხოვნას უნივერსიტეტის პირდაპირი საბიუჯეტო წესით დაფინანსების შესახებ, რაც, მათი აზრით, უნივერსიტეტს მისცემს სათანადო ფინანსურ რესურსს საიმისოდ, რომ არსებული პრობლემები გადაწყდეს.
თუმცა, სტუდენტების შეფასებით, ახალი ადმინისტრაციის პირობებში, ბოლო სამი წლის განმავლობაში რადიკალური ცვლილებები უნივერსიტეტში არ მომხდარა, პრობლემები, რომლებიც სტუდენტებს წლების განმავლობაში აწუხებდათ, კვლავ დღის წესრიგში დგას.
„სტუდენტებისთვის საგნების არჩევა უკვე წლებია, გადაულახავ ბარიერს წარმოადგენს. მდგომარეობა არ შეცვლილა და არც გაუმჯობესებულა ბოლო სამი წლის განმავლობაში. სასწავლო კურსებზე სტუდენტებისთვის დასარეგისტრირებლად საჭირო ადგილებისა და სტუდენტების რაოდენობასთან კვლავ არაფარდობითია, აქედან გამომდინარე, სასწავლო კურსს იმაზე მეტი სტუდენტი ესწრება, ვიდრე საერთაშორისო სტანდარტით არის მიღებული, ამიტომ აუდიტორიები გადაჭედილია. მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურაც -პირველი კორპუსის გარდა, ყველა კორპუსს სჭირდება რემონტი. კვლავ პრობლემურია სასწავლო ლიტერატურის თარგმნის საკითხი. ადმინისტრაციის მხრიდან მუდმივად ისმის დაპირება, რომ ლიტერატურის თარგმნა მიმდინარეობს, რასაც დრო სჭირდება, თუმცა ეს პრობლემა დღის წესრიგში კვლავ დგას“, -ამბობს თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი გიორგი არობელიძე.
არობელიძე სტუდენტური თვითმმართველობის თემასაც ეხება და ამბობს, რომ თვითმმართველობის სისტემამ, რომელიც ბოლონიის პროცესის დაწყებისას ჩამოყალიბდა უნივერსიტეტში, რეალურად, დროთა განმავლობაში, სულ სხვა სახე მიიღო, ვიდრე ამას პროცესი ითვალისწინებდა. მისი თქმით, სტუდენტური თვითმმართველობა სტუდენტებში დღემდე წარმოადგენს ელიტურ ჯგუფს, რომელსაც სხვა სტუდენტებისგან განსხვავებით გარკვეულ რესურსებზე წვდომა აქვს. ამდენად, უნივერსიტეტის ბიუჯეტს ხშირად არაფრისმომცემი, მაგალითად, გასართობი ღონისძიებებისა და კონცერტების დასაფინანსებლად იყენებენ. არობელიძე ადმინისტრაციის პასუხისმგებლობაზე ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ, როცა თვითმმართველობა პროექტების დაფინანსებას მოითხოვს, სწორედ ადმინისტრაცია განსაზღვრავს ამ თანხის მიზანშეწონილობას, რის შემდეგაც თანხას გამოყოფს. ამდენად, თვითმმართველობის ხარჯი სწორედ ადმინისტრაციის მიერაა ხელმოწერილი და დაფინანსებული.
კიდევ ერთ მოუგვარებელ პრობლემად სტუდენტები საკადრო პოლიტიკას ასახელებენ. იურიდიული ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი ირაკლი კუპრაძე განმარტავს, რომ ახალი რექტორის პირობებში აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის თანაფარდობა კვლავ შეუსაბამოა. „გაბერილია“ ადმინისტრაციული კადრები, მათ შორის -რექტორის გარშემო ადმინისტრაციული პერსონალი. კუპრაძის თქმით, სტუდენტების მხრიდან არაერთი პროტესტის მიუხედავად, ადმინისტრაციას საკადრო პოლიტიკისათვის დღემდე არ გადაუხედავს. მისივე თქმით, ადმინისტრაციაში არსებული პრობლემები კადრების ნაკლებობით კი არ არის განპირობებული, არამედ მათი სიჭარბით და არაკვალიფიციურობით.
