შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მათი უწყების მიერ მომზადებული კანონპროექტის მიხედვით, 2016 წლის 1 მარტის შემდეგ შემოყვანილი მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რეგისტრაცია იკრძალება.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი ამბობს, კანონპროექტში, ასევე საუბარია მარცხნივ საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვაზეც.
„ამ მხრივ საინტერესოა ის გარემოება, რომ საქართველოში არ არსებობს ტექნიკური რეგლამენტი ან აკრედიტებული პირი, რომელიც ლეგალურად გადაიტანს, უსაფრთხოების ყველა სტანდარტის დაცვით საჭეს. უკვე შემდგომში, ტექდათვალიერების შემოღების შემთხვევაში, პირველი რისკჯგუფი არის ის, რომ საჭედაგატანილი მანქანები ტექდათვალიერებას ვერ გაივლის. ამიტომ საჭიროა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეები შემდეგში უფრო მკაცრი და მყისიერი შედეგებისგან“, - განაცხადა ხუციშვილმა.
რაც შეეხება კითხვას, შეძლებენ თუ არა უკვე დარეგისტრირებული მანქანების მფლობელები მანქანის გაყიდვას, ხუციშვილის განმარტებით, „უკვე რეგისტირებული ავტომობილების არც გაყიდვას, არც სახლში გაჩერებას და არც ექსპლუატაციას არანაირი საფრთხე არ ემუქრება“.
ამგვარი ცვლილებების მიზეზად შსს-ს აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში მარჯვენასაჭიანი მანქანების მზარდი დინამიკაა. მისი თქმით, თუ რამდენიმე წლის წინ ქვეყანაში 80 ათასი მარცხენასაჭიანი და 10 ათასი მარჯვენასაჭიანი მანქანა იყო, დღეის მდგომარეობით 45 ათას მარცხენასაჭიან ავტომობილზე 35 ათასი მარჯვენასაჭიანი ავტომობილი მოდის.
მისი თქმით, ნებისმიერ ქვეყანაში მიღებულია, რომ ან მარჯვენასაჭიანი მანქანები უნდა იყოს, ან მარცხენასაჭიანი და დაწესებულია მხოლოდ დასაშვები პროცენტები.
ხუციშვილის განმარტებით, პირველი სამი საფრთხე, რაც ქმნის ავარიებს და იწვევს სიკვდილიანობას, არის არასწორი მანევრი, სიმთვრალე და სისწრაფე. მისი თქმით, არასწორი მანევრის ერთ-ერთი გამომწვევი კი გაბარიტების არასწორი აღქმაა.
„რამდენჯერ შესწრებიხართ, როდესაც მარცხენასაჭიანი ავტომობილით მოძრაობთ და გვერდით მარჯვენასაჭიანი ავტომობილით მოძრავი მძღოლი ძალიან ახლოს მოვიდა თქვენს მანქანასთან, იმიტომ რომ ის იქიდან უყურებს თავისი მანქანის მოძრაობას და თქვენ აქედან“.
მისი თქმით, აღნიშნულის შესახებ ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს. „ევროკავშირის ლუქსემბურგის სასამართლოში არის საქმე, სადაც პოლონეთი და ლიტვა ცდილობდნენ დაემტკიცებინათ, რომ ასეთი უსაფრთხოების პრობლემები არსებობს და შეგიძლიათ იქაც ნახოთ არგუმენტები“, - ამბობს ხუციშვილი.