თსუ-ს პერსონალის მართვის დეპარტამენტის ცნობით, 2015 წლის პირველი ოქტომბრის მდგომარეობით აკადემიურ და სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობაში ჩართული პერსონალი უნივერსიტეტში შეადგენს 3979 კაცს, რომლის სახელფასო ფონდი (შტატი+ხელშეკრულება) 42078588 (74%) ლარია, ხოლო ადმინისტრაციული და ადმინისტრაციული-დამხმარე საქმიანობით დაკავებული პერსონალი -1619 კაცს, სახელფასო ფონდით (საშტატო+ხელშეკრულება) 14771049 (26%) ლარი.
განვლილი სამი წლის შეფასებისას რექტორი, აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა ყურადღებას პოზიტიურ ცვლილებებზე ამახვილებს.
უნივერსიტეტში ორი ახალი ფაკულტეტი შეიქმნა. სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტს გამოეყო ფსიქოლოგია, ხოლო ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტს -პედაგოგიკა.
რექტორის განმარტებით, ფაკულტეტების შექმნა განაპირობა იმან, რომ აღნიშნული მიმართულებები „დევნილ მდგომარეობაში“ აღმოჩნდნენ. 2015 წელს ფაკულტეტზე პირველი მიღება გამოცხადდა. რექტორის თქმით, მიუხედავად სიახლისა, უნივერსიტეტის ხუთ ყველაზე პოპულარულ ფაკულტეტს შორის წელს ფსიქოლოგიაც მოხვდა.
უნივერსიტეტში ამოქმედდა პოსტდოქტორანტურის ინსტიტუტი. სპეციალურად ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც უკვე დაიცვეს დისერტაცია, სამეცნიერო კვლევის გაგრძელების სურვილი აქვთ, მაგრამ აკადემიური საქმიანობა, ვაკანსიის არარსებობის გამო, ვერ დაიწყეს. ამდენად, პროგრამა ხელს უწყობს დოქტორის ხარისხის მქონე მკვლევარების დასაქმებასა და სამეცნიერო მუშაობის გაგრძელებას. თსუ-ში აღნიშნული პროგრამით გასულ სასწავლო წელს 5 კაცი მიიღეს, წელს კონკურსი 7 ვაკანტურ ადგილზეა გამოცხადებული. გარდა ამისა, რექტორის თქმით, მიმდინარე წლის ზაფხულში უნივერსიტეტში მიიღეს რეგულაცია, რომელიც შემოდგომის სემესტრიდანვე ამოქმედდა. ახალი რეგულაციის მიხედვით, უნივერსიტეტი ფაკულტეტებს უფინანსებს 5-5 დოქტორანტის სწავლის ქირას. 7 ფაკულტეტიდან 35 საუკეთესო დოქტორანტს, რომელსაც სახელმწიფო გრანტი არ აქვს მოპოვებული, უნივერსიტეტი დააფინანსებს.
უნივერსიტეტში შეიქმნა სამეცნიერო კვლევითი პროგრამები. პროექტი 2015 წელს ამოქმედდა და მისთვის უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან 525 000 ლარი გამოიყო, რაც 7 ფაკულტეტზე თანაბრად (თითო ფაკულტეტი -75 000 ლარი) გადანაწილდება. პროგრამის პირობაა, რომ მასში პროფესორმა სულ მცირე 2 სტუდენტი ჩართოს -ბაკალავრიატის, დოქტორანტურისა და მაგისტრატურის მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები. პროგრამაში კიდევ ერთი ლიმიტია, პროფესორის ანაზღაურება საერთო დაფინანსების 30%-ს არ უნდა აღემატებოდეს, დანარჩენი 70% კი უნდა დაიხარჯოს სტუდენტების ანაზღაურებაზე, საჭირო ტექნიკასა და ლიტერატურაზე.
„ასეთი პროგრამა დღემდე უნივერსიტეტში არ ყოფილა. პროგრამის დასაფინანსებლად უნივერსიტეტმა თანხა საკუთარი ბიუჯეტიდან გაიღო. ამგვარად, სტუდენტები თავიანთ ხელმძღვანელებთან ერთად არიან ჩართულები კვლევით საქმიანობაში. ეს ქმნის საფუძველს, რომ სტუდენტმა არა უბრალოდ, პასიურად ისწავლოს საგანი, არამედ სამეცნიერო საქმიანობა პროფესორთან ერთად განაგრძოს. მნიშვნელოვანია, რომ სტუდენტი მუქთა რესურსი არაა კვლევისთვის, ის თავისი შრომისთვის ანაზღაურებას იღებს“, -ამბობს ვლადიმერ პაპავა.
2014 წლის დეკემბრის მიწურულს უნივერსიტეტში დამტკიცდა ახალი რეგულაცია, რომელიც მინიმალური სამეცნიერო სტანდარტის შემოღებას ითვალისწინებს. კონტრაქტის მიხედვით, პროფესორის დატვირთვა ორი ნაწილისგან შედგება -50% სასწავლო, 50% -სამეცნიერო. რექტორის თქმით, სასწავლო კომპონენტი ადვილად კონტროლდება, ვინაიდან ადვილი დასათვლელია, რამდენ სააუდიტორიო მეცადინეობას ატარებს ლექტორი, ხოლო მეორე კომპონენტის შესრულება „ჰაერში იყო გამოკიდებული", ვინაიდან დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რამდენად დაინტერესებული იყო პროფესორი მეცნიერებით, მონაწილეობდა თუ არა კონფერენციებში, წერდა თუ არა სამეცნიერო სტატიებს, აქვეყნებდა თუ არა მათ სამეცნიერო ჟურნალებში, მოიპოვებდა თუ არა სამეცნიერო გრანტებს. ახალი სტანდარტი პროფესორისგან ამგვარ სამეცნიერო აქტივობას მოითხოვს.
სტანდარტი ითვალისწინებს პროფესორის, ასოცირებული პროფესორისა და ასისტენტ პროფესორის სამეცნიერო საქმიანობის შეფასებას 100 ქულით, სადაც მკაფიოდ არის გაწერილი, თუ რამდენი ქულით ფასდება სხვადასხვა სამეცნიერო აქტივობა. სტანდარტი 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. რექტორის შეფასებით, ეს გონივრული ვადაა საიმისოდ, რომ პროფესორმა სამეცნიერო სტატია დაწეროს და შემდგომ სამეცნიერო ჟურნალში გამოაქვეყნოს.
„ამგვარად, სტანდარტი ყველა პროფესორს აქცევს გარკვეულ ჩარჩოში, თუ როგორ უნდა აწარმოონ სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა. ეს არის ბერკეტი, რომელმაც პროფესორები უნდა აიძულოს, რომ იმუშაონ, თუ არადა სამუშაოს დაკარგავენ. აკადემიურ თანამდებობაზე კონკურსის დროს ისინი ამ კრიტერიუმით შეფასდებიან", -განმარტავს პაპავა.
რაც შეეხება სახელმძღვანელოების პრობლემას, რექტორის თქმით, უნივერსიტეტში სახელმძღვანელოების თარგმნა უკვე დაიწყო. ფაკულტეტებთან კონსულტაციით გადაწყდა, რომ საჭიროა მსოფლიოში აპრობირებული და აღიარებული სახელმძღვანელოების თარგმნა, სტუდენტმა ქართულ ენაზე მიიღოს ის ინფორმაცია, რასაც მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ასწავლიან.
სათარგმნი სახელმძღვანელოების შესარჩევად ფაკულტეტების შიგნით მოკვლევა დაიწყო. დარგის სპეციალისტებმა თავად შეარჩიეს საჭირო სახელმძღვანელოების ნუსხა. საავტორო უფლებები, ძირითადად, უნივერსიტეტის ბიუჯეტის ხარჯზე შევიძინეთ. ფაკულტეტის აბსოლუტური უმრავლესობის გადაწყვეტილებით შერჩეულ სახელმძღვანელოებს თავადვე თარგმნიან და დაარედაქტირებენ. ამჟამად უნივერსიტეტს 20-ზე მეტი სახელმძღვანელოს ლიცენზია აქვს ნაყიდი. 5 უკვე გამოვიდა. წლის ბოლომდე კიდევ 4 დაიბეჭდება. ყველა ფაკულტეტს ამ საქმიანობისთვის 45 000 ლარი გამოეყო. როგორც რექტორი განმარტავს, საჭიროების შემთხვევაში დამატებით სახსრებიც გამოინახება.
„ცვლის თუ არა ეს 10 სახელმძღვანელო ამინდს? რა თქმა უნდა, არ და ვერ შეცვლის, მაგრამ ოდესღაც ხომ უნდა დაიწყოს უნივერსიტეტმა ეს საქმიანობა. ეს ჩვენთვის პრიორიტეტულია, ამიტომ ბიუჯეტიდან თანხა გავიღეთ, შიდა რესურსები გადავანაწილეთ, თანხის გამოსათავისუფლებლად, ეკონომიის ხარჯზე. პირველი ნაბიჯი რაც გადავდგი, რექტორად არჩევის შემდეგ -გავაუქმე რექტორის ხელფასზე დანამატი და პრემია, ამით გარკვეულწილად მივეცი მაგალითი მთელ კოლექტივს, შევზღუდეთ პრემიები და ხელფასზე დანამატები. დავტოვეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, სადაც მართლაც გამართლებულია. ამან საკმაოდ სერიოზული ეკონომია მოგვცა. ამასთანავე კონტროლი დავამყარეთ მივლინებებზე, სხვადასხვა ღონისძიების დაფინანსებაზე, ყველაფერი მინიმუმამდე შევამცირეთ, რომ რესურსები მაქსიმალურად დაგვეზოგა", -ამბობს ვლადიმერ პაპავა.
რექტორმა ყურადღება გაამახვილა ბოლო პერიოდში თსუ-ს საერთაშორისო რეიტინგებში პოზიციების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
თსუ პირველად მოხვდა ტომსონ როიტერის საერთაშორისო რანჟირების სისტემაში. კერძოდ, მიმართულებების მიხედვით რანჟირებაში. ფიზიკური მეცნიერებების მიმართულებით თსუ 187-ე ადგილზეა მსოფლიოს 248 უნივერსიტეტს შორის.
უნივერსიტეტების რანჟირების (Uნივერსიტყ ღანკინგ ბყ Aცადემიც Pერფორმანცე (UღAP) რეიტინგებში მსოფლიოს 1000 საუკეთესო უნივერსიტეტს შორის თსუ-მ აკადემიური აქტიურობით 985-ე ადგილი დაიკავა, ხოლო კავკასიაში ლიდერია.
ჭEBOMEთღIჩშ-ის მონაცემების მიხედვით, რომელიც უნივერსიტეტის ვებგვერდის პოპულარობას ადგენს, 2015 წლის სექტემბერში თსუ 830-ე ადგილზეა (5%-ში), ევროპის უნივერსიტეტთა ჩამონათვალში 349-ეზე (10%-ში), ხოლო კავკასიასა და საქართველოში -პირველ ადგილზე.
„განათლებაში ჩადებული ინვესტიცია შედეგს მყისიერს ვერსად ვერ იძლევა. ამას სჭირდება გარკვეული დრო. არ მაქვს ილუზია, რომ წელიწადსა და 9 თვეში, რაც პირველი ვადის ამოწურვამდე დამრჩა, უნივერსიტეტი ამ რეიტინგებში ლიდერის პოზიციებს დაიკავებს, თუმცა შემიძლია, გულწრფელად გითხრათ, რომ შედეგები უკვე შეიმჩნევა. ნებისმიერ რეიტინგს, ეკონომიკა იქნება თუ საუნივერსიტეტო განათლება, სკეპტიკურად ვუყურებ, რადგან რეიტინგი ეფუძნება გარკვეულ მეთოდოლოგიას, რომელსაც, როგორც შეცვლი, ისე გეცვლება საბოლოო შედეგი, მაგრამ სხვა უკეთესი საზომი უნივერსიტეტებისთვის მსოფლიოში, უბრალოდ, არ არსებობს. თუ შენ ამ სფეროში ხარ, უნდა მიიღოს თამაშის ის წესი, რაც მსოფლიოშია დადგენილი", -ამბობს პაპავა.
უნივერსიტეტს დღეს 22 000-მდე სტუდენტი ჰყავს. რექტორის თქმით, მათი რაოდენობის 17 000-მდე შემცირება უფრო ხარისხიანი განათლების შესაძლებლობას გაზრდიდა, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ უნივერსიტეტის ბიუჯეტმა 12 მილიონი უნდა დაკარგოს. მისივე განმარტებით, უნივერსიტეტის ხარჯი დიდია, ამიტომ ამ ნაბიჯის ადმინისტრაცია ვერ გადადგამს, -„ამიტომ ვითხოვ, რომ აუცილებელია, უნივერსიტეტს პირდაპირი საბიუჯეტო დაფინანსება ჰქონდეს. არა მარტო ჩვენს, არამედ ნებისმიერ სახელმწიფო უნივერსიტეტს უნდა ჰქონდეს საბიუჯეტო დაფინანსება. არაფერს არ ვითხოვთ განსაკუთრებულს. ეს არის უნივერსიტეტის საბიუჯეტო დაფინანსების ევროპული მოდელი, არ ვიღებ გერმანულ მოდელს, სადაც სწავლა საერთოდ უფასოა, ავიღოთ თუნდაც აღმოსავლეთ ევროპული მოდელი, თუმცა ეჭვი მეპარება, ეს საკითხი უახლოეს პერიოდში უნივერსიტეტების სასარგებლოდ გადაწყდეს".
მიმდინარე სამ წელს უძრაობად აფასებს განათლების სპეციალისტი ლიკა ღლონტი. მისი შეფასებით, უნივერსიტეტში ახალი რექტორის პირობებში რადიკალური, რევოლუციური ცვლილებები არ მომხდარა, -„ვერ ვიტყვი, რომ უნივერსიტეტში სტაგნაციაა. არც გაუმჯობესებულა მდგომარეობა და არც გაუარესებულა. უნივერსიტეტში უძრაობაა, არაფერი ქმედითი არ ხდება“.
ლიკა ღლონტი სწორედ ამ უძრაობას მიიჩნევს პრობლემად და ამბობს, რომ თავად რექტორი არ იჩენს ინიციატივას ცვლილებების განსახორციელებლად, თუმცა მეორე მხრივ ცვლილებების დაკვეთა არც პროფესორებისგანაა, -„პაპავას ენთუზიაზმის ნაკლებობა ძალიან ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის პროფესურის ინდიფერენტულობისათვის. არანაირი მოტივაცია არ მოდის ქვედა რგოლიდან, პროფესორ-მასწავლებლებიდან იმისათვის, რომ პროცესები დაიძრას და ძირეული ცვლილებები მოხდეს, თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ამ უძრაობით ვინმე უკმაყოფილოა. ინდივიდუალურ დონეზე ყველას მოთხოვნა სრულდება, იქნება ეს კონფერენციის გამართვა თუ მივლინების დაფინანსება. ინდივიდუალურად განაწყენებული კადრები არ არსებობს, ამიტომ ცვლილებებისთვის ინიციატივას არავინ იჩენს“.
რაც შეეხება სტუდენტებს, სპეციალისტი მიიჩნევს, რომ ერთსულოვნება არც აქაა. სტუდენტთა მცირე ჯგუფები ცვლილებებს მოითხოვენ, მაგრამ უნივერსიტეტის სტუდენტური კონტინგენტის რაოდენობასთან (22 000) შეფარდებით, იმდენად მცირერიცხოვანნი არიან, ძირეულ ცვლილებებს ვერ ახდენენ. ამასთანავე, ხშირად ჩნდება ეჭვი, რა ამოძრავებთ მათ, ხომ არ არიან პოლიტიკურად ანგაჟირებულები.
ლიკა ღლონტი იზიარებს რექტორის პოზიციას, რომ თსუ-ს ბიუჯეტი მცირეა და საჭიროა პირდაპირი წესით ბიუჯეტიდან დაფინანსება, მაგრამ მუდმივად არასაკმარის თანხებზე საუბარიც არასწორია. მისი თქმით, როცა გარედან არ ხდება დაფინანსება, ამ შემთხვევაში გამოსავალი შიდა ოპტიმიზაციაა, რაც პირველ რიგში ადმინისტრაციული პერსონალის შემცირების ხარჯზე უნდა მოხდეს. ამ გზით გამოთავისუფლებული ფინანსური რესურსი კი სტუდენტების ხარისხიანი განათლებისკენ უნდა მიიმართოს, იქნება ეს სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის დაფინანსება, ინფრასტრუქტურის მოწესრიგება თუ ლიტერატურის თარგმნა, თუმცა ყოველივე ეს მას შემდეგ -რაც ძირეულად გადაიხედება საკადრო პოლიტიკა.